ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Let us keep on dreaming of a better world

with 3 comments

დღეს თბილისის სუპერლიგის მორიგი ტური იყო და, როგორც იქნა, თბილისის ჩემპიონატზე თამაშით სრული სიამოვნება მივიღე, ეს კითხვების ხარისხსაც ეხება და იმასაც, რომ გვეღირსა და სრული შემადგენლობით ვითამაშეთ, ანუ ექვსივე ვიყავით დიდი “მესამე გზიდან”. ხან კითხვები არ ვარგა ხოლმე, ხან ჩვენ ვართ სამნი, ერთი სიტყვით დღეს ყველა წინაპირობა იყო საიმისოდ რომ კითხვების გამოცნობით სიამოვნება მიმეღო.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი კითხვები იყო, კითხვების უნახავი გავხდი მეთქი, თუმცა პაკეტი აშკარად კარგი გამოვიდა. კითხვებს ფორმულირებები არ უვარგოდა და გრძელი იყო, მაგრამ ფაქტობრივი მასალა, რომელზეც კითხვაში იყო საუბარი ისეთი იყო, როგორიც მე მიყვარს, ანუ ინფორმაცია აღებული იყო წიგნებიდან, თან სერიოზული წიგნებიდან და არა – ტომსკის ლოკომოტივის ქარხნის ფან–კლუბის ფორუმიდან.

ყველაზე სასარგებლო, ამ ბლოგისათვის განსაკუთრებით, რაც დღეს შევიტყვე, ერთი ჩინებული საიტის არსებობაა. საუბარია www.urbandictionary.com–ზე. თურმე კი არა, ჩემს პატივცემულ მეგობრებსაც სცოდნიათ მისი არსებობა და აბა მე რა დამემართა, რატომ ვიყავი აქამდე ასეთი ბნელი?! რაც სახლში დავბრუნდი, ვერ მოვწყდი ამ საიტს. განსაკუთრებით “პორნოქიოს” განმარტებამ მომხიბლა, რომელსაც ეს ავტორიტეტული საინფორმაციო წყარო ასე განმარტავს:

პორნოქიო: ადამიანი, რომელიც საკუთარ სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს.

უფრო მეტიც, youtube–ზე მულტფილმი მოვძებნე, რომელიც კარგად ნაცნობი ძველი მელოდიასავით იწყება: “c’era una volta…”, ანუ ქართულად იყო და არა იყო რა, ოღონდ ფიჭვის ნაფოტი ამ შემთხვევაში პინოქიო კი არა პორნოქიოა და რომ იტყუება შესაბამისად ცხვირის ნაცვლად სხვა ორგანო ეზრდება. ერთი სიტყვით ძალიან ვიხალისე…დარწმუნებული ვარ სადმე “იდეური” პორნოც იქნება გადაღებული ამ სათაურით, სადაც “In Diana Johnes” და “Da Vinci Load” გადაიღეს, პორნოქიც რომ გადაეღო ვინმეს, მსგავსი კრეატიულად გარყვნილი გონების მქონე რეჟისორს, არ გამიკვირდება…

che

კრეატივზე გამახსენდა და აი, მაგალითისთვის ზედა სურათი რომ ავიღოთ. რა არის ახლა ამ სურათში ასეთი განსაკუთრებული?! – თუმცა ორიგინალურია ცალსახად. ზუსტად კრეატივის დანიშნულებაც ესაა, შეგიქმნას რაიმეს ხატი გონებაში და იმ ხატზე, ჩარჩოზე სადმე, წვრილი შრიფტით, საკუთარი პროდუქციის სახელი მიაწეროს. არასოდეს დამავიწყდება ეს გოგო ასეთი ორიგინალური კაბით და შესაბამისად არც ის ჟურნალი, რომლის რეკლამირებასაც ის ცდილობს.

ვაგრძელებ დღევანდელი შეკითხვებით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას, თუმცა ვისთვის ეს ვერ დავადგინე, ალბათ საკუთარი თავისთვის, ბლოგის უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ესაა. სულ მაინტერესებდა “სტერლინგი” საიდან მოდის, თურმე კი არადა ოდესღაც “ისტერლინგ” ერქვა და აღნიშნავდა სადღაც აღმოსავლეთ გერმანიაში მოჭრილ სუფთა, მინარევების არმქონე ვერცხლის მონეტას, შემდეგ პირველი ასო მოსცილებია, ფართო მიმოქცევაში დატრიალებულა და ახლა დიდი ბრიტანეთის ფულის ერთეულში რომ მეორე სიტყვაა გირვანქას შემდეგ, უკვე მისი წარმომავლობა ვიცი და წყნარად ვარ… ის ფაქტი კი, რომ ეს კითხვა ვერავინ გამოიცნო, ჩემს თეზისს უმაგრებს ზურგს, ანუ აქაც ფაქტობრივი მასალა კარგი იყო, კითხვის დაწერა უკეთ შეიძლებოდა!

ამ ბოლო დროს დაკვირვებული ვარ, რა შეკითხვაც არ მოვიდა, რომელიც იწყებოდა ასე: “ეს სიტყვა…” – ვერც ერთი ვერ გამოვიცანი. სამაგიეროდ დავიწყე ისეთი შეკითხვების გამოცნობა, რომლებიც ლოგიკას და ინტუიციას მოითხოვს და არა ერუდიციას და განათლებას. ძალიან გაკვირვებული ვარ, აი ძალიან. არადა ადრე პირიქით იყო, როგორც ჩანს ვბერდები…

დაბოლოს ერთი წიგნი რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია. საერთოდ არ ეხება დღევანდელ თამაშს და კითხვებს, თუმცა ბოლო სამი დღეა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ამაზე მინდოდა დაწერა, მაგრამ ცალკე სტატიად რაღაც ვერ გამოვაცხვე. წიგნი არ წამიკითხავს, მხოლოდ შესავალით შემოვიფარგლე. ავტორს “მინდა ვიყო ფლობერი” დაემართა და საზოგადოების ნორმებით განაწამები ქალის თუ ქალების ბედის თხრობა განიზრახა მთელ სამას გვერდზე, თუმცა ამ წიგნში რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა (იმიტომ რომ თავად წიგნი არ წამიკითხავს და არც ვაპირებ) ეს სათაურია. საუბარია მარსელ პრევოს 1894 წელს დაწერილ რომანზე, “Les Demi-Vierges” (“ნახევრად ქალიშვილები”). “ნახევრად ქალიშვილი” – ავტორის განმარტებით ეს ის ახლაგაზრდა ქალბატონია, რომელსაც აწუხებს საკუთარი აპკური მდგომარეობა, თუმცა ვერაფერს ვერ აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური საქმრო ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს და ამ ყველაფრით იგი სულიერად იტანჯება… ერთი სიტყვით თბილისის ფორუმის უკვდავ თემას მარსელ პრევომ, თურმე კი არა, ასი წლის წინ დაარქვა სახელი და იმედს ვიქონიებ, რომ ასი წლის შემდეგ ქართულ ფორუმებზე მსგავსი თემის გახსნით არავინ შეიწუხებს თავს, ან თუ შეიწუხებს მისი შინაარსი დაახლოებით იგივე იქნება, www.doctissimo.fr-ზე, რომ წერდა ერთი გოგო ამას წინათ: “26 წლის ვარ, ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ და მეგობრებს ვერ ვეუბნები, მეშინია არ დამცინონ და რა ვქნაო”…

P.S. წავედი მე დავიძინე, ხვალ ორშაბათია და ტრადიციულად მძიმე დღეა, სამსახური… :(

Advertisements

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ლექსიკონიდან Les Demi-Vierges–მდე – შესანიშნავი საკითხავი. ასე, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის:)

    საღამოს ამ მულტფილმსაც ვნახავ. ამ მულტფილმსაც იმიტომ, რომ ბოლო დღეები სულ მულტფილმებს ვუცქერი იუთუბზე :)

    keti

    December 1, 2008 at 1:50 pm

  2. “ტომსკის ლოკომოტივის ქარხნის ფან–კლუბი”… :D:D:D

    Natalie

    December 1, 2008 at 8:58 pm

  3. ყველა კაცის სულში პატარა პორნოქიო ზის :p

    noemberi

    December 1, 2008 at 10:08 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: