ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Serendipity

with 5 comments

უცხო ენების შესწავლის დროს, ჩემს ყურადღებას ყველაზე მეტად ის სიტყვები იქცევს, რომელთა ზუსტი შესატყვისი სხვა ენებში არ არსებობს. ერთ–ერთ ასეთ სიტყვაზე, “მუ”–ზე ამ რამდემინე კვირის წინ მოგახსენეთ. დღეს Serendipity–ს შესახებ გიამბობთ და ვინაიდან მისი ანალოგი ქართულ ენაში არ გვაქვს, ამიტომ მას ორიგინალში მოვიხსენიებ.

1557 წელს ვენეციაში მიკელე ტრამეძინომ გამოსცა წიგნი “სერენდიპის ხელმწიფის სამი ვაჟის მოგზაურობა” (Peregrinaggio di tre figluoli del re di Serendippo), რომელიც სპარსული, არაბული და ინდური ზღაპრების კრებულს წარმოადგენდა, რომლებიც გაბნეულია ფირდოუსის, ნიზამის, ამირ ხოსროუსა და სხვათა ნაწარმოებებში. წიგნში მოთხრობილი იყო თავგადასავლებით აღსავსე ისტორია სერენდიპელი (ახლანდელი შრი–ლანკა) ხელმწიფის სამი მეფისწულის მოგზაურობისა, რომელიც იტალიურ ვერსიაში ასე იწყებოდა:

უხსოვარ დროში შორეულ აღმოსავლეთში დიადი და ძლევამოსილი ხელმწიფე, ჯაფერი მართავდა სერენდიპის ქვეყანას. მას სამი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც ძლიერ უყვარდა. ჯაფერი ძლიერ სწუხდა მისი ვაჟების განათლებისა და აღზრდის შესახებ, ამიტომაც საუკეთესო სწავლულები დაახვია ვაჟებს ყრმობის ასაკშივე. გამოხდა ხანი და მეფისწულები არამხოლოდ სამეფო ძალაუფლებით გამოირჩეოდნენ, არამედ ღრმა განსწავლულობითა და გამჭრიახობით…

ვაჟები რომ დავაჟკაცებულან მეფეს დაუბარებია და უცხო ქვეყნების სანახავად გაუგზავნია, წადით ქვეყანა ნახეთო. სწორად მათ მოგზაურობას მოგვითხრობს ეს წიგნი, სადაც მეფისწულები გამაოგნებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით უცხო მხარეების მონახულების დროს ისეთ აბურდულ–დაბურდულ საქმეებს ხსნიან და იმდენად განმაცვიფრებელ დასკვნებს აკეთებენ, რომ თავად ბოდჰისატვა ენჯინის გამომგონებელსაც კი შეშურდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ცალთვალა აქლემის ისტორია გახლავთ, რომელიც ასე გამოიყურება:

გზაზე მიმავალი მწყემსი მეფისწულებს აჩერებს და ეუბნება, აქლემი დამეკარგა და ხომ არ გინახავთო. რაზედაც ისინი პასუხობენ, ცალი თვალით ბრმა, კოჭლი და კბილნაკლული აქლემი, რომელზეც ფეხმძიმე ქალი იჯდა და რომელსაც საპალნით თაფლი და კარაქი მიჰქონდა, არა არ გვინახავსო. ამის შემდეგ, მეფისწულები იმწამსვე შეიპყრეს და აქლემის ქურდობა დააბრალეს, თუ ასე ზუსტად იცით აქლემი როგორ გამოიყურება, როგორ არ გინახავთო და თუ გინახავთ და არ ამბობთ ე.ი. თქვენი მოპარულიაო. ერთი სიტყვით ხალხი შეიკრიბა, ატყდა ჩოჩქოლი და ეს ამბავი იმ ქვეყნის სამართლიანი იმპერატორის, ბერამოს ყურამდე მივიდა. მან მეფისწულები დაიბარა და ახსნა–განმარტება სთხოვა, თუ როგორ მოახერხეს აქლემის ასე ზუსტი აღწერა, მის უნახავად. შემდგომში  მეფისწულებმა “ეს ხომ იასნია” მეთოდის საშუალებით აღწერეს, თუ რატომ იყო ის აქლემი მაინცდამაინც კოჭლი, ნაკვალევების მიხედვით, თუ რატომ იყო ცალი თვალით ბრმა და ა.შ. და ამით სამართლიანი მეფის აღტაცება გამოიწვიეს, რის შემდეგაც იმპერატორმა სხვადასხვა დავალება მისცა მათ, უფრო ჩახლართული და თავგადასავლებით აღსავსე და შორეულ კუნძულებზე გააგზავნა. გზადაგზა მეფისწულები უფრო გამაოგნებელ აღმოჩენებს და დასკვნებს აკეთებენ, მეფეს დაკარგულ მხევალს უპოვნიან, ყველა დავალებას შეუსრულებენ და ზღაპარიც კეთილად სრულდება, თუმცა ეს ამბავი აქ არ მთავრდება…

მიკელე ტრამეძინოს წიგნი იმ დროის ევროპაში კულტურული მოვლენა გახლდათ, ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ მომდევნო საუკუნეებში ამ წიგნის ფრანგული და ინგლისური თარგმანების წყალობით სერენდიპელი მეფისწულების ამბით მთელი დასავლეთ ევროპა მოიხიბლა, მათ შორის ინგლისელი დიდგვაროვანი, ბუკინისტი და ანტიკვარი, აღმოსავლეთის მკვლევარი ჰორას უოლპოლი. მის არქივში შემონახულია 1754 წლის 28 იანვრით დათარითებული წერილი, სადაც ის მის მეგობარს სწერს მის მიერ ახლად მოფიქრებული სიტყვის Serendipity–ის შესახებ. უოლპოლის განმარტებით ეს არის სრულიად შემთხვევით გაკეთებული აღმოჩენა, რომლის აღმოჩენასაც აღმომჩენი არ გეგმავდა. თვალსაჩინოებისათვის ქრისტეფორე კოლუმბის მაგალითიც საკმარისი იქნება, რომელიც ინდოეთში მიდიოდა და შემთხვევით ამერიკა აღმოაჩინა…

ამ ამბით შთაგონებულმა თანამედროვე ამერიკელმა მწერალმა ჯონ ბარტმა, “ვიღაც მეზღვაურის უკანასკნელი მოგზაურობა” (The Last Voyage of Somebody the Sailor) დაწერა, სადაც სინდბადის თემის გაჯაზებასთან ერთად არის ასეთი ეპიზოდი, სადაც ჯონ ბარტი Serendipity–ის ზუსტ დეფინიციას გვთავაზობს:

მეზღვაურის შეკითხვაზე თუ როგორ მოხვდეს სერენდიპში მას მგზავრი პასუხობს: სერენდიპში ვერ მოხვდები თუკი სერენდიპისკენ გაემგზავრები, საამისოდ საჭიროა სადმე გაემგზავრო და გზად სერენდიპიშიც ჩახვალო…

ამ ისტორიის დასასრულს კი ჩემი ისტორიაც მსურს მოგივყვეთ: დღეს სამსახურში მოსულმა დავიწყე ფრანგული სიტყვა Bissextile–ის ეტიმოლოგიის ძებნა და გზად Serendipity–ის წყალობით სიტყვა Serendipity–ის არსებობის შესახებ შევიტყვე…

Advertisements

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩემი აზრით ასევე საინტერესო სიტყვაა ინგლისური Tantalize, რომელიც ბერძნული მითოლიგიიდან იღებს ფესვებს – ტანტალუსის სასჯელისაგან, ანუ, როგორც ცნობილია, ზევსის შვილი ტანტალუსი იმით დასაჯეს, რომ დაბმული იყო წყლის გუბესთან, ხილით დახუნძლული ხის ქვეშ, როგორც კი ხილის მოკრეფას ცდილობდა, ხე ტოტებს სწევდა და ხილს ვეღარ წვდებოდა, ხოლო როცა წყლის დალევას ცდილობდა, წყალი გუბიდან `გაურბოდა.~ შესაბამისად ინგლისური Tantalize ნიშნავს გინდოდეს, მაგრამ ვერ წვდებოდე, არ შეგეძლოს მიღება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ სხვა არც ერთ ენაში ეს სიტყვა არ არის,

    unaamarga

    April 21, 2009 at 2:59 pm

  2. ნეტავ მეც მქონდეს ეგათი ნიჭი! აი დღეს მაგალითად სამარშუტო ტაქსში ავდიოდი, ჩემს წინ გოგო ავიდა, რომელსაც ასვლისას წითელი ტრუსი მოზრდილი ნაწილი გამოუჩნდა, მაშინვე ის ვიფიქრე – რა კარგი იქნებოდა ამ დეტალის მიხედვით რომ შემეძლოს ადამიანის ისტორიების გაგება მეთქი. :) ინტერნეტში ხეტიალი ნამდვილი Serendipity–ა. უამრავი “ამერიკა” მაქვს აღმოჩენილი.

    უსახელო

    April 21, 2009 at 4:40 pm

  3. გარდა ასეტი სიტყვებისა, რომელსაც თვით ამ ენოვანი ადამიანებიც კი ძალიან იშვიათად თუ გამოიყენებენ, არსებობს ბევრი ყოველდღიური სიტყვა რომელიც უბრალოდ არ ითარგმნება, მაგ ფრანგულიდან:
    doudou
    s’assumer (ლექსიკონში აბსოლუტურად შეუსაბამო თარგმანი წერია)
    biberon
    rebel(პირდაპირი მნიშვნელობით აჯანყებულს, მეამბოხეს ნიშნავს, თუმცა 90 პროცენტი ეს სიტყვა ახალგაზრდებს აღნიშნავს, რომლებიც…. ქართულად არ ითარგმნება)
    სამზარეულოსთან დაკავშირებული ტერმინების უმრავლესობა მსოფლიოს ყველა ენაში ,,უნიკალურია” და სხვა ენებზე არ ითარგმნება.
    და ქართულს თუ დავუბრუნდებით სერიოზული გარღვევა გვაქვს სექსთან დაკავშირებულ ლექსუკურ მარაგთან. წინადადება რომელიც აბსოლუტურად ნორმალურ რეგისტრშია ნათქვამი ყოველგვარი ვულგარული გამოთქმის გარეშე, ქართულად შეუძლებელია გადმოთარგმნო და იგივე რეგისტრში დარჩე. მაგ: faire l’amour – გაჟიმვა, მოტ.ვნა?!!! :)

    alex

    April 21, 2009 at 6:06 pm

  4. ზუსტად ისე აღმოგიჩენია, როგორც განმარტებაშია.
    “რაღაც არსებობს!” :დ

    keti

    April 22, 2009 at 10:52 am

    • პ.ს.
      ვიღაც, სხვა ქვეყნიდან, “გენაცვალეს” თარგმნას შეეცდება და რას იპოვნის ნეტავ : )

      keti

      April 22, 2009 at 10:53 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: