ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბალმუზდაკი, ანუ დონდურმა

with 4 comments

ამ რამდენიმე წლის წინ ბაქოში რომ ვიყავი, კარგად მახსოვს ზაფხული იყო და ყოველ კუთხე–კუნჭულში ნაყინი იყიდებოდა. ყოველ ასეთ კუნჭულში ეწერა “dondurma” და შემდეგ მოდიოდა სხვადასხვა ტიპის ნაყინის ჩამონათვალი. ჰოდა ავიკვიატე, ეს დონდურმა აუცილებლად “მენიუს” უნდა ნიშნავდეს მეთქი, საბოლოო ჯამში ნაყინი აღმოჩნდა თურქულად და აზერბაიჯანულად, “don” – თურქულ ენებში ყინვაა და აქედანაა ნაწარმოები. ასე ვიცი ხოლმე სიტყვების აკვიატება, არ აქვს მნიშვნელობა მათ შინაარსს, თუკი სიტყვის ჟღერადობა მომეწონა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩამესმის ხოლმე ყურში. დონდურმა ზუსტად ასეთი სიტყვათაგანია – არ მავიწყდება. მეორე ასეთი სიტყვაა “балмуздак” და ისიც ნაყინს ნიშნავს, ოღონდ ყაზახურად. ალმა–ატაში დიდი ასოებით ეწერა ერთ–ერთ სუპერმარკეტში და ჟღერადობით ვერაფრით დავუკავშირე ნაყინს, თუმცა იმდენად მომეწონა, რომ ყოველგვარ უფორმოსთან და ადღლეზილთან ასოცირდება ჩემთვის…

კიდევ ერთი ასეთი ჯადოსნური სიტყვა “ჯელატოა”, ნაყინი იტალიურად, რომლის ხსენებაზეც იტალიელებს მარკო პოლო ახსენდებათ. სწორად მას მიაწერენ ვენეციელები ნაყინის განსაკუთრებული რეცეპტის ჩამოტანას. ინტერნეტში ძებნისას პრემიუმ სორტის ნაყინიც კი ვიპოვე სახელწოდებით “მარკო პოლო”. სხვადასხვა წყაროებში წერია ეს რეცეპტი მის მოგზაურობაშია დაფიქსირებულიო, თუმცა გადმოვქაჩე აგერ “Il Milione”, ანუ მარკო პოლოს მოგზაურობანი, ვფურცლავ და ჯერ–ჯერობით ვერ მივაკვლიე. ასევე ამ წიგნის სათაურია ძალიან საინტერესო. თავდაპირველად, წიგნს “მარკო პოლოს მოგზაურობანი” ერქვა, თუმცა იმდენი ტყუილი დალანდეს თანამედროვეებმა შიგნით, რომ ჯერ “მილიონი ტყუილი” უწოდეს, შემდეგ კი “მილიონამდე” შეამცირეს. ასევე იმასაც ამბობენ, რომ სიტყვა “მილიონი” სწორად ამ წიგნის წყალობით გავრცელდა ევროპაშიო…

ნაყინთან დაკავშირებით ასევე უნდა გავიხსენო წიგნი, რომელიც ამას წინათ მომხვდა ხელთ. საუბარი მაქვს ლადო აღნიაშვილის 1896 წელს გამოცემულ წიგნზე “სპარსეთი და იქაური ქართველები”, სადაც ეს სახელოვანი ქართველი თავის მოგზაურობას აღწერს ფერეიდანში. აღნიაშვილს შეიძლება ქართველი მარკო პოლოც კი ვუწოდოთ, ვინაიდან ის პირველი ადამიანი გახლდათ, რომელიც ფერეიდანს ეწვია და იქაური ქართველები მოინახულა. წიგნში დეტალურადაა მოთხრობილი მგზავრობის პერიპეტიები. 110 წლის წინანდელი ირანის ქალაქების აღწერა არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა გასართობი მაინც ვიპოვე. ერთ–ერთ გვერდზე აღნიაშვილი წერს, ქარავანი გზაში გაჩერდა და დასასვენებლად დაბანაკდაო. ამასობაში სად იყო სად არა, გამყოლი სპარსი გაძვრა–გამოძვრა, ტაშტი მოიტანა, შიგნით რძე, კვერცხი, წყალი, შაქარი და ყინულები ჩაყარა და ჩინებული მზრალა მოგვიმზადაო. ამის წაკითხვისთანავე თავში რაღაც ამენთო, რა მზრალა, რის მზრალა მეთქი?! იქვე სქოლიოში, გვერდის ბოლოში კი ეწერა: “მზრალა – მაროჟნი”… გამოდის რომ 110 წლის წინ სიტყვა ნაყინი ქართულ ენაში არ არსებობდა!

ისე საინტერესო იქნებოდა, საჯაროში ჩაჯდომა და მე–20 საუკუნის პრესისთვის თვალის გადავლება იმის დასადგენად, თუ როდიდან იხმარება სიტყვა ნაყინი ქართულში, მაგრამ საამისოდ არც დრო მაქვს და არც საკმარისი ენთუზიაზმი, ასე რომ თუ ვინმემ რამე იცით ნაყინის შესახებ მითხარით…

Advertisements

Written by linguistuss

June 13, 2009 at 1:45 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნაყინი — ეს არის ყველაზე ცივი ყველა სიამოვნებათა შორის. მის გარეშე რა უგემური იქნებოდა ცხოვრება….

    noemberi

    June 13, 2009 at 10:54 pm

  2. მზრალა – ეს სიტყვა ისე შმიყვარდა, აწი ალბათ ნაყინს აღარც ვახსენებ :)

    Inga

    June 16, 2009 at 5:05 pm

  3. ერთადერთი კარგი რაც ოთარის ფორუმის გადაკითხვას მოყვა ისაა რომ ისევ ვიპოვე ეს საიტი. მზრალა მართლა მაგარი სიტყვაა

    tamosha

    June 24, 2009 at 5:21 pm

  4. მე კიდე სომხური სიტყვა “პაღპაღაქ”- ნაყინი მომწონს. :-)

    Thea

    August 5, 2009 at 1:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: