ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შეკითხვები

with 12 comments

25 მაისს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტური გაიმართა “რა? სად? როდის?”–ში. 26 მაისს, ანუ დღეს ფინალია. შესარჩევი კითხვების ნაწილი მე დავწერე, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. პასუხებს და კომენტარებს თეთრად მოვნიშნავ, რომ ეგრევე პასუხები არ ჩანდეს. შესაბამისად შეგიძლიათ იფიქროთ…

[პასუხების გასაგებად მონიშნეთ ტექსტი პასუხის, კომენტარის და წყაროს გასწვრივ!]

1. მაია ასათიანის საავტორო გადაცემა “პროფილში” ერთ–ერთ გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს შორის იყო გოჩა ლომაია, რომელიც ფართო აუდიტორიამ 15 წლის ასაკში გაიცნო. ბატონმა გოჩამ მაია ასათიანს გადაცემის დაწყების წინ ერთობ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, მან წამყვანს სახსოვრად ბოსტნეული საკვები პროდუქტი მიართვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბოსტნეული საკვები პროდუქტი.
პასუხი: ბოლოკი
კომენტარი: მხატვრულ ფილმში “ღიმილის ბიჭები” გოჩა ლომაიამ ბოლოკას როლი შეასრულა, მან მაია ასათიანს ბოლოკი აჩუქა.
წყარო: გადაცემა “პროფილი”, 2009 წლის 23 აპრილის გამოშვება, ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

2. ყველა თქვენთაგანს მოეხსენება თუ რას აღნიშნავს რუსულ ენაში სიტყვა “Колдун”. თავად სიტყვის წარმომავლობა კი ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებობს ვერსია, თითქოს ეს სიტყვა მომდინარეობდეს შორეულ წარსულში სპარსეთის ყურის ჩრდილო–დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხის სახელწოდებისაგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ხალხის სახელწოდება.
პასუხი: ქალდეველები
კომენტარი: მკვლევარები ფიქრობენ, რომ რუსული “Колдун” მომდინარეობს “ქალდეა”–დან, ყველა პასუხი სადაც “ქალდეა” არის დაფიქსირებული სწორია.
წყარო: 1. http://rousseau.livejournal.com/334837.html 2. http://en.wikipedia.org/wiki/Chaldaea

3. ეს სიმღერა 1970 წელს შეიქმნა და მისი სახელწოდება წარმოადგენს იდიომატურ ინგლისურენოვან ფრაზას. შეკითხვის ავტორის მეგობარმა ეს ინგლისური იდიომატური ფრაზა ქართულად თარგმნა როგორც “ჯანი გავარდეს”. დაასახელეთ ამ სიმღერის სახელწოდება ორიგინალში.
პასუხი: Let it be
კომენტარი: საუბარია “ბითლზის” სინგლზე.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Let_it_be

4. კულტურის თეორეტიკოსმა, სლავოი ჟიჟეკმა ამ ტრილოგიას რორშახის ტესტი უწოდა ფილოსოფოსებისათვის. მისივე აზრით, ისევე როგორც რორშახის ტესტში, სადაც გამომცდელს სთხოვენ დაასახელოს თუ რა ასოციაციებს იწვევს სურათზე გამოსახული გაურკვეველი ლაქები, ამ ტრილოგიაშიც “გაურკვეველი ლაქების” სახითაა გაბნეული სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები, სკოლები და აზრები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ტრილოგიის საერთო სახელწოდება.
პასუხი: მატრიცა
კომენტარი: ძმებმა ვაჩოვსკებმა ტრილოგიაში “მატრიცა” თავი მოუყარეს თითქმის ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რაც კი კაცობრიობამ იცის.
წყარო: The Matrix and Philosophy, edited by William Irwin, OPEN COURT, CHICAGO AND LA SALLE, ILLINOIS, 2002, Серия: Масскульт, Издательство: У-Фактория, 2007 г.

5. ამ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო აშშ–ს პრეზიდენტი და პირველი ლედი. ფოტოზე გამოსახული წყვილი ცეკვავს და ამასთან ბარაკ ობამა მოსიყვარულე თვალებით შესცქერის თავის ცოლს. ეს ფოტო ბლოგერებმა დაასათაურეს ფრანგულენოვანი ფრაზით, რომელიც ფართო მასებმა პირველად 1965 წელს მოისმინეს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ფრანგულენოვანი ფრაზა.
პასუხი: Michelle ma belle (მიშელ მა ბელ)
კომენტარი: ფრაზა ჟღერს Beatles-ის სიმღერაში „Michelle“, ბარაკ ობამას მეუღლეს მიშელი ჰქვია.
წყარო: http://drugoi.livejournal.com/2841281.html

6. ეს რებუსი 1977 წელს მილტონ გლეიზერმა შექმნა ქალაქ ნიუ–იორკში და შემდგომში ის სხვადასხვა ვარიაციის სახით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ რებუსის პირველად ვერსიაში სულ ოთხი სიმბოლოა, რომელთაგან სამი ინგლისური ანბანის ასოა. ყურადღება შეკითხვა: დახატეთ თქვენს ფურცლებზე მეოთხე სიმბოლო.
პასუხი: 
კომენტარი: საუბარია რებუსზე, მე მიყვარს ნიუ–იორკი – I♥NY, რომელიც ქალაქ ნიუ–იორკის პოპულარიზების მიზნითაა შექმნილი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/I_love_NY

7. ამ 110–კაციან ჯგუფში მოსახვედრად არსებობს სულ რვა მოთხოვნა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი: 1) უნდა იყოს კათოლიკე 2) უნდა გამოირჩეოდეს მორალური იმპერატივებით 3) გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4) მისი ასაკი უნდა იყოს 19–სა და 30 წელს შორის 5) უნდა იყოს 174 სმ–ზე მაღალი 6) უნდა იყოს უცოლო 7) უნდა ჰქონდეს მიღებული საშუალო განათლება და… ყველაზე მთავარი – 8) უნდა იყოს ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე… დაასახელეთ ეს სახელმწიფო.
პასუხი: შვეიცარია
კომენტარი: საუბარია რომის პაპის პირად დაცვაზე, შვეიცარიულ გვარდიაზე.
წყარო: http://www.vatican.va/roman_curia/swiss_guard/swissguard/ammissione_en.htm

8. [რიგდება ფრაზა: “ნუთუ ნამდვილად საჭიროა იქსები?!”] 2006 წელს უმბერტო ეკომ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც მან 38 რჩევას მოუყარა თავი მათთვის, ვისაც სურს რომ კარგად წეროს. ოცდამეორე რჩევას თქვენ დარიგებულ ფურცლებზე ხედავთ. კარგად დააკვირდით ამ რჩევას და მიპასუხეთ ორი სიტყვით: რა არის დაშიფრული იქსში, თუ ეს რჩევა თავად წარმოადგენს იქსს.
პასუხი: რიტორიკული შეკითხვა
კომენტარი: რჩევა ასე ჟღერს: “ნუთუ ნამდვილად საჭიროა რიტორიკული შეკითხვები?!”, რომელიც თავად წარმოადგენს რიტორიკულ შეკითხვას.
წყარო: http://sermorusticus.blogspot.com/2006/11/38-consigli-di-buona-scrittura.html

9. ამასწინათ ერთი რუსი ბლოგერი დანანებით წერდა საკუთარი ქალაქისა და ტურისტების ურთიერთობის შესახებ. იგი ამბობდა, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო ჩემი ქალაქის სილამაზის შესახებ, ტურისტები მას მაინც მახინჯ და უგვან ქალაქად აღიქვამენო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი რუსეთში, იაროსლავის ოლქში, რომლის შესახებაც ასე დანანებით საუბრობდა რუსი ბლოგერი.
პასუხი: უგლიჩი
კომენტარი: ტურისტებმა უგლიჩს ugly-ch შეარქვეს, რაც ინგლისურად “მახინჯაურს” ნიშნავს (ugly – მახინჯი, ич – დაბოლოება “ური”).
წყარო: http://philippoff.livejournal.com/2006/08/28/

10. გიორგი ლობჟანიძემ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც ერთი თქვენთვის ცნობილი, შუა საუკუნეებში მოღვაწე ადამიანის სამეცნიერო–პოპულარულ ბიოგრაფიას წარმოადგენს. წიგნი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში აღწერილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა პირველ ქალაქში, მეორე ნაწილში კი – მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მეორე ქალაქში. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ ორივე ქალაქი.
პასუხი: მექა და მედინა
კომენტარი: წიგნს “მუჰამადის ცხოვრება” ჰქვია, მუჰამედი 622 წელს გაიქცა მექიდან მედინაში.
წყარო: გიორგი ლობჟანიძე, მუჰამადის ცხოვრება, კავშირი – “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”, თბილისი, 2008

11. ამ მომღერალს ბედნიერება 1970 წელს ეწვია, როდესაც მან ამერიკელი მსახიობის ქალიშვილზე იქორწინა, ჩვენთვის კი იგი ცნობილია სიმღერით, რომლის სახელწოდებაც მე შეკითხვაში უკვე ვახსენე, თუმცა თარგმანში. მისი ერთობ იშვიათი სახელი მას დედამისმა დაარქვა იმის გამო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ერთ კონკრეტულ ქვეყანაში იბრძოდა. არ გეკითხებით მის ვინაობას, დაასახელეთ ევროპის ქვეყანა, საიდანაც წარმოდგება მისი სახელი.
პასუხი: ალბანეთი
კომენტარი: საუბარია იტალიელ მომღერალზე ალბანოზე, რომელმაც 1970 წელს რომინა პაუერზე იქორწინა. იგი ცნობილია სიმღერით „ფელიჩიტა“, რაც იტალიურად ბედნიერებას ნიშნავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Al_Bano

12. ოლგა კნიპერისადმი მიწერილ წერილში ამ მხატვრული ნაწარმოების ავტორი თავისი ქმნილების შესახებ წერდა, რომ არანაირი აზრი არ აქვს მის თარგმნას სხვა ენებზე, ვინაიდან მასში აღწერილია ტიპიური რუსული სოციალური მოვლენები და ამას უცხოელები უბრალოდ ვერ გაიგებენო. საინტერესოა ისიც, რომ იაპონიაში ეს მხატვრული ნაწარმოები იმდენად პოპულარულია, რომ მაგალითისთვის 1949–1955 წლებში თერთმეტი განსხვავებული თარგმანი დაიბეჭდა. დაასახელეთ ამ მხატვრული ნაწარმოების სათაური, თუკი მისი სახელწოდება ტიპიური იაპონური ესთეტიკითაა გაჯერებული.
პასუხი: ალუბლის ბაღი
კომენტარი: საუბარია ჩეხოვის პიესაზე.
წყარო: http://ricolor.org/rz/iaponia/jr/cu/3/

13. იუდაიზმში ეს არის დედის რძის ანალოგი, ქრისტიანობაში კი –– ღვთიური წყალობის გამოხატულება. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაში მისი სახელწოდება შედგება ქალის ორი სახელისგან. ერთი წუთის შედმეგ დაასახელეთ ქალის ორივე სახელი.
პასუხი: ციური და მანანა
კომენტარი: საუბარია ციურ მანანაზე.
წყარო: http://slovari.yandex.ru/dict/encsym/article/SYM/sym-0400.htm

14. 1987 წლის 28 ივნისს პოპულარული ამერიკელი მსახიობი ჯონ კიუსაკი 21 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით მას ჟურნალმა “პრემიერმა” ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას ნანობდა კიუზაქი ყველაზე მეტად, მან უპასუხა, რომ ერთდერთი რასაც ყველაზე მეტად ვნანობ ის არის, რომ მე ვეღარასოდეს ვითამაშებ ჩემი სათაყვანებელი პერსონაჟის როლს, ამ როლისათვის მე უკვე ძალიან ბებერი ვარო. საინტერესო კი ის არის, რომ ჯერ არც ერთ მსახიობს არ განუსახიერებია კიუსაკის სათაყვანებელი პერსონაჟის როლი არც თეატრში და არც კინოში. დაასახელეთ მისი სათაყვანებელი პერსონაჟის სახელი და გვარი.
პასუხი: ჰოლდენ კოლფილდი
კომენტარი: ავტორის, ჯერომ სელინჯერის აკრძალვის თანახმად, რომანი “თამაშ ჭვავის ყანაში” ჯერ კიდევ არ არის ეკრანიზებული, სადაც მთავარი პერსონაჟი, ჰოლდენ კოლფილდი 16 წლისაა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Catcher_in_the_Rye

15. ამ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ბლოგზე sweet.ge, ბლოგის ავტორმა დაწერა პოსტი, სადაც ასეთი რამ ეწერა: “შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ, ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა”. პოსტის სათაური წარმოადგენდა 2003 წელს დაწერილი, ლორენ ვაისბერგერის ბესტსელერის შეტრიალებულ სათაურს (“პერევიორტიშს”). არ გეკითხებით თუ რა ჰქვია ლორენ ვაისბერგერის რომანს, დაასახელეთ თუ როგორ ჟღერდა ზემოხსენებული პოსტის სათური.
პასუხი: ანგელოზს აცვია პრადა (Angel Wears Prada)
კომენტარი: ლორენ ვაისბერგერმა დაწერა რომანი “ეშმაკს აცვია პრადა” (ფილმიც არის მერილ სტრიპის და ენ ჰათაუეის მონაწილეობით), სადაც კოსმოპოლიტენის ტიპის ჟურნალში იწყებს მუშაობას რომანის გმირი რედაქტორის თანაშემწედ. რომანში რედაქტორი ძალიან მკაცრი და “სწერვა” ქალია. ბლოგერს კი რედაქტორში გაუმართლა.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/The_Devil_Wears_Prada_(novel) 2. http://sweet.ge/2009/05/angel-wears-prada/

16. [დასარიგებელი მასალა: lollapalooza] მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ–ს ჩეკ–პოინტებზე ამერიკელი ჯარისკაცები იმ პირებს, რომლებსაც სურდათ აშშ–ს დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა, სთხოვდნენ გამოთქმით წაეკითხათ სიტყვა, რომელიც წერია დარიგებულ მასალაზე. ყურადღება შეკითხვა: რის გარკვევას ცდილობდნენ ასე ამერიკელი ჯარისკაცები?
პასუხი: ადამიანი იაპონელი იყო თუ არა
კომენტარი: იმის გამო რომ მრავალი იაპონელი ჯაშუში ფილიპინელობას იბრალებდა რათა შეეღწია აშშ–ს ჯარისკაცების დაცულ ტერიტორიაზე, გამსვლელ პირებს სთხოვდნენ სიტყვა “ლოლაპალუუზას” წარმოთქმას. თუკი წარმომთქმელი ამბობდა “რორაპარუუზას” ცხადი ხდებოდა, რომ იგი იაპონელი იყო, ვინაიდან იაპონურ ენაში არ არის ბგერა “ლ”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Shibboleth

17. რომანში “მთვარის მოტაცება” კონსტანტინე გამსახურდია წერს: იქს ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს, იგრეკი კი – ცხენის ნალისთვისო. დაასახელეთ ავტორი 1876 წელს დაწერილი წიგნისა, რომლის პირველ გვერდზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ იქსებით და იგრეკებით შედგენილი ფრაზა.
პასუხი: იაკობ გოგებაშვილი
კომენტარი: იქსი – ა, იგრეკი – ი. 1876 წელს გამოიცა “დედა ენა”, რომლის პირველ გვერდზეც შეგვიძლია წავიკითხოთ “აი ია”.
წყარო: 1. კონსტანტინე გამსახურდია მთვარის მოტაცება გვ,266-267 თბილისი “მერანი”1990 წ. 2. ქსე, ტ.3 გვ. 196

18. ბრიტანელი მეცნიერი, საიმონ სინგჰი თავის წიგნში, რომლის სათაურსაც არ დაგისახელებთ, წერს: “პირველი მსოფლიო ომი იყო ქიმიკოსების ომი, ვინაიდან მასში იარაღის სახით პირველად გამოიყენეს იპრიტი და ქლორი. მეორე მსოფლიო ომი იყო ფიზიკოსების ომი, ჰიროსიმაში და ნაგასაკიში აფეთქებული ატომური ბომბების გამო, მესამე მსოფლიო ომი კი იქნება მათემატიკოსების ომი, ვინაიდან მესამე მსოფლიო ომში უმთავრესი იარაღი იქნება…”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით რა იქნება უმთავრესი იარაღი მესამე მსოფლიო ომში საიმონ სინგჰის აზრით?
პასუხი: ინფორმაცია
კომენტარი: საიმონ სინგჰის წიგნი შიფრებს, კრიპტოლოგიას, კოდებს და ზოგადად ინფორმაციის დაშიფვრისა და გადაცემის ხერხებს ეძღვნება.
წყარო: Саймон Сингх, “Книга Шифров”, Москва, “Астрель”, с. 11

19. XI საუკუნეში მოღვაწე სასულიერო მოღვაწის, კლერვოს აბატისა და ცისტერციანთა ორდენის რეფორმატორის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ მას ხშირად იწვევდნენ რჩევისათვის ევროპის მონარქები და რომის პაპები. ამისათვის მას ხშირად უხდებოდა დიპლომატიური მისიით მოგზაურობა ევროპის მასშტაბით. მის სამოგზაურო მარშრუტები ყველაზე ხშირად გადიოდა ორ საკვანძო გეოგრაფიულ პუნტქზე, რომლებსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. არ გეკითხებით ამ კლერვოელი აბატის ვინაობას, მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ არსება, რომელსაც ამ ორმა გეოგრაფიულმა პუნქტმა დაანათლა სახელი.
პასუხი: ძაღლის ჯიში სენ–ბერნარი
კომენტარი: საუბარია ბერნარ კლერვოელზე, ცისტერციანთა ორდენის დამაარსებელზე. მისი სახელი ეწოდა უღელტეხილებს დიდ სენ–ბერნარს და პატარა სენ–ბერნარს. უღელტეხილებმა კი სახელი დაანათლეს ძაღლის ჯიშს, სენ–ბერნარს.
წყარო: История философии: Энциклопедия. — Мн.: Интерпрессервис; Книжный Дом. 2002, Составитель и главный научный редактор А.А. Грицанов, с. 108

Advertisements

Written by linguistuss

May 26, 2009 at 8:46 am

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახ
    ბლოგებს აქტიურად ახსენებ )))
    ერთი საინტერესო კითხვა მაქვს მეც და თამაშები რომ დაიწყება უნდა გავაგზავნო )))

    piccolina

    May 26, 2009 at 10:19 pm

  2. bravo!

    akunina

    May 27, 2009 at 4:02 pm

  3. განსაკუთრებით მომეწონა შეკითხვები აი იაზე, ლოლაპალუზაზე და I ლავ NY.

    სანდრო

    May 27, 2009 at 8:48 pm

  4. linguistuss

    პირველ კითხვაში ლომაია თუ ლომია? მგონი ეგ მსახიობი ლომიაა.

    Inga

    May 28, 2009 at 11:15 am

  5. 2–ის პასუხი არის ქალდეველები

    რამაზუ

    May 28, 2009 at 10:04 pm

  6. მოკლედ მაგ მსახიობის შვილს ვიცნობ და ლომიაა :) მამა ლომაია რატომ გამოდის არ ვიცი :D

    Inga

    May 29, 2009 at 2:22 pm

    • არც მე არ ვიცი, ყველა წყაროში ლომაია წერია, პროფილშიც ლომაია ეწერა ტიტრებზე… რა გითხრა, აბა?!

      linguistuss

      May 29, 2009 at 2:43 pm

  7. საქართველოს ჩემპიონატისთვის ძალიან მარტივი კითხვებია უმეტესობა

    NO-Spa

    May 29, 2009 at 3:15 pm

    • შესარჩევი ტური იყო რეგიონების გუნდებისთვის. როგორიც შემიკვეთეს, ისეთიც დავწერე :)

      linguistuss

      May 29, 2009 at 3:21 pm

  8. Anyway, ძალიან საინტერესო პოსტებია, ხშირად ვსტუმრობ შენს ბლოგს :0

    Inga

    May 29, 2009 at 4:18 pm

  9. საინტერესო შეხვედრა წარსულთან
    6 თვის წინ, ეტყობა, მეტად ჭკვიანი ვიყავი :D

    NO-Spa

    November 19, 2009 at 3:19 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: