ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გაიძინის ჩანაწერები

with 10 comments

უკანასკნელ ხანს, რაც ბლოგერი გავხდი, უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ცხონებული ხორხე ლუისი, ბორხესზე მოგახსენებთ, მართალი იყო. იგი ამბობდა, რომ ნებისმიერი აზრი, ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერი ფორმით უკვე ნათქვამია და ჩვენს მიერ ახლად გენერირებული სიტყვების ერთობლიობა მხოლოდ ვიღაცის სიტყვების არაცნობიერი გამეორებაა და მეტი არაფერიო. როცა გაქვს რაიმე იდეა ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მიდგომა, ან იღებ და წერ ისე, რომ არ ინტერესდები ვინმეს მოსვლია თუ არა ეს იდეა შენამდე და რა ფორმითაა განხორციელებული ის და ან ინტერესდები და ეცნობი ყველა შესაძლო მასალას, რაც კი ამ იდეის გარშემო შექმნილა შენამდე. აი, დაახლოებით ის ვარიანტია, ოსკარ უაილდი რომ ამბობდა, თუ გინდა ვარდს ათასმეერთე შექება უთხრა, ან ათასივე უნდა იცოდე და ან არც ერთიო. პირველ ვარიანტში დიდი შრომის გაწევა გიწევს იმისთვის რომ იყო ორიგინალური, მეორე ვარიანტში კი – ალბათობის თეორიას ენდობი და გჯერა რომ ორიგინალური ხარ. თუმცა ვინაიდან სრულიად ყველაფრის ცოდნა და მოცვა შეუძლებელია, პირველ ვარიანტშიც შენი ორიგინალურობის კმაყოფილების კოეფიციენტი რწმენაზე დგას, ანუ სადღაც ასი შექების გაცნობის შემდეგ გამოდიხარ სიტყვით: “ერთი იმათი დედაც ჯეკ…” და იწყებ წერას.

დღეს იდეა მომივიდა, რომ შემეკრიბა თუ გამეხსენებინა ყველა ის სიტყვა, რომელიც ადამიანებს თუ ადამიანთა რაღაც გარკვეულ ჯგუფს ჩვენიანი/სხვისიანის პრინციპით ჰყოფს. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, სულ ცხრა ასეთი სიტყვა მოვძებნე, აქედან სამი არ ვიცოდი. დარწმუნებული ვარ ასეთი სიტყვები უფრო მეტი არსებობს, თუმცა დასაწყისისთვის ეს მცირედიც კმარა. მაშ ასე, აი ისინიც:

აჯამი – ეს სიტყვაც არაბული წარმოშობისაა და ქართულში აქა–იქ კვლავაც გამოიყენება. ჩვენს ენაში ის “რეგვენს, ბრიყვს” აღნიშნავს, თუმცა კაფირისაგან განსხვავებით არაბები ამ სიტყვით არაარაბ მაჰმადიანებს, უპირატესად სპარსელებს მოიხსენიებდნენ შორეულ წარსულში. შემდგომში სიტყვის მნიშვნელობა გაფართოვდა და დღესდღეობით შუა აზიაში მცხოვრებ მუსლიმებს უფრო ხშირად უწოდებენ ასე, ვიდრე სპარსელებს (დაახლ. იგივე გამოყენება აქვს, რაც ქართულში, არაბების წარმოდგენით, უკულტურო, არაარაბ მაჰმადიანებს აღნიშნავს).

გაიძინი – ეს სიტყვა ინფორმაციულ მეინსტრიმში შორეული იაპონიიდან მოხვდა. იგი შემოკლებული ვარიანტია “გაიკოკუძინისა” (外国人), რომელიც უბრალოდ უცხოელს აღნიშნავს. ასე უწოდებენ იაპონელები ნებისმიერ ადამიანს. ეს სიტყვა, “გაიკოკუძინ” შედგება სამი იეროგლიფისგან, რომელთაგან პირველი “უცხოა” (გაი), მეორე – “ქვეყანა” (გოკუ), მესამე კი – “ადამიანი” (ძინ).

გაჯო – ბოშები ხალხს ორად ყოფენ, მათიანებად – “რომალე”–დ და უცხოებად – “გაჯო”–ებად. რომალეს გაჯოსგან უფრო კულტურული ნიშან–თვისებები განასხვავებს, ანუ შეიძლება ადამიანი ბოშა იყოს, არ მისდევსდეს ძირძველ ბოშურ ტრადიციებს, ამიტომ იგიც ბოშებისათვის “გაჯოდ” მოიაზრება.

გიაური – მომდინარეობს თურქული “გავურ”–იდან. ამ სიტყვით მაჰმადიანები არამაჰმადიანებს, უპირატესად კი ქრისტიანებს მოიხსენიებენ.

გოიმი – ეს სიტყვა სხვა ენებში “გოი”–ს ფორმით უფროა დამკვიდრებული, თუმცა ქართულში საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს “გოიმი” ჰქვია. “გოი” ივრითსა და იდიშზე არაებრალეთა აღსანიშნად გამოიყენება. თავად სიტყვა “გოი” კი ივრითიდან ითარგმნება, როგორც “ხალხი”, “გოიიმ” კი მისი მრავლობითი ფორმაა და “ხალხებს” ნიშნავს.

გრინგო – ლათინურ ამერიკაში ამდაგვარად მოიხსენიებენ უცხოელს, უპირატესად ინგლისურენოვანს, როდესაც მის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა სურთ. ამ სიტყვის წარმოშობის მრავალი ვერსია არსებობს და მათზე არ შევჩერდები.

კაფირი – იგივეს აღნიშნავს, რასაც “გიაური”, იმ განსხვავებით, რომ სიტყვა არაბულია და ეს სიტყვა უპირატესად არაბულენოვან სამყაროშია გავრცელებული არამაჰმადიანთა, უპირატესად ქრისტიანთა მოსახსენიებლად. ამას ეძღვნება ყურანის 109–ე სურა.

სნობი – ამ სიტყვის წარმოშობის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, ერთი ვერსიით ის თავდაპირველად “მეწაღეს” აღნიშნავდა და მომდინარეობს ლათინური sine nobilitate–დან, რაც უკეთილშობილო პირს ნიშნავს. ჰყვებიან იმასაც, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები ასე უწოდებდნენ ქალაქის მცხოვრებ ხელოსნებს, თავად სიტყვის დამკვიდრების საპატიო მისია კი ინგლისელ მწერალს, უილიამ თეკერეის ერგო, რომელმაც “სნობების წიგნი” დაწერა 1848 წელს და ფსევდოღირებულებების მოტრფიალე ადამიანის მნიშვნელობითაც “სნობი” პირველად მან გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა არტურ კესტლერის ესსე “სნობიზმის ანატომია“.

ფარანგი – ასე უწოდებდნენ ტაილანდელები ევროპელებს. ტურიზმის განვითარების შემდეგ ეს სიტყვა განზოგადდა და საერთოდ თეთრკანიანი ტურისტების მოსახსენიებლად გამოიყენება სექს–ტურიზმის მექაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად უწყინარი სიტყვაა და არანაირ უპატივცემულობას არ გამოხატავს, რაც გოიმის და გიაურის შემთხვევაში გვაქვს, ინგლისელები მაინც აღშფოთებულნი რჩებიან, როდესაც მათ ფარანგს უწოდებენ, საქმე იმაშია რომ სიტყვა “ფარანგ”–ის ფუძეში “ფრანგი” იმალება და ინგლისელების სიყვარული ყოველივე ფრანგულის მიმართ საზოგადოდ ცნობილია.

ძებნა–ძიების ვრცელი და საინტერესო პროცესის დროს, წავაწყდი ძალიან საინტერესო სტატიას “გაიძინის ჩანაწერების” სერიიდან, რომელიც ერთ რუს ბლოგერს, ვადიმ სმოლენსკის ეკუთვნის. აი მისი, შემოკლებული და თავისუფალი თარგმანი:

ნებისმიერი სიმრავლე შეიძლება დავყოთ ქვესიმრავლეებად. ეს სასკოლო კურსიდან ცნობილი ჭეშმარიტებაა და ეს მართლაც ასეა.

ორი ელემენტისაგან შემდგარი სიმრავლე შეიძლება მხოლოდ ორ ნაწილად დავყოთ, თუმცა შეიძლება საერთოდ არ დავყოთ. სამი ელემენტისათვის ასეთი სქემის ხუთი ვარიანტი არსებობს: არ გავყოთ საერთოდ, გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად და სამნაირად გავყოთ ორ არათანაბარ ნაწილად, რომლებიც ერთი და ორი ელემენტისაგან იქნებიან შემდგარი. ასეთი დაყოფების ყველა შესაძლო რაოდენობას ბელის რიცხვი ეწოდება და მისი გამოთვლა სპეციალური რეკურენტული ფორმულით შეიძლება. ოთხელემენტიანი სიმრავლისათვის ეს რიცხვი 15–ს უდრის, ათიანისათვის კი – 115975–ს (ვინც კომბინატორიკა ვიცით, გაგვატარეთ). ასელემენტიანი სიმრავლისათვის კი ბელის რიცხვი 116 ნიშნისაგან შედგება. ელემენტების ზრდასთან ერთად ბელის რიცხვის ამდაგვარი დრამატული ზრდა ზუსტი გამოთვლის არანაირ შანსს არ გვიტოვებს და შეგვიძლია მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებლებით შემოვიფარგლოთ. დიდი რიცხვებისათვის მისი გამოთვლა მხოლოდ ე.წ. ასიმპტოტური მეთოდით შეიძლება. აი, მაგალითად ექვსმილიარდიანი სიმრავლისათვის ბელის რიცხვი იქნება: 10 ხარისხად 45’500’000’000. ერთიანი 45 მილიარდ 500 მილიონი ნულით – გასაგიჟებელი რიცხვია.

თეორიას რომ თავი დავანებოთ, გასაგებია, რომ პრაქტიკაში საქმე პატარა რიცხვებთან გვაქვს. ნებისმიერი შესაძლო ამოცანა მცირე რიცხვებითაა წარმოდგენილი. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია ტაქსნომიური დაფა ავიღოთ და ვნახოთ როგორ ჰყოფენ და ახარისხებენ ზოოლოგები ცხოველებს. გვაქვს ტიპები, კლასები, სამეფოები, ოჯახები, სახეობები და ა.შ. ასეთი დაყოფა ბუნებრივია მოსახერხებელია ბიოლოგებისათვის, თუმცა, მაგალითისთვის, რომ იყოს საშუალება და ფაუნის წარმომადგენლებს აზრი გავიგოთ, აბსოლუტურად გასაგები იქნება მანგუსტის პოზიცია, რომელსაც სულ არ აინტერესებს განსხვავება დროზოფილასა და ქლამიდომონადას შორის, მისთვის ყველა დანარჩენი არსება არამანგუსტი იქნება. ამდაგვარი დაყოფა – ჩვენიანებად და უცხოებად – მისთვის უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება.

ექვსი მილიარდი და ცოტა მეტი ადამიანის შემთხვევაშიც, საქმეც ამდაგვარადაა. შეიძლება და ასეცაა, რა თქმა უნდა, რომ ისინი დავყოთ რასებად, ეთნოსებად, სუბეთნოსებად, სოციუმებად. გავზომოთ თავის ქალების რადიუსები, გამოვიკვლიოთ ძველი ჩანაწერები, შევადაროთ ენები და ა.შ. გამოვავლინოთ ფარული დამოკიდებულებები დაყოფილ ჯგუფებს შორის და შევადგინოთ მრავალფეროვანი ტაქსონომიური დაფები ადამიანებისათვის, თუმცა ყველაზე პრაქტიკული და ადვილი გზა ადამიანების დასაყოფად მაინც ე.წ. “ბინარული დაყოფაა”.

თუ ებრაელი არ ხარ – ე.ი. გოი ხარ. თუ იაპონელი არ ხარ – ე.ი. გაიძინი ხარ. თუ რომალე არ ხარ ე.ი. – გაჯო ხარ და ა.შ.

ამ დაყოფის საფუძველში ჩვენიან–სხვისიანის პრინციპი დევს, თუმცა ამდაგვარ დაყოფას არამათემატიკური ე.ი. არაზუსტი და სუბიექტური ელფერი აქვს. გასაგებია, რომ გიაურები უფრო ნაკლებნი იქნებიან, ვიდრე გაჯოები, ამასთან მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც ერთდროულად გაჯოებიც იქნებიან და გიაურებიც (მაგალითად, ჩვენ ქართველები). დაყოფა კულტურული ნიშნით მრავალფეროვანია, თუმცა დაყოფის ფორმა მტკიცეა და ორობით ბაზისს ეფუძნება. ამასთან ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა ზოგჯერ შეიძლება და ზოგჯერ – შეუძლებელია. მაგალითად თუ სარწმუნოებას შეიცვლი, შეიძლება აღარ იყო გიაური, მაგრამ აი, თუ გოიდ დაიბადე ამას უნდა შეეგუო, ვინაიდან ვერაფერს ვერ შეცვლი და ებრაელი ვერასოდეს გახდები, რაც გაიძინის შემთხვევაშიც იგივეა.

მაგალითისთვის თუ ავიღებთ და ამ დანაყოფებს ერთმანეთს დავადებთ, ძალიან რთულ სურათს მივიღებთ. ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქვესიმრავლეში მოხვდეს. შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს გოიც, გიაურიც და გაიძინიც. პირობითად ეს ყველაფერი ასე მარტივია, თუმცა რა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს კონკრეტული ტერმინი ერთი ქვესიმრავლის მეორისგან გასარჩევად. ხომ შეიძლება ადამიანი გაიძინთან ერთად იყოს არაპაპუასი, არაპიგმეი, არამალაგასიელი, არაჰავაელი და ა.შ. ანთროპოლოგიის და ეთნოგრაფიის ჩარჩოებს რომ გავცდეთ და ყველაფერს უფრო ფართოდ შევხედოთ, რამდენ გადაფარვად და არასიმეტრიულ ქვესიმრავლეს მივიღებთ, ღმერთმა იცის: ბოჰემა და არაბოჰემა, ჰაკერები და ლამერები, პარტიულები და უპარტიოები, კანონიერი ქურდები და ფრაერები, ჩვენიანები და სხვისიანები… ჩვენიანები და სხვისიანები… ჩვენიანები და სხვისიანები…

თითოეულ ჩვენთაგანს იმდენი კულტურული დამღა შეიძლება დაესვას, რომ ადგილი არ დარჩება სხეულზე. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ განკიცხულთა და არაგანკიცხულთა პლანეტაზე ვცხოვრობთ, ყოველთვის ვიღაცა კაი ტიპია და ვიღაცა – ცუდი. ამ სუბიექტივიზმს კი თავს ვერ დავაღწევთ. ამდაგვარი დაყოფების დროს ისმის შეკითხვა: საერთოდ როგორ ვართ ცოცხლები? – მაშინ, როდესაც მუსლიმები გიაურებს სავაჭრო ცენტრებს უფეთქებენ, გიაურები მუსლიმთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომებს, თუ ტერორიზმთან ბრძოლას იწყებენ და ა.შ. ისტორიამ მსგავსი ფაქტები, განკიცხულთა და არაგანკიცხულთა შორის ომების შესახებ, მრავლად იცის.

ფართოშუბლიანი ბრძენი ხალხი მთელი ისტორიის მანძილზე სვამდა შეკითხვას, თუ რა საჭიროა ამდაგვარი დაყოფა და რა სარგებელი მოაქვს მას. თუ რატომ ცხოვრობენ კუები და სპილოები უფრო “მეგობრულად” ვიდრე ორ გვერდიგვერდ კუნძულზე მოსახლე ტომები კარიბის ზღვაში. გაუგებარია თუ რაშია საქმე? იქმნება თეორიები, მრავლდება ჰიპოთეზები, კვდება, შემდგომ ხელახლა იბადება და გაურკვეველია ღმერთი მოკვდა თუ – არა, სამოთხე დაკარგულია თუ – დაბრუნებული… ხან ბუნება იმარჯვებს და ხან ადამიანი, გაუგებარია კეთილდღეობისაკენ მივდივართ, თუ – არმაგედონისკენ. ამ ყველაფერს კი საფუძვლად სიმრავლეთა თეორიის ბოროტად გამოყენება და კომბინატორიკის სუსტი ცოდნა უდევს.

აი, ასე ვამთავრებ ამ პოსტის წერას, მე – გიაური და გოიმი, ფარანგი და კაფირი, გაჯო და გრინგო და მხოლოდ ერთი რამ გავიგე ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ, კომბინატორიკა სულ მთლად დამვიწყებია…

ესეც ასე, ეგეც თქვენ ! :)

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. დაგო დაუმატე :P და სხვადასხვა ეროვნების აღმნიშვნელი wog-ები, chink-ები და kwailo-ები :P

    WDC

    December 2, 2008 at 5:50 am

  2. გოი ვიცოდი რომ არაებრაელს ნიშნავდა. გერმანულში გამოიყენება როგორც ცხოველი ებრაელების მიმართ.

    lika-lika

    December 2, 2008 at 3:37 pm

  3. სნობებთან მიჭირს ურთიერთობა :)

    დამღიანი კი ვარ, თურმე :)

    keti

    December 2, 2008 at 3:47 pm

  4. მართალია, კომბინატორიკის არა გამეგება, რა:) მაგრამ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მივხვდი, რომ ადამიანების დაყოფა რაღაც ზემოაღნიშნულისმაგვარ ჯგუფებად, კლასებად, კლანებად, კატეგორიებად აბსურდია და საქმეს ართულებს. მაგრამ კაცობრიობა ისე ვართ ეშხში შესული, რომ ამ მავნე ჩვევას, ალბათ, არც არასოდეს შევეშვებით (ისევე, როგორც ბევრ სხვას…):)
    ჰოდა, სულ არ მადარდებს ვიღაცისთვის გოიმი ვარ, გაჯო თუ გიაური. პირიქით, ამაზე ვხალისობ კიდეც. აი, ამ სტატიითაც დიდად ვისიამოვნე.
    …ისე, ფარანგი სიამოვნებით ვიქნებოდი, ბანგკოკის ქუჩებში თუ გამასეირნებდა ვინმე, თუნდაც ახლა, მასობრივი საპროტესტო აქციების და დარბევების ფონზე, როცა აეროპორტი არ მუშაობს და ტურისტები გიჟებს გვანან:)
    _ ვახო, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის რაიმე სპეციალური დამღა არ არსებობს ნეტავ? :)

    Sopho

    December 2, 2008 at 5:00 pm

  5. საინტერესო წასაკითხია ნამდვილად :*

    gelashvili

    December 2, 2008 at 8:08 pm

  6. ხიხო და ყანა გამოგრჩენია :) იანკიც:) ამ უკანასკნელი სიტყვის ასახალ-დასავალი კი ვიცი, აი წინა ორის წარმომავლობა ჩემთვის ტერრა ინკოგნიტაა:)

    In Saecula Saeculorum

    December 10, 2008 at 2:20 pm

  7. საინტერესო სტატიაა.მე როგორც ვიცი გოიმს ძველად უწოდებდნენ ისეთ ადამიანს, რომელიც ადვილად შეიძლება მოატყუო. კომბინატორიკა ეროვნულ გამოცდებში შემხვდა და საშინლად ”გავაკეთე”… თანაც მასწავლებელმა გამოცდის წინა დღეს ამიხსნა კარგად რომ დამმახსოვრებოდა, მაგრამ კომბინატორიკის არსი ვერ გავიგე და თავი დავანებე.

    თორნიკე

    January 4, 2009 at 9:13 pm

  8. akum

    akunina

    January 5, 2009 at 10:26 pm

  9. სიმართლე გითხრა ნათარგმნი სტატია რო წავიკითხე ისეთი შეგრძლება დამრჩა რომ ვიღაცამ კომბინატორიკა ისწავლა და ბორხესის არ იყოს “ამაოება ამაოებათა” და “ყოფნა არყოფნის” რიტორიკული ისტორია გადაიმღერა.

    მთლიანი პოსტი საინტერესო იყო.

    lasharela

    September 24, 2010 at 11:54 am

  10. ბარბაროსი გამოგრჩ…

    კახა

    September 16, 2013 at 4:10 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: