ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფერეიდნული ქართული

with 8 comments

უკანასკნელი ორი დღის აღმოჩენა ჩემთვის საიტი – fereidani.ge–ა. ჯერ ყველაფერი არ წამიკითხავს და, ალბათ, ვერც წავიკითხავ, თუმცა ქვემოთ მოტანილი ტექსტის ხილვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს არის ამონარიდი ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან “ფერეიდნელი გურჯები”, რომელიც 1979 წელსაა გამოცემული. თავად ტექსტი კი, 1968 წელს ფირზე ჩაწერილი ფერეიდნელი გურჯების საუბარია…

“მე ვარ მუხტარა… სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით… შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)… მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო… შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)”.
“ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი… ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი… დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ… ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო… გუნდა… მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში… ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში… დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა…”

რამდენიმეჯერ წავიკითხე. ვცდილობდი მათ უბრალო, დამახინჯებულ ქართულში კანონზომიერებები დამეჭირა. ასე მაგალითად პირველი ფერეიდნელის ნაამბობში ბოლოსართი “ში” ჩანაცვლებულია “ჩი”–თ (თბილიჩი, სოფელჩი, თეირანჩი). ჯერ ვიფიქრე ეს ის “ჩი” წარმომავლობას რომ აღნიშნავს სპარსულში მეთქი: ნეფთჩი – მენავთობე, თულუხჩი – მეთულუხე, თოფჩი – მეთოფე და ა.შ. თუმცა ჩემი ოჯახის წევრი ირანისტები ამბობენ “ჩი” თურქული წარმომავლობის ბოლოსართია, სპარსულშიც აქა–იქ გვხვდება და ეს უბრალო ფონეტიკური სახეცვლილებაა და არანაირ კანონზომიერებებს აქ ადგილი არ აქვსო – ჩემი თეორია 3 წამში გამიქარწყლეს…

ორივე ფერეიდნელის ტექსტში კიდევ ერთი თავისებურება შეინიშნება: აქა–იქ დამატებულია ბოლოსართი “ყე”, ქართულში ყოველგვარ აზრს მოკლებული. ეს “ყე” თანამედროვე სპარსულში საუბრის დროს, ზმნებს ემატება აზრის გასამძაფრებლად და ხაზგასასმელად, ისევე როგორც ფრანგულში donc-ს ხმარობენ და რუსულში “же”–ს. ამ “ყე”–ს შესატყვისი ქართულში ნაწილაკი “რა” არის, აი მაგალითებიც: “წავედით რა”, “მოდი რა”, “გააკეთე რა” და ა.შ. თურმე კი არა გარეკახეთში დღემდე შემორჩენილია ამ “ყეს” შაჰ–აბასის ნაჩუქარი გადმონაშთი “კე”–ს სახით, ვინმემ თუ რამე იცით ამასთან დაკავშირებით შემატყობინეთ…

Advertisements

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან საინტერესო ამონარიდი იყო. რამოდენიმეჯერ, ტელევიზიის საშუალებით რომ მოვისმინე ფერეიდნელ ქართველთა საუბარი, მესიამოვნა. არ ვიცი დამახინჯებულია, არ ვიცი ძველ ქართულთან უფრო ახლო, მაგრამ ძალიან ძალიან მშობლიური და ძველი მეჩვენა მათი საუბარი.

    Goddess

    November 16, 2008 at 1:56 am

  2. მაგ თავსართ-ბოლოსართებზე რა გითხრათ, ასე არ დავკვირვებივარ, მაგრამ ყაჰოო-ში ველაპარაკებოდი ხოლმე ადრე ერთ ფერეიდნელ ქართველს. საიდან მიპოვა, აღარც მახსოვს. ცოტა დამახინჯებულად ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერი მესმოდა და იმასაც ესმოდა ჩემი. კარგა ხანია აღარ გამოჩენილა, სად დაიკარგა ნეტა

    mtvareuli

    November 16, 2008 at 3:26 pm

  3. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს დამახინჯებული ქართულია. ეს 400 წლისწინანდელი ქართულია, რასაც თაობები გადასცემენ ერთმანეთს. თუნდაც მხოლოდ ენის შენარჩუნებისთვის უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი.
    რა თქმა უნდა, სპარსულის გავლენაც შეიძლება იყოს ცალკეულ თავსართ–ბოლოსართების გაჩენისას.
    “შის” “ჩით” ჩანაცვლება ჩვენთან, მთის დიალექტებშიც ხომ არსებობს.

    ასევე ძალიან მომწონს და საოცარი მშობლიურობის განცდა მოაქვს თურქეთის ქართველების საუბარს.

    keti

    November 16, 2008 at 4:10 pm

  4. ჩის – მოხევეებიც ამატებენ

    fiqriag

    November 16, 2008 at 8:55 pm

  5. გეთანხმებით, ჩი-ს მოხევეები ხშირად ამატებენ. ყაზბეგის ნაწარმოებებშიც ხშირად გვხვდება. კახურ “კე”-ს რაც შეეხება, ეგ ამ ზაფხულს ჩემი ყურით მოვისმინე საგარეჯოს რაიონის ადგილობრივებთან საუბარში – ანუ თბილისიდან არც ისე შორს…

    Sopho

    November 17, 2008 at 2:49 pm

    • ყვარლის რაიონის სოფლებშიც არის “კე”

      kvevri

      January 21, 2013 at 12:56 pm

  6. როცა მათ ვუსმენ და ვუყურებ, ხანდახან მგონია რომ მათში უფრო მეტია ქართული, ვიდრე ჩვენში…

    noemberi

    November 19, 2008 at 3:00 am

  7. ”კე” დღემდე აქტიურად გამოიყენება გურჯაანის რაიონში. ჩემი აწგარდაცვლილი ბებია ვაჩნიაძიანიდან იყო და საუბარში ხშირად იყენებდა ”კე”-ს. ასევე ნათესავები მყავს ველისციხეში (გურჯაანის რაიონი), ისინიც ხშირად იყენებენ.
    თელავის რაინში კი რამდენადაც მახსოვს, არასდროს მომიკრავს ყური. რომ იყენებდნენ, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, რადგან გურჯაანის რაიონზე უფრო ხშირი შეხება თელავის რაიონთან მაქვს

    mroveli

    November 22, 2008 at 4:32 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: