ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბლოგომანია

with 10 comments

ბოლო დროს ახალი სენი, ბლოგომანია შემეყარა. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ერთი ფორმით მქონდა განცდილი და ამას “რა? სად? როდის?”–ომანია ერქვა. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ თუკი აქამდე რაიმე წიგნის კითხვისას, მუსიკის მოსმენისას, ფილმის ყურებისას, თუ საიტის თვალიერებისას გაფაციცებული დავეძებდი ხოლმე მასალას, რომლისგანაც შეიძლება კარგი კითხვა გამოსულიყო (აი, მაგალითისთვის INRI–ს ნილ სტეფენსონისეული გაშიფვრაც საკმარისია), ახლა ძველ სენს ახალი დაემატა და ინფორმაციის მიღების დროს, ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ახლა ვეძებ იმ მასალას, რომელიც კარგად “გაბლოგდება”, ანუ საერთო ჯამში ეს ორი სენი ერთმანეთს ჰგავს, ორივე შემთხვევაში ინფორმაციას აგროვებ, შენეულ ინტერპრეტაციას და ფორმას აძლევ და ახალ ინფორმატიულ პროდუქტს ქმნი, რომელსაც სხვები მოიხმარენ და ამ მოხმარების შედეგით, შენ როგორც ინფორმატიული მედიუმი, თვითრეალიზაციას და ამასთან კმაყოფილებასაც ჰპოვებ…

ასე მაგალითად, დღეს მთელი დღის განმავლობაში, რასაც “ჯეოსელში”, ხან საქმიანად და ხან უსაქმოდ, ჯდომის ცხრასაათიანი ჯდომითი რეჟიმი ჰქვია, მსურდა სამყაროსთვის მომეთხრო (რა ხმამაღლად ჟღერს!), რომ რობერტ პაუელი და ბიორნ ანდრესენი ცოცხლები არიან. ვინც არ იცის, ვეტყვი რომ რობერტ პაუელი ეს ის მსახიობია, ქრისტეს როლს რომ ასრულებს ფრანკო ძეფირელის “იესო ნაზარეველში” და რომელზეც მრავალი ჭორი მომისმენია, ერთ–ერთი კი ასეთია, თითქოს მისთვის რომის პაპს (ალბათ ცხონებულ იოანე–პავლე II-ს), ბევრი ფული მიუცია (თანხა მერყეობს მილიონიდან მილიარდამდე), იმ პირობით რომ ეს უკანასკნელი სამსახიობო მოღვაწეობას თავს დაანებებდა. საბოლოოდ კი, ჭორის თანახმად, ერთ პორნოგრაფიულ ფილმში მიუღია მონაწილეობა და ბანდ–დაჯგუფებებს ამისათვის მოუკლავთ, ცხონებული კოლუმბიელი ფეხბურთელის, ანდრეს ესკობარის მსგავსად… ბიორნ ანდრესენი კი ის პატარა ბიჭუნაა, ტაძიოს როლს რომ თამაშობს ლუკინო ვისკონტის “სიკვდილი ვენეციაში” და რომელსაც ასე უიმედოდ ეტრფის გუსტავ ფონ აშენბახი ფილმში. მისი სიკვდილიც ცნობილი მოარული ჭორია, თითქოს ის სისხლის გათეთრებისაგან გარდაცვლილიყოს სიჭაბუკეში…

ამ ორ, ჭორებისაგან მოკლულ მსახიობზე რომ ვფიქრობდი (დამავიწყდა მეთქვა რომ ორივე ცოცხალია და ჯანს არც ერთი არ უჩივის:), ამასობაში იტალიურმა სიმღერებმა შემითრია იუ–თუბზე და მოვისმინე “Dicitencello Vuie”-ს (დიჩიტენჩელო ვუიე) მრავალი ვარიაცია. სიმღერის სათაურზე ვფიქრობდი დიდხანს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ვერც ერთი ჩემთვის ნაცნობი სიტყვა რომ ვერ მივუსადაგე, მერე გუგლმა მითხრა, რომ ეს სიმღერა იტალიურის ნეაპოლიტანურ დიალექტზეაო, ჰოდა მყისვე გასაგები გახდა ტექსტის გაუგებრობა. იტალიური ენის ტოსკანური (ოფიციალური) დიალექტი და ნეაპოლიტანური ხომ, მე რომ მკითხო სხვადასხვა ენებია და გრამატიკის მსგავსების გამო, ნეაპოლიტანურს ამიტომაც დიალექტს უწოდებენ… მოკლედ იგივე პრობლემასთან გვაქვს საქმე აქაც, რაც ქართულის და მეგრულის შემთხვევაშია. მეგრული ენააა თუ დიალექტი დღემდე ვერ შეთანხმდა პროგრესულად მოაზროვნე თაობა, ჰოდა ამ თემაზე იმდენი კამათი მოვისმინე და წავიკითხე ფორუმებზე ბოლო დროს, რომ აღარაფრის დამატება არ მსურს…

შემდეგ დოდკას ბლოგზე ახალი ლინგვისტური ნეოლოგიზმი დავაფიქსირე ქართულ ენაში, რომელიც აქამდე არ შემხვედრია და მას ლგბტ ეწოდება. გაშლილ ვარიანტში ეს აბრევიატურა “ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი” ყოფილა და სანამ იმ სტატიას ბოლომდე ჩავიკითხავდი, სადაც ხსენებული სუბკულტურის წარმომადგენლების პირველი ქართული ჟურნალი “მე” იყო განხილული და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ფართო სპექტრი, ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ამ ახალი ტერმინების შექმნა ქართულში, ვგულისხმობ “ლგბტ”–ს. ჩემი ფიქრები უფრო შორს წავიდა და ერთ მშვენიერ დღეს BDSM–ის ქართული თარგმანი რომ შექმნას ვინმემ, არც ეს გამიკვირდება, პირიქით მასაც მივესალმები, როგორც ახალ ლინგვისტურ ნეოლოგიზმს. თუმცა რამდენად დამკვიდრებადია ეს ტერმინები ქართულში, ამას რამდენიმე წელიწადში გავიგებთ… შორს რომ არ წავიდეთ ამ სფეროში პირველი მერცხალი უკვე გვყავს, გოგი გვახარიას დამკვიდრებული სიტყვის, “ჟიმაობის” სახით და ის ფაქტი, რომ დღემდე ამ სიტყვას ყველა ბუნებრივად იყენებს, იმის გაუაზრებლად, რომ ოცი წლის წინ ეს სიტყვა არ არსებობდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სიტყვის შემქმნელმა თავისი საქმე გააკეთა და მავრისა არ იყოს შეუძლია წავიდეს, თუმცა რას ვერჩი იყოს, სადაც არის…

დღეს კიდევ ერთი სიტყვების თამაშის გაბლოგება მსურდა ცალკე სტატიად, რომელსაც ვიკიპედიაში წავაწყდი. რომის პაპის არჩევის შემდეგ, პაპად გამოცხადების რიტუალის შესრულების დროს, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამდენი ტრადიციული ელემენტის შესრულებაა საჭირო. ერთ–ერთი ასეთი ტრადიცია, პაპად კურთხევის დროს ფრაზის, “Sic transit gloria mundi” წარმოთქმაა, რაც თარგმანში ნიშნავს – “აი ასეთი წარმავალია მიწიერი ცხოვრებაო”. ჰოდა, სიტყვების თამაში კი გაზეთ “ნიუ–იორკ დეილი ნიუს”–ის ერთ–ერთ სტატიაში გამოუყენებიათ. სტატია გლორია ვანდერბილტს ეხებოდა, რომელიც ორშაბათს სასამართლო დარბაზში საავადმყოფოდან რეანიმობილით მიუყვანიათ ჩვენების მისაცემად. სტატიის სათაური კი ასე ჟღერდა – “Sick Gloria In Transit Monday”… სხვისი არ ვიცი, თუმცა სტატიის ავტორის ენამახვილობა მე მომეწონა!

აი, ამდენ რამეზე მსურდა დღეს ცალ–ცალკე სტატიების დამეწერა. მერე მივხვდი, რომ დავავადდი და ამ ფაქტის გაცნობიერებით ცოტა დავმშვიდდი. თუ ეს სენი მალე არ გადამივლის, ერთი კარგი რამ მოხდება, შეიძლება ბლოგოსფეროშიც ისეთივე დავხელოვნდე, როგორც ეს “რა? სად? როდის?”–ის შეკითხვების წერაში მოხდა…

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ფრიად ვისიამოვნე ამ სტატიის წაკითხვით

    pink panthere

    November 4, 2008 at 3:55 am

  2. “ჟიმაობა” თუ გოგი გვახარიას დამკვიდრებული იყო, არ ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა… სულ მეგონა, რომ ამ სიტყვას ძველი ქართული ფესვები ჰქონდა, ანუ კარგად დავიწყებული ძველი იყო :)))

    Sopho

    November 4, 2008 at 4:32 pm

  3. ვფიქრობ, უკვე დახელოვნებული ხარ ბლოგოსფეროში:)
    ნუ, მათზე მეტად, ვიდრე რამდენიმე წლის სტაჟის მქონები :)

    მახსოვს, “ფსიქოში”, გვახარიას თარგმანში პირველად გაჟღერებული “ჟიმაობა” :)
    ტერმინი კი საშინლად არ მომწონს.

    keti

    November 4, 2008 at 9:01 pm

  4. ვახტანგ, საქმე მეტი არ გაქვს?

    vato

    November 4, 2008 at 10:32 pm

  5. @vato
    კი, მაქვს…

    linguistuss

    November 4, 2008 at 11:07 pm

  6. როგორც ყოველთვის, ეს სტატიაც ძალიან საინტერესო გახლდათ…

    Kate

    November 4, 2008 at 11:51 pm

  7. ჯეოსელშიო? ისაა, რომელ სართულზე ხარ?

    fiqro

    November 5, 2008 at 1:13 am

  8. ტაძიო როგორი გაიზარდა კი მაინტერესებს. დავგუგლო ერთი…

    fiqro

    November 5, 2008 at 1:16 am

  9. ჩემო ბატონო, საიდან მოიტანეთ რომ “ჟიმაობა” გვახარიას მოფიქრებულია???

    November

    November 5, 2008 at 8:46 pm

  10. @November
    არსებობს სანდო წყაროები :)

    linguistuss

    November 5, 2008 at 9:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: