ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შაყირი და არშიყი

with 8 comments

შარშან უნივერსიადის ფინალში ერთი ასეთი შეკითხვა დავსვი: ძველ თბილისში, როდესაც უპატრონო ყარაჩოღელი გარდაიცვლებოდა ხოლმე, შეიკრიბებოდა იქსი, ჰყიდდა გარდაცვლილის კუთვნილ იგრეკს და ამით ისტუმრებდა დასაფლავების ხარჯებს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ. პასუხი: ამქარი და ქამარი. ყველა ყარაჩოღელს თავისი საკუბოე ქამარ–ხანჯალი ჰქონდა, რომელსაც არ იშორებდა სიკვდილამდე. წარმოგიდგენიათ, ალბათ, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მოლაპლაპე ქამარ–ხანჯალი. ჰოდა, როცა ყარაჩოღელს დამმარხავი არავინ ჰყავდა, ამქარი შეიკრიბებოდა, ამ უბედურის ავლა–დიდებას გაჰყიდდნენ, რასაც ქამარი და ხანჯალი შეადგენდა და ამით იხდიდნენ ხოლმე ქელეხს, ყიდულობდნენ კუბოს, სვამდნენ შესანდობარს, აკნავლებდნენ არღანს და იყო ერთი ფუსფუსი…

დღეს მსგავსი შეკითხვის დაწერა მოვინდომე, ოღონდ ამჯერად შაყირზე და არშიყზე, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა სიტყვა შაყირი ვერც სულხან–საბასთან რომ ვერ ვიპოვე და ვერც განმარტებით ლექსიკონში. შემდეგ მძიმე არტილერია მოვიშველიე: ვერც თურქულ ლექსიკონში დავლანდე მსგავსი სიტყვა და ვერც სპარსულში. არადა ჟღერადობით რატომღაც თურქული მეგონა. ერთი სიტყვით ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს არაბულ ლექსიკონში ვიპოვე “შ,ყ,რ” ძირი და ძალიან გავერთე. განსაკუთრებულად მართობს ანალოგიების გატარება, რომლებიც შეიძლება მართალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ რაღაცეები ემთხვევა, ესეც ნიშანდობლივია. არადა ყოველთვის მაშინებს ხოლმე ძალიან მცირე ალბათობის მქონე ხდომილობები, თუმცა ეს შიში სხვადასხვა ენებში შემთხვევით დამთხვევებზე არ ვრცელდება. მაგალითისთვის აი ასეთ დამთხვევებზე მაქვს საუბარი იაპონურად ელექტროენერგია “დენ” რომ არის, როცა იაპონიას და საქართველოს არანაირი კულტურული თანაკვეთა არ ჰქონიათ, მაგრამ არსებობს სიტყვები (მე ერთი ვიპოვე ჯერ–ჯერობით), რომლებიც ემთხვევა…

არაბულში “შ,ყ,რ” ძირში ყველა ის სიტყვაა გაერთიანებული, რომლებიც ღია ფერის თმებიან ადამიანებს უკავშირდებათ, ანუ ქერა თმიანებს და წითურებს. ამავე ძირისგანაა ნაწარმოები სიტყვა “გართობა”. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებსაც წითურთმებიანი ადამიანი გამრთობის როლში ჰყავთ წარმოდგენილი, სწორად ამას უკავშირდება სიტყვა “რიჟიკა”, რომელიც рыжий клоун–იდანაა მიღებული. ამ სიტყვამ ბავშვობა გამახსენა, ცირკში რომ დავყავდი მშობლებს, ბუფეტში ძეხვის ბუტერბროდებს, რომ ვჭამდი და მერე “რიჟიკების” გამოსვლას რომ ველოდებოდი მოუთმენლად, თუმცა ისევ შაყირს დავუბრუნდეთ!

ჩემს ლინგვისტურ გამოძიებაში რომ ვიყავი ჩართული თავზე მამაჩემი დამადგა და მკითხა რას აკეთებო. მეც ვუთხარი სიტყვა შაყირის ეტიმოლოგიას ვეძებ მეთქი. სპარსულში არ მოძებნო ეგეთი სიტყვა არ არისო ეგრევე განმიცხადა. მეც ვუთხარი აქამდე სად იყავი რუბინჩიკის ლექსიკონს რომ ვაქოთქოთებდითქო. ჰოდა, ამ მამაშვილურ სიამტკბილობაში ვიყავით ჩაძირულები, მამაჩემს რომ გაეხსნა და სადაც კი რამე вокруг да около ჟღერადობის სიტყვა იცოდა ყველაფერი გადმოალაგა… ამ ლოგორეის შედეგი კი სასარგებლო აღმოჩნდა. შაირი სპარსულიდან მოდისო დაასრულა თავისი მოხსენება მშობელმა მამამ და გაუჩინარდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არაბული “შ,ყ’,რ” (ყ’ – ღებინების ბგერა) – გრძნობას, აღქმას შეცნობას გამოხატავს. აქედანაა ნაწარმოები “შააყ’ირ”, რომელიც პოეტს ნიშნავს (სიტყვასიტყვით “აღმქმელი, მგრძნობელი”). “შიყ’რ” – პოეზიას. ეს სიტყვა შემდეგ სპარსულში შესულა და ამავე ჟღერადობის სიტყვები უწარმოებია პოეზიასთან დაკავშირებული.

ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ გასაგები ხდება, რომ გართობა და ისეთი სერიოზული დარგი, როგორიც პოეზიაა ერთად ვერ მოძოვდნენ. შესაბამისად რატომღაც მგონია, რომ სიტყვა “შაყირი” არაბული “წითურთმიანიდან” უნდა იყოს ნაწარმოები. გამოდის რომ სიტყვა “შაყირი” და ისეთი მარგალიტი გამოთქმა ქართულში, როგორიცაა “რიჟა ბაზარი” მსგავსი სტრუქტურალური შიგთავსის მატარებლები არიან, ანუ ყველაფერი არასერიოზული წითურთმიანებთანაა დაკავშირებული… და რას ერჩიან ამ წითურებს ნეტა ვიცოდე, რატომ არიან ასეთი არასერიოზულები?!

ბოლოს ქართულ ფორუმებს ვესტუმრე, ადგილებს სადაც მადლიანი და ძარღვიანი ქართული ფრაზებით იწონებენ თავს სნობებიც, გოიმებიც, გიაურებიც, გრინგოებიც და აჯამებიც… იქ დახვავებული ფრაზებიდან აღმოვაჩინე, რომ ქალს რომელსაც ეარშიყები ამავდროულად შეუძლებელია რომ ეშაყირო და პირიქით. ამასთან არშიყი მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთან შეიძლება და შაყირი კი უსქესო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თუ ეარშიყებიან ერთმანეთს, ანუ მათი ურთიერთვნებები თუ შეიძლება აღვწეროთ სიტყვა “არშიყობით”?! ასევე ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ქართულ გასართობ ვებ–სივრცეში რუსულენოვან სიტყვა “პრიკოლს” არაბული წარმომავლობის “შაყირი” უწევს კონკურენციას. ყველგან, სადაც “ანეკდოტები და პრიკოლები” წერია თემების სახით, ალტერნატიულ საიტებზე “ანეკდოტებს და შაყირებს” შეხვდებით…

ერთი სიტყვით საერთოდ არ მსურდა არც შაყირი და არც არშიყი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ვიარშიყე კიდეც და ვიშაყირე კიდეც… ვინ თქვა ერთდროულად შაყირი და არშიყი არ შეიძლებაო?! აგერ ბატონო, შეგიძლიათ ზემოთქმული კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და თავად დარწმუნდეთ…

Advertisements

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო პოსტია :) უმცირესობებს რაც შეეხება, შაყირ–არშიყში არაფრით არ განსხვავდებიან სხვებისგან და ისინიც ისეთივე ქართველები არიან, როგორც სხვები. ერთადერთი საუბარში რაც განასხვავებს, შესაძლოა გარკვეული ტერმინოლოგია გამოიყენება იმგვარად, როგორაც მას არ გამოიყენებენ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები, მაგრმა ეს ცალკე თემაა და ამ პოსტთან კავშირი არ აქვს.
    რაც შეეხება ისევ შაყირს და არშიყს. ვფიქრობ, რომ მართალი იყავი, როცა ძებნა არაბულ ლექსიკონში დაიწყე, რადგან თურქულში “ყ” ისე მკვეთრად არ იხმარება, როგორც არაბულში და ქართულში, ამითო თუ რამე “ყ” ბგერის შემცველი გვაქვს, ალბათ ისევ არაბებს უნდა ვუმადლოდეთ.

    “შ” და “ყ”–ს რაც შეეხება, და “ყ”–ს ნაირსახეობებს აზიურ ენებში, შესაძლოა ამ შემთხვევაში “აშკ”, “აშყ”, “ეშკ”, “ეშღ” (ეს ბოლო სპარსულში), “იშკ”, “აშიკი”, “ეშხი” – რაც სიყვარულთან და ვნებასთანაა კავშირში, შესაძლოა ამ ყველაფერთანაც ჰქონდეს ირიბი კავშირი. რა თქმა უნდა ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი…

    Alexarder

    March 25, 2009 at 12:03 pm

    • عشق (ეშყ) – სპარსულად სიყვარულია, აქედანაა ქართულში “ეშხი”. არაბულში عشق (‘აშიყ) – უყვარს. عاشق (‘ააშიყ) – მიჯნური. აქედანაა არშიყიც და აშიკიც, ‘აშიიყ – არაბულადაა შეყვარებული და აშიკ – თურქულად (არაბულის გავლენით). ამისი ეტიმოლოგია არ იყო საინტერესო, ცნობილი იყო და არ დავწერე :)

      linguistuss

      March 25, 2009 at 4:22 pm

  2. არაბები (შავგვრემანები)წითურთმიანებს გართობასთან და არასერიოზულობასთან რომ აიგივებენ, ამაში თითქოს რაღაც ლოგიკა უნდა იყოს.
    ქართული ”რიჟა ბაზარი” კი ”რიჟა კლოუნის” გავლენას გავს.

    (ნეტა შავგვრემანი როგორაა არაბულად და რა შინაარსს უკავშირდება???)

    ნინო

    March 25, 2009 at 12:20 pm

  3. ვახ შენი ბლოგიდან რას არ გაიგებს ადამიანი <3

    busuna

    March 25, 2009 at 6:06 pm

  4. დამთხვევებს რაც შეეხება, კორეულად “სამ” თურმე სამს ნიშნავს. სამსუნგი კი “სამ ვარსკვლავს”. ესეც კორეული თვლა:

    1 = il/일
    2 = ee/이
    3 = sam/삼
    4 = sa/사
    5 = oh/오
    6 = yuk/육
    7 = chil/칠
    8 = pal/팔
    9 = goo/구
    10 = ship/십

    linguistuss

    March 25, 2009 at 6:25 pm

  5. თუ ეს მართალი არაა, წარმოიდგინე, შენი ფანტაზია უფრო “ხვანცალაა”, ვიდრე – ენა.
    შენი ენა კი არადა, ზოგადად ენა, ანუ ორგანო ენის გან(სა)ზოგადოებული ფორმა.

    baiburshi

    March 25, 2009 at 10:42 pm

  6. ლინგვისტუსის აღმოჩენების მერე ჩემი რეაქცია: თან “ვაა!” და თან “არა!”
    იმედს ვიტოვებ, რომ “ფანტაზია უფრო “ხვანცალაა” :)

    keti

    March 26, 2009 at 12:55 am

  7. “şaka” (შაკა) თურქულად ხუმრობას ნიშნავს, ამასთან ხომ არ არის კავშირში “შაყირი”? :)

    Margalona

    April 13, 2013 at 6:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: