ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დაილოცოს გურჯისტანი

with 10 comments

საქართველოს ყველა ენაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ეს ცნობილი ფაქტია და ზედმეტ ჩაძიებას არ მოითხოვს. ვარიაციები ბევრია, სომხური “ვრასტან”–იდან დაწყებული ფრანგული “ჟეორჟი”–თ დასრულებული, თუმცა თანამედროვე ქართულში არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი პატივი მიგებული, როგორც “გურჯისტანს”. ჩემთვის უცნობია, თუ ვინ და რა ფორმით გამოიყენა ეს სიტყვა პირველად ყოველგვარი ჩამორჩენილობის და გახევებული ტრადიციულობის აღსანიშნად, თუმცა ფაქტია, რაც დრო გადის ის ამ მნიშვნელობით უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და შეიძლება ითქვას ზუსტ სამეცნიერო ტერმინადაც კი იქცევა ცოტა ხანში, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სოციოლოგიაში აქტიურ გამოყენებას ჰპოვებს.

ქართულ ფორუმებზე ეს სიტყვა თანამედროვეობით უკმაყოფილო ადამიანების გულისტკივილის გამოხატვის საშუალებაა. ყველას უმალ ეს სიტყვა აკერია პირზე თუ თითებზე, როგორც კი საუბარი ქალიშვილების ინსტიტუტზე, ცუდ მომსახურეობაზე, ქართულ ბიძაშვილობის ინსტიტუტზე, ბრტყელ–ბრტელ სადღეგრძელოებზე, ზომიერების გრძნობის უქონლობაზე, დროის გაუფრთხილებლობაზე და ა.შ. მრავალ ასეთ “გურჯისტანულ” ფენომენზე ჩამოვარდება საუბარი.

არადა ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნის მიჯნაზე იეთიმ გურჯი თავის სატრფოს ამ სიტყვებით ამკობდა, სადაც “გურჯისტანი” ერთი უწყინარი სიტყვაა და საქართველოს აღნიშნავს:

დაილოცოს გურჯისტანი,
კაი შვილების მომყვანი,
შენი გამზრდელი აკვანი,
ვინც შეგიმკო კოხტა ტანი.
რომელ დედამ გითხრა ნანა,
რა თითებმა აგიყვანა?
ცხონდეს მომნათლავიც თანა,
კიდევ შობონ შენისთანა.
ვინაც გშობა ქვეყანაზედ,
მთლად შენ მოგცა სილამაზე,
მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე
მოჩვენება პლანეტაზე.
ბრილიანტი ხარ დიდ ზღვისა,
ანგელოზი-მაღლა ცისა,
თაიგული-სამოთხისა,
ხელმწიფე ხარ ამქვეყნისა.
თვალები გაქვს ცაზე ლურჯი,
ეგ ქოჩორი ოქროს-ფუნჯი,
ნუ ხარ ქვიტკირისა ბურჯი,
შეიბრალე იეთიმ-გურჯი.

ამ სიტყვის პარალელურად მეორე სიტყვა ყელყელაობს ქართულ ყოველდღიურობაში. საუბარია “გრუზინობაზე” და მათთან დაკავშირებულ ქცევის თავისებურებებზე. ამდენი ხანია ვცდილობ გავერკვე, თუ რა განსხვავებაა “გრუზინობასა” და “გურჯისტანს” შორის. ეს ორი ფენომენი ფაქტობრივად ერთდროულად იშვა ქართულ ვირტუალურ სივრცეში და, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ დავასკვენი, რომ ერთი და იმავე კულტურულ თუ სოციალურ ფენომენს აღნიშნავს. ორივე სიტყვას აქვს თავისი უპირატესობა, ანუ თითოეული მათგანი თავისი ფორმით რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ნიშან–თვისებაზე მიუთითებს, რომლის გარეშეც გურჯისტანი გრუზინების გარეშე არ არსებობს. ძირითადად, ორივე შემთხვევაში, ნიშან–თვისებები წარსულს უსვამს ხაზს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა, 300 წლის წინანდელ წარსულზეა საუბარი, თუ 100 წლის წინანდელზე.

ეს ორი სიტყვა დაახლოებით იგივე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც თანამედროვე ამერიკულ ინგლისურში “10 სექტემბრის ადამიანს” მოიხსენიებენ. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის მაცხოვრებელთა (არა მარტო) ცნობიერება შეიცვალა, შესაბამისად 10 სექტემბრის ადამიანი ერთგვარ ჩამორჩენილობას განასახიერებს. ზუსტად ასევე ის, ვინც გურჯისტანია (ხანდახან ასე ადამიანებსაც უწოდებენ), ან გრუზინია, ის ყოველგვარი სიძველისა და რუდიმენტულის მოყვარული და მოტრფიალეა.

მეორე სიტყვა, “გრუზინი” კიდევ ერთი კონოტატიური სიფაქიზით ხასიათდება და ეს მის ლექსემაში სიტყვა “გრუზ”–ის არსებობითაა გამოხატული, ანუ ხანდახან “გრუზინია” ყველა ის, ვინც ძირძველი ქართული ტრადიციულობით გარშემომყოფთა “გრუზვით”, ანუ თავის მობეზრებითაა დაკავებული. ხანდახან კი თავად გრუზინობა და ძველმოდური გურჯისტანული შეხედულებები იმდენად “გრუზავენ” დასავლური ღირებულებების მაძიებელ თანამედროვე ქართველებს, რომ მათ თავი სტკივდებათ, ცხოვრება ბეზრდებათ და თითები ექავებათ. შემდეგ სტუმრობენ ნაირ–ნაირ ჩატებსა თუ ფორუმებს და შეაჩვენებენ ხოლმე ყოველივე გრუზინულსა და გურჯისტანულს.

ხუმრობა–ხუმრობაში და თამაშ–თამაშში კი ჩვენს ენაში ორი ახალი სიტყვა დამკვიდრდა და მხოლოდ ერთი კითხვა მებადება დასასრულს: საინტერესოა, ოდესმე “ჯორჯია” თუ დაერქმევა ჩამორჩენილობას და ულტრატრადიციულობას?!

Advertisements

Written by linguistuss

December 7, 2008 at 12:33 am

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან საინტერესოა.ეს ახალი ცნებებია ჩემთვის .
    ალბათ იმიტომ რომ არც თუ ისე ხშირი სტუმარი ვარ ქართული ჩატ-ფორუმების.ისე
    გურჯისტანელის ნაცვლად მე ჯიგიტს ვიყენებ :) . სადაური სიტყვაა ნეტავ ჯიგიტი ვახო?

    lika-lika

    December 7, 2008 at 12:42 am

  2. Из Энциклопедии Брокгауза и Ефрона

    Джигит (по-турецки — молодой) — на Кавказе издревле так назывались наездники, отличавшиеся отвагой, выносливостью, искусством лихо управлять конем и владеть всякого рода оружием. Отсюда и джигитовка, т. е. бешеная скачка (гарцевание, упражнение в конном ристании), во время которой всадник выказывает все виды своей ловкости: вскакивает ногами на седло и, стоя, стреляет; скрывается под лошадиное брюхо; на всем скаку подхватывает с земли разные мелкие предметы и на всем же скаку, остановив коня, заставляет его ложиться, в виде прикрытия для всадника, и т. п. Джигитовка перенята была от черкесов нашими кавказскими казаками, и они скоро сравнялись со своими учителями в этом искусстве. В наших среднеазиатских владениях Джигитами называются киргизы и другие кочевники, состоящие при наших войсках в качестве проводников, посыльных и разведчиков.

    p.s. თუმცა დიდ თურქულ–რუსულ ლექსიკონში ეს სიტყვა ვერ ვიპოვე :)

    linguistuss

    December 7, 2008 at 12:53 am

  3. იეთიმ-გურჯის სატრფო აშკარად სლავური გარეგნობისაა :)

    ისე თუ აფიქსირებთ, რომ ქართული ენა აშკარად ჩატურ-ფორუმული სლენგით “მდიდრდება”.

    noemberi

    December 7, 2008 at 1:04 am

  4. დასავლური ჯორჯია ახლა ულტრათანამედროვეობას უნდა ეწოდებოდეს იმ ლოგიკით, თუ აღმოსავლური გურჯისტანი ჩამორჩენილობაა :)

    არ მიყვარს სლენგი.

    @noemberi
    ჰო :(
    და სატელევიზიო ჟურნალისტურ–საპარლამენტო ქართულსაც თუ მივათვლით, ძალიან “ვითარდება” ენა. მე პირადად, ეს ძალიან მაწუხებს.

    keti

    December 7, 2008 at 8:40 pm

  5. ბროკჰაუზზე და ეფრონზე სულ დომკრატი მახსენდება ხოლმე და ლიაპის ტრუბეცკოი :)

    fiqriag

    December 8, 2008 at 1:40 am

  6. keti

    ლინგვისტიკა ამას ნორმალურ მოვლენად თვლის, დამეთანხმება ალბათ აქ ზოგიერთი გამომსვლელი. პირადად მეც არ მივესალმები ამ ამბავს და ვფიქრობ, რომ ეს ენის განვითარება კი არა გადაგვარებაა.

    noemberi

    December 8, 2008 at 2:09 am

  7. გურჯისტანში ბნელა და იქ ცხოვრობენ მურთაზები )))

    მურთაზი – კიდევ ერთი ინტერნეტ-სლენგი, გურჯისტანში მცხოვრები ბანჯგვლიანი ჯეელი, რომელიც ეძებს ქალიშვილ ცოლს :დ

    dodka

    December 8, 2008 at 3:39 am

  8. ვაახ, როგორ ვხალისობ შენს ბლოგზე და როგორ მომწონს:D რამდენი ხანია მაწუხებდა ამ “გურჯისტანის” და “გრუზინულის” ფენომენი (მართლა!) და კიდევ ერთხელ, ასეთი სასიამოვნო განწყობისათვის (რაც კითხვისას დამეუფლა), დიდი მადლობა შენ! :D:D:D

    garf

    August 2, 2009 at 12:39 pm

  9. რა მაგის პასუხია და, საერთოდ, “ქართველის” ნაცვლად “გეორგიელი” რომ იყოს, გაასწორებდა (ჩემი მიგნება არაა)

    ლიშთოთა

    August 2, 2009 at 1:15 pm

  10. ლიშთოთა – გეორგიელი უნდა იყოს კიდეც, ოღონდ პირველსახით ეს ასე ჟღერს – იბერი.
    დრო მოვიდა ალბათ ამ მხრივ ნაკვლევმა ერთად მოიყაროს თავი და მაშინ დაახლოებით ასეთი რამ გამოიკვეთება:
    მიწათმოქმედს სჭირდება კალენდარი, ამისთვის მოსახერხებელია მთვარე, მთვარის ცხოველი არის მგელი, მას ჰქვია ბერ (მამბერ მგელთა მამაა სვანურში და ქრისტიანობაში წმინდა გიორგის გადმოერქვა), მერე ეს თვითდასახელებად იქცევა, მერე სპარსული ვრქ–გურგ (მგელი), აქედან გურგანი გურჯი, გრუზინი, გეორგიანი და ასე შემდეგ.
    ამბობენ ვრაც–ის ვრქ–დან მოდისო.
    ჰო, რა მაგის პასუხია და თბილისში ახალჩამოსულმა სალომე ზურაბაშვილმა დაახეთქა ერთხელ – ჩემს შვილს ისე უყვარს საქართველო, რომ თემურ გურჯისტანი დაირქვაო…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: