ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მანქურთი და ტიბლა

with 9 comments

1980 წელს ყოფილ საბჭოეთში ჩინგიზ აითმატოვის რომანი, “და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა” გამოიცა. რომანში მწერალმა მოახდინა თურქმენულ ტომებში გავრცელებული მითის პოპულარიზაცია, რომელიც მანქურთებს უკავშირდება. მანქურთი იდეალური მონაა, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს, საკუთარი წარსული, ენა, ისტორია, დედ–მამის ვინაობაც კი. იგი საკუთარი ბატონის გოშია ძაღლია და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებს. რომანში აგრეთვე აღწერილია მანქურთად ქცევის მტკივნეული და არაადამიანური პროცესი, რომლის მსხვერპლიც ძირითადად ტყვეები ხდებოდნენ. მომავალ მანქურთს თავს პარსავდნენ და თავზე აცმევდნენ აქლემის ტყავს. ხელებს უბამდნენ, ისე რომ თავს ვერ მიწვდომოდა და ასე უშვებდნენ სტეპში. მზე როდესაც დააჭერდა, აქლემის ტყავი იკუმშებოდა, ამასთან ეს ტყავი ხელს უშლიდა თმის ამოსვლას, ხდებოდა თმის შიგნით ჩაბრუნება და ეს ყველაფერი საშინლად მტკივნეული გახლდათ. თუკი ტყვე ამ პროცესს ცოცხალი გადაურჩებოდა, შედეგად მას არაფერი ახსოვდა და იგი, როგორც უკვე აღვნიშნე საკუთარი ბატონის იდეალური მსახური ხდებოდა.

დღესდღეობით “მანქურთი” სალანძღავი სიტყვა გახლავთ თურქმენულ ხალხებში (ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.). ამ სიტყვით მოიხსენიებენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი მშობლიური ენა დავიწყებული აქვს, არ ახსოვს არაფერი მის სამშობლოსთან დაკავშირებული და მთლიანად გადაჯიშებულია. ძირითადად “მანქურთების” კატეგორიაში რუსულად, ან ინგლისურად მოლაპარაკე ზემოჩამოთვლილი ეროვნებების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც საკუთარ მშობლიურ ენას არ ფლობენ.

ეს ამბავი არ გამახსენდებოდა, რომ არა სიტყვა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ბოდიალის დროს. 2002 წლის 11 დეკემბერს ესტონურმა გაზეთმა Eesti Paevaleht გამოაქვეყნა სარეკლამო ხასიათის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო:  “Ei loe Eesti Paevalehte? Jarelikult tibla!”. ამ ფრაზის მოკლე შინაარსი ასეთია – “თუ ვერ კითხულობ Eesti–ის ანუ, ესტონურს, ე.ი. შენ ტიბლა ხარ”. შემდგომში ამ სარეკლამო განცხადებამ დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. რუსულენოვანი მოსახლეობა იძახდა ეს შეურაცხმყოფელია ჩვენთვისო, ვინაიდან სიტყვა “ტიბლა” თანამედროვე ესტონეთში ესტონურად არმოლაპარაკე უპირატესად რუსულენოვან ესტონეთის მაცხოვრებელს აღნიშნავს, რაზედაც გაზეთის მესვეურები ამბობდნენ, ჩვენ არავისთვის არ მიგვიყენებია შეურაცხჰყოფა და ეს უწყინარი სიტყვა, ტიბლა არანაირად არ ლახავს არავის ღირსებასო, პირიქით “ჰომო სოვიეტიკუსს” აღნიშნავს, რომელიც აგრე რიგად საძრახისი რამ არის ყველასათვისო.

ზემოხსენებული ამბავი როგორ დასრულდა არ ვიცი, თუმცა ამ სიტყვის ეტიმოლოგიით დავინტერესდი და როგორც აღმოჩნდა, ამ სიტყვას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის წარმოდგება რუსული გამოთქმა «ты, бля»–დან, რომელიც აგრე რიგად ხმარებული გახლდათ ესტონეთის გასაბჭოების დროს წითელი არმიის წარმომადგენელ ჯარისკაცებს შორის. დღესდღეობით ყველა ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი ადამიანი, რომელმაც არ იცის ესტონური, მტკივნეულად რეაგირებს ამ სიტყვაზე. უფრო მეტიც, youtube-ზე წავაწყდი ინგლისურენოვანი ფილმების ნაწყვეტებს, სადაც გონებაჩლუნგის შესაბამისი ინგლისური სიტყვები ესტონურად “ტიბლად” არის ნათარგმნი.

ამ ორ სიტყვას თითქოს არაფერი აქვთ საერთო, ერთს ფესვები მითოლოგიაში აქვს, მეორეს კი საბჭოთა ჯარისკაცების სლენგში, თუმცა ფაქტია, რომ ერთი და იმავე სოციალურ ფენომენს გამოხატავენ. ესტონეთში არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყაზახეთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ქალაქში აბრები მხოლოდ ყაზახურადაა. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ ენას არ ფლობენ, თუმცა იმ ქვეყნის შვილები არიან და ამასთან ასეთი ხასიათის სარეკლამო განცხადებებს ისმენენ… საბოლოო ჯამში კი, ჩემი აზრით, “მანქურთის” და “ტიბლას” მსგავსი სიტყვები მხოლოდ პატარა ერებში იქმნებიან მოწოლილი კოლონიზაციისა თუ ოკუპაციის საპასუხოდ და არ გამიკვირდება, თუკი მომავალ 20–50 წელიწადში ქართულშიც დაიბადება მსგავსი “მარგალიტი”…

Advertisements

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ტიბლას Ты бля-სთან კავშირის შესახებ ვერაფერს გეტყვი, ნამდვილად არ ვიცი და ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება, რომ აქედან მომდინარეობდეს ეს სიტყვა. მით უმეტეს, თუკი ეს სიტყვა რუსი ჯარისკაცებისაა, რატომ გამოიყენებენ მას ესტონელები… არ ვიცი. მცირე ერებში ასეთი ტენდენციის საპასუხოდ კი ვიტყოდი, რომ რუსეთი მცირე ერი არაა, მაგრამ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ბალტიელებს, და მათ შორის ესტონელებს “ჩუხონცებს” ეძახიან, და ეს მოსაფერებელი სიტყვა სულაც არ არის. სხვათაშორის დიდი პუშკინიც კი ასე ეძახდა მათ. კავკასიელებზე და შუააზიელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – რუსებისთვის ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დავრჩებით 9ევროკავშირში შესვლა თუ გვიშველის) “ჩერნოჟოპები”, “ურიუკები”, “იშაკები”, “ვერბლიუდები”, “ხაჩიკები” და კიდევ ბევრი ასეთი რამ, ცოტა ოფიციალურად კი “ლიცა კავკაზსკოი ნაციონალსნოსტი”. ასე რომ ეს მცირე ერების თვისებად სულაც არ მიმაჩნია. გაიხსენეთ თუნდაც “ნიგერები” აშშ–ში…
    ქართველებს რაც შეეხებათ, ჩვენ ისეთი თვისება გვაქვს, რომ თვითონ მთლიანად ერის სახელი უკვე მიგვაჩნია სალანძღავ სიტყვად. არ დავაკონკრეტებ, ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია გამოსასწორებელია, იმიტომ რომ ჩვენივე განვითარებას უშლის ხელს…

    Alexarder

    March 4, 2009 at 12:44 pm

  2. ბლოგის ახალმა სახემ ცოტა დამაბნია, მეგონა სხვაგან მოვხვდი :)

    უცებ ვერ ვიხსენებ და ქართველებსაც გვაქვს რაღაც მსგავსი სიტყვები “უცხოების” აღსანიშნავად.
    სამხრეთამერიკაში გავრცელებული გრინგო და იანკიც გამახსენდა:)

    საერთოდ კი მიმაჩნია, როდესაც ხარ რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად, უნდა ფლობდე სახელმწიფო ენას. მინიმუმს მაინც, რომ “გაქცეული კაცი მოაბრუნო”. რასაკვირველია, თუ უფრო მეტი მიზნები არ გაქვს.

    უცხოელებისთვის კი, როგორც ყაზახეთში ჩასვლისას, აბრები კი უნდა იყოს რომელიმე საერთაშორისო ენაზეც. ამ შემთხვევაში ალბათ ინგლისური სჯობს.

    keti

    March 4, 2009 at 3:19 pm

  3. შენი თეორიის ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ: ვართ პატარა ერი და ოკუპაციას გვიპირებენ, ჩვენ კი ზემოაღნიშნული სახით გულის მოფხანაც კი არ შეგვიძლია. ჰმ!

    noemberi

    March 4, 2009 at 7:40 pm

  4. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ,იმ ქვეყნის ენა აუცილებელია რომ იცოდე!(ეს ჩემი სუბიექტური აზრია).
    იმ ფაქტსაც ვერ ვეთანხმები მთლად,რომ ყაზახეთში აბრები ინგლისურად უნდა იყოს… არც გერმანიაში,არც საფრანგეთში,არც იტალიაში,არც საბერდძნეთში არ მინახავს ინგლისურენოვანი აბრები,მცირე გამონაკლისების გარდა.(ინგლისური აბრები ძირითადად ტურისტულ ადგილებშია,თუმცა ვენეციის პორტში სწორედ ინგლისური აბრების არარსებობის გამო რამოდენიმეჯერ ამერია გზა).ამ შემთხვევაში ტურისტული ‘პუტევოდიტელი’ თუ გიშველის მხოლოდ :)

    Ladybird

    March 4, 2009 at 8:07 pm

    • ‘პუტევოდიტელ’-ს ქართულად „გზამკვლევი“ ჰქვია.

      qiziyeli

      May 31, 2016 at 10:53 am

  5. Ladybird,
    ინგლისური გამოსავალად მომეჩვენა, თორემ რატომ უნდა იყოს… ანუ, სულ არაფერს, ისევ ეგ :)

    keti

    March 4, 2009 at 9:45 pm

  6. საინტერესო სტატიაა, თუმცა ყაზახებზე გამახსენდა. საქმე ის არის, რომ ყაზახების დიდ ნაწილს საკუთარი ენა თითქმის დავიწყებული აქვს. თვით დიადი რუსებიც კი აღიარებენ, რომ ”ველიკი, მოგუჩი რუსკი იაზიკი” (მაპატიეთ ტრანსლიტერაციისთვის! :)) ყველაზე წმინდა სახით სწორედ ყაზახეთში შემორჩა და არა მატუშკა როსსიაში! :)ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის :)
    დაბოლოს, ესტონელების უცნაურობის ამბავი კია ჩემთვის გასაგები, მაგრამ კონკრეტულად რის რეკლამას აკეთებდნენ ის დალოცვილები ტი,-ვი,-ა-მოჯეტ-ი-მი-ბლებით? :):):)

    Lika

    March 5, 2009 at 4:59 pm

  7. ქეთის კომენტარი მომეწონა.

    Joe

    May 28, 2011 at 9:57 am

  8. ერის სახელი რომ მიგვაჩნია სალანძღავ სიტყვად, ეს ჩვენი ბრალი სულაც არაა, ეს თვით იმ ერის ბრალია.

    ზუხუშა

    November 18, 2012 at 10:14 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: