ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დო–დეს–კა–დენ–დო–დეს–კა–დენ…

with 22 comments

უცხო ენების შესწავლის დროს, შეუძლებელია ადამიანს შეუმჩნეველი დარჩეს სიტყვები, რომლებიც რაიმე რეალური მოვლენის ხმის, ან ცხოველის ხმიანობის იმიტაციას წარმოადგენს. ასეთ მოვლენას ლინგვისტიკაში ონომატოპეას უწოდებენ. რამდენჯერ მოვახერხე ამ სიტყვის დავიწყება და რამდენჯერ დავიმახსოვრე ხელახლა აღარ მახსოვს (ახლაც ლექსიკონიდან გადმოვწერე), თუმცა ყოველი ახალი ენის შესწავლის დროს, სხვისი არ ვიცი და, მე ყველაზე მეტად, ეს ონომატოპეები მიტაცებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ენის თავისებურებას ზუსტად ეს სიტყვები განსაზღვრავენ, ვფიქრობ არ იქნება ურიგო მათზე ორიოდე სიტყვის თქმა.

რამდენი ენაც არ უნდა ვისწავლო, ჩემთვის მამლის გამოცემული ხმა “ყიყლიყო” დარჩება და მას ვერანაირი ინგლისური “cock-a-doodle-doo” ან ფრანგული – “cocorico” ვერ შემიცვლის. იგივე შეიძლება ითქვას “გუგულზეც”, რომლის შესატყვისები სხვადასხვა ენებზე ან “გუ–გუ”–ს კომბინაციით არის ნაწარმოები, ან “კუ–კუ”–სი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები და, მაგალითად, იაპონურად  გუგული ჟღერს, როგორც “ჰოტოტოგისუ”, ესეც აშკარად ონომატოპეაა, თუმცა ვერაფრით ვერ ვამსგავსებ გუგულის ხმას. ასევე ძალიან სახალისო ვარიანტებს ვაწყდებით სხვა ენებში ბაყაყის ყიყინის შესატყვისების ძებნის დროს. ასე მაგალითად, თურმე სინჰალეზურად ბაყაყი ბაკა–ბაკას იძახის, უნგრულად – ბრეკეკეს, ძველ ბერძნულად – ბრეკეკეკექს კოაქს კოაქსს და ა.შ.

ამასწინათ gol.ge–დან აკირა კუროსავას დოდესკადენი ჩამოვქაჩე, ფილმით ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული დავრჩი, თუმცა ახლაც ჩამესმის ყურში, იმ პატარა ბიჭის მიერ ნაგავსაყრელზე იმიტირებული მატარებლის ხმა – “დო–დეს–კა–დენ–დო–დეს–კა–დენ”…

დოდესკადენთან დაკავშირებით ვიქტორ პელევინი მოთხრობაში “ყვითელი ისარი” წერს, რომ:

ბორბლების ხმა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს თან სდევს დაბადების წამიდან სიკვდილამდე – ეს არის ხმა, რომელსაც ჩვენი ყური ყველაზე ძალიანაა მიჩვეული. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ სხვადასხვა ხალხების ენებში ოცი ათასამდე მისი იმიტაციაა დაფიქსირებული, რომელთა შორის თვრამეტი ათასი მკვდარ ენებს განეკუთვნება. ამ დავიწყებული სიტყვების, თუ ბგერების კომბინაციის უმრავლესობის გამოთქმა კი თითქმის შეუძლებელია შემორჩენილი მწირი არქეოლოგიური მასალიდან, რომელთა შორის ნაწილი ჯერ კიდევ გაუშიფრავია. ეს, როგორც პოლ საიმონი იტყოდა არის – songs, that voices never share. თუმცა არსებული მიმსგავსებები, რომლებსაც სხვადასხვა ჯერ კიდევ ცოცხალ ენაში ვხვდებით, თავისთავად მრავალფეროვანი და საინტერესოა – ზოგიერთი ანთროპოლოგი მათ მეტაენის დონეზე განიხილავს, როგორც თავისებურ კულტურულ “პაროლებს”, რომელთა საშუალებითაც მგზავრები თავიანთ თანამგზავრებს სცნობენ ვაგონებში. ყველაზე გრძელი აღმოჩნდა ცენტრალურ აფრიკაში, კანაბის პლატოზე მოსახლე პიგმეების გამოთქმა, რომელიც ასე ჟღერს: “უ–კუ–ლე–ლე–უ–კუ–ლა–ლა–ლა–ო–ბე–ო–ბე–ო–ბე–ო–ბა”. ყველაზე მოკლე კი ამაზონის ზემო დინებაში მცხოვრები ინდიელების გამოთქმული – “პ” – არის. აი, ასე კი ხმაურობენ ბორბლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ამერიკაში – “ჯინჯერ–ელ ჯინჯერ–ელ”, ბალტიისპირეთში – “პადუბა–დამ”, პოლონეთში – “პან–პან”, ბენგალიაში – “ჩუგ–ჩუნგ”, ტიბეტში – “ძოგ–ჩენ”, საფრანგეთში – “კლიკო–კლიკო”. თურქულენოვან ქვეყნებში “ბირ–სუმ”, “ბირ–სომ” და “ბირ მანათ”. ირანში – “ავდალ ხალაჯ”, ერაყში – “ჯალალ–იდდი”. მონღოლეთში – “ულან–დალაი” (საინტერესოა ის ფაქტი, რომ შიდა მონღოლეთში ბორბლები სხვანაირად ხმაურობს და მას – “უნ–გერხან–ხან” ეწოდება). ავღანეთში – “ნაქშბანდი–ნაქშბანდი”. სპარსეთში – “ქაქნაქ–ზებუბ”, უკრაინაში – “ტრიხ–ტარარუხ”. გერმანიაში – “ვრილ შრაპ”. იაპონიაში – “დოდესკა–დენ”. ავსტრალიის აბორიგენებთან “ტულუპ”. კავკასიის მთიან ხალხებში და, რაც ყველაზე დამახასიათებელია, ბასკეთში – “დარლან–ბიჩესან”. ჩრდილოეთ კორეაში – “დულდუ–კვანუმ”. მექსიკაში (განსაკუთრებით უიჩოტლის ინდიელთა ტომში) – “ტონალ–ნაგვალ”. იაკუტიაში – “ტიდინ–ტიგიდინ”. ჩრდილოეთ ჩინეთში – “ცაო–ცაო–ტანტიენ”. სამხრეთ ჩინეთში – “დე–ი–ჩან–ჩან”. ინდოეთში – “ბხაი–გხოშ”. საქართველოში – “კობა–ცაპ”. ისრაელში – “ტაკი–ბაც–ბუბერ–ბუმ”. ინგლისში – “ქლიქ–ო–ქლიქ” (შოტლანდიაში – “გლიუკ–ო–კლოკ). ირლანდიაში – “ბლა ბლა ბლა”. არგენტინაში…

რა შეესაბამება აქ სინამდვილეს და რა არის პელევინის ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ეს მას ძირითადად ახასიათებს ხოლმე, ამის თქმა ძნელია. დავაპირე კიდეც რამდენიმე მათგანის გადამოწმება, რამდენიმე დაემთხვა კიდეც, თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარი სიტყვების სიყვარულია, რომლითაც გამოირჩევა პელევინი და სწორად ამის გამო მოახდინა ოდესღაც ჩემზე ზემოქმედება მისმა შემოქმედებამ…

მატარებლის ბორბლების გამოცემულ ხმის აღმნიშვნელ სიტყვას ქართულში ვერ მივაკვლიე, ვიპოვე აზრობრივად მიახლოებული ვარიანტები “დგანდგარის” და “ხრიგინის” სახით, თუმცა ეს მხოლოდ შესაძლო ვარიანტებია და ის, რასაც ვეძებდი ან არ გვაქვს და ან – მე ვერ ვიპოვე…

დასასრულს კი ჩემს ონომატოპეურ მიმოხილვას გიორგი ზანგურის ლექსით, “უძრავი ქალაქით” დავასრულებ:

“უძრავი ქალაქი”

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო…
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო…

მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა,
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება…

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია,
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა…

უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ,
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ…

ლამპიონი, ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით,
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა, ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით…

მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის,
კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის…

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო…
დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი…
ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში…
რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც…
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია…

P.S. ამ ლექსის ბოლო ნაწილი მომეწონა განსაკუთრებით, როდესაც ვკითხულობდი კვლავ ის ბიჭი გამახსენდა, კუროსავასეული, შუა ნაგავში რომ მიაბიჯებს, მატარებელივით რომ ქშინავს და გაიძახის: დო–დეს–კა–დენ–დო–დეს–კა–დენ…

Advertisements

22 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. logos

    August 15, 2010 at 2:18 pm

  2. იაპონურად გველის ხმას “გერო-გერო” აღნიშნავს და ვერ ვხვდები “გერო-გერო გველის ხმას რანაირად დაუკავშირეს

    სანდრო ქიტიაშვილი

    January 21, 2011 at 9:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: