ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დროშა, ალამი, ბაირაღი

with 6 comments

დღეს ძალიან დატვირთული დღე იყო ინფორმატიულადაც და ემოციურადაც. დილას რომ გავიღვიძე BBC-ის დოკუმენტური ფილმის მესამე ნაწილს ვუყურე. ფილმს “მეცნიერება და ისლამი” ერქვა, სადაც მთელი სიგრძე–სიგანით იყო განხილული თუ როგორ მომზადდა პლატფორმა არაბეთის უზარმაზარ იმპერიაში, რომელმაც შედეგად გალილეი, კეპლერი, კოპერნიკი, ნიუტონი და სხვა მრავალი ევროპელი მეცნიერი შვა. საინტერესო კი ის იყო, რომ ამ სამ–სერიან დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი მეცნიერებიდან მე სულ ორი ვიცოდი: ავიცენა და ალ–ბირუნი.

ნამდვილად არ მეგონა ალამუთის ციხეში, სადაც ასასინები ბუდობდნენ, ვინმე ალ–ტუსი პტოლემეუსის ალმაგესტის კომენტარებს თუ წერდა და აკეთებდა საქმეს, რომელმაც შემდგომში ნიუტონს და კეპლერს მსოფლიო მიზიდულობისა და პლანეტების მოძრაობის კანონები აღმოაჩენინა. აღმოვაჩინე კიდევ ალჰაზენი, იგივე ალ–ჰაიზემი, თანამედროვე ოპტიკის მამამთავარი და პიროვნება, რომელმაც მეცნიერულ მეთოდს დაუდო სათავე იმ ფორმით, რომლითაც ის ჩვენთვის ცნობილია. კიდევ მრავალი “ალ”–ზე დაწყებული მეცნიერი იყო წარმოდგენილი ფილმში, რომელთა ჩამოთვლას აქ არ მოვყვები…

ფილმის ყურების შემდეგ ტრადიციულად წიკიპედიას ვესტუმრე და ალჰაზენზე და ალ–ტუსიზე დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ამასობაში როგორ შემომეკითხა სტატიები ბასმალაზე, თაქბირზე და შაჰადაზე ვერ მივხვდი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე მანამდე ვიტყვი, რომ ჩამოთვლილი სიტყვები არაბულ ენაში გაქვავებულ ფრაზებს აღნიშნავს, რომლებიც ალაჰთანაა დაკავშირებული და რომლებსაც სხვადასხვა ისლამური სახელმწიფოების დროშებზე შეხვდებით, თუმცა საინტერესო აქ იყო სიტყვა, რომელიც ამ სტატიებში შემომხვდა, კერძოდ “ალამ”, რომელიც არაბულად დროშას ნიშნავს. შემდეგ ისიც გამახსენდა რომ დროშის და ალამის კიდევ ერთი სინონიმი, ბაირაღი თურქული bayrak-ია. ამასთან თურმე კი არა დროშაც არ ყოფილა ჩვენი. სპარსული “დერაფშ” შესულა სომხურში, სადაც ის “დროშაკ”–ად ქცეულა და შემდგომ ქართულში ასე დამკვიდრებულა “დროშის” სახით, ჰოდა შეკითხვა დამებადა, ნუთუ ამ ტრიადის, დროშა–ალამი–ბაირაღის გარდა სხვა სინონიმი არ მოგვეპოვება ქართულში, ჩვენი საკუთარი წარმოების?! – მე ვერ ვიპოვე კი არადა გავიხსენე და თუ ვინმეს რამე გაგახსენდათ მითხარით, დამავალებთ.

ამ სამდროშობანას ლინგვისტურ თამაშს რომ მოვრჩი წავედი ჩაწერებზე, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მთლად შედეგით კმაყოფილი ვერ დავრჩი, თუმცა სიტყვა “ჯანდაბის” წარმოშობის ერთი ვერსია მოვისმინე, გავიგე რას ნიშნავს სიტყვა “ძობანი” და გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ იოანე ბატონიშვილს თავის “კალმასობაში” ბრაზილია, ჩილე და პერუ რომ ჰყავს ნახსენები. ერთი სიტყვით უყურეთ და ნახეთ, ძლივს თამაში წამივიდა, როგორც იქნა :)

Written by linguistuss

February 22, 2009 at 2:23 am

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო სტატიაა და თამაშსაც ინტერესით ვნახავ:)
    მეოთხე და ჩვენებური სინონიმი ჯერ ვერ მოვიფიქრე

    keti

    February 22, 2009 at 12:07 pm

  2. მე უკვე ვნახე და მართლა კარგი თამაში იყო!.. :)

    იმ ორსტროფედიდან ზმების ამოცნობა, რაც ბატონმა ლინგვისტუსმა დაუხანებლად გააკეთა – ძალიან მაგარი იყო!

    ირაკლიმაც როგორ დაიდარდა, ლუდი რომ ყოფილა შავ ყუთში…

    მოკლედ, როგორც მე შევატყვე, ”პალასაშია” თქვენი გუნდი და მიდით, შეუტიეთ… ;)

    არმური

    February 22, 2009 at 4:23 pm

  3. ამ ტელეთამაშზე იხილეთ აქ – http://armuri.4forum.biz/-f7/–t229.htm#3151

    არმური

    February 22, 2009 at 4:31 pm

  4. ძალიან კარგი ბლოგია. ან ძალიან კარგი ყოფილა ბლოგი:) ბლოგერობა უცხო საქმიანობაა ჩემთვის ვაღიარებ , რომ ამ სიახლის მიღება გამიჭირდა . მაგრამ ეს ბლოგი ძალიან კარგი მაგალითია თანამედროვე ტექნოლოგიისა და სასარგებლო შინაარსის ერთობლიობის (ამ უკანასკნელის ნაკლებობას განიცდის ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული საქმიანობები)

    ნინო

    March 14, 2009 at 9:53 pm

  5. გამოდის რომ ჩვენ ვერაფერს ვაფრიალებდით? :)
    ნუ, მანდილის გარდა

    NO-Spa

    May 18, 2009 at 4:30 pm

  6. ეეჰ სულ დაგვივიწყა ლინგვისტუსმა :(

    ნინო

    September 23, 2009 at 6:33 pm


Leave a reply to ნინო Cancel reply