ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

როცა არ გინდა და მაინც გატენიან

with 6 comments

spam

ჩემი მშობლები ჰყვებიან ხოლმე, თუ როგორი ძეხვეული იყიდებოდა უძრაობის ხანაში, ბრეჟნევის დროს. ასეთი ხორცპროდუქტები მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა. მსგავსი რამ აშშ–მაც იწვნია, დიდი დეპრესიის დროს, XX საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც დახლებზე ხორცის კონსერვი გამოჩნდა, სახელწოდებით “SPAM”. ეს ჯადოსნური სიტყვა კორპორაცია  Hormel–მა დააპატენტა, რომელიც ორი ინგლისური სიტყვის Spiced ham-ის (თარგმანში: სანელებლებიანი ლორი) ბოლოკიდურა ასოების შეერთებით მიიღო. ჰყვებიან იმ ისტორიასაც, თუ როგორ დაუგროვდა კომპანია Hormel–ს უზარმაზარი რაოდენობის არალიკვიდური ხორცი, რაზედაც რუსები ამბობენ мясо 3-й свежести-ო. აქვე ბულგაკოვის “ოსტატ და მარგარიტას” თუ გავიხსენებთ, სადაც ვოლანდი ამბობს – Свежесть бывает только одна – первая, она же и последняя – სრულ ილუსტრაციას მოვახდენთ, თუ როგორი საკვები გახლდათ ის ჩაწოლილი ხორცპროდუქტი, რომლის წარმოებაც კორპორაცია Hormel–მა დაიწყო კონსერვის სახით აშშ–ში დიდი დეპრესიის დროს.

რიგითმა ამერიკელებმა, რასაკვირველია, ეს კონსერვები არ შეიძინეს, თუმცა კომპანიის თავკაცებმა მარკეტინგული ომი დაიწყეს და ბაზრის დაბომბვას შეუდგნენ. სადაც კი მიესვლებოდათ ყველგან ტენიდნენ ამ კონსერვებს, უფასო სასადილოებში, აშშ–ს ფლოტში, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაში და ა.შ. ამან განსაკუთრებით იჩინა თავი მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მოკავშირე ქვეყნების დახმარებისას სხვადასხვა საკვები პროდუქტებით. ასე და ამგვარად გახდა “სპამი” იმის სიმბოლო, რაც არ გსურს, თუმცა ძალით გატენიან და იძულებული ხარ, რომ მოიხმარო. ომის შემდგომდროინდელ ინგლისში, ეკონომიკური კრიზისის დროს სპამი ინგლისელთა მთავარი საკვები გახდა, რომელიც შემდგომში ჯორჯ ორუელმა აღწერა თავის 1984–ში, ახლაც მახსოვს თუ რა ზიზღით ლაპარაკობს მთავარი პერსონაჟი, უინსტონ სმიტი იმ ვარდისფერი ხორცის შესახებ, სასადილოში რომ აჭმევენ.

მეორე რეინკარნაცია ამ სიტყვამ გასული საუკუნის 90–იან წლებში განიცადა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა პატარა ბავშვივით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ვიღაც ჭკვიანს მოუვიდა აზრად ელექტრონული ფოსტის მისამართების მოგროვება და მათთვის საკუთრი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტების აღწერილობის გაგზავნა. იდეამ გაამართლა, როგორც იაფფასიანმა სარეკლამო საშუალებამ. შემდგომში მას სხვებმაც მიბაძეს და დღესდღეობით ელექტრონული ფოსტა სპამერთა ტყვეობაში აღმოჩნდა. ვინც ელექტრონული ფოსტით სარგებლობს მან აუცილებლად იცის რომელი კომპანია აწარმოებს ვიაგრას, სად და რა საშუალებით შეიძლება ასოს გადიდება, სად და როდის ტარდება დიმა ბილანის შემდეგი კონცერტი და ა.შ.

ამ სიტყვას დღესდღეობით უფრო განზოგადებული მნიშვნელობა აქვს და სპამი არამხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული არასასურველი წერილია. სპამია მაგალითად სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას ცოლის მიერ მოყოლილი ამბავი, თუ როგორ იჩხუბეს მე–6 სართულის ლამარამ და მე–9 სართულის სერგომ, სპამია ბზობისა და ახალი წლის დღესასწაულის მისალოცი ტექსტი, რომელსაც მობილურით ყველა იმ ადამიანს უგზავნი, ვინც დაფიქსირებული გყავს ტელეფონში. სპამია – მავანი ტელეკომპანიების მიერ, ლელა კაკულიას გაზეთის რეკლამირება… შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია ორ ნაწილად იყოფა: სასურველ ინფორმაციად და სპამად. ინფორმაციულ ერაში კი ჩვენი ბედნიერების ფორმულა ასეთია: რაც ნაკლებია სპამი, მით უფრო კარგად გრძნობს ადამიანი თავს.

P.S. გაუგზავნეთ ამ სტატიის მუდმივი ბმული თქვენს მეგობრებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სკაიპის, ან თუნდაც მტრედების საშუალებით და გააბედნიერეთ ისინი…

Advertisements

Written by linguistuss

June 13, 2009 at 2:00 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. monty python დაგავიწყდა :P

    WDC

    June 13, 2009 at 2:44 pm

  2. ვახო, დავით სოკოლოვი მონაგონია შენთან შედარებით :D

    Goga

    June 13, 2009 at 2:45 pm

    • რა დაყენებული ხმა აქვს, არა? :D

      WDC

      June 13, 2009 at 3:29 pm

  3. საინტერესო წამოწყებააა აუდიო ჩანაწერები, მაგრამ პატარა შენიშვნა მაქვს. კარგი იქნება, თუ ცოტა უფრო მეტად დაემსგავსება ჩანაწერი საუბარს, თორემ სკოლაში მგონია თავი რომ ვუსმენ, ზუბრი ბავშვები რომ გაკვეთილს ყვებოდნენ :P

    meloti lady :D

    June 13, 2009 at 5:26 pm

  4. სამწუხაროა რომ სპამ-ფილტრი მხოლოდ ელფოსტაში გვაქვს. აი ლამზირას ამბავს და საახალწლო სმს-ს ეგრე იოლად ვერ მოიშორებ :)

    aia007

    June 14, 2009 at 12:26 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: