ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ტოტო კუტუნიოს სამაგიერო

with 11 comments

cutugno

ტოტო კუტუნიო და ანალიზა მინეტი

2007 წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიომ თბილისში, ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ალბათ, ამდენი ხალხი თავისუფლების მოედანზე “ვარდების რევოლუციის” დროს არ მდგარა. მე ამ ყველაფერს ტელევიზორით ვადევნე თვალი და ხალხის რაოდენობაზეც ზერელე წარმოდგენა მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ მთელი მოედანი გადაჭედილი იყო და ჩვენს დედაქალაქში იტალიელ მომღერალს გულთბილად შეხვდნენ…

მომღერალმა ქართველ მსმენელს მაშინ სიურპრიზი შესთავაზა და ქართულად “სულიკო” იმღერა, თუმცა სიურპრიზები იმ საღამოს ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი სიმღერის წინ ტოტომ ბევრი ისაუბრა ქართველი ქალების სილამაზეზე და შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმღერა ქართველ ქალებს ეძღვნებაო და თავისი ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა. შემდეგ იგი თავისი მზაკვრული შურისძიების განხორციელებას შეუდგა და ქართველ კაცებზე საუბარი დაიწყო…

თუმცა, სანამ ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებოდე, მანამდე ერთი ლირიული გადახვევა უნდა გავაკეთო და ის ამბავი გავიხსენო ტოტოს აეროპორტში რომ გადახდა. ამ ამბავს თვითმხილველები ასე ჰყვებიან: ტრაპიდან არ იყო ჩამოსული, რომ მას ჟურნალისტები მისცვივდნენ და ნაირ-ნაირი კითხვების დასმა დაუწყეს. მე შემიძლია წარმოვიდგინო ის ბანალური შეკითხვები, რომლებიც იქ იყო წარმოდგენილი, თუმცა ერთი მათგანი გასახსენებლად ნამდვილად ღირს… ერთ-ერთ ჟურნალისტს უკითხავს, იცით “კუტუნიო” ქართულად რას ნიშნავსო?! – რაც საბოლოო ჯამში მომღერლისთვის აუხსნიათ და რა გახარებული დარჩებოდა წარმომიდგენია დიდი სალვატორე, როდესაც ეტყოდნენ – “კუტუნიო” მამაკაცური ღირსების კნინობითი ვარიანტის კნინობითი ვარიანტია ქართულ ენაზეო…

ერთი სიტყვით ასეთი ბრაზმორეული მისულა ტოტო კონცერტზე და როდესაც დადგა ნანატრი წამი, მას ჩაფიქრებული შურისძიების სისრულეში მოყვანა დაუწყია… ახლაც კარგად მახსოვს, როგორ მიმართა მთელ იქ დამსწრე საზოგადოებას მომღერალმა, დაასრულა რა ქართველი კაცების ქება-დიდება, შეკითხვით – იცით “კაცო” იტალიურად რას ნიშნავსო?! აღტკინებული ბრბო თავს აქნევდა და “არა, არა, გვითხარი, გვითხარის” ყვიროდა მათთვის ცნობილ ყველა შესაძლო ენაზე… ტოტომ იქედნურად ჩაიღიმა, არანაირი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა: “Questa canzone è dedicata ai cazzi”-ო და სიმღერა დაიწყო… მისმა თარჯიმანმა, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა თარგმნა “სიმღერა ეძღვნება კაცებსო” და თავისი მოვალეობაც შესრულებულად ჩათვალა. ამასობაში კი მე ვიჯექი და ენამახვილ იტალიელს ენის სიბასრეს ვუფასებდი. საქმე კი, აი რაშია: “cazzo” (კაცო) იტალიურად ზემოხსენებული მამაკაცური სიამაყეა ყველაზე ვულგარული ფორმით, “cazzi” (კაცი) კი – მისი მრავლობითი ფორმა. ასე რომ ის ხსენებული სიმღერა მომღერალმა ყველა იმ სამასოიან მოჟურნალისტო სუბიექტს მიუძღვნა, რომლებმაც აეროპორტში მას სიტყვა “კუტუნიოს” სტრუქტურალური ანალიზი ჩაუტარეს.

სტრუქტურალურ ანალიზზე გამახსენდა და ახლა წარმოვიდგინე თუ რა უსაზღვრო იქნებოდა ტოტო კუტუნიოს წყრომა, თბილისში იმ მშვენიერ ქალბატონთან ერთად რომ ჩამოსულიყო, ვისთან ერთადაც 2005 წლის სან-რემოს ფესტივალი მოიგო დუეტში იმღერა რა “Come noi nessuno al mondo”. წარმოვიდგინე, როგორ იკრიბებიან აეროპორტში მის გარშემო ჟურნალისტები და უსვამენ შეკითხვას, რომლებიც იწყება სიტყვებით “იცით თუ არა, რომ”… ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ მშვენიერი მომღერალი ქალბატონის სახელი და გვარია ანალიზა მინეტი (Annalisa Minetti) !!!

P.S. ამ მშვენიერი ქალბატონის სახელი და გვარი განსაკუთრებით საინტერესოდ ქართული ენის აჭარულ დიალექტზე ჟღერს :D

Advertisements

Written by linguistuss

October 23, 2008 at 3:26 pm

11 Responses

Subscribe to comments with RSS.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: