ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

წმინდა მარტინის ბატი

with one comment

martin1
IV საუკუნეში პანონიაში, თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე ერთი ყმაწვილი დაიბადა, რომელსაც სახელი ომის  ღმერთის, მარსის საპატივსაცემოდ უწოდეს და მარტინი დაარქვეს. მარტინის მამა ძველი რომის ცხენოსანთა იმპერიულ გვარდიაში მსახურობდა და შესაბამისად შვილსაც თავისი უნარ–ჩვევები გადასცა. წამოიზარდა თუ არა, მარტინიც ამავე ცხენისანთა გვარდიაში ჩაირიცხა და სამხედრო სამსახურის გავლა შორეულ გალიაში მოუხდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად რომის იმპერიაში ახალი ხილი, ქრისტიანობა იკიდებდა ფეხს. მარტინიც ნაზიარები ყოფილა ქრისტიანობას, თუმცა მონათლული არ ყოფილა. ერთხელ ქალაქ ამიენში, ზამთრის სუსხიან დღეს, მარტინს ქალაქის კარებთან მათხოვარი შეხვედრია, შესცოდებია და მისთვის იმპერიული ლაბადის ნახევარი გაუყვია. მეორე ღამეს სიზმარი უნახავს, უფრო სწორად ხილვა ჰქონია, სადაც მათხოვრის მაგივრად მისი ლაბადის ნახევარში მაცხოვარი იყო შეფუთნული. მარტინი გამოღვიძებისთანავე წასულა მოსანათლად და განუცხადებია რომ მე “ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და ვერ ვიბრძოლებო”. ამის გამო დეზერტირობისათვის იგი დაუპატიმრებიათ, თუმცა მალევე გაუთავისუფლებიათ და სწორად ამ მომენტიდან დაწყებულა მარტინის სასულიერო მოღვაწეობა, რომლის განმავლობაშიც მას ქალაქ ტურში გაუგრძელებია ღვთისმსახურება და მრავალი წარმართი დაუყენებია ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე. ამ მოკლე ისტორიული ექსკურსის ბოლოს კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ლაბადის ნახევარი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ფრანგ მეფეთა რელიკვიას, თავად მარტინი კი კანონიზაციის შემდეგ მფარველ წმინადანად მოევლინა საფრანგეთს და  ფრანგ ხალხს.

განძეულობას და რელიკვიებს რომ შენახვა უნდა თავისთავად ცხადია, სწორად ამიტომაც მარტინის სიკვდილის შემდგომ მერივინგების დინასტიის წარმომადგენელ მონარქებს პარიზში კაპელა აუგიათ და მრავალ რელიკვიასთან ერთად იქ წმინდა მარტინის ლაბადა დაუსვენებიათ. საინტერესოა, რომ ლაბადა ლათინურად არის “cappa”, შესაბამისად პარიზის სამლოცველოს “cappella” დაერქვა, რომელშიც ლაბადის გარდა სამეფო ძალაუფლების აღმნიშვნელი მრავალი ნივთი ინახებოდა, სახელმწიფო განძეულობასთან, სამეფო ბეჭედთან და სამეფო არქივთან ერთად. პარიზის სამლოცველოს ანალოგიით კი ყველა თავმომწონე და წამხედურა ქალაქმა ამის შემდგომ ნაგებობები წამოჭიმეს, სადაც წმინდათაწმინდა რელიკვიებს ინახავდნენ და ლოცულობდნენ. ამ ტიპის ნაგებობებს კი ევროპულ ენებში სახელწოდება cappella–მ მისცა (ინგ. – chapel, ფრ. – chapelle, გერმ. – Kapelle, იტ. – cappella, ესპ. – capilla).

შუასაუკუნეებში ეკლესიებში კაპელას შენობის განაპირას აგებდნენ, რომლებიც ცალკეულ პირთა უკანასკნელი განსასვენებელი ხდებოდა ხოლმე.  ხშირ შემთხვევაში კაპელა ეკლესიისგან განცალკევებით შენდებოდა და მას გარდა საკრალური, ნივთების შენახვის დანიშნულებისა, პირდაპირი მნიშვნელობით სამლოცველოს ფუნქცია ჰქონდა. კაპელებს აგებდნენ სამეფო კარზე, სამხედრო ნაწილში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში. ამგვარად სიტყვა cappella ეწოდა სამლოცველოს, რომელიც რომელიმე სხვა ნაგებობის შემადგენლობაში შედიოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ cappella–ს ხშირად სამლოცველოდ თარგმნიან, რაც არაზუსტი თარგმანია, ვინაიდან ეკლესიაში ქრისტიანობაში სამლოცველო საკულტო ნაგებობაა საკურთხევლის გარეშე, cappella–ს კი ხშირად ვიწრო დანიშნულებით, პირადი ეკლესიის დანიშნულება ჰქონდა რომელიმე დიდებულის კარზე ან დაწესებულებაში. ამის გამო ფრანგები ქალაქ აახენს, კარლოს დიდის სატახტო ქალაქს დღემდე Aix-la-Chapelle-ს უწოდებენ.

დროთა განმავლობაში სიტყვა “კაპელამ” ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ყველაფერში დამნაშავე კი მომღერალთა გუნდია, სამლოცველოში ღვთისმსახურების დროს რომ გალობდა. ფრანგულ ენაში სიტყვა chapelle–ის “მუსიკალური” მნიშვნელობა 1527 წელსაა დაფიქსირებული. აქედან იწყება ამ სიტყვის “მუსიკალური” ისტორია. ტერმინი “ა კაპელა” მუსიკაში სიმღერას აღნიშნავს ინსტრუმენტზე აკომპანირების გარეშე, ანუ ისე, როგორც გალობს მომღერალთა გუნდი ეკლესიაში. თავად სიტყვა “კაპელა” კი მომღერალთა გუნდს ეწოდა.

სიტყვა კაპელის გვერდით ლექსიკონებში შეიძლება “კაპელანსაც” წააწყდეთ, რომელიც ლათინური cappellanus–დან მომდინარეობს. ასე უწოდეს პირველად მღვდელს, რომელიც წმ. მარტინის ლაბადას “იცავდა” პარიზის კაპელაში. ევროპის სხვა ქალაქებში ახალწამოჩიტულ კაპელებში, რა თქმა უნდა, საკუთარი კაპელანები დასახლდნენ, შესაბამისად კაპელანი რომელიმე დაწესებულებაში მიმაგრებულ “მამაოს” დაერქვა. აქვე იმასაც დავძენ, რომ იმდროინდელი კაპელანები ფეოდალის ციხე–სიმაგრეში არსებულ კაპელებში მდივნის მოვალეობასაც ასრულებდნენ. XII საუკუნიდან კი მდივანი–კაპელანები კათოლიკურ ეკლესიაში და მათ შორის, რომის პაპის კურიაში გაჩნდნენ. ზემოხსენებულ დაწესებულებებში მიმაგრებულ მამაოებს ადგილობრივი მრევლის მწყემსვა დაევალათ. ყველაზე მრავლად კი ომისმოყვარე ევროპაში ჯარის კაპელანები იყვნენ, სწორად ამიტომაც ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში კაპელანის განმარტებაში “არმიის მღვდელი” წერია.

სანამ წმინდა მარტინს დავუბრუნდებოდე, აქვე ავღნიშნავ, რომ მეეტლის თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავს, კაპელას წმინდა მარტინთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის თხის (capra) კნინობითი სახელწოდებიდანაა ნაწარმოები…

ამ ისტორიის წაკითხვისას, ჩემსავით ყველას, ალბათ, ნილს ჰოლგერსონის მეგობარი ბატი, მარტინი გაახსენდა. უნდა ითქვას, რომ ბატის სახელი შემთხვევითი არ არის. შუა საუკუნეებში წმინდა მარტინის დღე, 11 ნოემბერი, масленица–ს საშემოდგომო ალტერნატივად იქცა. თუკი масленица, იგივე “მარდი გრა” დიდმარხვის მაუწყებელი დღესასწაული იყო, რომელთანაც სიტყვა “კარნავალის” წარმოშობაა დაკავშირებული (carne vale – დამშვიდობება ხორცთან), წმინდა მარტინის დღესაც ორმოცდღიანი მარხვა იწყებოდა, რომელსაც Quadragesima Sancti Martini–ს უწოდებენ, ანუ “წმინდა მარტინის ორმოცს”. შესაბამისად მარხვის მომლოდინე ხალხი ამ დღეს ხორცს ეშურებოდა, უპირატესად კი წმ. მარტინის დღესასწაულზე ბატების დაკვლის ტრადიცია დამკვიდრდა, თავად ბატი კი მარტინთან გაიგივდა…

Advertisements

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მაგ სურათზე Airbus- ი ნამდვილი არაა. ფოტოშოპია :) :ჵ

    ნილს ჰოლგერსონის ბატზე ნამდვილად არ ვიცოდი. აწი მეცოდინება და თავს მოვიწონებ ამათტან :ჵ

    Katten Försvann

    April 15, 2009 at 8:36 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: