ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იერკს–დოდსონის კანონი

with 2 comments

1908 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა რობერტ იერკსმა ჯონ დოდსონთან ერთად ერთი მეტად მარტივი ცდა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაემყარებინა რაოდენობრივი კავშირი რაიმე საქმიანობის პროდუქტიულობასა და ამ საქმიანობით დაინტერესებულობას, გნებავთ მოტივაციას შორის. დადგენილ კანონზომიერებას იერკს–დოდსონის კანონი ეწოდა და აგერ უკვე ასი წელია აღარავინ ცდილობს ეჭვი შეიტანოს ამ კანონის ჭეშმარიტებაში, იმდენჯერ დამტკიცდა ექსპერიმენტულად მისი სისწორე.

თუ  ამ ფენომენს ოდნავ ჩავუღრმავდებით შეგვიძლია ორი ქვეკანონი გამოვყოთ. პირველი მათგანი ამბობს, რომ მოტივაციისა და დაინტერესების მატებასთან ერთად პროდუქტიულობის ხარისხი იცვლება ციკლოიდას ტიპის მრუდის შესაბამისად: ჯერ იზრდება, აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ მცირდება. მოტივაციის დონეს კი, როდესაც პროდუქტიულობა მაქსიმუმს აღწევს მოტივაციის ოპტიმუმი ეწოდება.

იერკს–დოდსონის მეორე ქვეკანონი ამბობს, რომ რაც უფრო რთულია სუბიექტისათვის შესასრულებელი სამუშაო, მით უფრო ნაკლები მოტივაციის დონეა მისთვის ოპტიმალური. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, აღტკინებულ და ეიფორიულ მდგომარეობაში შეუძლებელია ძნელი პრობლემის გადაჭრა.

იერკსი თავდაპირველად ცდებს ცხოველებზე ატარებდა. ანტროპომორფიზმი მისი სისუსტე გახლდათ და ამიტომაც ის ხშირად ავლებდა პარალელებს ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ხშირად ასეთი პარალელები მეტად გულუბრყვილოდ ჟღერდა, თუმცა ზემოხსენებული კანონის შემთხვევაში ეს პარალელი აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა.

ჯერ ცხოველებზე გამოცდილმა და შემდგომ ადამიანებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ცხოველები და ადამიანები იერკს–დოდსონის კანონის ფარგლებში ერთნაირები არიან. იერკსმა და დოდსონმა საექსპერიმენტო მასალის სახით თავსატეხები შეარჩიეს და ყოველ ამოხსნილ თავსატეხში გარკვეულ თანხად იხდიდნენ, ამასთან თავსატეხების სირთულის მატებასთან ერთად იზრდებოდა ფულადი ჯილდოც და აი, რა გაირკვა: სიმბოლური თანხისა და ადვილი თავსატეხების შემთხვევაში ადამიანები უინტერესოდ ეკიდებოდნენ საქმეს და შედეგი დაბალი იყო, თანხის მატებასთან ერთად იზრდებოდა ენთუზიაზმიც, შესაბამისად ეს აისახა საბოლოო შედეგზე, მაგრამ გარკვეულ მომენტში ენთუზიაზმი მასობრივ აჟიოტაჟში როცა გადაიზარდა, პროდუქტიულობამ კლება დაიწყო. ამგვარად დადგინდა, რომ დაბალი მოტივაცია არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად, ზედმეტი მოტივირებულობა კი ადამიანში ეიფორიას იწვევს, რაც ისახება კიდეც პროდუქტიულობის ხარისხზე.

იერკსმა და დოდსონმა თავისი ექსპერიმენტით დაანგრიეს მითი “ცხოვრებისეული მიზნის” შესახებ. იერკს–დოდსონის კანონის თანახმად, რაც უფრო შეპყრობილია ადამიანი და ორიენტირებულია ერთ კონკრეტულ მიზანზე, მით უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ ის ამ მიზანს მიაღწევს. ზომიერება თურმე კი არა, აქაც საჭიროა, საქმეს არამხოლოდ უინტერესოობა და ზერელეობა ვნებს, არამედ – გადამატებული აღტკინება და აჟიოტაჟიც.

ახლა დავფიქრდი და თუ ოდესმე რაღაც გამომსვლია, მხოლოდ მაშინ, როცა ამ რაღაცით ეიფორია და ცხოველი ინტერესი განელებული მქონდა ხოლმე, ანუ მიზანს ვაღწევდი მაშინ, როცა თითქმის გადაფიქრებული მქონდა ის, რისკენაც ვილტვოდი. ერთი სიტყვით რა…

Advertisements

Written by linguistuss

May 10, 2009 at 6:33 am

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეც გამომიცდია იგივე. განსაკუთრებით მათემათიკის ტესტებზე.

  2. პარეტოს პრინციპი: შედეგის 80% მიიღწევა დახარჯული დროის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით.

    Shalva

    May 10, 2009 at 11:26 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: