ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

უნივერსიადა–2009 შეკითხვები

leave a comment »

25–27 მარტს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრი “რა? სად? როდის?”–ში. მთელი ტურნირის შეკითხვები მე დავწერე. ვისაც დააინტერესებს შეუძლია გაეცნოს.

ფინალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1) 2007 წელს ხოსე პოსომ გადაიღო ანიმაციური ფილმი მხიარული და ონავარი არსების, სახელად ხოტეს შესახებ. მულტფილმი შექმნილია ერთი ყველასათვის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, სადაც ხოტეს პროტოტიპი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და ამასთან პირველწყაროში მას საკუთარი სახელი არ გააჩნია. ყურადღება შეკითხვა: რა არსებაა ხოტე მულტფილმშიც და პირველწყაროშიც?

პასუხი: ვირი (“დონკი ხოტე” ეწოდება მულტფილმს ინგლისურად, სანჩო პანსას ვირს კი პირველწყაროში სახელი არ აქვს)
პირველწყარო: http://www.imdb.com/title/tt0419704/

2) ვახტანგ ჯავახაძის კრებულში “33 აცა-ბაცა” ერთ-ერთ გვერდზე სურათის ქვეშ არის მინაწერი: ჩერნობილი _ ნიკასაგან. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი მინაწერში სიტყვით „ჩერნობილი“?

პასუხი: ნაგასაკი (პალინდრომს ავტორმა შეუსაბამა ქართული სიტყვა „აცა-ბაცა“, კრებულიც შესაბამისად პალინდრომებს ეძღვნება. ერთ-ერთი პალინდრომი ასე ჟღერს: „ნაგასაკი –ნიკასაგან“)
წყარო:  http://publish.dlf.ge/vaxtangvi/vakhtangjavaxadse/176/acabaca.html

3) ამ ლათინური წარმოშობის სიტყვის წარმოთქმის დროს მრავალი ჩვენთაგანი უშვებს უნებლიე შეცდომას და ერთ ასოს არასწორად გამოთქვამს. ერლომ ახვლედიანმა 1998 წელს დაწერილ ღია წერილში „დამარცხება და გამარჯვება“ ეს შეცდომა განგებ და განზრახ დაუშვა, როდესაც ამ სიტყვით მოიხსენია ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის ეს სიტყვა.

პასუხი: აბსურდი (ერლომ ახვლედიანმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს „აფსურდი“ უწოდა)
წყარო: http://www.lib.ge/body_text.php?5650

4) ეს ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა მომდინარეობს იოანეს სახარების ლათინური თარგმანიდან. ცნობილია, რომ როდესაც გოეთე ნაპოლეონ ბონაპარტს აუდიენციაზე ეწვია, საფრანგეთის იმპერატორმა გერმანელ პოეტს ამ ფრაზის ფრანგული ვარიანტით მიმართა. ანდრეი კრავჩუკმა კი ამ ფრაზით დაასათაურა ესსე, სადაც მან რამდენიმე შენიშვნას მოუყარა თავი ჰომოსექსუალიზმის თემაზე. დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა.

პასუხი: ecce homo (აჰა, კაცი)
წყარო: 1. http://www.women.ge/minority/library/esse4.html 2. http://en.wikipedia.org/wiki/Ecce_homo

5) მისი კლასიკური ვარიანტი შედგება ექვსი ერთფერიანი, თორმეტი ორფერიანი და რვა სამფერიანი ნაწილისაგან. შემქმნელის განცხადებით მისი შექმნის თავდაპირველი დანიშნულება უნიჭო სტუდენტებისათვის ჯგუფთა თეორიის საწყისების თვალსაჩინო დემონსტრირება იყო. დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ის შეიქმნა.

პასუხი: უნგრეთი (ერნო რუბიკმა ასე შექმნა რუბიკის კუბი)
წყარო: http://www.membrana.ru/articles/simply/2003/08/14/175900.html

6) 1869 წელს იაპონიის სამხედრო ორკესტრის ბრიტანელმა ინსტრუქტორმა ჯონ უილიამ ფენტონმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იაპონიას არ გააჩნდა იქსი. შედეგად, ფენტონის და სხვა იაპონელების ჩარევით, იშვა ის, რასაც თანამედროვე იაპონიაში „კიმიგაიო“-ს უწოდებენ. დღესდღეობით „კიმიგაიო“ განეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ადვილად დასამახოვრებელ იქსთა რიცხვს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი შედგება სულ ოცდათერთმეტი… ყურადღება შეკითხვა: რისგან?

პასუხი: მარცვლისგან („კიმიგაიო“ იაპონიის ოფიციალური ჰიმნია, რომლის ტექსტიც ტანკას წარმოადგენს. ტანკაში კი სულ 31 მარცვალია)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Kimi_ga_Yo

7) ეს ადამიანი თავის თავს “XIX საუკუნის მაწანწალა ძაღლს” უწოდებდა. ჯორჯ მერედიტი მასზე ამბობდა იგი “ერთ პიროვნებაში შერწყმული ურჩხული და აპოლონიაო”. პიტერ აკროიდმა კი მას “ენის მეუფე და სტილის ოსტატი უწოდა” და “ყვავილებით ნასუქ ხარს შეადარა, შესაწირად გამზადებულს”. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: ოსკარ უაილდი
წყარო: http://arili2.blogspot.com/2008/12/blog-post_9475.html

8) ზაზა აბზიანიძემ, გრიგოლ რობაქიძის სტილის წაბაძვით დაწერა მინიატურული მოთხრობა “სპლინი”. ეს მოთხრობა წარმოადგენს ლიტერატურულ თამაშს, ფორმალისტურ ანცობას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სიტყვა ამ მოთხრობაში ასო ს-ზე იწყება. ამ ნაწარმოებში ავტორი სხვა მწერლების ციტირებასაც ახერხებს. მაგალითად აქ თქვენ შეხვდებით სტენდალის სენტენციას “სახე სარკეა სულისა”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრთოსანი ფრაზა ინგლისური ლიტერატურიდან, რომლის ციტირებაც ასევე მოახერხა ამ მოთხრობაში ზაზა აბზიანიძემ?

პასუხი: სიტყვები, სიტყვები, სიტყვები (უილიამ შექსპირის “ჰამლეტიდან”)
წყარო: http://arili2.blogspot.com/2008/12/blog-post_3234.html

9) ერთ-ერთ საიტზე შეკითხვის ავტორი წააწყდა 1910 წელს, ფრანგულ ენაზე ლუი სეგონდის მიერ ნათარგმნ ახალ აღთქმას. ამ საიტზე წარმოდგენილ ახალი აღთქმის ტექსტს გააჩნია ერთი თავისებურება. ტექსტის ნაწილი არის შავი ფერის შრიფტით წარმოდგენილი, ნაწილი კი – წითლით. მაგალითისთვის, იგივე პრინციპით რომ დავბეჭდოთ ოშოს “მდოგვის მარცვალი”, ამ წიგნის სათაური დაწერილი იქნება წითლად. ყურადღება შეკითხვა: რა პრინციპითაა გაყოფილი ახალი აღთქმის ტექსტი წითელი და შავი ფერის ტექსტად?

პასუხი: შავი ფერით დაწერილია სახარების ავტორის ტექსტი, წითლით კი იესო ქრისტეს ციტატები (ოშოს წიგნის სათაური “მდოგვის მარცვალი” ქრისტეს სიტყვებს წარმოადგენს.
წყარო: http://www.campuslive.ch/lausanne/Bible/Chapters/

10) ალბათ გსმენიათ ეპისტოლარული ჟანრის რომანების შესახებ, რომელიც მთლიანად პერსონაჟების მიერ ერთმანეთისადმი მიწერილი წერილებითაა აგებული. 2000 წელს მეტ ბომონმა ახალი ტიპის ეპისტოლარული რომანი დაწერა, რომელიც მთლიანად პერსონაჟების მიმოწერილი იმეილებისაგან შედგება. რომანის სათაური მოკლე და კონკრეტულია, ამასთან შეიძლება იმის თქმაც, რომ ის ყველაზე ხშირად გვხვდება რომანის ტექსტში. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ რომანის სათაური თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: E (რომანის სათაური მიუთითებს იმეილებზე და ამასთან ეს ასო ყველაზე ხშირად განმეორებადი ასოა ინგლისურ ენაში, მათ შორის ამ რომანის ტექსტშიც)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/E_(novel)

11) ნიზამი განჯელი პოემაში `ხოსროვი და შირინი~, ხოსროვის განსწავლულობაზე საუბრის დროს პოეტი ახსენებს “ზუალის ფარგალს”. 1181 წელს შექმნილ ამ პოემაში ასეთი სიტყვათშეთანხმების არსებობა დღემდე სამეცნიერო კამათის საგანია, ვინაიდან ის, რასაც სიტყვასიტყვით “ზუალის ფარგალი” აღნიშნავს პირველად გალილეო გალილეიმ დაინახა 1610 წელს და ნიზამის მისი არსებობა შეუძლებელია რომ სცოდნოდა. ყურადღება შეკითხვა: მაშ, რა დაინახა პირველად გალილეიმ 1610 წელს?

პასუხი: სატურნის რგოლები (ზუალ – სატურნია, “ფარგარ” კი – რგოლი სპარსულად)
წყარო: ნიზამი განჯელი, ხოსროვი და შირინი, თარგმნილი ამბაკო ჭელიძის მიერ, გამომც. “ლიტერატურა და ხელოვნება”, თბილისი, 1964, გვ.67

12) ამერიკელი კრიტიკოსი ლი ლოვინგერი ამბობდა, რომ იქსი არის ღარიბების სიმდიდრე, არაპრივილეგირებულთა პრივილეგია და ელიტარული კლუბი ბრბოს წარმომადგენლებისათვისო. კანადელმა ფილოსოფოსმა მარშალ მაკლუენმა კი დასძინა, რომ იქსმა დედამიწა ერთ დიდ სოფლად აქციაო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ცხრაასოიანი სიტყვით და გაითვალისწინეთ, რომ მარშალ მაკლუენი 1980 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

პასუხი: ტელევიზია
წყარო: 1. http://www.proza.ru/texts/2006/03/10-168.html 2. http://www.wtr.ru/aphorism/new136.htm

13) ერთი ისტორიის თანახმად ბენჯამენ ფრანკლინი ერთხელ აბრაჰამ ლინკოლნის დახმარებით იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში ჩავიდა, სადაც მან ერთი ქალბატონი გაიცნო და შემდგომში ცოლადაც მოიყვანა. ყურადღება შეკითხვა: რომელი არსებაა დაკავშირებული ამ ქალბატონთან?

პასუხი: პეპელა (საუბარია ჯაკომო პუჩინის ოპერაზე “ჩიო ჩიო სანი”, სადაც მთავარი პერსონაჟი, ბენჯამენ ფრანკლინ პინკერტონი ჩადის იაპონიაში და ცოლად ირთავს ჩიო ჩიო სანს)
წყარო: http://opera.stanford.edu/Puccini/Butterfly/libretto_m.html

14) რუსეთ-ირანის ომის დასრულების შემდეგ 1828 წელს, მეფის რუსეთის მთავრობამ სპარსელ სასულიერო მოღვაწეს, მირ-ფეთე-აღას 50 დესეტინა მიწის ნაკვეთი უბოძა. მირ-ფეთე-აღამ გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის საპარიტსაცემოდ მიწის ამ ნაკვეთზე დიდი პარკი გააშენა, გაიყვანა სარწყავი არხი და კეთილმოაწყო ტერიტორია. არ გეკითხებით მირ-ფეთე-აღას სასულიერო წოდებას, დაასახელეთ ქალაქი სადაც მან ეს პარკი გააშენა.

პასუხი: თბილისი (საუბარია მუშთაიდის ბაღზე, რომლის სახელიც მომდინარეობს მირ-ფეთე-აღას სასულიერო წოდებისაგან. იგი მუჯთაჰიდი გახლდათ)
წყარო: ენციკლოპედია “თბილისი”, გვ. 685

15) გსმენიათ, ალბათ, ამერიკული ფეხბურთის გუნდის “სან-ფრანცისკო ფორტი-ნაინ-იერს”-ის შესახებ. გუნდის სახელწოდება 1849 წელს სან-ფრანცისკოში და კალიფორნიაში ჩასულ ოქროს მაძიებლებს უკავშირდება. ამ წელს განვითარებული მოვლენების გამო კი კალიფორნიის შტატის ოფიციალური დევიზი დღემდე ეს ძვ. ბერძნული სიტყვა გახლავთ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ძვ. ბერძნული სიტყვა.

პასუხი: ევრიკა
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/California_Gold_Rush

16) წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ირგვლივ უკიდეგანო ყინულის უდაბნო, სრულ მდუმარებაში და მარტოობაში წამოჭიმული სამმეტრიანი ხის ჯვარი. ხის ჯვარზე წარწერილია ხუთი სახელი და გვარი და ქრესტომათიული ციტატა ინგლისური პოეზიიდან. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით ციტატის ავტორს, დაასახელეთ ჯვარზე მოხსენიებული ხუთი რეალური პიროვნებიდან ერთ-ერთი მაინც.

პასუხი: რობერტ სკოტი (დანარჩენი ოთხის სახელები და გვარებია: ლოურენს ოუტსი, ედგარ ევანსი, ედვარდ უილსონი, ჰენრი ბოუერსი. რობერტ სკოტის საფლავზე გაკეთებული ეპიტაფია აღებულია ალფრედ ტენისონის პოეზიიდან: “ვიბრძოლოთ და ვეძიოთ, ვპოვოთ და არ დავნებდეთ”)
წყარო: http://drugoi.livejournal.com/2804536.html

17) ამ ქვეყნის ეროვნულ გერბზე მოთავსებულია ფარი. ფარზე ნახევარმთვარე ახალგაზრდა ქვეყნის აღმასვლას აღნიშნავს. ნახევარმთვარის თავზე ხუთი ვარსკვლავი კი ხუთი იდეალი – დემოკრატია, მშვიდობა, პროგრესი, სამართლიანობა და თანასწორობაა. ფარის მარცხნივ მოთავსებული ვეფხვი მეზობელ სახელმწიფოსთან ისტორიული კავშირის მიმანიშნებელია, ფარის მარჯვნივ ლომი კი თავად ეს ქვეყანაა. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქვეყანაზეა საუბარი?

პასუხი: სინგაპური
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Coat_of_Arms_of_Singapore

18) ალექსანდრე ირაკლის ძის იხსენებდა: “როდესაც რადიოთი ომის დაწყება გადმოსცეს დედაჩემი მამაჩემის სახელოსნოში შევარდა ყვირილით – ომი დაიწყო, ომი. – მამაჩემმა მოიხედა და დედაჩემს უთხრა: – გაჩერდი და არ გაინძრეო.” არ გეკითხებით თუ რა შეიქმნა ამის შემდეგ, ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ალექსანდრე ირაკლის ძის გვარი.

პასუხი: თოიძე (ირაკლი თოიძის შვილი, ალექსანდრე თოიძე ასე იხსენებს, თუ როგორ შეიქმნა პლაკატი “დედა სამშობლო გვიხმობს”, რომლის შთაგონების წყარო ირაკლი თოიძის მეუღლე გახდა)
წყარო: http://www.plakaty.ru/remarks?rem_id=7

19) 1785 წელს საფრანგეთის მთავრობა ძალიან დიდი გასაჭირის წინაშე იდგა. საჭირო იყო სასწრაფოდ ბიუჯეტში 20 მილიონ ლივრიანი დეფიციტის აღმოფხვრა. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სახელით დახმარება სთხოვა ეკლესიას, რაზედაც მღვდელმსახურები დათანხმდნენ ოღონდ ერთი პირობით. ისინი თანახმა იყვნენ 18 მილიონი ლივრი ეჩუქებინათ საფრანგეთის მთავრობისათვის თუკი ისინი აკრძალავდნენ ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებების გამოცემას მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ვინ არის ეს ავტორი.

პასუხი: ვოლტერი
წყარო: ვოლტერი, რჩეული ნაწარმოებები, გამომც. „მხატვრული ლიტერატურა“, 1971, მოსკოვი (რუსულ ენაზე).

20) ვის შესახებ თქვა ქართლ-კახეთის მეფემ თეიმურაზ პირველმა შემდეგი სიტყვები: „მძლავრი და უწყალო მეფე, ქრისტიანთა მტანჯველი, უბრალოს სისხლის მჩქეფელი, ეროდიას წილ მჯდომელი“.

პასუხი: შაჰ-აბას I
წყარო: http://www.fereidani.ge/49_undilaze/49_undilaze.html

პირველი შესარჩევი ტური ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1) ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, დემოკრიტე, პლატონი და არისტოტელე თვლიდნენ, რომ იქსის უმთავრესი ნიშან-თვისებებია: ზომიერება, წესრიგი, ჰარმონია და სიმეტრიაა. დაასახელეთ 1999 წელს გადაღებული ფილმი, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსი.

პასუხი: ამერიკული სილამაზე (იქსი – სილამაზე)
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/American_beauty 2. ანტიკური ხანის ლექსიკონი (თარგმანი გერმანულიდან), გამომც. “პროგრესი”, მოსკოვი, გვ.289 (რუსულ ენაზე).

2) თანამედროვე ბუტანის სოფლებში არსებობს სახლის აშენების უძველესი ტრადიცია. ამ ტრადიციის თანახმად სახლი უნდა იყოს სამსართულიანი და ამავდროულად თითოეულ სართულს ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. პირველ სართულზე განლაგებულია საქათმე, გომური და თავლა შინაური ცხოველებისათვის. მეორე სართულზე განლაგებულია სამზარეულო და საძინებელი. არ გეკითხებით თუ რა არის განლაგებული მესამე სართულზე, დაასახელეთ მიზეზი იმისა, რისთვისაც ბუტანელები დღეში რამდენიმეჯერ ადიან მესამე სართულზე.

პასუხი: ლოცვა (ყოველი ჭეშმარიტი ბუტანელის ცხოვრებაში რელიგია აუცილებელი რამ არის)
წყარო: http://www.tema.ru/travel/bhutan/

3) 1960-იან წლებში იტალიური გაზეთები წერდნენ: მთელი იტალიური არმია გახდა საჭირო ამ ქვეყნის დასაპყრობად, რომის დასაპყრობად კი საკმარისი ამ ქვეყნის მხოლოდ ერთი ჯარისკაცი აღმოჩნდაო. არ გეკითხებით ქვეყანას, დაასახელეთ ჯარისკაცის სახელი და გვარი.

პასუხი: აბებე ბიკილა (იმ დროს ეთიოპიის იმპერიულ გვარდიაში მსახურობდა)
წყარო: http://www.answers.com/abebe%20bikila

4) [ყურადღება შეკითხვაში არის ცვლილება] თანამედროვე სამყაროში „აინშტაინის ტერორისტს“ ხუმრობით უწოდებენ ტერორისტს, რომლის შესახებაც დადასტურებული ფაქტები არ არსებობს და უცნობია ცოცხალია ის თუ მკვდარი. მაგალითისთვის დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ცნობილი “აინშტაინის ტერორისტი” იყო ოსამა ბინ-ლადენი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ XX საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი, რომლის გვარიც შეკითხვაში შეცვლილია აინშტაინით.

პასუხი: შრედინგერი („შრედინგერის ტერორისტი“ ასოციაციურად უკავშირდება “შრედინგერის კატას”, ჰიპოტეტური ექსპერიმენტის მთავარ პერსონაჟს, რომელიც ხან ცოცხალია, ხან არა და უფრო სწორად უცნობია ცოცხალია თუ არა)
წყარო: http://www.nationmaster.com/encyclopedia/Schrödinger’s-cat

5) ნაპოლეონის კოდექსი წარმოადგენს 1804 წელს ნაპოლეონს ბონაპარტეს პირველი კონსულობის დროს მიღებულ სამოქალაქო უფლებების კანონთა კრებულს. ეს კოდექსი დღესდღეობით დაახლ. 70 ქვეყნის სამოქალაქო კანონმდებლობის ბაზისს წარმოადგენს. არსებობს ქვეყნები, სადაც ეს კანონმდებლობა მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ ნაწილშია გავრცელებული, მაგალითად აშშ-ში ასეთი მხოლოდ ერთი შტატია და კანადაში – მხოლოდ ერთი პროვინცია. დაასახელეთ აშშ-ს შტატიც და კანადის პროვინციაც.

პასუხი: ლუიზიანა და კვებეკი
წყარო: http://www.podrobnosti.ua/technologies/scienceother/2004/07/08/132452.html

6) ჩაიწერეთ: 1. მაცუო ბაშო 2. იშიკავა ტაკუბოკუ 3. მაჩი ტარავა 4. მასაოკა შიკი 5. შავყურა თეთრი ბიმი. ჩამოთვლილ ხუთ სუბიექტს ყველას ერთად შეიძლება ეწოდოს ისევე, როგორც ეწოდება იანუშ პშიმანოვსკის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ სერიალს. დაასახელეთ მისი სახელწოდება.

პასუხი: ოთხი ტანკისტი და ძაღლი (ჩამოთვლილი ოთხი იაპონელი ტანკას ჟანრის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურები არიან იაპონურ პოეზიაში. მათ შეიძლება ტანკისტებიც ეწოდოთ)
წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Четыре_танкиста_и_собака_(телесериал) 2. http://en.wikipedia.org/wiki/Waka_(poetry)

7) 1998 წელს უნიკალური გარიგება ჩაიშალა. კანადელი მედიამაგნატი, ჯეისონ ჩეპნიკი კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტუვალუს მთავრობისაგან ცდილობდა 50 მილიონ დოლარად ეყიდა ამ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. გარიგება არ შედგა, თუმცა დღესდღეობით კუნძულელთა ბიუჯეტი მათი ქონების გაქირავების წყალობით რამდენიმე მილიონით იზრდება ყოველწლიურად. ყურადღება შეკითხვა: მაქსიმალურად ზუსტად დაასახელეთ რას ყიდდა ტუვალუს მთავრობა.

პასუხი: ქვეყნის ინტერნეტ დომენს, უფრო ზუსტად პირველი რიგის ინტერნეტ დომენს (ტვ)
წყარო: http://www.rwgusa.net/domain-registration-tv.htm

8) ქალის ამ სამოსის სახელწოდება შექმნილია ორი სპარსული სიტყვის შეერთებით, რომელთაგან პირველი ნიშნავს „თავს“, მეორე კი _ „ფეხს“. სახელწოდებიდან გამომდინარე, სამოსის პირველადი დანიშნულება ქალის სხეულის დაფარვა იყო თავიდან ფეხებამდე. დაასახელეთ რომელ სამოსზეა საუბარი?

პასუხი: სარაფანი (სარ – თავი, ფაი – ფეხი)
წყარო: რუბინჩიკის სპარსულ–რუსული ლექსიკონი (რუსულ–ენაზე), ნებისმიერი გამოცემა.

9) ჰეროდოტე ჰალიკარნასელის წიგნი “ისტორია” შედგება ცხრა ნაწილისაგან, რომლის თითოეულ ნაწილს თავისი სახელწოდება აქვს. დაასახელეთ რა ეწოდება ჰეროდოტეს `ისტორიის~ პირველ ნაწილს, თუ მისი სახელწოდება ყველაზე უფრო მიესადაგება წიგნის შინაარსს.

პასუხი: კლიო (ცხრა ნაწილს ცხრა მუზის სახელები ჰქვიათ, პირველ ნაწილს კი – ისტორიის მუზის, შესაბამისად პირველი ნაწილი ყველაზე მეტად მიესადაგება ჰეროდოტეს “ისტორიას”)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Histories_(Herodotus)

10) 1895 წელს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: “ყველა იქ მყოფი ჰგრძნობდა, რომ იმდღევანდელი გამარჯვება თუ დამარცხება უქმად არ ჩაუვლიდა სამშობლო ქვეყანას, ყველა ჰხედავდა, რომ იმ დღის გამარჯვება მარტო მოგებას ომისას არ მოასწავებდა ვაჟკაცთა თავ-მოსაწონებლად, არამედ ხსნას ქვეყნისა წარწყმედისა და დამხობისაგან”. ყურადღება შეკითხვა: რომელი ბრძოლის შესახებ წერდა ასე ილია ჭავჭავაძე?

პასუხი: კრწანისის ბრძოლის (1895 წელს ამ ბრძოლიდან 100 წელი გავიდა, ამიტომაც იგონებდა ილია ჭავჭავაძე ამ ბრძოლას)
წყარო: ე. ლუნდბერგი, ე. ღოღობერიძე, ს. ხუციშვილი, „ვაჟა-ფშაველა”, გამომც. “მერანი”, 1977, გვ. 9

11) ნიზამი განჯელის პოეზია მეტაფორების სიმრავლით ხასიათდება. ასე მაგალითად, პოემაში “ხოსროვი და შირინი” მთავარი პერსონაჟი ქალის სილამაზის აღწერისას პოეტი შირინს ხურმის ხეს ადარებს. ყურადღება შეკითხვა: რას უწოდა ნიზამი განჯელმა იქვე, სადაც ეს შედარება გააკეთა, “ხურმის საკრეფად ორი ზანგი ხეზე ასული”?

პასუხი: ნაწნავებს
წყარო: ნიზამი განჯელი, ხოსროვი და შირინი, თარგმნილი ამბაკო ჭელიძის მიერ, გამომც. “ლიტერატურა და ხელოვნება”, თბილისი, 1964, გვ.75

12) ბრიჯიტ ბარტო, მირეი მატიე, კატრინ დენევი, ინეს დე ლა ფრესანჟი, ლეტისია კასტა, ეველინ ტომა. ის, რაც ჩამოთვლილ ქალბატონებს აერთიანებთ შეგიძლიათ იხილოთ პარიზში რესპუბლიკის მოედანზე. დაასახელეთ მისი სახელი.

პასუხი: მარიანა (ყველა ჩამოთვლილი ქალბატონი მარიანას მოდელი იყო სხვადასხვა დროს. მარიანა კი საფრანგეთის რესპუბლიკის არაოფიციალური სიმბოლოა)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Marianne

13) ძველ ბერძნულიდან სიტყვა „თეამატა“ ითარგმნება, როგორც „ის, რაც უნდა ნახო~. თანამედროვე სამყაროში არსებობს ერთადერთი “თეამატა”, რომელიც “თეამატა” იყო ძვ. ბერძნებისათვისაც და “თეამატაა” ჩვენთვისაც. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ეს “თეამატა” მდებარეობს.

პასუხი: ეგვიპტე (ჩვენ საოცრებას ვუწოდებთ, ძველი ბერძნები კი სამყაროს შვიდ საოცრებად შერაცხულ ნაგებობებს “თეამატას” უწოდებდნენ. ერთადერთი მსოფლიოს საოცრება, რომელიც გადარჩა და რომლის ხილვაც ახლაც შეიძლება ხეოფსის დიდი პირამიდაა გიზაში)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Seven_Wonders_of_the_Ancient_World

14) ძველ რომის რესპუბლიკაში პირველს კვინტილისი ერქვა, მეორეს კი _ სექსტილისი. თანამედროვე სამყაროში პირველის და მეორეს სახელწოდებები მომდინარეობს პიროვნებებისაგან, რომელთაგან ერთი მეორის ბებიის ძმა იყო. არ გეკითხებით პიროვნებებს, დაასახელეთ პირველიც და მეორეც.

პასუხი: ივლისი და აგვისტო (ივლისი იულიუს კეისტის საპატივსაცემოდ ჰქვია, აგვისტო – ოქტავიანე ავგუსტუსის, რომელიც იულიუს კეისრის დის შვილიშვილი გახლდათ)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Julian_calendar

15) ჯეკი ლი ბუვიე თანამედროვე სამყაროში ცნობილია მისი ორი ქმრის გვარებით. ამა წლის დეკემბერში, ავტორადიოში მომუშავე წამყვანმა დაუშვა უნებლიე შეცდომა და ამ ქალის მეორე ქმრის გვარში ერთი ასო არასწორად გამოთქვა, რითაც შეიქმნა კურიოზული კონტექსტი, ვინაიდან ამ შეცდომით ჯეკი ლი ბუვიე ერთი ბიბლიური პერსონაჟის საკუთრება გახდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბიბლიური პერსონაჟი.

პასუხი: ონანა (ჯეკი ლი ბუვიე ჟაკლინ კენედი ონასისის ნამდვილი სახელი და გვარია. ონასისის გვარი წამყვანმა უნებლიე შეცდომის გამო წარმოთვქა როგორც „ონანისი“. ონანა – ბიბლიური პერსონაჟია)
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Jacqueline_Kennedy_Onassis 2. ავტორადიოში, კითხვის ავტორის მიერ მოსმენილი ინფორმაცია

16) ეს პერსონაჟი 1952 წელს შეიქმნა. სულ არსებობს თოთხმეტი წიგნი, რომლებშიც ის გვხვდება. ამ წიგნების სათაურების თვალიერებისას კითხვის ავტორი წააწყდა რვაფეხისა და კატის ნაჯვარს, უმაღლესი კლასის ინფერნალურ დაწესებულებას, ძვირფას ქვებს და ამოუცნობ ატმოსფერულ მოვლენას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი და გვარი.

პასუხი: ჯეიმს ბონდი (იგულისხმება რომანები ჯეიმს ბონდის შესახებ შექმნილი იან ფლემინგის რომანები და ორი მოთხრობების კრებული)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/James_Bond

17) ჰარი ტრუმენმა მას მსოფლიოში საუკეთესო ციხე უწოდა. თუ ამ ხსენებული “ციხის” სახელწოდებას ვთარგმნით ესპანურ ენაზე მივიღებთ აფრიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ქალაქის სახელს. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ქალაქი.

პასუხი: მაროკო (ქალაქი კასაბლანკა – ესპანურად “თეთრ სახლს” ნიშნავს)
წყარო: http://www.futilitycloset.com/2005/08/30/and-5000-visitors-per-day/

18) 1998 წელს კომპანია “ნოკიამ” გერმანიაში ახალი კამპანია წამოიწყო. კამპანიას წინ უძღოდა სლოგანი, რომელიც მოუწოდებდა მომხმარებლებს შეეძინათ მობილური ტელეფონი. მიუხედავად იმისა, რომ სლოგანის შინაარსი ზუსტად გამოხატავდა კამპანიის არსს, ებრაელთა სათვისტომომ სასტიკი პროტესტი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ფრაზა მათ სამწუხარო წარსულს ახსენებდათ. დაასახელეთ ქალაქ ვაიმარის მახლობლად მდებარე დაწესებულების სახელწოდება, რომლის შესასვლელშიც დღემდე შეგვიძლია ამ ფრაზის წაკითხვა.

პასუხი: ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი (ფრაზა: თითოეულს საკუთარი, Jedem das Seine)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Jedem_das_Seine

მეორე შესარჩევი ტური ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1) მერვე საუკუნეში ლომბარდიელმა ისტორიკოსმა პაულუს დიაკონუსმა დაწერა წმინდა იოანე ნათლისმცემელისადმი მიძღვნილი საგალობელი. მეთერთმეტე საუკუნეში ერთმა ბენედიქტელმა ბერმა ეს საგალობელი საკუთარი სისტემის საფუძვლად გამოიყენა. ამასთან სისტემის შემადგენელი თითოეული ელემენტის სახელწოდებაც ამ საგალობლის ტექსტიდან იყო აღებული. XVII-XVIII საუკუნეების საფრანგეთში სისტემის პირველ ელემენტს სახელი შეუცვალეს და მას ღმერთის სახელი უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ სისტემის პირველი ელემენტი სახეშეცვლილი, ფრანგული ფორმით.

პასუხი: დო (გვიდო არეცელმა იოანე ნათლისმემელისადმი მიძღვნილ საგალობელზე დაყრდნობით შექმნა სანოტო სისტემა, სადაც თითოეული ნოტის სახელწოდება საგალობლის ტექსტის პირველი ტაეპის დასაწყისიდან იყო აღებული. შემდგომში „უტ” საფრანგეთში შეცვალეს და მას „დო” უწოდეს, რაც ლათინური „დომინეს” პირველი მარცვალია)
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Ut_queant_laxis 2. http://it.wikipedia.org/wiki/Ut

2) ინგლისელი მწერალი ქოლინ უილსონი ამბობდა, რომ ინგლისში ზამთარი ზაფხულისაგან იმით განსხვავდება, რომ იქსი ზაფხულში უფრო თბილიაო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც მულტფილმში “მე იქსად მოვალ” იქცა იქსად.

პასუხი: თოვლის გუნდა (იქსი არის წვიმა)
წყარო: 1. http://www.wtr.ru/aphorism/new136.htm 2. http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=17296

3) XIX საუკუნის რუსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავადი ბორის გოლიცინი, რომელიც თავისი დროის გამოჩენილი სეისმოლოგი და მეტეოროლოგი გახლდათ. საკუთარი სამეცნიერო ნაშრომებიც გამოცემისას იგი ხშირად იყენებდა იმას, რაც შეკითხვის ავტორს ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ კურსდამთავრებულს ახსენებს. დაასახელეთ ორი სიმბოლო, რომელიც ასოცირდება ზემოხსენებულ სანკტ-პეტერბურგელთან.

პასუხი: Б Г (საუბარია ბორის გრებენშიკოვზე, რომელსაც იგივე ინიციალები აქვს, რაც ზემოხსენებულ ბორის გოლიცინს, რომელიც იგივე ფსევდონიმით გამოსცემდა საკუთარ სამეცნიერო ნაშრომებს)
წყარო: 1. Вильям Похлёбкин, «Великий псевдоним». 2. http://ru.wikipedia.org/wiki/БГ

4) ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი, ეპიკურე თვლიდა, რომ სამყარო შედგება ატომებისაგან და იქსისგან. XVII საუკუნემდე კი ფიზიკაში გაბატონებული იყო აზრი, რომ “ბუნებას ეშინია იქსის”. ერთმა იტალიელმა უკუაგდო ეს მოსაზრება და დაამტკიცა საწინააღმდეგო, რის შედეგადაც ამ იტალიელის გვარი მჭიდროდ დაუკავშირდა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იტალიელიც.

პასუხი: სიცარიელე და ევანჯელისტა ტორიჩელი (იქსი არის “სიცარიელე”. ფიზიკაში ცნობილია ტერმინი “ტორიჩელის სიცარიელე”, რომელიც ეწოდება უჰაერო სიცრცეს სითხის თავისუფალი ზედაპირის ზემოთ, ზემოდან დახურულ რეზერვუარში)
წყარო: 1. Ilya Prigogine, « The end of certainty » , The Free Press, 1997, p. 15. 2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 24.

5) თანამედროვეთა მტკიცებით ეს ამერიკელი მეცნიერი ლაპარაკის დიდი სიყვარულით და სიტყვაუხვობით გამოირჩეოდა. სწორად ამიტომ, მისმა მეგობრებმა ხუმრობით შემოიღეს სიტყვაუხვობის ერთეული “კენი”. ამასთან ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სიტყვაუხვობის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ერთ მეათასედ კენზეო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი მეცნიერი, რომელიც გამოირჩეოდა ასეთი სიტყვაუხვობით.

პასუხი: რობერტ მილიკენი (ერთი მეათასედი კენი უდროს 1 მილიკენს)
წყარო: http://www.fictionbook.ru/author/sbornik/fiziki_shutyat/sbornik_fiziki_shutyat.html

6) 1938 წლის 9 ნოემბრის ღამეს მესამე რაიხში ებრაელთა პირველი დევნა მოეწყო, რომელიც ისტორიაში “ბროლის ღამის” სახელწოდებით შევიდა. ჰიტლერიუგენდის ორგანიზებულმა რაზმებმა მთელი ღამის განმავლობაში მოკლეს 91 ებრაელი და დააპატიმრეს სამი ათას ხუთასამდე ადამიანი. საერთო მატერიალურმა ზარალმა კი 25 მილიონი რეიხსმარკა შეადგინა, საიდანაც დაახლ. ერთ მეხუთედს წარმოადგენდა იქსების დამტვრევით მიყენებული ზარალი, ამიტომაც ამ ღამეს მეორენაირად “დამტვრეული იქსების ღამეს” უწოდებენ. დაასახელეთ იქსი ერთი ფრანგული სიტყვით.

პასუხი: ვიტრინა (ებრალები იმდროინდელ გერმანიაში მრავალ სავაჭრო ობიექტს ფლობდნენ. ამ სავაჭრო ობიექტების ჩამტვრეულმა ვიტრინებმა შექმნა სახელწოდება “ბროლის ღამე”)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Kristallnacht

7) არსებობს ასეთი ისტორია: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ შეუცვალა სახელწოდება პრეფექტურა ოიტას ერთ-ერთ ქალაქს, რათა ჰქონოდა ამ ქალაქში გამოშვებულ პროდუქციაზე, რომელიც მიდიოდა ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მყიდველისთვის უფრო მიმზიდველი წარწერის გაკეთების საშუალება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ქალაქის სახელწოდება. პასუხი: უსა კომენტარი: პროდუქციაზე იყო წარწერა: “MADE IN USA, JAPAN” წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Usa,_Ōita

8) ეს სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში უდრიდა 9 ხორბლის მარცვალს, ახლა კი ის შედგება ორი მარცვლისაგან. დაასახელეთ სიგრძის ეს ერთეული.

პასუხი: გოჯი
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/გოჯი

9) ლეგენდის თანახმად, ძველ ბერძენ ფილოსოფოსს, ეპიმენიდეს უთქვამს “კრეტის ყველა მცხოვრები ყოველთვის ცრუობსო”. ეპიმენიდეს ბრძენკაცის ავტორიტეტი ჰქონდა და მას ყველა უჯერებდა, თუმცა ერთი გარემოების გამო ძველმა ბერძნებმა მისი ფრაზის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გარემოება.

პასუხი: ეპიმენიდე კრეტელი იყო
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Liar_paradox

10) ჩაიწერეთ: 1) 1984 წელს ჯეიმს კემერონმა გადაიღო ფილმი “აფერისტი”. 2) 1994 წელს ჯორჯ ბუში უმცროსი გახდა “ტერორისტი”. რომელი ორი ერთნაირი დაბოლოების მქონე სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით “აფერისტი ” და “ტერორისტი”?

პასუხი: ტერმინატორი და გუბერნატორი
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/George_W._Bush 2. http://en.wikipedia.org/wiki/The_Terminator

11) 1805 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი ევროპის ერთი ქვეყნის ამჟამინდელ დედაქალაქში ჩავიდა და მსხილფეხა საქონლის ბაზრობა მოინახულა. ამ ვიზიტის შედეგი დღემდე შეგვიძლია ვიხილოთ ამ ქალაქის რუკაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: ბერლინი (ბერლინის მთავარ მოედანს რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის საპატივსაცემოდ ალექსანდერპლატცი ჰქვია)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Alexanderplatz

12) ფრანსუა დე ლაროშფუკოს აზრით, იგი ყოველთვის სიყვარულთან ერთად იბადება, მაგრამ ყოველთვის მასთან ერთად არ კვდება. დაასახელეთ თანამედროვე ოფისების აუცილებელი ინვენტარი, რომელსაც ამან მისცა სახელწოდება.

პასუხი: ჟალუზი (“ჟალუზი” – ფრანგულად ეჭვიანობაა. ლაროშფუკო ეჭვიანობაზე საუბრობდა)
წყარო: http://www.wtr.ru/aphorism

13) მათი რიცხვი დღესდღეობით მკაცრად განსაზღვრულია და შეადგემს 88-ს, ამასთან ზოგიერთი მათგანი მთლიანად ან ნაწილობრივ შეგიძლიათ იხილოთ ბრაზილიის დროშაზე. დაასახეელთ ძველი ბერძნული სიტყვა, რომლითაც მათ სამ ოცდამეორედს მოიხსენიებენ.

პასუხი: ზოდიაქო (საუბარია თანავარსკვლავედებზე. სულ არის 88 თანავარსკვლავედი. მათ შორის 12-ს, ანუ 88-ის 3/22-ს ზოდიაქო ჰქვია)
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/List_of_constellations 2. http://en.wikipedia.org/wiki/Flag_of_Brazil

14) ხილული ცის იმ ნაწილს, სადაც განლაგებულია თანავარსკვლავედები ჰიდრა, თევზები, მერწყული, დელფინი, ერიდანუსი და ვეშაპი მოიხსენიებენ ისევე, როგორც ეწოდება დედამიწაზე განლაგებულ ასამდე გეოგრაფიულ ობიექტს. დაასახელეთ რომელ გეოგრაფიულ ობიექტებზეა საუბარი?

პასუხი: ზღვებზე
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Sea_(astronomy)

15) ალბათ, გსმენიათ გამოთქმა “შვიდი ზღვა”, რომელიც ანტიკური ხანიდან მოდის. ძველი ბერძნები და რომაელები ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ შვიდ ზღვას, რომელთა შორის ხუთი იყო: 1) ეგეოსის ზღვა 2) ადრიატიკის ზღვა 3) სპარსეთის ყურე 4) კასპიის ზღვა 5) არაბეთის ზღვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ დანარჩენი ორი ზღვა. პასუხი: შავი ზღვა და წითელი ზღვა წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Seven_Seas

16) 1859 წლის 24 იანვარს იტალიის პატარა სოფელ სოლფერინოსთან საფრანგეთისა და იტალიის გაერთიანებული ჯარი ავსტრიის იმპერატორის არმიას დაუპირისპირდა. ეს იყო ყველაზე დიდი ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში, სადაც უშუალოდ მონარქები მონაწილეობდნენ. ბრძოლაში 200 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა და დახოცილთა რაოდენობა 37 ათასს კაცს აღემატება. ამ ხოცვა-ჟლეტას შეესწრო იქვე მყოფი ტურისტი, რომელზეც ნანახმა სურათმა დიდი ზეგავლენა მოახდინა და შემდგომში მან მემუარები გამოსცა სახელწოდებით “მოგონებანი სოლფერინოზე”. წიგნში მან გამოთქვა იდეა, რომელსაც სულ მალე შეესხა ხორცი და ხორცშესხულმა იდეამ ამ ადამიანს სახელი და დიდება მოუტანა. დაასახელეთ ამ ტურისტის სახელი და გვარი.

პასუხი: ანრი დიუნანი (მან გამოთქვა იდეა ომის დროს ნეიტრალური ძალის არსებობის შესახებ, რომელიც დაჭრილებზე იზრუნებდა. ასე შეიქმნა “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია”)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Henry_Dunant

17) მოგეხსენებათ პარალელები წარმოადგენენ მერიდიანების მართობულ წარმოსახვით ხაზებს დედამიწის ზედაპირზე. ამასთან საკუთარი სახელი მხოლოდ ხუთ პარალელს აქვს, რომელთაგან სამი არის: 1) ანტარქტიდის სარტყელი, არქტიკის სარტყელი და ეკვატორი. დაასახელეთ დანარჩენი ორის სახელწოდება.

პასუხი: კიბოს ტროპიკი და თხის რქას ტროპიკი.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Tropic_of_Cancer 2. http://en.wikipedia.org/wiki/Tropic_of_Capricorn

18) ინგლისურენოვან ვიკიპედიაში ერთ-ერთ სტატიაში კითხვის ავტორი წააწყდა ქვეთავს – “გამოჩენილი იქსები”, სადაც ჩამოთვლილთა შორის არიან: მოგზაური იბნ-ბატუტა, მთავარსარდალი ტარიკ იბნ-ზიადი, ფილოსოფოსი იბნ-რუშდი, იგივე ავეროესი, ხალიფა ალ-მანსური. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთადერთი ლიტერატურული პერსონაჟი, იქ არსებულ ჩამოთვლილ იქსებს შორის.

პასუხი: ოტელო (ყველა ჩამოთვლილი მავრი გახლავთ. მეტი მავრი პერსონაჟი ლიტერატურაში ვიკიპედიამ, როგორც ჩანს, არ იცის)
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Moors_(meaning)

19) 1957 წელს რეჯინა უენდერმა წერილი მისწერა ნიკიტა ხრუშჩოვს, სადაც იგი სთხოვდა საბჭოეთის ბელადს რომ მისი 14 წლის ბიჭი მიეწვიათ საბჭოთა კავშირში, რათა ეს ყმაწვილი მის საბჭოელ თანატოლებს შეჯიბრებოდა. მოწვევამ დააგვიანა და იგი ვერ მოხვდა სსრკ-ში. 15 წლის შემდეგ რეჯინა უენდერის ვაჟს მის საბჭოელ კოლეგებთან მაინც მოუხდა შერკინება, რასაც მთელი საბჭოთა კავშირის გაწბილება მოჰყვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ყმაწვილის სახელი და გვარი.

პასუხი: ბობი ფიშერი (1972 წელს ბორის სპასკისთან ორთაბრძოლაში მან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა)
წყარო: 1. http://www.middleeast.org/forum/fb-public/1/49.shtml 2. http://en.wikipedia.org/wiki/Bobby_Fischer

Advertisements

Written by linguistuss

March 27, 2009 at 9:00 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: