ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შეკითხვები, შეკითხვები, შეკითხვები !!!

with 9 comments

ამ შეკითხვებს შეიძლება ითქვას 4 თვე ვწერდი და დღეს, როგორც იქნა, ამდენი ხნის ნანახი და ნალოლიავები კითხვები ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა:). ზოგს მოეწონა, ზოგს – არ მოეწონა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია სუპერლიგის მესამე ტური შედგა სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში. მე კითხვები აღარ მაქვს დასაწერი და ეს კითხვები კი იდოს აქ, მრავალფეროვნების მიზნით, რა იცი რა ხდება, ყველა ხომ არ ყოფილა დღეს ტურზე… :)

1. კიოლნიდან ჰანოვერისკენ ავტომობილით მგზავრობისას, შეკითხვის ავტორი გერმანიის ავტობანებზე აკვირდებოდა საგზაო ნიშნებს და აბრებს. გზის მიმართულების აღმნიშვნელ საგზაო აბრებზე იგი ხშირად აწყდებოდა ერთი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებას და ამასთან, მას ახსენდებოდა ის ტრაგედია, რომელიც დაკავშირებულია ამ მუსიკალურ ნაწარმოებთან. დაასახელეთ ქალაქი, სადაც დატრიალდა ეს ტრაგედია.

პასუხი: მოსკოვი
კომენტარი: საუბარია მიუზიკლზე “ნორდ-ოსტი”. ჰანოვერი კიოლნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. აბრებზე ყველა სხვა მიმართულებასთან ერთად აღნიშნული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაც, გერმანულად ნორდ-ოსტი. ამ მიუზიკლის წარმოდგენის დროს 2002 წლის 23 ოქტომბერს, მოსკოვში განხორციელდა ტერორისტული აქტი.
წყარო: ბმული

2. ნილ სტეფენსონის რომანში “კრიპტონომიკონი” ერთი საზოგადოდ ცნობილი აბრევიატურა გაშიფრულია შემდეგნაირად: “დაიწყეთ ლურსმნების ამოძრობა დაუყოვნებლივ”. გაითვალისწინეთ, რომ ეს რომანი დაწერილია ინგლისურ ენაზე და დაასახელეთ აბრევიატურა, რომელიც ავტორმა ასე ორიგინალურად გაშიფრა.

პასუხი: ინრი
კომენტარი: In Cryptonomicon by Neal Stephenson, author speculates that INRI might stand for “Initiate Nail Removal Immediately”
წყარო: ბმული

3. იმპერატორ ოქტავიანეს მმართველობის დროს ძველ რომში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ადამიანი, რომელსაც პირველ ძველ რომაელ არქიტექტორს უწოდებენ. მას ეკუთვნის ათი ნაწილისაგან შემდგარი ფუნდამენტური შრომა “დე არქიტექტურა”. საუკუნეების შემდგომ ამ შრომის მესამე ნაწილის კითხვისას შთაგონებულმა მხატვარმა არქიტექტორის იდეები მხატვრულად დაამუშავა და შექმნა ილუსტრაცია, რომლის წყალობითაც არქიტექტორის სახელი დღემდე არ მიეცა დავიწყებას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ილუსტრაციას?

პასუხი: ვიტრუვიუსის ადამიანი
კომენტარი: საუბარია ლეონარდოს “ვიტრუვიუსის ადამიანზე” და ძველ რომაელ არქიტექტორზე, მარკუს ვიტრუვიუსზე პოლიოზე.
წყარო: ბმული

4. არსებობს ასეტი იტალიური პორნო როკ-ჯგუფი “პროფილაქსი”. მათი სიმღერების ტექსტებში ხშირია უხეში და აშკარა პორნოგრაფიული სცენების აღწერა, ამიტომაც მათ ალბომებსაც შესაბამისი, თუმცა ორიგინალური სახელწოდებები აქვთ. 2008 წლის 7 მარტს მათ გამოუშვეს ალბომი. ალბომის სახელის შერჩევისას ისინი მოიქცნენ ასე: აიღეს ცნობილი ლათინური სენტენცია, წაშალეს მასში ასო “g” და რაც დარჩა ასე უწოდეს ალბომს, რის შემდეგაც სენტენციამ უხამსი და ვულგარული შინაარსი შეიძინა. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ ლათინური სენტენციის ავტორი?

პასუხი: რენე დეკარტი
კომენტარი: ლათინური სენტენცია: Cogito Ergo Sum, g-ს წაშლით მიიღება Coito Ergo Sum.
წყარო: ბმული

5. მათი საერთო რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაეროს მიერ აღიარებულია და საზოგადოდ შეთანხმებულია მათი ოფიციალური სახელწოდება. თუმცა, ერთ ქვეყანაში მათ ოფიციალურ სახელწოდებას წერენ გაორმაგებული ლათინური “R”-ით, ეს ყველაფერი კი იმისათვის კეთდება რომ არ მოხდეს აღრევა ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის და მათ სახელწოდებას შორის. დაასახელეთ ქვეყანაც და ისინიც.

პასუხი: რუმინეთი და ბოშები
კომენტარი: ბოშებს ოფიციალურად მოიხსენიებენ როგორც “Romani People”. რუმინელები თავიანთ თავს “რომანი”-ს უწოდებენ, ამიტომაც რუმინეთში ბოშებს მოიხსენიებენ გაორმაგებული R-ით.
წყარო: ბმული

6. ემილი პელცლმა ცხოვრების უკანასკნელი 50 წელიწადი, ყველასგან დავიწყებულმა, ბუენოს-აირესიდან ორმოცი კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ სან ვისენტეში გაატარა თავის კატებთან, ძაღლებთან და ვარდებთან ერთად. 1993 წელს კი მილიონობით ადამიანმა იხილა კადრი ფილმიდან, თუ როგორ დებს იგი ქმრის საფლავზე თეთრ ქვას. დაასახელეთ მისი ქმრის სახელი და გვარი.

პასუხი: ოსკარ შინდლერი
კომენტარი: შინდლერების წყვილი ომის შემდგომ არგენტინაში გაიქცა, ფილმში “შინდლერის სია” ფილმი მთავრდება სცენით, სადაც შინდლერის მიერ გადარჩენილი ებრაელები დებენ თითო-თითო ქვას შინდლერის საფლავზე, მათ შორის მისი მეუღლეც, რომელიც იმ დროს ცოცხალი იყო.
წყარო: ბმული

7. სულხან-საბას „სიტყვის კონაში“ ამ სიტყვას აქვს ორი განმარტება. პირველი განმარტება შემდეგია: „მტერთაგან ციხის მოცვა, გინა წყალთაგან წელამდი, თუ მეტ-ნაკლები შემოწდომა“. მეორე განმარტებაში კი ნახსენებია ახალი წელი. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პასუხი: შემოდგომა
კომენტარი: მტერი შემოადგებოდა ხოლმე ციხეს, შემოდგომა შემოადგებადანაა ნაწარმოები. სულხან-საბას განმარტებით შემოდგომა არის წელიწადის დრო ახალი წლის შემოდგომამდის.
წყარო: სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტომი 2, გამომც. „მერანი“, თბილისი, გვ. 289

8. თავის წიგნში ეს ფეხბურთელი წერს, რომ როგორც ფეხბურთელი იგი გარდაიცვალა 1987 წლის 17 მაისს 32 წლის ასაკში. იგი, როგორც ყველა დიდი ფეხბურთელი, ბავშვობაში გატაცებული იყო ფეხბურთით და მასაც ჰყავდა თავისი სათაყვანებელი ფეხბურთელი. სწორად ამიტომ, იგი ბავშვობაში თავის გვარში ამატებდა ხოლმე ორ ერთი და იმავე ლათინურ ასოს და ამით ემსგავსებოდა თავის კერპს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს ორი ასო.

პასუხი: e და e
კომენტარი: საუბარია მიშელ პლატინიზე, რომელიც ხდებოდა პელეატინი.
წყარო: ბმული

9. 1960 წლის 23 იანვარს დონალდ უოლში და მისი მეგობარი ტრიესტში ჩავიდნენ და ის, რაც მათ ტრიესტში ყოფნისას მოახერხეს ადამიანებისათვის დღემდე მიუღწეველ შედეგად რჩება. შემდგომში მეგობრებმა დაწერეს წიგნი, რომლის სათაურშიც ფიგურირებდა რიცხვი შვიდი, სიგრძის ერთეული და მიმართულება. არ გეკითხებით მიმართულებას, დაასახელეთ სიგრძის ეს ერთეული.

პასუხი: მილი
კომენტარი: ჟაკ პიკარმა და დონალდ უოლშმა მარიანის ღრმულში ბატისკაფ „ტრიესტით“ ჩაშვებას მიუძღვნეს წიგნი „შვიდი მილი ქვემოთ“, შვიდი მილი ეს ის მანძილია, რომელზეც ჩაეშვნენ მარიანის ღრმულში.
წყარო: ბმული

10. ნეპტუნის თანამგზავრ ტრიტონზე ზამთრობით ტემპერატურა იმდენად ეცემა, რომ იქსი იყინება იგრეკში. დედამიწაზე იქსის შემცველობა იგრეკში კი – 78 %-ია. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: აზოტი და ატმოსფერო
კომენტარი: აზოტი და ჰაერი არ ითვლება, ტრიტონზე ჰაერი არ არის.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

11. ენციკლოპედია ვიკიპედიის ინგლისურ ვერსიაში ფრენსის დრეიკის გემის, „ოქროს ფურირემის“ შესახებ არის ცალკე სტატიაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფულის ერთეული, რომელიც ფიგურირებს ამ სტატიის პირველივე წინადადებაში.

პასუხი: გალეონი
კომენტარი: „ოქროს ფურირემი“ გალეონი გახლდათ, გალეონი კი ფულის ერთეულია ჯადოქრების სამყაროში ჰარი პოტერის წიგნების სერიაში.
წყარო: ბმული

12. 1989 წლის 11-12 აგვისტოს მოსკოვში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. სხვა სტუმრებთან ერთად ამ ფესტივალზე მოწვეული იყო კლაუს მაინეც. სწორად ამ მოვლენამ განაპირობა მოსკოვის გეოგრაფიის არსებობა „ელვისებურ ომში”. რომელი ორი სიტყვა შევცვალე მე შეკითხვაში „ელვისებური ომით“?

პასუხი: ცვლილების ქარი
ბმული: „Wind of change“, საუბარია „სკორპიონის“ ჰიტზე.
წყარო: ბმული

13. (შეკითხვაში არის ცვლილება) სატელიტური და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გამო, სატელევიზიო ანძები თანამედროვე მსოფლიოში, მათი პირდაპირი დანიშნულებით, თითქმის აღარსად აღარ გამოიყენება. თუმცა, დღემდე, პერიოდულად ფართო გავრცელებას ჰპოვებს და ყოველი ჩვენთაგანის კარებამდე მოდის სატელევიზიო ანძა, რომელიც ჩარლზ ტეიზ რასელმა 1879 წლის 1 ივლისს დააარსა აშშ-ში. რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით: „სატელევიზიო ანძა“?

პასუხი: საგუშაგო კოშკი
კომენტარი: საუბარია „იეღოვას მოწმეების“ მთავარ პერიოდულ გამოცემაზე და მის დამაარსებელზე, ჩარლზ ტეიზ რასელზე. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ კარდაკარ სიარულით ვრცელდება.
წყარო: ბმული

14. ჩაიწერეთ: ცხოველთა მეფე, იტალიის დედაქალაქი, თურქეთის ვალუტა, ავსტრიის დედაქალაქი, ქალაქის მმართველი, ქრისტეს დაბადება, დღის ანტონიმი, ისტორიის მუზა. ყველა ეს სიტყვა თქვენ რა თქმა უნდა იცით. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული მათგანი არის იქსი, მე მომიხდა მათი დაშიფვრა, ვინაიდან ამ შეკითხვის ფარგლებში, ჩავთვალე, რომ მათი ხმამაღლა გაჟღერება არ შეიძლებოდა. ახლა კი დაასახელეთ იქსი ერთი ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: ტეტრაგრამატონი
კომენტარი: თითოეული სიტყვა ოთხ-ასოიანია – ლომი, რომი, ლირა, ვენა, მერი, შობა, ღამე, კლიო – ანუ თითოეული არის ტეტრაგრამატონი, რომელიც თარგმანში ნიშნავს ოთხ ასოს. ტეტრაგრამატონი არის ღმერთის სახელი იუდაიზმში და არ შეიძლება მისი ხმამაღლა წარმოთქმა.
წყარო: ბმული

15. თურქებისათვის თეთრი მდებარეობს სამხრეთით და შავი კი – ჩრდილოეთით. თეთრს შოვინისტი იტალიელები დღემდე იჩემებენ, ხოლო შავი კი ცნობილია თავისი ისტორიული “სტუმართმოყვარეობით”. თუ თქვენ მიხვდით რას აღნიშნავენ ამ შეკითხვაში თეთრი და შავი ფერები, დაასახელეთ მათი დამაკავშირებელი “მბრწყინავი ქვა”.

პასუხი: მარმარილო
კომენტარი: თურქები ხმელთაშუა ზღვას “აკდენიზს”, თეთრ ზღვას უწოდებენ, შავ ზღვას კი – კარადენიზს, ანუ “შავ ზღვას”… ძველი რომაელები ხმელთაშუა ზღვას “მარე ნოსტრუმს” _ “ჩვენ ზღვას” ეძახდნენ და სწორად ამიტომ დღემდე იტალიელ ნაციონალისტები ამ ზღვას ასე მოიხსენიებენ. ევქსინუს პონტი კი, შავი ზღვის ძველი სახელწოდება – “სტუმართმოყვარე ზღვა” არის. მარმარილოს ზღვა ამ ზღვებს აკავშირებს. მარმაროს –კი მბრწყინავი ქვაა ძვ. ბერძნულად.

16. 1969 წელს ფრანგმა მწერალმა, ჟორჟ პერეკმა დაწერა რომანი “გაქრობა” (ფრ. La disparition). რომანის სათაური მიუთითებდა წიგნში გამქრალი იქსის შესახებ, რითაც ეს რომანი უნიკალურ წიგნად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან მთელ სამას გვერდზე თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ იქსს. მიუხედავად ამისა, წიგნის ავტორს მაინც მოუხდა იმ გარემოებასთან შეგუება, რომ წიგნის გარეკანზე მაინც იქნებოდა წარმოდგენილი ოთხი ცალი იქსი. ყურადღება შეკითხვა: რა გაქრა ამ რომანში? (ანუ რა არის იქსი)

პასუხი: ასო e
კომენტარი: ფრანგულ ენაში ავტორის სახელისა და გვარის ჩანაწერში ოთხი e არის – Georges Perec, რომანი ფრანგულადაა დაწერილი, შესაბამისად წიგნის გარეკანზე ოთხი ე იყო.
წყარო: ბმული

17. ლიტერატურათმცოდნეები ამ სიტყვით მოიხსენიებენ შარლ ბოდლერს და ოსკარ უაილდს. ტერი პრეტჩეტმა კი ერთ თავის რომანში იხუმრა, ასე ჰქვია ადამიანს, რომელსაც 22 კბილი აკლიაო. ყურადღება შეკითხვა: მაშ, რა სიტყვით მოიხსენიებდნენ ასე შარლ ბოდლერს და ოსკარ უაილდს?

პასუხი: დეკადენტი
ბმული: 10 კბილი = დეკა + დენტ.
წყარო: 1. ბმული 2.  ბმული

18. [შეკითხვაში არის ცვლილება] ორჰან ფამუქი რომანში “მე მქვია წითელი” წერს: “მხატვრობა ესაა სიჩუმე გონებისათვის და მუსიკა თვალისათვის. ალაჰისაგან მხატვრისათვის ყველაზე დიდი წყალობა მარტოობაა, რადგან მხოლოდ მარტოსული მხატვრის მეხსიერებით შეიძლება გაიგო, როგორ ხედავს ალაჰი სამყაროს”. რომელი ორი სიტყვითაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვები “მარტოობა” და “მარტოსული”?

პასუხი: სიბრმავე და ბრმა
წყარო: ბმული

19. პირველი და მეორე აუცილებელია “რა? სად? როდის?”-ის სათამაშოდ, თუმცა საკმარისი არ არის. პირველს რენე დეკარტი ჭეშმარიტების პასიურ და უშუალო ხილვას უწოდებდა, ერთმა ამერიკელმა კი მეორე მტვერს შეადარა. გასული საუკუნის 90-იან წლების საქართველოში, პირველი და მეორე ერთმანეთს დაუკავშირეს და ასე იხილა დღის სინათლე ერთმა პროდუქტმა. დაასახელეთ ამ პროდუქტის სახელწოდება.

პასუხი: ინტუიცია + ერუდიცია
კომენტარი: ერუდიციას ამბროზ ბირსმა “წიგნებიდან თავის ქალაში გადმობერტყილი მტვერი უწოდა.
წყარო: 1. არსენ გულიგა, “კანტი”, 1986, გამომც. “ნაკადული”. 2. ამბროს ბირსის “ეშმაკის ლექსიკონი”.

20. ნეტარმა ავგუსტინემ მეოთხე საუკუნეში მთელ საქრისტიანოს აუწყა ახალი ქალაქის, ახალი იერუსალიმის არსებობა, რომელიც მდებარეობდა ზეცაში და იქ ქრისტიანი წმინდანები ცხოვრობდნენ. ავგუსტინე ამ ქალაქს უწოდა ისევე, როგორც ეწოდება 2002 წელს ფერნანდო მეირელესის მიერ გადაღებულ ფილმს, ერთი ღმერთის მიერ მივიწყებული ადგილის შესახებ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: ღმერთის ქალაქი
წყარო: ბმული

Advertisements

Written by linguistuss

November 2, 2008 at 8:53 pm

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბრავო ვახო : )

    კითხვების წერის ნამდვილი დიდოსტატი ხარ : )

    Tea

    November 2, 2008 at 9:31 pm

  2. მშვენიერი კითხვებია.

    30%-ზე მეტი ავიღე :)

    ზაქრო

    November 2, 2008 at 9:58 pm

  3. საუკეთესო კითხვები და საუკეთესო ტური რაც ქართულენოვან სპორტულ რა სად როდისში მახსოვს ბრავო ბრავო და თუ შეიძლება ბის ( რა თქმა უნდა ახალ კითხვებზე :))

    dorian

    November 2, 2008 at 11:33 pm

  4. კითხვების წყარო, რო ვიკიპედიაა? რამდენად სარწმუნოა?

    alis

    November 3, 2008 at 8:11 am

  5. @alis
    თითო კითხვას 47 წყაროს ხომ არ მივუთითებ. რაშიც ეჭვი მეპარებოდა სხვა ადგილასაც არის გადამოწმებული. ამასთან ინგლისურ ვიკიპედიაში ფაქტობრივი შეცდომები ძალიან ცოტაა.

    linguistus

    November 3, 2008 at 10:07 am

  6. არაჩვეულებრივია!

    keti

    November 3, 2008 at 1:35 pm

  7. linguistus
    ცოტა მაგრამ არის ხომ? და რა ვიცით რომ შეცდომაში არ შეგყავართ?

    November

    November 3, 2008 at 11:39 pm

  8. @November
    ამისათვის არსებობს სააპელაციო ჟიური, თუ ვინმე იპოვის შეცდომას და დაუმტკიცებს ჟიურის რომ შეკითხვაში გაიპარა შეცდომა, შეკითხვა მოიხსნება… :)

    linguistuss

    November 4, 2008 at 12:03 am

  9. აიღეს ცნობილი ლათინური სენტენცია, წაშალეს მასში ასო “g” და რაც დარჩა ასე უწოდეს ალბომს.

    პასუხი: რენე დეკარტი (ლათინური სენტენცია: Cogito Ergo Sum, g-ს წაშლით მიიღება Coito Ergo Sum)

    პასუხს რომ ნახავ მერე გასაგებია რატომ, მაგრამ მგონი კიდევ რაგაც სჭირდება ამ კითხვას.

    Erudite

    December 4, 2010 at 1:23 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: