ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბუტიკი და აფთიაქი

with 9 comments

მიძნელდება გავიხსენო, თუ როდის გაიხსნა პირველი ბუტიკი თბილისში, სავარაუდოდ 90–იანების ბოლოს, ან ამ საუკუნის დასაწყისში. არც ის მახსოვს პირველ ბუტიკებში ე.წ. prêt-à-porter, ანუ მზა სამოსი იყიდებოდა თუ ჩვეულებრივი თბილისური “ზმანების” მაღაზია იყო. ალბათ გგონიათ, რომ დღევანდელი თემა თბილისურ “ბუწიკებს” ეძღვნება, ცდებით – ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე და შესაბამისად ვცდილობ გადმოვაქართულო. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა კავშირი აქვთ სიტყვებს “ბუტიკი” და “აფთიაქი”.

საუბარს სანამ დავიწყებდეთ, მოდით მოდის სამშობლოში, საფრანგეთში გადავინაცვლოთ, სადაც დღესდღეობით თითო ფრანგზე არ ვიცი რამდენი ბუტიკი მოდის, თუმცა ბუტიკების სამშობლო რომ საფრანგეთია, ამაზე არავინ დავობს. საინტერესო ის არის, რომ სიტყვა boutique პირველად 1242 წელსაა დაფიქსირებული ფრანგულში. ეს სიტყვა პროვანსული botiga, botica–სგან წარმოდგა, რომელიც ძვ. ბერძნული ἀποθήκη (apothēkē)–ეს სახეცვლილი ვარიანტია. თუკიდიდეს და ლუკიანეს დროიდან მოყოლებული თანამედროვე ბერძნულის ჩათვლით apothēkē საწყობს, ან სათავსს აღნიშნავს, რასაც სხვათა შორის აღნიშნავდა თავდაპირველა boutique ფრანგულში.

იტალიურ ენაში დღემდე დახლი ჟღერს, როგორც bottega და ესპანურში საწყობი კი – bodega. ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ ძვ. ბერძნული “აპოთეკე” ფრანგულში მოხვდებოდა მანამდე ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებულ ლინგვა ფრანკაში მოხვდა, საიდანაც მერე სხვადასხვა ვარიაციებით გააგრძელა თვითმყოფადი არსებობა რომანულ და არამხოლოდ რომანულ ენებში. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, უპრიანი იქნება იმის თქმაც, რომ “ლინგვა ფრანკა” იმ სპეციფიურ ენას ეწოდებოდა ამ რეგიონში, რომლის საშუალებითაც არაბი და თურქი ვაჭრები ევროპელებთან ურთიერთობდნენ შუა საუკუნეებში. იმის გათვალისწინებით, რომ არაბები ევროპელებს “ფრანკებს” ეძახდნენ, ენასაც ფრანკების ენა, ანუ “ლინგვა ფრანკა” ერქვა. დღესდღეობით კი ამ ტერმინით მოიხსენიება ენა, რომლის საშუალებითაც ურთიერთობენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ერთმანეთთან. მაგალითად რუსული ენა დღემდე რჩება ლინგვა ფრანკად შუა აზიის ქვეყნებში, ან თუნდაც კავკასიაში, სუახილი კი – აფრიკის სამხრეთში.

დავანებოთ თავი შუა საუკუნეების ლინგვა ფრანკას და საფრანგეთს დავუბრუნდეთ. თავდაპირველად ამ სიტყვით იმ ადგილს მოიხსენიებდნენ, სადაც ვაჭარი თავის საქონელს ალაგებდა და იქვე ყიდდა. დღემდე შემორჩენილია ფრაზეოლოგიზმი fermer la boutique, რაც “კანტორის დახურვას” ნიშნავს. საუკუნეების მანძილზე ეს სიტყვა ერქვა ღვინის სარდაფს, მხატვრის ატელიეს, ექიმის პირად კაბინეტს, ადვოკატის კანტორას და თქვენ წარმოიდგინეთ და საროსკიპო სახლსაც კი. XVI საუკუნის ფრანგი მწერლები, უფრო შორსაც კი მიდიოდნენ და ვულკანის, იგივე ჰეფესტოტის სამჭედლოსაც ბუტიკს ეძახდნენ.

ბუტიკის თანამედროვე მნიშვნელობა XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ასე დაერქვა მაღაზიას, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული, რომელსაც შემდეგ ვიტრინა დაუმატეს, სამოსი გამოკიდეს და ასე და ამგვარად იქცა ფრანგულ ენაში ჩვეულებრივი საწყობი მოდური და ძვირადღირებული მზა სამოსის მაღაზიად.

საინტერესოა ისიც, რომ აფთიაქისა და ბუტიკის მსგავსად კიდევ ერთი საწყობი გვაქვს ჩვენს ენაში “მაღაზიის” სახით, რომელიც ქართულში თურქული “მაღაზა”–დან წარმოსდგა, თუმცა თავად არაბული “მაჰზან”–იდან მომდინარეობს, რომლის მრავლობითი ფორმა “მაჰააზინ” არის. არაბულში “მაჰზან”–საც მსგავსი, საწყობის და სათავსის მნიშვნელობა აქვს. აქამდე მიკვირდა თუ რატომ ჰქვია ავტომატის მჭიდს რუსულში Магазин автомата, არადა ყველაფერი ძალიან მარტივად ყოფილა, Магазин автомата ტყვიების საწყობს ნიშნავს და მეტს არაფერს…

Advertisements

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაღაზია რომ ქართული არ იყო, კი ვხვდებოდი..
    დუქანიც გამახსენდა, ალბათ არც ეს არის ქართული.

    keti

    January 12, 2009 at 1:33 pm

  2. dükkân – დახლია თურქულად და პატარა მაღაზია, ან სახელოსნო

    linguistuss

    January 12, 2009 at 1:37 pm

  3. სადაც აფთიაქი, ბუტიკი და მაღაზიაა, და დუქანიც, ბარემ ფარდულზე და ყავახანა–ჩაიხანაზეც დაგეწერა :)

    gayguy

    January 12, 2009 at 2:35 pm

  4. linguistuss
    ხლართები გაგითავდა? :((

    noemberi

    January 12, 2009 at 3:13 pm

  5. ეგ ყველაფერი კარგი და ღვეზელების ბუტიკი გაგიგიათ? :D

    mtvareuli

    January 12, 2009 at 10:13 pm

  6. mtvareuli
    კი, ვაჟაზეა სამედიცინოს წინ :))

    noemberi

    January 12, 2009 at 10:18 pm

  7. ლინგვა ფრანკაზე მაინტერესებს, დღემდე გამოიყენება ეგ ტერმინი? ანუ მესმის რო რუსული ჩვენთან შინაარსით არის ლინგვა ფრანკა, მარა ეგრე ეძახიან ახლაც? : D

    Lola

    January 13, 2009 at 12:05 pm

  8. @Lola

    ლინგვა ფრანკაზე მაინტერესებს, დღემდე გამოიყენება ეგ ტერმინი? ანუ მესმის რო რუსული ჩვენთან შინაარსით არის ლინგვა ფრანკა, მარა ეგრე ეძახიან ახლაც?

    ლინგვა ფრანკა სამეცნიერო ტერმინია, ასე რომ დღემდე გამოიყენება.

    linguistuss

    January 13, 2009 at 12:11 pm

  9. ერთი რაღაც გამახსენდა. პაპაჩემს ყავდა ფუტკრები (ფუტკრები ისევ არიან პაპაჩემი აღარ არის:)) ჰოდა როცა ღალა (ესეც არ იქნება ქართული წარმოშობის სიტყვა:)) იყო, ანუ ზაფხულში სკებს თავზე ადგამდნენ ნახევარსკებს, რომელშიც ნახევარჩარჩოები იდება და იქ ფუტკრები ჭარბ თაფლს აგროვებდნენ. ამ ნახევარსკას ზოგი საკუჭნაოს ეძახის და ზოგი მაღაზიას, საკუჭნაოს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაღაზიას რატომ ეძახდნენ ვერაფრით ვხვდებოდი და თან ვერავინ მიპასუხა, ფუტკრები ხომ არაფერს ყიდდნენ:) ახლა კი ყველაფერს ნათელი მოეფინა, ორივე სიტყვა საწყობის აღმნიშვნელია:) და მაღაზია ალბათ, რუსულიდან იქნება შემოსული.

    სოსო

    October 12, 2009 at 9:10 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: