ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გოდერძი ჩოხელი. ძობანა

with 4 comments

თოვს ფშავის მთებში.
მთის ფერდობზე, თოვლში გაკვერილ სამარხილე გზაზე მთვრალი ფშაველი ჩამოდის ბარბაცით. უკან ძაღლი მისდევს. ძაღლს ძობანა ჰქვია.
კუდისქნევით მიჰყვება ძობანა პატრონს.
ცივა.
არაყს და სიცივეს ისედაც მწითური ფშაველი უფრო წამოუწითლებია. მობარბაცებს. ხან სად გადავარდება გზის ძირ, ხან სად.
ძობანა უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ელოდება.
ფშაველი გზაზე ამობობღდება, ტანსაცმელს ჩაიბერტყავს და წავა ბარბაცით. ცოტა რომ გაივლის, კიდევ გადავარდება გზის ქვემოთ.
ძობანა ისევ უკანა ფეხებზე ჩამოცუცქდება და ჩაჰყურებს პატრონს. ძაღლს ჭკვიანი, ერთგულებით სავსე თვალები აქვს…
მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა.
ძობანა უკან გაჰყვება კუდის ქნევით.
ფშაველი ერთსაც წაიბარბაცებს და გზიდან გადავარდება.
თოვლი დიდია და ქვები არა ჩანს.
გზისაკენ მიბობღავს ფშაველი. ახლა მას სულმთლად წითელი სახე აქვს.
ძობანა უკანა ფეხებზე ჩამომჯდარა და გადმოჰყურებს. თვალებში ირონია უციმციმებს.
ფშაველი თოვლში მობობღავს.
ძობანას თითქოს ეღიმება, ხან იქით გადაიქნევს თავს, ხან აქეთ.
ფშაველი ძაღლს შეხედავს, უყურებს, უყურებს და შეუმღერებს:

“ფრთხილად იარე, ძობანავ,
აქ ცუდ გზებია ზოგგანა”.

ძობანა ეტყვის:

“რაღა ჩვენდ არი ცუდ გზები,
ამ გზებზე დადის ქოყანა”.

ძაღლს უსაზღვროდ კეთილი და ირონიით სავსე თვალები აქვს.
მერე ფშაველი გზაზე ამოვა და ისევ ბარბაცით წავა.
ძობანა უკან მიჰყვება.
ორივენი მთვრალები არიან: ფშაველი – არაყით, ძაღლი კი პატრონის სიყვარულით.
თოვს.
თეთრი ფანტელები მობარბაცებენ ციდან.
თითქოს ისინიც მთვრალები იყვნენ.
თოვს…

Advertisements

Written by linguistuss

March 8, 2009 at 5:04 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰო, ძობანა – ერთგული, ოთხფეხა მეგობარი :)

    keti

    March 8, 2009 at 10:32 pm

  2. ბლოგროლში არ მყავდი და ჩაგამატე და შეგიძლია შენც ჩამამატო :ყეს:

    piccolina

    March 8, 2009 at 11:41 pm

  3. რა საყვარელია ძობანა

    mtsiri

    May 15, 2010 at 9:24 pm

  4. მიხო მოსულიშვილისმიერ დასმული შეკითხვა გამახსენდა:)…ვერსია ჰქონდა გუნდს,მაგრამ…:*

    QETI

    May 16, 2010 at 11:59 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: