ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–2009 – შეკითხვები

with 4 comments

დღეს თსუ–ს ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ყველა შეკითხვა ჩემი იყო. შეგიძლიათ გაეცნოთ:

[პასუხები და კომენტარები წერია თეთრად, წასაკითხად მონიშნედ ტექსტი პასუხების და კომენტარების გასწვრივ]

შესარჩევის კითხვებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:

პირველი შესარჩევი ტური

მეორე შესარჩევი ტური

ფინალის შეკითხვები:

1. უნგრულ–კანადურ–გერმანულ მულტფილმში “კატისჭერა” მოქმედება ვითარდება თაგვების ქალაქში, სადაც თაგვების საზოგადოებას განვითარებული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს. მულტფილმში სიუჟეტი ვითარდება ჩვენი წელთაღრიცხვით 2008 წელს, თაგვების წელთაღრიცხვით კი – 80 წელს. ყურადღება შეკითხვა: რა რეალური მოვლენიდან ითვლიან თავიანთ წელთაღრიცხვას თაგვთა ქალაქის ბინადრები?
პასუხი: მიკი მაუსის შექმნის/დაბადების
კომენტარი: 1928 წელს უოლტ დისნეიმ შექმნა მისი პერსონაჟი მიკი მაუსი, მულტფილმი მიკი მაუსის დაბადებიდან მე–80 წელს ვითარდება.
წყარო: 1. http://www.youtube.com/watch?v=NjxEtkDwKp8 2. http://en.wikipedia.org/wiki/Cat_City

2. მე–19 საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთში აბსენტის მოხმარებამ პიკს მიაღწია. ეს იყო აბსენტის ოქროს ხანა. თავად აბსენტს კი ფრანგები ირონიულად “შარანტონის ომნიბუსს” უწოდებდნენ. ნოდარ ლადარია თავის ესეში წერს, რომ ეს ფრანგული გამოთქმა, “შარანტონის ომნიბუსი” რომ გადმოვაქართულოდ მივიღებთ “იქს–ქუჩის მარშრუტკასო”. დაასახელეთ ქუჩა თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე, რომელიც მე შეკითხვაში შევცვალე იქს–ქუჩით.
პასუხი: ასათიანის ქუჩა
კომენტარი: გავრცელებული აზრის თანახმად აბსენტი იწვევს ფსიქიურ აშლილობას. შარანტონის ქუჩაზე ფსიქიურად ავადმყოფთა სამკურნალო ცენტრი მდებარეობდა პარიზში, ისევე როგორც ასათიანზე – თბილისში.
წყარო: ნოდარ ლადარიას ესე “”აპოკალიფსის ვარსკვლავი და მწვანე ფერია” (გამოქვეყნებულია ავტორის პირად გვერდზე Facebook-ში – http://www.facebook.com/notes.php?id=601526838).

3. ფსიქოლოგიაში პროკრასტინაცია აღნიშნავს ისეთი ადამიანის ქცევის თავისებურებას, რომლისათვისაც დამახასიათებელია ყველა აუცილებლად შესასრულებელი საქმის დედლაინამდე გადადება. ეს სიტყვა წარმოდგება ორი ლათინური სიტყვისგან: “პრო” და “კრასტინუს”. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაში გვაქვს პროკრასტინაციის ანალოგი სიტყვა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ამ სიტყვის, როგორც შინაარსს, ასევე ფორმასაც. არ გეკითხებით ამ ქართულ სიტყვას, დაასახელეთ რას აღნიშნავს ლათინურ ენაზე სიტყვა “კრასტინუს”?
პასუხი: ხვალინდელს
კომენტარი: ქართული სიტყვაა მეხვალიე, მეხვალიეობა პროკრასტინაციის ზუსტი თარგანია, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ყველა პასუხი სადაც დაფიქსირებულია “ხვალ”, ან შემდეგი დღე ჩაითვლება.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Procrastination

4. ადგილობრივი ინდიელები ამ ადგილს მათ ენაზე მოიხსენიებდნენ როგორც “ექვსი პაპა”. მას ინდიელთათვის სპირიტუალური დანიშნულება ჰქონდა და ყოველწლიურად მრავალი ათასი ინდიელი მომლოცველი სტუმრობდა წარსულში. თანამედროვე სამყაროში სიტუაცია შეიცვალა და ამ ადგილს ბევრად უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე უწინ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რიცხვი, რამდენი “პაპის” ნახვა შეგვიძლია ახლა ამ ადგილას?
პასუხი: 4
კომენტარი: საუბარია აშშ–ში მდებარე ღირსშესანიშნაობაზე, რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალზე, სადაც ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის თავია გამოკვეთილი. ეს პრეზიდენტები უდაოდ არიან აშშ–ს პაპები.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Six_Grandfathers

5. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორი ამ ერთეულის აღსანიშნავად იყნებებდა მრავალ ტერმინს. მათ შორის იყო: დრო, რიგი, წევრი, დრო–კილო და ა.შ. დროთა განმავლობაში მრავალრიცხოვანი ტერმინების გრძელი სია გაიფილტრა და დარჩა ორი, რომელთა ავტორებიც არნოლდ ჩიქობავა და აკაკი შანიძე არიან. არნოლდ ჩიქობავა იყენებდა ტერმინს “ნაკვთი”, თუმცა საბოლოო ბრძოლა მაინც აკაკი შანიძემ მოიგო და სამეცნიერო საზოგადოებამ მის მიერ შემოთავაზებული ტერმინი სცნო ამ ერთეულის აღსანიშნავად. დაასახელეთ ეს ტერმინი.
პასუხი: მწკრივი
კომენტარი: ეს ტერმინია “მწკრივი”, რომელიც აკაკი შანიძემ დაამკვიდრა ქართულ ენაში, როგორც საუღლებელი ერთეული. ქართულ ენაში 11 მწკრივი ერთიანდება სამ სერიაში.
წყარო: “ქართული ენა, ენციკლოპედია”, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, 2009, გვ. 338

6. ისტორიკოსთა შორის დღემდე არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმის შესახებ თუ ვინ არის მთავარი დამნაშავე. მაგალითისთვის პლუტარქე მთავარ დამნაშავედ ამ საქმეში იულიუს კეისარს მიიჩნევს, ინგლ. ისტორიკოსი, ედვარდ გიბონი – ქრისტიანებს, სირიის ეპისკოპოსი გრეგორი ბარ ჰებრაი კი – მუსლიმანებს. მე არ გეკითხებით თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მათ, დაასახელეთ ქალაქი, სადაც მოხდა ჩადენილი ეს დანაშაული.
პასუხი: ალექსანდრია
კომენტარი: საუბარია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვაზე ანტიკურ ხანაში. ისტორიკოსთა შორის არ არსებობს შეთანხმება, თუ ვინ უნდა მივიჩნიოთ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მთავარ გამანადგურებლად.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Александрийская_библиотека

7. მე–19 საუკუნის 30–იან წლებში ევროპას ქოლერის ეპიდემია დაატყდა თავს. ამავდროულად, 1831 წელს, ამ მოვლენისგან დამოუკიდებლად, კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ადამიანი, რომლის საფლავისკენაც ქალაქ ზალცბურგში ქოლერით შეწუხებული ხალხი დაიძრა. ისინი ამ ადამიანის საფლავთან მიდიოდნენ და მას განკურნებას შესთხოვდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი ზალცბურგი ქოლერის ამ ეპიდემიას გადაურჩა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ვისი საფლავისაკენ დაიძრა ქოლერით შეწუხებული ხალხი?
პასუხი: პარაცელსუსის
კომენტარი: პარაცელსუსი ზალცბურგშია დაკრძალული.
წყარო: 1. http://www.vokrugsveta.ru/vs/article/2924/
2. http://www.archive.org/stream/magicintoscience007399mbp/magicintoscience007399mbp_djvu.txt

8. ერთხელ ალბერტ აინშტაინმა დასვა რიტორიკული შეკითხვა: “ჰქონდა კი ღმერთს იქსი, როდესაც ქმნიდა ჩვენს სამყაროს?!”. 1991 წელს გამოიცა წიგნი, რომლის სათაურითაც თუ ვიმსჯელებთ, მის ავტორს ნამდვილად ჰქონდა იქსი, როდესაც წერდა ამ წიგნს. ერთი წუთის შემდეგ მიპასუხეთ რა არის იქსი.
პასუხი: არჩევანი
კომენტარი: 1991 წელს ედუარდ შევარდნაძემ დაწერა “ჩემი არჩევანი”.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6578/

suvorov

9. შვეიცარიაში, სენ–გოტარის უღელტეხილზე შეგიძლიათ იხილოთ სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც ცხენზე ამხედრებული მამაკაცისგან და ქვეითი გამცილებლისგან შედგება. გამცილებელს ცხენისთვის აღვირში აქვს ხელი წავლებული, მხედარი კი მეოცნებე მზერით გასცქერის მზეს. სკულპტურის პოსტამენტზე გაკეთებულია სამსიტყვიანი წარწერა, რომელთაგან პირველი სიტყვა არის გენერალი, დანარჩენი ორი სიტყვა კი წარმოადგენს სახელს და გვარს. დაასახელეთ ეს სახელი და გვარი.
პასუხი: ალექსანდრე სუვოროვი
კომენტარი: სკულპტურა ეძღვნება 1799 წელს ალექსანდრე სუვოროვის მიერ ალპების გადალახვას.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6579/

10. [ყურადღება შეკითხვაში ცვლილებაა] სპეციალისტები თვლიან, რომ პირველი “სათვალეები” გამოგონილ იქნა შორეულ წარსულში პრაქტიკული მიზნით, რათა მონადირეს ჰქონოდა საშუალება შეუმჩნევლად მიჰპარვოდა თავის მსხვერპლს. 1994 წელს ჰოლივუდში ეკრანებზე გამოვიდა ჩაკ რასელის ფილმი, რომელსაც ასევე ერქვა “სათვალე”. რა სიტყვაა შეცვლილი შეკითვაში სიტყვით “სათვალე”?
პასუხი: ნიღაბი
კომენტარი: 1994 წელს გამოვიდა ფილმი ჯიმ კერის მონაწილეობით – “ნიღაბი”.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6154/

11. 724 წელს ბავარიელთა ჰერცოგს, გრიმოალდს მისიონერული ზრახვებით აღსავსე ეპისკოპოსი კორბინიანი ეწვია და ქალაქ ფრაიზინგის მახლობლად ნერბერგის მთაზე ბენედიქტელთა მონასტერი ააგო. ბავარიელები ამბობენ, რომ ამ მონასტერმა ქალაქ მიუნხენს და მთელ ბავარიას მისცა ორი ფუნდამენტური რამ. დაასახელეთ ორივე.
პასუხი: ლუდი და ქრისტიანობა
კომენტარი: ზუსტად ამ მონასტერში დაიწყეს XI საუკუნეში ბავარიული ლუდის ხარშვა და ამ მონასტრის წყალობით გავრცელდა ქრისტიანობა ბავარიაში. მიუნხენს სხვა რა ფუნდამენტური რამ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ლუდი  :)
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6650/

12. თასების რაოდენობა დედამიწაზე დაახლოებით 170–ს უდრის. სპეციალისტთა განმარტებით თასების ასეთი მცირე რაოდენობა დედამიწაზე ატმოსფეროს არსებობითაა განპირობებული. საინტერესოა ისიც, რომ ტერმინი „თასი“ პირველად მეცნიერებაში გალილეო გალილეიმ დაამკვიდრა, პირველად იხილა რა ერთ–ერთი თასთაგანი 1609 წლის 30 ნოემბერს. ერთი წუთის შემდეგ თარგმნეთ ლათინურად სიტყვა „თასი“ და მითხარით რა სიტყვა შევცვალე მე შეკითხვაში „თასით“?
პასუხი: კრატერი
კომენტარი: მეტეორიტების 99% ატმოსფეროში იწვის და დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევენ, სწორად ეს განაპირობებს დედამიწაზე კრატერების სიმცირეს მთვარისგან განსხვავებით, სადაც კრატერები გალიელიმ 1609 წელს ნახა, მას შემდეგ რაც გამოიგონა ტელესკოპი.
წყარო: 1. http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6648/ 2. http://en.wikipedia.org/wiki/Lunar_craters

13. 1889 წლის 31 მარტს პარიზში საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის პარიზში ეიფელის კოშკი აიგო, რომლის დაშლაც 1909 წლისთვის იყო დაგეგმილი, რათა მას თავისი უგვანი იერ–სახით არ დაემახინჯებინა დედაქალაქი. თუმცა ერთი კონკრეტული გამოგონების წყალობით ეიფელის კოშკი არ იქნა დაშლილი და ჯართად გადაქცეული. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ ეიფელის კოშკი უეცრად საჭირო აღმოჩნდა ამ გამოგონების შემქმნელებისა და პოპულარიზატორებისთვის. დაასახელეთ გვარი იტალიელისა, რომელსაც ფრანგები ამ გამოგონებას მიაწერენ.
პასუხი: მარკონი
კომენტარი: ეიფელის კოშკის გამოყენება დაიწყეს რადიოსამაუწყებლოდ. რადიოს გამომგონებლად კი ფრანგები გულიელმო მარკონის მიიჩნევენ.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Guglielmo_Marconi 2. http://www.vokrugsveta.ru/telegraph/technics/890/

14. რამდენიმე წლის წინ აშშ–ს აიოვას შტატის პატარა ქალაქ მაუნტ–სტერლინგის მერი, ჯო ჰემლეტი შეეცადა შეემუშავებინა კანონი, რომელიც ერთი კონკრეტული ტიპის ქმედებაზე მოქალაქეებს კანონის ძალით პასუხს აგებინებდა. ამ ფაქტს პრესა ირონიით მოეკიდა, შემდგომში ყველა მიხვდა, რომ ამ კანონის მიღება და შემდგომში მისი დაცვა შეუძლებელი იყო და ეს ფაქტი ისტორიას ჩაბარდა. თუმცა, მაუნტ–სტერლინგში ეს კანონი რომ მიეღოთ და ქალაქის მერს ასეთი ტიპის განცხადება რომ გაეკეთებინა: “მაუნტ–სტერლინგის ყველა მაცხოვრებელი არღვევს ამ კანონს” – მაშინ ჯო ჰემლეტი ასოციაციურად გაიგივდებოდა ერთ ფილოსოფოსთან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილოსოფოსის მშობლიური კუნძული.
პასუხი: კრეტა
კომენტარი: ჯო ჰემლეტს სურდა ყოველ ტყუილზე პასუხი ეგებინებინა მაუნტ–სტერლინგის მოქალაქეებისთვის, თუკი იგი კანონის მიღერბის შემდეგ გააკეთებდა ზემოხსენებულ განცხადებას, იგი იტყოდა იგივეს რაც თქვა კრეტელმა ეპიმენიდემ: ყველა კრეტელი ტყუის, რაც თავის მხრივ ლოგიკურ პარადოქსს წარმოადგენს.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/telegraph/theory/930/

15. თანამედროვე რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი ცნობილია თავისი იუმორისტული კოლაჟებითა და მონტაჟებით. ასე მაგალითად სერიალ “გაქცევის” სარეკლამო პოსტერზე მან ამ სერიალის პერსონაჟი ძმების, მაიკლ სკოფილდის და ლინკოლნ ბეროუზის სურათები ჩაანაცვლა სხვა ორი ძმის პორტრეტებით. დაასახელეთ ამ ძმების საერთო გვარი (სახელები და გვარები).
პასუხი: ლევან და გია გაჩეჩილაძეები
კომენტარი: სერიალში გაქცევა მაიკლ სკოფილდი (ვენტვორტ მილერის პერსონაჟი) ციხიდან აპარებს საკუთარ ძმას. პანფილოვის იუმორი უცნობის საკნის თემას ეხება.
წყარო: http://www.facebook.com/photo.php?pid=424060&id=1348204887&ref=nf

16. ძველი თურქული ანდაზის თანახმად არსებობს ამ კერძის იმდენი სახეობა, რამდენი ქალაქიცაა მუსლიმანურ სამყაროში. ქართულ ფრაზეოლოგიზმში ეს კერძი გაიგივებულია სიადვილესთან და პრიმიტიულობასთან. ყაზახურ ენაში კი მისი სახელწოდება ემთხვევა ერთი კუნძულოვანი ქვეყნის სახელწოდებას. დაასახელეთ ეს კუნძულოვანი ქვეყანა.
პასუხი: პალაუ
კომენტარი: საუბარია ფლავზე, რომელსაც ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში სხვადასხვანაირად ამზადებენ. ცნობილია ქართული გამონათქვამი “ადვილია ფლავის ჭამა”. ყაზახურად ფლავი ჟღერს როგორც “პალაუ”.
წყარო: 1. http://newtimes.ru/articles/detail.php?ID=1701 2. http://ru.wikipedia.org/wiki/Плов

17. საფრანგეთში გამოდის პერიოდული იუმორისტული გაზეთი სახელწოდებით “გამნაღმველის სანთელი” (La Bougie du Sapeur). ამ გაზეთის პირველი ნომერი გამოიცა 1980 წელს და დღესდღეისობით სულ გამოსულია მისი რვა ნომერი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ზუსტი თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), როდის გამოვა ამ გაზეთის მე–9 ნომერი?
პასუხი: 2012 წლის 29 თებერვალს
კომენტარი: ეს გაზეთი 29 თებერვალს გამოდის, 1980 წლიდან მოყოლებული სულ იყო რვა ნაკიანი წელი.
წყარო: http://fr.wikipedia.org/wiki/La_Bougie_du_sapeur

18. ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე ბლოგის ავტორი მეგობრისადმი მიწერილ წერილში ერთი ევროპელი მწერლის შემოქმედების გააზრების ფონზე ცდილობს აღწეროს არამხოლოდ ქართული, არამედ – სრულიად კავკასიური გარემო. სწორად ამიტომ წერილის სათაურში სიტყვაში “კავკასიური” შეცვლილია ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული ევროპელი მწერალი.
პასუხი: ფრანც კაფკა
კომენტარი: წერილში ასახულია კაფკიანური მოტივები საქართველოში და სრულიად კავკასიაში. წერილს ასევე ჰქვია: “კაfკასიური სოფელი”.
წყარო: http://andronikashvili.blogspot.com/2009/05/f.html

19. მაკა მიქელაძის და ბესო ხვედელიძეს დაწერილი აქვთ რომანი „იხვის ტოლმა“. რომანის მოქმედება მიმდინარეობს საგიჟეთში, ალბათ სწორად ამიტომ მოათავსეს ავტორებმა წიგნის გარეკანზე უჩვეულო კუბიკ–რუბიკი. ეს კუბიკ–რუბიკი შეგვიძლია აღვწეროთ ზედსართავი სახელით, რომლითაც ასევე შეიძლება დახასიათდეს აფრიკის ერთი ქვეყნის დროშა. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ აფრიკის ეს ქვეყანა.
პასუხი: ლიბია
კომენტარი: წიგნის გარეკანზე მოთავსებული კუბიკ–რუბიკის ყველა მხარე ერთი ფერისაა. ასევე ერთფეროვანია ლიბიის დროშა, ის სულ მწვანეა.
წყარო: 1. მაკა მიქელაძე, ბესო ხვედელიძე, „იხვის ტოლმა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2005 2. http://en.wikipedia.org/wiki/Flag_of_Libya

20. სტენლი კუბრიკის უკანასკნელ ფილმში, “ფართოდ დახუჭული თვალები”, მთავარი პერსონაჟი ექიმის, ბილ ჰარფორდის როლი, როგორც მოგეხსენებათ, ტომ კრუზმა შეასრულა, თუმცა თავდაპირველად ამ როლისათვის მოიაზრებოდა სულ სხვა ჰოლივუდელი მსახიობი, რაც ეტყობა კიდეც პერსონაჟს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ჰოლივუდელი მსახიობის სახელი და გვარი.
პასუხი: ჰარისონ ფორდი
კომენტარი: პერსონაჟის გვარი “ჰარფორდი” ჰარისონ ფორდის სახელის და გვარის გაერთიანებითაა მიღებული.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/С_широко_закрытыми_глазами

P.S. შედეგები

Advertisements

Written by linguistuss

June 7, 2009 at 7:48 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან კარგი კითხვები იყო,როგორც შენი კითხვების უმრავლესობა…მხოლოდ 6 გამოვიცანი ზუსტად:მიკი მაუსი,მედღეხვალიე,რაშმორი,ლუდი და ქრისტიანობა,კრატერი ,კაფკა…პალაუ და ლიბია დაახლოებით…

    dato

    June 8, 2009 at 7:16 pm

  2. დიდად კმაყოფილი დავრჩი პაკეტით. ნუ ჩემპიონები გავხდით “ინტეგრალის” წევრები და რა გასაკვირია ეს ფაქტი :D
    მე-8 და მე-13 კითხვებს თუ არ ჩავთვლით ყველა მეტნაკლებად კარგი შეკითხვა იყო.

    Leonard Shelby

    June 8, 2009 at 8:40 pm

  3. პანფილოვის დასაცინია ძმები გაჩეჩილაძეები? :D

    chiqo

    June 14, 2009 at 9:53 pm

  4. 10 გამოვიცანით :) მე ძალიან მომეწონა;) მაგრამ აი 16 შეკითხვა არ მოგვეწონა :( მეცამეტე თვითონ რადიო გვეგონა ეგეც ცოტა რთული იყო

    maxara174

    January 13, 2010 at 12:25 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: