ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ტიტივილუსი

with 3 comments

ფრანგი ისტორიკოსის, ჟაკ ლე გოფის წიგნში “ინტელექტუალები შუა საუკუნეებში” ავტორი ინტელექტუალთა დაბადებას დიდი ქალაქების შექმნას უკავშირებს. ინტელექტუალები მისი განმარტებით ის ადამიანები იყვნენ, ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით, რომელთა მოღვაწეობა წიგნებს და სწავლას უკავშირდებოდა. ინტელექტუალთა ფენის ჩამოყალიბებას კი თავად წიგნის კულტის შექმნა უძღოდა წინ. წიგნები რომ არა, ალბათ ევროპაში არც დაიბადებოდნენ ალკუინი, პიერ აბელარი, უილიამ ოკამი, ჟან ბურიდანი და სხვები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნთწარმოება მაშინ ძალიან შრომატევადი და ძვირი სიამოვნება გახლდათ, რაც უფასო მუშა ხელს საჭიროებდა და შესაბამისად ეს უფასო მუშახელი სადმე უნდა გამოძებნილიყო…

ავტორი ძალიან საინტერესოდ გვიხატავს XII საუკუნის მონასტრულ ცხოვრებას, უბრალო მოკვდავი ბერის ყოველდღიურობის ფონზე და იმასაც უსვამს ხაზს, რომ კალიგრაფიის ხელოვნებას თავდაპირველად კაკოგრაფიის, ანუ მახინჯად წერის კულტურა უძღოდაო წინ, ამ ყველაფერს კი პრაგმატული ბაზისი ჰქონდა. პრინციპში ძნელია არ დაეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ წიგნი ადრეული შუასაუკუნეების ქრისტიანობით დაბნელებულ ევროპაში მხოლოდ მატერიალურ ღირებულებას წარმოადგენდა. მაგალითისთვის იმის გახსენებაც შეიძლება, რომ მანუსკრიპტის მოპარვა ყველაზე საზარელ ქურდობად ითვლებოდა იმდროინდელ ევროპაში. სწორად ზემოხსენებულ ინტელექტუალებს მიაწერს წიგნებზე მოთხოვნის შექმნას ფრანგი ისტორიკოსი. მოთხოვნა კი, როგორც ვიცით უნდა იყოს დაკმაყოფილებული მიწოდებით, რასაც მონასტრები უზრუნველყოფდნენ.

მანუსკრიპტების პირველი შემქმნელები და გადამწერები ჟაკ ლე გოფის თანახმად ის ურჩი და ცოდვილი ბერები იყვნენ, რომლებიც არ ეპუებოდნენ მონასტრის შიდა განაწესს და შესაბამისად მკაცრი ეპიტიმიით ისჯებოდნენ ხოლმე. სასჯელი გადასაწერი სიტყვების რაოდენობაში გამოიხატებოდა. რაც უფრო მეტ სიტყვას გადაწერდა (უშეცდომოდ!) ბერი დღის განმავლობაში მით უფრო დიდი იყო მისი ცხონების შანსი იმ ქვეყანაში. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ XII საუკუნის მონასტრის სკრიპტორიუმი, სადაც ბერები გადაწერით იყვნენ დაკავებულები, ასეთი შედარება იქნება უპრიანი: სკრიპტორიუმი დიდ გალერას წარმოადგენდა, სადაც ცოდვილი ბერები ნიჩბების მოსმის მაგივრად ბატის ფრთას უსვამდნენ პერგამენტზე და, ისევე როგორც გალერაზე, გადაძახილები და საუბრები აქაც არ იყო ნებადართული. ამ ყველაფერს კი მონასტრის ზედამხედველები ცუღლუტი დემონის, სახელად ტიტივილუსის არსებობით აგვარებდნენ.

სანამ ტიტივილუსზე გავაგრძელებდე საუბარს, მანამდე კვლავ შევჩერდები სკრიპტორიუმის შიდა სამზარეულოზე. ძნელი წარმოსადგენია ბატის ფრთით, მელნით, პერგამენტით და საფხეკი დანით შეიარაღებული ბერების საზოგადოების წარმოდგენა, რომლებიც სრულ მდუმარებაში მთელ დღეს ატარებენ სკრიპტორიუმში, სადაც სანთლის შუქზე მუშაობა მკაცრადაა აკრძალული. ყველას კარგად გვახსოვს უმბერტო ეკოს რომანის, “ვარდის სახელის” ფინალი. გათოშილ ბერებს ერთმანეთში საუბარი ეკრძალებათ და ერთადერთი რითაც ისინი ერთობიან, სხვადასხვა ლინგვისტური თამაშობანია, პანგრამებით დაწყებული და ლიპოგრამებით დამთავრებული. თუმცა სიცივე და სიბნელე არ გახლდათ ბერების ყველაზე დიდი მტერი. ისინი ყველაზე მეტად დემონ ტიტივილუსს უფრთხოდნენ, რომელიც სკრიპტორიუმში სახლობდა და მის უმთავრეს მოვალეობას ბერების შეცდენა წარმოადგენდა. მის მიერ შეცდენილი ბერები კი ან საუბარს იწყებდნენ, ან გადაწერისას შეცდომებს უშვებდნენ. თუ ბერი შეცდომას უმალ შეამჩნევდა, საქმეში საფხეკი დანა ერთვებოდა და შეცდომაც გამოსწორებული იყო. მაგრამ თუ შეცდომა შეუმჩნევლად გაიპარებოდა, ტიტივილუსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მისი ხარხარის ექო აყრუებდა გათოშილი სკრიპტორიუმის კედლებს.

იოჰანეს გუტენბერგის გამოგონებამ პირველი რეალური დარტყმა მიაყენა ტიტივილუსს. წიგნის აწყობის დროს დაშვებული შეცდომა ადვილი გამოსასწორებელი იყო და შესაბამისად მინიატურებით მოხატული წიგნის გადაგდება აღარ იყო საჭირო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტიტივილუსი გუტენბერგის ეპოქაშიც ბობოქრობდა და დღემდე ჰყვებიან საქვეყნოდ ცნობილი შეცდომების ისტორიას ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი წყაროები. არც საქართველოში იყო ამ მხრივ დალხენილი ცხოვრება, როგორც ცნობილია იაკობ გოგებაშვილი “დედა ენაში” ნაპოვნ ერთ შეცდომაში ორ აბაზს იხდიდა, როცა თავად “დედა ენა” მაშინ აბაზი ღირდა…

წიგნის აწყობა მექანიკური პროცესი გახლდათ და რა გასაკვირია, რომ ასოთამწყობის შეცდომის რისკი ძალიან მაღალი იყო. სწორად ამის გამო არ უყვარდა თურმე საკუთარი წიგნების კითხვა ჰერბერტ უელსს, ვლადიმირ ნაბოკოვისაგან განსხვავებით, რომელსაც საკუთარ წიგნებში შეცდომების პოვნა ძალიან ართობდა და ამის შესახებ ხუმრობდა კიდეც. ასე მაგალითად მოთხრობაში “დები ვეინები” ვხვდებით ბიბლიოთეკარ პორლოკს, რომელმაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები წიგნებში შეცდომების პოვნას მიუძღვნა. აქვე ნაბოკოვი გვთავაზობს იმ შეცდომების, მის ენაზე “აპეჩატკების” ნუსხას, პორლოკი რომ ატარებდა გულის ჯიბით. ცნობილია ასევე შემთხვევა, გუტენბერგის გამოგონებით გახარებულმა არაბებმა ყურანის დაბეჭდვა რომ შეუკვეთეს იტალიელებს, შემდეგ კი მთელი ტირაჟის, 5000 ნაბეჭდი ყურანის, წაღებაზე უარი განაცხადეს. ამ ყველაფერში დამნაშავე კი ტიტივილუსი გახლდათ, რომელმაც უამრავი შეცდომა დააშვებინა არაბულის არმცოდნე იტალიელ მბეჭდავებს. ყურანში, როგორც მოგეხსენებათ, ერთი ასოს არასწორად ჩაწერაც კი უდიდესი მკრეხელობაა, შესაბამისად არაბების წყრომა გასაგებია.

ერთ ასეთ ისტორიასაც ჰყვებიან, XIX საუკუნის საფრანგეთში მომხდარს. ერთ–ერთ გაზეთში მოთავსებული იყო განცხადება, რომელიც განმცხადებლის ჩანაფიქრით ფერმას და მის დროებით გაქირავებას, ან გაყიდვას ეხებოდა. ასოთამწყობის უნიათობის წყალობით კი სიტყვა ferme (ფერმა) იქცა femme–ად (ქალი) და განცხადებაც ასეთი გამოვიდა: «Belle femme à vendre ou à louer; très productive si on la cultive bien» (იყიდება ან ქირავდება ლამაზი ქალი. ძალიან ნაყოფიერი თუკი მას კარგად მოუვლით). ეს “აპეჩატკა” საფრანგეთში ყველაზე კლასიკურ შეცდომადაა აღიარებული და მის შესახებ ისტორიას ენციკლოპედია “ლარუსის” მრავალ გამოცემაში შეხვდებით.

ერთი სიტყვით ტიტივილუსი გუტენბერგის ეპოქაშიც არსებობდა და დღესაც განაგრძობს არსებობას, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. ეპოქაში, როცა ნაირნაირი ონლაინ ლექსიკონები, სპელ–ჩექერები და სუბ–ედიტორები ტიტივილუსს ხაზებს შორის ჭყლეტენ, თუმცა ის მაინც განაგრძობს საკუთარ მზაკვარ არსებობას და მისი გაბადრული ღიმილი კვლავაც ეფინება ჰიპერ–ტექსტის უკიდეგანო სივრცეებს…

Advertisements

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პოსტი ძალიან საინტერესოა :) და დემონი ძალიან მომეწონა. ცოცხლად წარმოვიდგინე საწყლად მჯდარი ბერები ”ცოდვის” ჩადენის მოლოდინში :ჵ
    ყველაფერი ზემოთთქმულიდან კიდევ ერთხელ გამიჩნდა შეკითხვა რომელიც სულ მიკირკიტებს როცა მსგავს რამეს ვკითხულობ დემონებსა და ეშმაკებზე: რატომ არის უფრო ადვილი ბოროტით დააშინო ადამიანი და მართო ვიდრე სიკეთით გაკეთებინო იგივე? ფაქტია რომ რელიგია (უმრავლესობა) სიკეთისაკენ მოუწოდებს, მაგრამ თაად სამართავად ბოროტისადმი შიშს იყენებს.

    Katten Försvann

    March 18, 2009 at 11:52 am

  2. საინტერესო პოსტია

    piccolina

    March 18, 2009 at 6:04 pm

  3. უჰ, როგორ არ მიყვარს, როდესაც რამე შემეშლება… :| უნდა გადაშალო და თავიდან დაწერო: ამ დროს ნაწერს სილამაზეც ეკარგება (თან არც ისე კარგი ხელწერის პატრონს საერთოდ მიმახინჯებს ნაშრომს)!!! ტიტივილუსი, ალბათ, ჩემზე ბევრს ხალისობს! :D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: