ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბუ და სარკე

with 5 comments

შუა საუკუნეების ევროპამ მრავალი საინტერესო პერსონაჟი შექმნა. აზრის გასაფორმებლად რობინ ჰუდი და ჰამელნელი ვირთხიჭერიაც კმარა, თუმცა ჩემი დღევანდელი ფიქრები ერთ ყმაწვილკაცს უკავშირდება. მასზე მხოლოდ ლეგენდები არსებობს, ან როგორ უნდა მოვთხოვოთ ბნელეთით მოცულ საუკუნეებს ისტორიული წყაროები, როცა ისეთი ადამიანები, როგორიც დღევანდელი პოსტის გმირია ისტორიოგრაფიისათვის არ არსებობდნენ. მაშინ ისტორიაში რომ მოხვედრილიყავი, როგორც მინიმუმ ორ ჯვაროსნულ ლაშქრობაში უნდა გამოგეჩინა თავი, თუმცა თავი დავანებოთ სქოლასტი ბერების ნაჯღაბნ ისტორიას და ისევ ხალხურ თქმულებებს დავუგდოთ ყური.

იგი ქვემო საქსონიაში, ქალაქ კნაიტლინგენში დაბადებულა 1300 წელს, მეზობელ მიწებზე თუ სამეფოებში ბევრი უმოგზაურია, განსაკუთრებით ახლანდელი გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდის საზღვრებში და 1350 წელს გარდაცვლილა შავი ჭირისაგან ქალაქ მიოლნეში. ვერაფერს იტყვი, ასეთი ბიოგრაფია ნებისმიერ იმდროინდელ უბრალო ადამიანს შეშურდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იმ ეპოქაში საშუალო ასაკი 50 წელზე ბევრად ნაკლები იყო. ეს პიროვნება ევროპულ ფოლკლორში ხოჯა ნასრედინის მსგავსი ფიგურაა. არავინ იცის, მართლა შეემთხვა თუ არა ის ამბები ხოჯა ნასრედინს, თუმცა ეს არავის აინტერესებს, მთავარი ისტორიაში ხომ თავად ამბავია და არა სახელები, გვარები, ქალაქები და თარიღები, ხოჯა ნასრედინი კი ამ ნაირნაირი თავშესაქცევი ამბების გამაერთიანებელი ღერძია და პუნქტუმ. 1510 წელს მასთან დაკავშირებული ყველა საარაკო ამბავი შეუკრებიათ და წიგნათ გამოუციათ და ბოლოს 1867 წელს შარლ დე კოსტერის დაწერილი წიგნის წყალობით ეს ლიტერატურული პერსონაჟი ბელგიელთა და ფლამანდელთა თვითმყობადობის გამომხატველი სიმბოლო გახდა.

ალბათ მიხვდით ვიზეც არის საუბარი, ვინც ვერ მიხვდა იმათთვის ვიტყვი, რომ ეს მატყუარა და ოინბაზი ყმაწვილი ტილ ულენშპიგელია, რომლის გვარიც ორი ნაწილისაგან შედგება, სადაც “ულენ” + “შპიგელ” = “ბუს სარკეს” ნიშნავს. ეს ოფიციალური ვერსიით, თუმცა მე მისი სახელის მეორე, უფრო უხამსი ეტიმოლოგია მომწონს, სადაც “ულენ” ერთ–ერთ გერმანულ დიალექტზე “რეცხვაა”, “შპიგელ” კი – სარკე, ამასთან მონადირეთა ჟარგონზე “შპიგელ” თურმე კი არა უკანალს აღნიშნავს. ამ ვერსიას კი ერთადერთი ისტორია უმაგრებს ზურგს, ტილ ულენშპიგელისეული, სადაც გლეხებს ჩვენი გმირი თავის უკანალს უჩვენებს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვცდილობ გავიხსენო შარლ დე კოსტერის “ლეგენდა ტილ ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის შესახებ” და არაფერი გამომდის. სადღაც ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით და როგორც აღმოჩნდა არაფერი მახსოვს. ერთადერთი,  რაც წავიკითხე ეხლა ვიკიპედიაში ისაა, რომ მწერალს არ მოსწონებია მე–14 საუკუნე და ულენშპიგელი მე–16 საუკუნის ფლანდრიაში გადმოუსახლებია. მომკალით და არაფერი მახსოვს, არადა 20–30 წლის მერე, ალბათ ასევე ბუნდოვნად მემახსოვრება ის წიგნები, რომლებსაც ეხლა ვეცნობი… ხო, ვერაფერი სანუგეშო სიტუაციაა, მეხსიერება მართლაც საცერს ჰგავს და მხოლოდ იმას იტოვებს, რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ბორხესის ოთხტომეულში ყველაზე ნათლად ჩანს. პირველ ტომში, სადაც თავმოყრილია დიდი არგენტინელის თხზულებები და ლიტერატურული ესეები 40 წლის ასაკამდე დაწერილი, იგი საოცარი პედანტი და სკრუპულოზური ლიტერატორია. გადის დრო და ტომების რიგითობის მატებასთან ერთად ჯერ უეჭველი ფაქტები სათუო ხდება, ბოლოს კი უსინათლო მწერალი მისი საყვარელი ისტორიების ახალ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. ერთი სიტყვით არ მაინტერესებს რა იქნება 20–30 წლის შემდეგ, ფაქტია რომ ულენშპიგელზე არც ერთი ისტორია არ მახსოვს და სიმართლე რომ ითქვას ხელახლა გადახედვის სურვილი არ მაქვს…

მასთან დაკავშირებული ერთადერთი საინტერესო ამბავი, რომელმაც ჩემზე ეს ბოლო ორი–სამი დღეა, ვერ ვიტყვი რომ წარუშლელი, მაგრამ საგრძნობი შთაბეჭდილება დატოვა, ის არის რომ ფრანგულ ენაში ანცის, ოინბაზის და მატყუარას აღმნიშვნელი ზედსართავი რომ გვაქვს, espiègle–ზე მოგახსენებთ, თურმე კი არადა უშუალოდ ტილ ულენშპიგელს უკავშირდება. ვერაფრით დავადგინე, როგორ და რა გზებით, თუმცა ფაქტია, რომ ფლამანდურიდან თუ ჰოლანდიურიდან “Uylenspiegel” ფრანგულში “ესპიეგლ”–ად გადაკეთებულა. ასე რომ ტილ ულენშპიგელი ახლა ამ ფრანგულ სიტყვაში ცხოვრობს და კვლავაც დაწანწალებს ევროპის რუკაზე…

Advertisements

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ხო, მეხსიერება საცერს გავს, ფქვილი გადის და ქატო რჩება :P

    noemberi

    December 23, 2008 at 3:15 am

  2. წიგნის კითხვისგან მხოლოდ შეგრძნებები მამახსოვრდება. როგორც წესი სიუჟეტი მავიწყდება ხოლმე, ან ფრაგმენტებად ვიხსენებ. :D ულენშპიგელი მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. :gigi:

    P. S. პატივცემულო ლინგვისტუს! რადგან ჰუმანოიდმა ვირტუალური ხარაკირი გაიკეთა, თუ არ შეწუხდები, მის მაგივრად ჩამამატე. თქვენი ბლოგი კიდევ, ჩემს ბლოღ–როლში უკვე ნებივრობს. :D

    ERM0NIA

    December 23, 2008 at 6:26 am

  3. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, შარლ დე კოსტერის ეს თხზულება მახსენდება რაბლეს აშკარა გავლენის, მეფე ფილიპე მეორის, გიოზების აჯანყებისა და მათი ბელადის ბრედეროდეს გამო, თუმცა, შენი არ იყოს, თავად ბატონი ტილბერტი რას აკეთებს მანდ, ამის გახსენება ნამდვილად მიჭირს.

    In Saecula Saeculorum

    December 25, 2008 at 3:52 am

  4. “ულენშპიგელისა” რა გითხრათ მაგრამ მე “eulenspiegeli”. გერმანულად “eule” ბუს ნიშნავს “eulen” შესაბამისად ბუებს

    ziskara

    June 21, 2010 at 10:58 pm

  5. ჩემი ბავშვობის ძალიან საყვარელი წიგნი. მეც ეგრე მახსოვს, დეტალები და ქრონოლოგია ნაკლებად დამამახსოვრდა, უფრო ულენშპიგელის ხასიათი და საქციელი დამრჩა გონებაში და ალბათ არასდროს დამავიწყდება, მართლა თუ არსებობდა ეს პიროვნება და შავი ჭირით დაიღუპა ძალიან მეწყინა. მაგრამ ისე წიგნში დახატული ულენშპიგელი უფრო მომწონდა ალბათ მითუმეტეს თუ არ ვცდები შესავალშიც ეწერა (მგონი შესავალს “ბუს წინასიტყვაობა” ერქვა) რომ ისტორიულ ულენშპიგელზე არც ისე ბევრი ცნობები არსებობდა, წიგნში კი ისე მდიდრული ფანტაზიით არის აღწერილი, რომ თითქოს სახეზეც ვიცოდი როგორი იყო, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაგ წიგნმა ჩემზე. და არამარტო ულენშპიგელის პერსონაჟმა, ძალიან ბევრმა ფაქტორმაც და რაც მოვლენები არის აღწერილი წიგნში, ყველაფერი ისეთი რეალობის შეგრძნებას მიტოვებდა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყველა ეს ამბავი რეალურ მოვლენას გადმოცემდა, შეიძლება ასი პროცენტით არა მაგრამ მაინც :) თანაც შეიძლება სხვადასხვა დროს მომხდარს :)
    მართალია დავიწყებია თემის ავტორს წიგნის შინაარსი მაგრამ მაინც ვმადლობ პოსტისთვის :) ისე ქართულად ვისაც უნდა უფრო მეტი ინფორმაციის გაგება რეალურ ულენშპიგელზე და ინტერნეტში ვერ ნახულობს, თვითონ წიგნშიც უნდა იყოს შესავალში რაღაც ინფორმაცია ულენშპიგელზედაც და წინგში აღწერილ ისტორიულ მოვლენებზეც

    ბექა

    January 17, 2012 at 1:11 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: