ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ქეთი მელუა და საიმონ სინგჰი

with 11 comments

აქამდე ქეთი მელუას შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არის ასეთი პატარა ქართველი გოგო, სადღაც იქ, ჰორიზონტს მიღმა და მღერის და ეს ინფორმაცია სავსებით საკმარისი იყო ჩემთვის… გუშინწინ ერთ–ერთ ქართულ ვარეზნიკზე წავაწყდი მის ლაივ კონცერტს, მოვუხადე ხარკი უსაქმურობას, გადმოვქაჩე და რომ ჩავრთე ჩემი გომ–ფლეერი – შევრჩი მონიტორს… შემდეგ მოხდა ის, რაც ბევრჯერ დამმართნია, ანუ როცა რაიმე მომეწონება ხოლმე, მერე მახსენდება ჩემი მაქსიმალიზმი და თუ სადმე რაიმე დევს ქსელში იმ მოწონებული რაიმეს შესახებ, ვიწყებ ქაჩვას და ათვისებას. ამ ვიდეოს მოჰყვა ქეთის ბოლო ორი ალბომი, მის შესახებ რამდენიმე ათეული რეცენზიის წაკითხვა და როდესაც ნაჯერობას მივაღწიე, დავიწყე კიევიდან ჩამოტანილი წიგნის, საიმონ სინგჰის “The Code Book”-is კითხვა.

წიგნი ძალიან საინტერესოდ დაწერილი აღმოჩნდა. ავტორმა მოლოდინს გადააჭარბა, კრიპტოლოგიის ისტორია იმდენად საინტერესოდაა მასში მოთხრობილი, თავისი ისტორიული პასაჟებით, კრიპტოგრაფებისა და კრიპტოანალიტიკოსების ფარული ომებითა და ასევე, რაც ყველაზე მთავარია “არაპაპსა” და აკადემიური ტონით, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე დამემართა და საიმონ სინგჰზეც ინფორმაციის შეგროვება დავიწყე, იმის გათვალისწინებით რომ ამ ავტორზე აქამდე არაფერი მსმენოდა.

გუგლის და ვიკიპედიის ქოთქოთის დროს, ამასობაში ვუსმენდი ქეთი მელუას “There are nine million bicycles in Beijing”–ს და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წავაწყდი გაზეთ “Guardian”–ში 2005 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიის ავტორი, საიმონ სინგჰი, ტკბილი და მურაბა კაცი და შესანიშნავი ენის მქონე მწერალი, ქეთი მელუას “ცუდ მეცნიერებას” იწუნებდა ზემოხსენებულ სიმღერაში. სამკუთხედი შეიკრა, სადღაც იმაზეც კი დავიწყე ფიქრი თუ რა იყო ალბათობა იმისა, რომ კონკრეტულად ამ სიმღერის ფონურად მოსმენის რეჟიმში, როდესაც საიმონ სინგჰზე ვცდილობდი მომეპოვებინა ინფორმაცია, წავაწყდებოდი სტატიას სადაც ჩემს მიერ “ძებნილი” ავტორი ისაუბრებდა ჩემს მიერ იმ დროს გომ–ფლეერში ჩართულ სიმღერაზე… ჰო, გამახსენდა რომ ამ ალბათობას ვერ გამოვთვლიდი და ისევ სტატიის კითხვა განვაგრძე.

სტატიაში ბრიტანელი ავტორი და მეცნიერების პოპულარიზატორი, საიმონ სინგჰი ქეთი მელუას თანამედროვე მეცნიერების მიღწევების არცოდნაში ადანაშაულებდა. სანამ თავად სტატიას მივუბრუნდებოდეთ მანამდე არც სიმღერის ტექსტიც დადება იქნებოდა ურიგო:

There are nine million bicycles
in Beijing,
That’s a fact,
It’s a thing we can’t deny,
Like the fact that I will love you
till I die.

We are 12 billion light-years from
the edge,
That’s a guess,
No one can ever say it’s true,
But I know that I will always be
with you.

სიმღერის ტექსტის ავტორი, ქეთი მელუა აცხადებს, რომ ჩინეთის დედაქალაქში ცხრა მილიონი ველოსიპედია და ეს ფაქტიაო, რისი უარყოფაც არ შეგვიძლი, იმ ფაქტის მსგავსად, რომ მე შენ მიყვარხარ სიცოცხლის ბოლომდეო. ასევე იმასაც ამბობს, რომ 12 მილიარდი წელია, რაც ჩვენი სამყარო არსებობს, ეს გამოცნობა–მკითხაობაზე დამყარებული ჰიპოთეზაა, არავინ იცის ტყუილია თუ მართალი, მაგრამ მე ის დანამდვილებით ვიცი, რომ მე შენს გვერდით ვიქნები მუდამო… ჰოდა, ზუსტად ამ ტექსტის ჰერმენევტულ ანალიზს შეუდგა საიმონ სინგჰი და მოდით მივყვეთ მას.

საიმონ სინგჰი სტატიაში ამბობს, რომ როდესაც ქეთი მღერის რომ “We are 12 billion light-years from the edge”, იგი იდეის დონეზე უშვებს, რომ 12 მილიარდი სინათლის წელიწადი, ეს არის მანძილი დამზერად სამყარომდე, რაც თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ სამყარო 12 მილიარდი წლისააო. მოდი და ნუ გაგიცრუვდება იმედი მას შემდეგ, როდესაც ათასობით ასტრონომი მუშაობს დღე და, რა თქმა უნდა, ღამით, რათა სამყაროს საზღვრები და მისი ასაკი დაადგინოს, ამ დროს კი ქეთი მელუა აცხადებს რომ ეს უბრალო ჰიპოთეზააო და ამასთან თანამედროვე მონაცემებით სამყაროს ასაკი არა 12 მილიარდი, არამედ თითქმის 14 მილიარდი წელიაო.

ასევე სტატიის ავტორი პატიობს ქეთის 14 მილიარდის 12 მილიარდად გადაკეთებას, იმის გათვალისწინებით, რომ სიმღერაში ბისილაბური “fourteen” არ ჯდებოდა და ყველაზე ახლოს მდებარე მონოსილაბური რიცხვი რადგანაც “twelve” იყო, იგი ამბობს რომ ეს შეცდომა ქეთისათვის მისატევებელიაო. საიმონ სინგჰის ყველაზე დიდი გაცხარება კი სიტყვა “guess”–მა გამოიწვია. პრინციპში ძნელია არ დაეთანხმო მას, როდესაც უბრალო მკითხაობას, თუ გამოცნობას ეძახიან იმას, რასაც ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში გამოთვლილ რიცხვით სიდიდესთან გვაქვს საქმე, ანუ საიმონ სინგჰი აცხადებს, რომ ასე ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლებაო. 1920–იან წლებში დიდი აფეთქების თეორიის წარმოშობის დროიდან, მიდიოდა იმაზე საუბარი თუ რამდენი მილიარდი წლის წინ მოხდა ეს მოვლენა. აქამდე ასახელებდნენ 15 მილიარდ წელიწადს, რაც თავის მხრივ ჰაბლის მუდმივის ზუსტ მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული. დღესდღეობით უკანასკნელი გამოთვლებით სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდ წელიწადს შეადგენს და ამ რიცხვში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ცამეტის შემდეგ დასმული მძიმე შეადგენს, ვინაიდან ასეთ სიზუსტემდე მეცნიერება პირველად მივიდა და, საიმონ სინგჰის განცხადებით, სწორად ამიტომაა გულდასაწყვეტი ის ფაქტი, რომ ქეთი მელუა და არა მხოლოდ იგი, ასეთი დიდი რუდუნებით გამოთვლილ რიცხვით სიდიდეს “გამოცნობის” შედეგს უწოდებსო…

სტატიის ბოლოში კი ბრიტანელი მეცნიერი ამ სიმღერის “შესწორებულ” ვერსიას გვთავაზობს:

We are 13.7 billion light-years from
the edge of the observable universe,
That’s a good estimate with
well-defined error bars,
Scientists say it’s true, but
acknowledge that it may be refined,
And with the available information, I predict that I will always be
with you

შესწორებულ ვარიანტში იგი საუბრობს იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ამიტომ ამ ტექსტის თარგმნაზე დროს აღარ დავკარგავ, თუმცა რაც არ უნდა აპროტესტოს საიმონ სინგჰმა ქეთი მელუას უცოდინრობა, ერთი რამ ცხადია, ქეთიმ უფრო მეტ ადამიანს შეატყობინა სამყაროს საზღვრები, ვიდრე საიმონმა თავისი სტატიით. ამასთან მე ვპატიობ ქეთის ამას, ვინაიდან ის მაინც ხომ გააგებინა ხალხს რომ სამყაროს საზღვრები სასრულია და სადღაც რომ “სამყაროს დასასრული” არსებობს…

Advertisements

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვაჰ… რა ცუდი გადაკეთებული ვარიანტი გამოვიდა რეალური ფაქტებით როცა გაჟღინთეს…. :-S

    noname

    June 16, 2010 at 2:01 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: