ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ვაიმე მბუ…

with 15 comments

დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი ლაგუნასთან საშინელ საცობში კი არადა “პრობკაში” მოვყევი. ვიჯექი ჩემთვის მანქანაში და მირიამ მაკებას ალბომს “Folk Songs from africa”-ს ვუსმენდი. ალბომის მესამე სიმღერა, “მბუბე” მთელ ჩემს შიგნეულობას ჩასწვდა, შეუერთდა გარშემო მანქანების პიპინს, მძღოლების დედის გინებას და პატრულების “იმოძრავა, იმოძრავას” და მთლიანად ამაფორიაქა. სახლში რაც დავბრუნდი ეს აფორიაქება არ მშორდება და აი, როგორც იქნა, აღმოვაჩინე თუ საიდან მეცნობა ეს მბუბე, ვიპოვე დაკარგული ძაფი, რომელიც ძველი აფრიკული ლომების სამეფოში იკარგებოდა. ახალი სიტყვაც ვისწავლე, ჯერ–ჯერობით პირველი ზულუსების ენაზე (მბუბე) და დღევანდელმა საღამომ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია, ანუ უნდა დავიძინო… მაგრამ ისე ვერ წავალ დასაძინებლად, ეს ყველაფერი რომ არ მოვყვე, ანუ როგორ შეიკრა წრედი, რომელშიც ახლაც ის მელოდია ტრიალებს ელექტრული მუხტების სახით, ამდენი ხანია რომ მაჯადოებს თავისი უბრალოებით…

ცოტა რამ ისტორიიდან:

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ზულუსების ტომები გააერთიანა და ზულუსების იმპერიას დაუდო სათავე ლეგენდარულმა მეომარმა შაკამ, მეტსახელად ლომმა, ანუ “მბუბემ”. შემდეგ მოვიდნენ ევროპელები და შაკას კუდით ქვა ასროლინეს, შეიძლება ვერც ასროლინეს, თუმცა ფაქტი ერთია, შაკამაც ისევე დაასრულა, როგორც ყველა მისთანა დესპოტიზმისკენ გადახრილმა მმართველმა. დღემდე საკუთარ ხალხში შაკა შარავანდედით მოსილი პიროვნებაა და მისი სახელი სიწმინდის სქელი ქერქითაა დაფარული. ზულუსები იმასაც კი ამბობენ, რომ შაკა არ მომკვდარა, მას სძინავს და მოვა დრო, როცა ეს ლომი გაიღვიძებს და ზულუსებს წარსულ დიდებას დაუბრუნებსო. ყოველივე ამის შემდეგ, შაკას შესახებ შექმნილი ლექსები და სიმღერები ნამდვილად არ არის გასაკვირი, საუბარია ფოლკლორზე რომელიც ორ საუკუნეს ითვლის.

ხალხურ მოტივებზე დაყრდნობით 1939 წელს Gallo Record Company–ში სიმღერა “მბუბე” ჩაუწერია, უუცნობილესი ჯგუფის The Evening Birds–ის სოლისტს, სამხრ. აფრიკელ სოლომონ ლინდას. ხმის ჩამწერ სტუდიას მუსიკოსისათვის სიმღერაში ერთჯერადად კაპიკები გადაუხდია და აი, ასე დაუწყია აფრიკულ ჰიტს თავისი არსებობა შავ კონტინენტზე. წიკიპედიის ცნობით, 40-იან წლებში, მარტო სამხრეთ აფრიკაში, ამ სიმღერის 100 000 ცალი ვინილის ფირფიტა, ანუ “პლასტინკა” გაიყიდა და უკვე 50–იანებში სიმღერამ ახალი ბაზარი და მსმენელი იპოვა, მას შემდეგ რაც პიტ სიგერმა მელოდია ევროპულ ყაიდაზე გადააკეთა, ინგლისური ტექსტი დაადო და კიდევ ერთი უუცნობილესი ჯგუფის, The Weavers–ის, სადაც იგი მღეროდა, სახით წარუდგინა დასავლეთს. სიმღერას The Weavers–ის შესრულებაში “Wimoweh” ერქვა. სიმღერის ორიგინალურ ვერსიაში პიტმა ზულუს ენაზე სიტყვა “uyimbube” (შენ ხარ ლომი) ჟღერადობით აღიქვა, როგორც “Wimoweh” და ასე მოევლინა ქვეყანას ახალი პერსონაჟი – ლომი, რომელსაც შუაღამისას ჯუნგლებში ძინავს და ყველაფერი, უკაცრავად ვიქნები და, ფეხებზე ჰკიდია. ამ სიმღერის შესრულების გამოყენების უფლება 1994 წელს უოლტ დისნეის კომპანიამ 15 მილიონ დოლარად შეიძინა და ასე გასცდა სიმღერა აშშ–ს ფარგლებს, მსოფლიოს კინო და ტელეეკრანებზე გამოვიდა რა მულტფილმი “მეფე ლომი”…

ამგვარად მოაღწია გაამერიკელებულმა ზულუსმა ლომმა საქართველომდე და ეს სიმღერა რომ არა, როგორც მინიმუმ, ორი ბავშვი არ შეჭამდა საჭმელს საქართველოში – ერთი ჩემი ძმიშვილი და მეორე ჩემი ძმაკაცის დიშვილი (სხვა ბავშვების მუსიკალურ რაციონზე ინფორმაცია არ მაქვს) – როგორც კი იწყება “in the jungle, the quiet jungle, the lion sleeps tonight” ჩემს ძმიშვილს სახე ებადრება და მერე ქაშს კი არა ყველაფერს შეჭამს, ოღონდ ამ სიმღერას ნუ გამოურთავთ ბეჰემოთისა და ძაღლის შესრულებით… თუმცა აქამდე, მე როგორც არამელომანი და ტექსტუალური ადამიანი, ამ სიმღერის არც სახელწოდებით დავინტერესებულვარ და არც ტექსტით, შესაბამისად, მელოდიის გარდა არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რომ არა მირიამ მაკება, ვერც ვერასოდეს შევიტყობდი ამ სიმღერის ისტორიას. მთელი დღის განმავლობაში, “მბუბეს” მინიმუმ  ათჯერ მოსმენის შემდეგ, კინაღამ ტვინი ამეხადა, ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა ეს მელოდია, არადა ორიგინალში თავისებური აფრიკული მელიზმებით, არც თუ ისეთი ადვილად საცნობია… ბოლოს ისევ იუ–თიუბს რომ ვეწვიე, ამ შესანიშნავმა წარმონქანმა მითხრა, რომ შენ ამას და ამას ხშირად უსმენო და იქნებ აი, ეს გეცადაო, და ლინკმა, ჩემთვის კარგად ნაცნობ კლიპამდე რომ მიმიყვანა, სადაც ბეჰემოთს ძაღლი ნერვებს უშლის, ამ დროს სადღაც ჩემს თავში მოკლე ჩართვა მოხდა და, როგორც ძუკუს ანეკდოტში, აღმომხდა – ვაიმე მბუ…

P.S. ლინკები იუ–თიუბზე:

Advertisements

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბეჰემოთის და ძაღლის შესრულებით საუკეთესოა :):):)

    nina

    July 11, 2009 at 10:00 am

  2. ჰააა რა ტაპიტუპა ბეგემოტია ძაან საყვარელი სიმღერაა…. თბილისის აუტანელი სიცხისგან…გადაკეტილი რუსტაველის და მარშუტკის ჩახუთული ჰაერისგან დარეტიანებული მეტროში თუ ჩავვარდები ხოლმე ხშირად ვხალისობ ნახევრად მინგრეულ მონიტორებზე მაგ კლიპით :)))))

    Sali...bali

    July 22, 2009 at 12:57 pm

  3. აუ ეს ის სიმღერა არაა.. მეტროს სადგურებში რომ დააყენეს მონიტორები და დღეში 60ჯერ რომ ატრიალებდნენ კლიპს..

    =syd=

    July 29, 2009 at 7:06 pm

    • კი ბატონო,ეგ სიმღერაა:)…ყოჩაღ ვახო,ნამეტანი სერიოზულად ჩაკირკიმალებულხარ:)

      QETI

      May 18, 2010 at 12:25 pm

  4. აჰ, რა ძველი პოსტი წავიკითხე:) არადა თურმე ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე (2008 წლის 10 ნოემებერს ) გარდაცვილა მირიამ მაკება.

    tamuna

    June 4, 2014 at 5:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: