ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სუპერლიგის 10 კითხვა

with 8 comments

დღეს რა? სად? როდის?-ის სპორტული ვერსიის სუპერლიგაში მესამე ტური ჩატარდა. ნახევარი ჩემი კითხვები იყო. მგონი ყველა კმაყოფილი დარჩა. აი, ესეც კითხვები:

1. ბრიტანულმა გამომცემლობა Egmont Publishing-მა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე ვინი პუჰის თავგადასავლის გაგრძელება გამოჩნდება, რომლის ავტორიც დევიდ ბენედიქტუსი იქნება. ეს ინფორმაცია მე ჟურნალ “ცხელ შოკოლადში” ამოვიკითხე, სადაც მითითებული იყო ისიც, თუ როგორ ჟღერს ამ წიგნის სათაური ქართულ ენაზე. თუ წიგნის სათაურის ქართულ თარგმანში ერთ ასოს წავშლით მივიღებთ ფრაზას, რომელიც თქვენ დაგირიგდათ [“დაბრუნება ასაკოვან ტყეში”]. ერთი წუთის შემდეგ ჩაამატეთ სათაურში წაშლილი ასო და აღადგინეთ თქვენს ფურცლებზე წიგნის ქართულენოვანი სათაური ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” თანახმად.

პასუხი: დაბრუნება ასაკოვან ტყეში

კომენტარი: Return to the Hundred Acre Wood, წაშლილი იყო ასო “რ”

წყარო: ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. სადამ ჰუსეინის პატიმრობა და სასამართლო პროცესი, რომელიც 2003 წლის 13 დეკემბრიდან 2006 წლის 30 დეკემბრამდე, ერაყის ლიდერის სიკვდილით დასჯამდე გაგრძელდა, უმბერტო ეკომ ერთი ლიტერატურული ნაწარმოების ფაბულას შეადარა, თავად სადამ ჰუსეინი კი ამ ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ლიტერატურული პერსონაჟი.

პასუხი: შეჰერეზადა

კომენტარი: სასამართლო პროცესი და პატიმრობა დაახლ. 3 წელიწადს მიმდინარეობდა. უმბერტო ეკოს აზრით სადამ ჰუსეინმა შეჰერეზადას მსგავსად “ზღაპრების” მოყოლით გაიხანგრძლივა სიცოცხლე.

წყარო: Умберто Эко, Полный назад!, Москва, 2007, Изд. “Эксмо”, с. 380

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. XVI ს. ინგლისელი პოეტის, ედმუნდ სპენსერის პოეტური ნაწარმოებების კითხვის დროს შეკითხვის ავტორი წიგნში თანდართულ გლოსარიუმში წააწყდა საინტერესო, თუმცა მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს სიტყვები – “ელფი” და “გობლინი” – იქსებისა და იგრეკებისგან იყოს ნაწარმოები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პოეტი, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც იქსებსა და იგრეკებს შორის დაპირისპირება მტკივნეულად აისახა.

პასუხი: დანტე ალიგიერი

კომენტარი: (საუბარია გველფებზე და გიბელინების დაპირისპირებაზე, წიგნში ნათქვამია თითქოს “ელფი” გველფისგან მოდიოდეს და “გიბელინი” – გობლინისგან

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. პავლე ინგოროყვა თვლიდა, რომ მხიარული ლომი მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან იყო გამოსული. ივანე ჯავახიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ისტორიულ თხზულებაში “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” მხიარული ლომი ორბუნება ჯორადაა მოხსენიებული, რაც ივანე ჯავახიშვილის აზრით, ხაზს უსვამს მის უგვარო წარმომავლობას. მიუხედავად უგვარო წარმომავლობისა, “მხიარულ ლომს” ხელი არ შეშლია მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისტორიული პიროვნება, რომელიც მე მოვიხსენიე შეკითხვაში, როგორც “მხიარული ლომი”.

პასუხი: ყუთლუ–არსლანი

კომენტარი: თურქულად ყუთლუ–არსლანი ითარგმნება როგორც “მხიარული ლომი”

წყარო: ქსე, ტ. 10, გვ. 661, სტატია “ყუთლი–არსლანი”

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. უმბერტო ეკოს რომანში “დედოფალი ლოანას საიდუმლო ალი”, მთავარ პერსონაჟს, ჯან-ბატისტა ბოდონის უცნაური ამნეზია სჭირს. მას ყველაფერი ახსოვს, რაც წაუკითხავს, საკუთარი ცხოვრებაში კი რაც გადახდენია, იქიდან – არაფერი. რომანის დასაწყისში არის ასეთი პასაჟი: კომიდან გამოფხიზლებულ ჯან–ბატისტა ბოდონის ექიმი ეკითხება: რა გქვიათო, რაზედაც პაციენტი პასუხობს ციტატით, რომლითაც იწყება 1851 წელს დაწერილი რომანი. დაასახელეთ ამ რომანის სახელწოდება.

პასუხი: მობი დიკი

კომენტარი: “მე ისმაელს მეძახიან” – ასე იწყება რომანი

წყარო: Умберто Эко, “Тайнственное пламя царицы Лоаны”, С.-П., изд. “Симпозиум”, с. 11

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. 1979 წელს გადაღებულ ფილმში შეკითხვის ავტორი წააწყდა ასეთ ფრაზას: “დიდი ხანია აღმოსავლეთიდან დაბრუნდით?!”. ორიგინალში, რომლის ეკრანიზაციასაც წარმოადგენს ეს ფილმი, ამ ფრაზაში აღმოსავლეთის მაგივრად ფიგურირებს აზიის ერთი კონკრეტული ქვეყანა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქვეყანა.

პასუხი: ავღანეთი

კომენტარი: საუბარია “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის” რუსულ ეკრანიზაციაზე, პირველი ფილმი ავღანეთის ომის დაწყების დროს გადაიღეს

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. ქართულ ფორუმებზე და ბლოგებზე ძალიან ბევრს ბჭობენ ქალიშვილებზე და ზოგადად ქალიშვილობის ინსტიტუტზე. ერთ–ერთმა ბლოგერმა იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველო ქალიშვილობის კულტის მიხედვით ძლიერ წააგავს ერთ აზიურ ქვეყანას, ამ აზიური ქვეყნის სახელწოდებაში პირველ ორ ასოს შეუცვალა ადგილები და რაც მიიღო ასე უწოდა საქართველოს. ამასთან, ხსენებული ბლოგერის აზრით, ახლადშექმნილი სიტყვა ზუსტად ახასიათებს საქართველოს, ქვეყანას სადაც ქალიშვილებობის კულტია. დაასახელეთ აზიის ქვეყანაც და ბლოგერის მიერ ქალიშვილების ქვეყნისათვის მოფიქრებული სახელწოდებაც.

პასუხი: პაკისტანი და აპკისტანი

წყარო: ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. ევკლიდე თავის “საწყისებში”, ყოველთვის გაურბის იქსის ხსენებას და მის ნაცვლად იყენებს ტერმინს “აპეირონ”, რომლის ქართულად თარგმნისგან თავს შევიკავებ. გოს მოთამაშეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ იქსს ბადებს განმეორებადობა, სწორად ამიტომ არსებობს ე.წ. “კოს წესი”, რომელიც არეგულირებს ერთნაირი სვლების გაკეთებას გოს თამაშის დროს. 1989 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა ბრენდი, რომლის სახელწოდებაშიც, მწარმოებლებმა იქსის აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვა ოდნავ დაამახინჯეს განმეორებადობის ხარჯზე. არ გეკითხებით, თუ რა მეორდება ამ ბრენდის სახელწოდებაში, ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ მისი სახელწოდება.

პასუხი: ინფინიტი

კომენტარი: კომპანია “ნისანმა” ამერიკის ბაზრისთვის დაიწყო ჯიპების სერიის წარმოება. ევკლიდე კი “უსასრულობის” ნაცვლად ყველგან იყენებს ტერმინს აპეირონ, რაც “განუსაზღვრელობას” ნიშნავს.

წყარო: 1. ბმული 2. ევკლიდეს “საწყისები”, 1948, ტ.1, გვ. 14 (რუსულ ენაზე)

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. “მაღალი კაცი იყო; შეჭაღარავებული, უკანგადავარცხნილი თმა ჰქონდა. მის მკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით დაშვებული. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი საღებავებით დასვრილი შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ,,ბასიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები”… მე არ გეტყვით თუ ვინ არის ამ მხატვრული პორტრეტის ავტორი, დაასახელეთ 1862 წელს დაბადებული პიროვნება, რომლის შესახებაცაა საუბარი ზემოხსენებულ ციტატაში.

პასუხი: ნიკო ფიროსმანი

კომენტარი: ასე აღწერა ლადო გუდიაშვილმა ნიკო ფიროსმანი

წყარო: ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. [მოთამაშეებს ურიგდებათ სურათი]

fitnessfirst

თქვენს წინაშეა ავტობუსის გაჩერების ორიგინალური დიზაინი. ამ სურათზე, ავტობუსის გაჩერების კონსტრუქციაზე, არ გეტყვით კონკრეტულად რა ადგილას, შეკითხვის ავტორმა წაშალა ლათინური ანბანის ორი ასო. თქვენს ფურცლებზე დაწერეთ ეს ორი ასო.

პასუხი: kg

კომენტარი: ტაბლოზე ნაჩვენებია მოსაცდელ სკამზე მჯდომი ადამიანის წონა. 68-ის გვერდით მიწერილი იყო ასევე ” kg”, რაც შეკითხვის ავტორმა წაშალა

წყარო: ბმული

Advertisements

Written by linguistuss

April 12, 2009 at 11:17 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ავტობუსის გაჩერება ძალიან მომეწონა და არ მომეწონა იმავდროეულად (კითხვაზე არ მაქვს საუბარი)

    ესეთი გაჩერებები რომ იყოს აქა წნევაც დამარტყავდა, მოსაცდელ სკამზე ყოველi დაჯდომისას ჩემი წონა რომ დამენახა :D :D :D :D

    Katten Försvann

    April 13, 2009 at 12:06 am

  2. ბოლო კითხვა მომეწონა მეც. 1 და 7 იც კარგი იყო.
    საინტერესო იქნებოდა მოთამაშეების პასუხები… ან რომელი კითხვა გაუჭირდათ ან გაუადვილდათ ყველაზე მეტად.

    ისე ჯობია პასუხები ბოლოში ჩამოწერო ან თეთრი შრიფტით დაწერო თორემ უნებურად ვკითხულობ ხოლმე კითხვასთან ერთად.

    მიშა

    April 13, 2009 at 12:37 am

  3. მაშასადამე თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიწორდა მეშვიდე შეკითხვა :D :D :D

    bas

    April 13, 2009 at 3:56 am

  4. me-7 და ბოლო მაგარია

    alex

    April 13, 2009 at 8:46 am

  5. ასეთ გაჩერებაზე სკამზე არასოდეს დავჯდებოდი :)

    unaamarga

    April 13, 2009 at 9:15 am

  6. ეჭვი მაქვს რომ მაგ ქალს ჩანთაში დიდი წითელი ვაშლები უწყვია :) ვერცერთი კითხვა ვერ გამოვიცანი. :(

    უსახელო

    April 13, 2009 at 6:43 pm

  7. ყველაზე მეტად მომეწონა “ასაკროვანი ტყე”. არანაირი ცოდნა – მხოლოდ ლოგიკა და ვარიანტების გადარჩევა. pure adrenaline.

    Shalva

    April 14, 2009 at 1:18 am

  8. ასაკროვანი ტყე და მობი დიკი. i like it. :)

    შეკითხვა პაკისტან/აპკისტანზე დიდად არ მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ პირველივე წამებზე გამოვიცანი.
    ზედმეტად ადვილი იყო.
    მაგრამ მაგაში არ არის საქმე, რაღაც პახაბნი კითხაა.

    მე რომ შენი რედაქტორი ვიყო, ამას და ფიროსმანს დავბლოკავდი.

    საბოლოო ჯამში კარგია კოლეგა. :)

    levan

    April 17, 2009 at 1:33 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: