ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ნაკუპენდა მალაიკა

with 10 comments

დღეს მთელი დღე ვირტუალურ აფრიკაში გავატარე. ყველაფერი კი რუსი ზნატოკის, მაქსიმ რუსოს ბრალია. მის ბლოგზე, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვსტუმრობ, ჩვენი ბლოგებისა და მისწრაფებების თემატური მსგავსების გამო, წავაწყდი უწყინარ წინადადებას, სადაც ეწერა, რომ იუ–თიუბზე წკლაპუნა თანხმოვნებს ვაქოთქოთებო და ამით დაიწყო…

ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ ენის წკლაპუნი უზრდელობააო და დღემდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისეთ, ჩვენი საზოგადოების მიერ განდევნილ და სტიგმატიზებულ ქმედებას, როგორიც ენის წკლაპუნია, რაიმენაირი უტილიტარული და აუცილებელი დანიშნულება თუ ექნებოდა ვინმესთვის. ასევე, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ენის ამ სპეციფიური მოძრაობით, ვინმე სერიოზულად თუ დაინტერესდებოდა, წკლაპუნების კლასიფიკაციას მოახდენდა და გამოცემულ ხმებს ერთმანეთისაგან განასხვავებდა…

აფრიკაში, უფრო ზუსტად მის სამხრეთში რომ ბანტუს ენების ჯგუფში შემავალი ენებია გავრცელებული, ეს მანამდეც ვიცოდი, თუმცა არ ვიცოდი, რომ არსებობს ენათა ქვეოჯახი ამ ბანტუს ენებში, რომლის მთავარი მახასიათებელი ეს ე.წ. წკლაპუნა ბგერები ყოფილა. ერთ–ერთი ასეთი ენაა Xჰოსა (X ენის სასასთან წკლაპუნით მიღებული ბგერაა). ამ ენაზე სამხრეთ აფრიკაში რვა მილიონი კაცი ლაპარაკობს, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 18 %–ს შეადგენს, მთავარი ეს არ არის, მთავარი იმ ხუთი თანხმოვნის წკლაპუნია, რომელზეც შემდეგში მექნება საუბარი…

თურმე კი არა, არსებობს ხუთი სახის წკლაპუნა თანხმოვანი და იქიდან გამომდინარე, თუ ენა სადაა წკლაპუნის დროს, ბგერაც სხვანაირი მიიღება:

  • ორმაგი ბაგისმიერი, ანუ ბილაბიალური: ამ დროს ენა ტუჩებზეა მიდებული და ორი ტუჩისა და ენის წკლაპუნით მიიღება დაახლოებით აი, ის ბგერა კოცნის დროს რომ “მპუაჰ” ისმის…
  • კბილისმიერი, ანუ დენტალური: ამ დროს ენა კბილებს შორის, ზედა ტუჩთან მდებარეობს და ენის სწრაფი მოძრაობით გამოიცემა რაღაც “ტსკ”–”ცკ”–ს მსგავსი
  • ალვეოლური: ამას ვერაფრით ვერ აღვწერ, თუმცა ამ ბგერის გამოცემა მგონი ყველა ბავშვმა იცის :)
  • სასისმიერი, ანუ პალატალური: ენის სასასთან მიდებით და შემდეგ მისი სწრაფად დაბლა მოძრაობით გამოიცემა ეს ხმა.
  • გვერდითი ანუ ლატერალური: ამ ბგერის გამოცემაც ყველა ბავშვს შეუძლია…

უფრო ზუსტად თუ როგორ გამოითქმის ეს ბგერები აქ შეგიძლიათ ნახოთ. სხვა ენების განხილვას არ დავიწყებ, დღეს ამაზე დრო არ დამიკარგავს, ვინაიდან უფრო სასიამოვნო საქმით ვიყავი დაკავებული, კერძოდ ხსენებულ იუ–თიუბზე სიმღერებს ვუსმენდი წკლაპუნა თანხმოვნებითურთ… ძალიან სასიამოვნო მოსასმენია სხვათა შორის. ამასთან, თუკი ვინმემ სპეციალურად არ მიაქცია ყურადღება, რაიმე ინსტრუმენტის გამოცემული ხმა ეგონება. ბოდიალ–ქოთქოთში მამა აფრიკად წოდებული სამხრეთ აფრიკელი მომღერალი, მირიამ მაკება ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ერთ–ერთი სიმღერის “click song”-ის, ანუ “წკლაპუნა სიმღერის” შესრულების წინ იგი ამბობს, სულ მეკითხებიან ასეთ საშინელ ბგერებს როგორ გამოსცემო, რაზედაც მე სულ ვპასუხობ, საშინელი ბგერები რას მიქვია, ეს ჩემი ენააო. იქვე 2–3 წუთიანი ექსკურსია მოცემული ამ თანხმოვნებში, სიმღერის წინ. ამ ექსკურსის აღწერა დავაპირე, მაგრამ მივხვდი რომ შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ თავად უყუროთ :)

მირიამ მაკებას წყალობით აფრიკის რუკაზე ცოტა ზემოთ და მარჯვნივ გადავინაცვლე და სუაჰილის მივადექი. გამახსენდა ოდესღაც სუაჰილის რომ ვსწავლობდი, უფრო სწორად მცდელობა რომ მქონდა აუდიო–გაკვეთილებით, საიდანაც მხოლოდ ერთი სიტყვა – ნინაკუპენდა – “მე შენ მიყვარხარ” მახსოვს. სუაჰილი საოცარი ენაა, თავისი გრამატიკული სტრუქტურით. მის გრამატიკას თავი რომ დავანებოთ, მთელი სამხრეთ აღმოსავლეთი აფრიკა ამ ენაზე ლაპარაკობს, უგანდა–რუანდა–კენია–ტანზანია–ბურუნდის სახით და ჩვენში კი მხოლოდ სამი რამაა სუაჰილიდან ცნობილი: საფარი (მოგზაურობა, რომელიც ნადირობის სიმბოლოდ იქცა), სიმბა (ლომი) და ჰაკუნა მატატა (არანაირი პრობლემა)… ამიტომ, ეს რომ გამოვასწოროთ და ნაცნობ სამს –მეოთხე დავუმატოთ, დასასრულს გთავაზობთ “მალაიკას” მირიამ მაკებას შესრულებით, იმის წინასწარ აღნიშვნით, რომ “მალაიკა” ანგელოზია სუაჰილიზე, “ნაკუპენდა მალაიკა” კი – მიყვარხარ ანგელოზო…

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვზივარ და ენას ვაწკლაპუნებ ამ შუაღამისას, საქმეა ახლა ეს?
    და კიდევ რაღაცეები გამახსენდა სუახილიზე, ბვანა – ბატონი და ტემბო – სპილო, ბავშვობაში ნადირობა–მოგზაურობა–თავგადასავლის კითხვის შედეგი. ნეტა ღამე მშვიდობისა როგორაა აფრიკულად :))))

    fiqriag

    November 9, 2008 at 2:11 am

  2. დედაააჰ ბელაფონტე როგორ მიყვაარს!!!
    აუ რა ქალია და ვაფშე ენა გამეკვანძა ნახევარი რაც გიწერია ვერაფრით ვქენი და ბოლოს მომღერლის მიბაძვა რომ ვცადე კინაღამ გული ამერია !!
    ვახმე რა მაგარია !!!

    საღოლ!!
    გავითიშეე!!
    ბევრი წერე და ხშირად და სულ რავიც!!!

    ლილიანი

    November 9, 2008 at 2:41 am

  3. მეზიიიზღება ენას რომ აწკლაპუენებენ!!!!
    ბევრი შავკანიანი მინახავ ასეთი, ტრამვაიში ან ავტობუსში გვერდით თუ მიჯდებიან ეგრევე ავდგები ხოლმე :D

    p,s არ ვიცი ესენი რამე ენაზე საუბრობენ თუ უბრალოდ მავნე ჩვევაა ამ უბედური ენის წკლაპუნი

    Pink Panthere

    November 9, 2008 at 4:33 pm

  4. ამ სიმღერის მპ3 მინდა

    November

    November 9, 2008 at 9:47 pm

  5. ჰაჰ, ჩემს გულში ზიხარ თუ რაღაც მსგავსი, მოკლედ, დისქავერიზე ქათები რომაა, სელებრეითინგ დაივერსითის პონტში (მემაპატიეთ, კლავიატურის გადართვა-გადმორთვა მეზარება) – იქ იყო ერთ-ერთი აფრიკული ტომის ენაზე მახსოვს, ეს ნტკლაცა-ტკლუციანი ხმები, ნუ, ქალი ლაპარაკობდა რა და ამბობდა, რომ ამ ენას დედები შვილებს გადავცემთო. ხოდა რამდენჯერაც გავიდა ეგ სიუჟეტი, იმდენჯერ ყბადაღებული ვუყურებდი.

    გუშინწინ გამახსენდა ზუსტად და კიბორგას ვუყვებოდი, და რომ შემოვედი ძალიან გამიკვირდა ეს პოსტი, ჯერ ბოლომდე არც ჩამიკითხავს და მომისმენია, უნდა გამეზიარებინა ჯერ :დ

    dodka

    November 10, 2008 at 3:03 am

  6. ხოდა კიდევ წინა პოსტზეც დამავიწყდა მეთქვა, მაგაზეც ამასწინათ კიბორგას ვუყვებოდი, რომ აი როგორ შეიძლება ქოქენდუდლდუ და ყიყლიყო და კუკარიკუ – ერთი და იგივე ფრინველის გამოცემული ხმა ასე სხვადასხვანაირად გვესმოდეს-თქო. და სანამ გუგლში არ ვანახე, მანამდე არ დაიჯერა, რომ ინგლისურად მართლა ქოქენდუდლდუა :დ

    dodka

    November 10, 2008 at 3:06 am

  7. მირიამ მაკებას მალაიკა 4 წლის წინ აღმოვაჩინე, თან ლაივ ვერსია და სიმღერის დასაწყისში საყვარლად ამბობს :”This song comes from Tanzania” :)
    ძალიან საინტერესო პოსტია, საწკლაპუნო ;)

    JoKey

    November 10, 2008 at 11:03 am

  8. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მირიამ მაკება 2008 წლის 9 ნოემბერს, ამ პოსტის დაწერის დღეს გარდაიცვალა… ასეთ შემთხვევებში ჩემს ერთ მეგობარს უყვარს ხოლმე ერთი ფრაზის გამეორება: “რაღაც არსებობს” :)

    linguistuss

    November 10, 2008 at 11:12 am

  9. უფრო საოცარი დამთხვევებიც არსებობს ბუნებაში.

    November

    November 10, 2008 at 1:22 pm

  10. მდაა.. “რაღაც არსებობს” მართლა.

    ახლა სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ ხმამაღლა ვცადო წკლაპუნი :)

    keti

    November 10, 2008 at 5:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: