ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

არაბულად გარჭობილი

with 25 comments

ამ რამდენიმე წლის წინ ჩემმა აწ უკვე არაფრისტმა და მაშინ ჯერ კიდევ არაბისტმა მეგობარმა, გიორგი ლაშხმა მომიყვა ისტორია არაბთა შუბით ნადირობის რიტუალის შესახებ. უფრო სწორად ამ ისტორიას ლინგვისტური ელფერი დაჰკრავდა და სწორად მაშინ გავიგე ლეგენდის სახით თუ რა არის “ტაყანა” არაბულად. ლაშხი ამტკიცებდა რომ არაბულ ენაზე “ტაყანა” შუბით ნადირობას ნიშნავსო. ეს ფაქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა ჩემს თავში კითვის ნიშნის სახით, ვინაიდან გადამოწმების უუნარობის გამო ვერც ვასაბუთებდი და ვერც ვუარყოფდი მას.

ამ რამდენიმე დღის წინ, აკი დავწერე კიდეც, დიდი არაბულ–რუსული ლექსიკონი ვიყიდე და შიგნით დავიკარგე. თან კითხვაში ვვარჯიშობდი და თან ჩემთვის ნაცნობ სიტყვებს ვეძებდი. მაგალითისთვის აღმოვაჩინე, რომ “შ–რ–ბ” სამეული სმასთანაა დაკავშირებული და შესაბამისად აქედან მომდინარეობს სიტყვა “შარაფი” თურქულის გავლით (თურქულში შარაფ “ღვინოა”) და შარბათი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ტკბილი სასმელია. “ჯ–რ–მ” სამეული დანაშაულის ჩადენასთანაა დაკავშირებული, აქედან წარმოდგება ჩვენი სიტყვა “ჯარიმა”. “ხ–ბ–ზ” პურის გამოცხობასთანაა დაკავშირებული და შედეგად ქართულში პურის მცხობელი “ხაბაზი” დამკვიდრდა… მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ამ ფურცვლა–ფურცვლაში გუშინ შემომათენდა თავზე და დასაძინებლად გავეშურე. ლოგინში არ ვიყავი ჩაწოლილი, რომ ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ისტორია გამახსენდა შუბით ნადირობაზე და კვლავ ამეშალა საღერღელი. ახლა ყველანაირი საშუალება მქონდა, რომ გადამემოწმებინა ოდესღაც მოსმენილი ლეგენდა. გადავშალე “ტ” ასოზე და დავიწყე “ტ–ყ–ნ” სამეულის ძებნა. მოგეხსენებათ არაბულში ორგვარი “ყ” აქვთ. ერთი ჩვენებური “ყ” და მეორე ის, გულისრევისას გამოცემულ ბგერას რომ წააგავს. ჰოდა,”ტ–ყ–ნ” სამეული აღმოვაჩინე შუაში გულისამრევი “ყ” ბგერით და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. შევეცდები ამონარიდი შემოგთავაზოთ ლექსიკონიდან:

dsc00003

თურმე კი არა “ტ–ყ–ნ” სამეული გარჭობა, შერჭობას აღნიშნავს არაბულ ენაზე. აი, მაგალითისთვის “ტააყინ” იქნება შემრჭობი. “იატყუნუ” – ურჭობს. “ტაყანა” – შეურჭო. “ტაყანთუ” – შევურჭე, “ტაყანნაა” – შევურჭეთ და ა.შ.

ამ ყველაფერზე ერთი იტალიური კერძი გამახსენდა La piccata milanese, რომელიც სიტყვასიტყვით “მილანურად გარჭობილს” ნიშნავს. რამდენჯერაც შევეცადე იტალიურიდან მისი თარგმნა ჩემი მეგობრებისათვის, იმდენჯერ დამცინეს, რა სისულელეებს როშავო, “მილანურად გარჭობილი” კერძს როგორ ერქმევაო. ზუსტად ასევე დავცინეთ ოდესღაც გიორგი ლაშხს, შუბით ნადირობის ისტორია რომ მოგვიყვა. არადა ქართული სიტყვები “გაურჭო” და “შესცა” (პარდონ!) არაბულად ითარგმნება, როგორც “ტაყანა”, ანუ ლაშხი მართალი იყო!

Advertisements

Written by linguistuss

March 15, 2009 at 2:47 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მართალი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი, რომ ამბობდა მონღოლების მერე გაუზრდლედა ქართული ენა მანამდე სადიიყო უზრდელური სიტყვებიო :D

    mobi_diki

    February 3, 2010 at 4:30 am

  2. მათაც ექნებოდათ ტ–ყ–ნ და სხვა მსგავსი კომბინაციები . ახლო–ახლო არიან მგონი

    mobi_diki

    February 3, 2010 at 4:31 am

  3. “ტ-ყ-ნ” არა, “ტ-ჸ-ნ” (ტ-‘-ნ, طعن). ყ-დ აღქმული ბგერა არის გლოტალური ხშული (ჸ). მეგრულშიცაა. ქართულში არაბულ ნასესხობებში იკარგება. მაგ. საჸათ -> საათი, ჸაშიყ (საყვარელი, შეყვარებული) -> აშიყი->არშიყი და ა.შ.
    მაგ. “ტაჸან” (შერჭობა, შეურაცხყოფა, შებღალვა, დაბერება) მოგვცემდა “ტაან”-ს, “ტაჸნათ” (შუბზე წამოცმა, ცილისწამება, აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა) “ტანათ”-ს და სხვ.
    http://forum.ge/?showtopic=33620547&view=findpost&p=18392179

    მნაცაკანა

    March 10, 2010 at 1:40 pm

  4. ჰო, ვიცი მაგრამ “ყ” ყველაზე მიახლოებულია ამ ბგერასთან ქართულში :)

    linguistuss

    March 10, 2010 at 11:50 pm

  5. მე სემიტოლოგი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართულ და სემიტურ ენებში გარკვეული, საკმაოდ ძველი, პარალელები არსებობს (რაც გვიანდელი ნასესხობებით არ აიხსნება). ამდენად, ხუმრობის გარეშე, არაბული ძირი და ქართული, ასე ვთქვათ, უხამსი ზმნა შეიძლება ამ ძველი პარალელების კიდევ ერთი მაგალითი იყოს.

    Egill

    May 28, 2010 at 4:44 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: