ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Forum Games 2009

with 11 comments

დღეს შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი ფორუმებს შორის, სადაც სხვადასხვა ფორუმების 20 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. სულ დასმული იყო 36 შეკითხვა. ტურნირი ჩატარდა სამ 12 კითხვიან ტურად. 18 კითხვა ჩემი იყო, მეორე 18 კითხვა ირაკლი ნაზღაიძემ და ლევან ჩხეიძემ დაწერეს (კითხვებს ავტორებს არ მივაწერ, თავად გამოიცანით:). გაიმარჯვა “არგონავტებმა” 23 სწორი პასუხით, მეორე ადგილზე გორგილაძის გუნდი გავიდა, მესამეზე კი – ვიტამინი, რომლებმაც 21 სწორი პასუხი გასცეს, თუმცა უფრო რთული კითხვები რეიტინგის თანახმად გორგილაძის გუნდს ჰქონდა გამოცნობილი, ამიტომაც მეორეზე ისინი გავიდნენ. კითხვებს და შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ.

[პასუხები, კომენტარები და წყაროები არის დაბეჭდილი თეთრად, რომ მათ, ვინც არ იციან შეკითხვები პასუხები არ შემოეკითხოთ. მათ სანახავად მონიშნეთ მაუსით “პასუხის” გასწვრივ ტექსტი]

პირველი ტური:

1. გერმანიაში მანქანის სანომრო ნიშნებზე გამოსახული ასოითი პრეფიქსი ქალაქის ან ფედერალური მიწის აღმნიშვნელია. მაგალითად ავტომობილი, რომლის ნომერი იწყება პრეფიქსით “B” დარეგისტრირებულია ბერლინში, “DD” – დრეზდენში და ა.შ. ნომენკლატურის საწინააღმდეგოდ, გერმანიის ერთ–ერთი რაიონი იყენებს თავისი დედაქალაქის, პირნის პრეფიქსს. ყოველივე ამის მიზეზი კი გასულ საუკუნეში შექმნილი ერთ–ერთი ორგანიზაციაა. არ გეკითხებით გერმანიის ამ რაიონს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.

პასუხი: SS
კომენტარი: საქსონურ შვეიცარიაში (Sächsische Schweiz) დარეგისტრირებული მანქანები უნდა ატარებდნენ პრეფიქსს “SS” რაც კანონით აკრძალულია.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Индекс_автомобильных_номеров_Германии

2. როგორც ცნობილია არსებობს „ბეჭდების მბრძანებლის“ რუსული თარგმანის საკმაოდ მრავალი ვარიანტი, რომელშიც საკუთარი სახელების და ტოპონიმების რუსიფიცირება ხდება. მაგალითად, ტერიტორია, რომელიც ორიგინალში „როჰანის“ (Rohan) სახელით არის ცნობილი, რუსულ თარგმანებში ფიგურირებს, როგორც რისტანია, მუსტანგრიმი და სხვა. გაიხსენეთ რითია განთქმული ტოლკიენისეულ სამყაროში ეს რეგიონი და დაასახელეთ იაპონური კომპანია, რომლის სახელწოდება ემთხვევა ამ ტოპონიმის კიდევ ერთ რუსულ თარგმანს.

პასუხი: კონიკა
კომენტარი: როხანი განთქმულია თავისი ცხენებით და ცხენოსნებით. ერთ–ერთ თარგმანში, „ცხენების ქვეყანას“ – კონიკა [ცხენი – конь (რუს.)] უწოდეს.
წყარო: http://www.kulichki.com/tolkien/arhiv/ugolok/trans.shtml, http://ru.wikipedia.org/wiki/Рохан

3. შვედი ისტორიკოსი სტრინჰოლმი, ასე აღწერს 843 წელს, სევილიის მახლობლად მომხდარ ბრძოლას: „შესანიშნავი მოვლენაა ორი მომთაბარე ხალხის შეხვედრა, რომელთაც ერთმანეთი მანადმე არ უნახავთ… პირველნი – ჩრდილოეთის ყინულოვანი ქვეყნებიდან, მეორენი კი მხუთვარე მზისა და ქვიშის შვილები არიან“. ამის შემდგომ ისტორიკოსი დასძენს, რომ ამ შეხვედრას საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მაშინ მოხდა ღმერთის და ადამიანის დაპირისპირება. დაასახლეთ ღმერთიც და ადამიანიც, რომელიც მხედველობაში ჰქონდა სტრინჰოლმს.

პასუხი: მუჰამედი, ოდინი
კომენტარი: 843 წელს სევილიასთან, პირველად ისტორიაში, ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ ვიკინგები და არაბები. სტრინჰოლმის აზრით ამ დროს მოხდა ძველი და ახალი რელიგიების დაპირისპირება.
წყარო: А.М. Стрингольм «Походы викингов»

4. სკვითურ–სარმატულ ენაზე სიტყვა “დანუ” (dānu) ნიშნავს წყალს. ცნობილია სამი ობიექტი, რომელთა სახელწოდების ეტიმოლოგია დაკავშირებულია ამ ძველ სიტყვასთან. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ობიექტებიდან ორი მაინც.

პასუხი: დონი, დუნაი, დნეპრი
კომენტარი: საუბარია სამ გეოგრაფიულ ობიექტზე, კონკრეტულად კი მდინარეზე. ბოლოს და ბოლოს დანუ – ნიშნავს წყალს
წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Дунай 2. http://ru.wikipedia.org/wiki/Дон, http://ru.wikipedia.org/wiki/Днепр

5. ვიკიპედიაში, ფანტასტიკის ერთ–ერთი მიმდინარეობის (ჟანრის), დიზელპანკის შესახებ სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ჟანრის თითქმის ყველა ნაწარმოებში ფიგურირებენ ფსიქოპატი მეცნიერები, რომლებიც ადამიანებზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებენ. ჟანრისთვის დამახასიათებელ არქეტიპულ ფიგურებად სტატიაში მოხსენიებულია XIX საუკუნეში შექმნილი ორი ლიტერატურული პერსონაჟი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ მათი შემქმნელები.

პასუხი: ჰერბერტ უელსი, მერი შელი
კომენტარი: საუბარია დოქტორ მოროზე და დოქტორ ფრანკენშტაინზე.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Дизельпанк

6. ერთ–ერთი უძველესი ლეგენდის თანახმად, ვიკინგები შიმშილობდნენ, რაც საკვებისა და ზოგადად სანოვაგის უკმარისობამ გამოიწვია. ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ კენჭი ეყარათ, რომლის მიხედვითაც მრავალ ოჯახს სამშობლოს დატოვება მოუწია. ამის გამო ათასობით ადამიანი გადავიდა და დასახლდა შუაგულ კონტინენტზე. ამ ლეგენდაზე დაყრდნობით, ისტორიკოსი სტრინჰოლმი ცდილობს ახსნას ამ სახელმწიფოს სახელწოდების ეტიმოლოგია. თუმცა იმასაც დავძენთ, რომ თანამედროვე მეცნიერების მიერ ეს ვერსია უარყოფილია. დაასახელეთ თანამედროვე სახელმწიფო, რომლის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ზემოთხსენებული ლეგენდა.

პასუხი: შვეიცარია
კომენტარი: ისტორიკოს სტრინჰოლმის აზრით, ვიკინგები, კერძოდ კი შვედები, გადმოვიდნენ მატერიკზე და დასახლდნენ თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორიაზე. სტრინჰოლმიც ხომ შვედია
წყარო: А.М. Стрингольм «Походы викингов»

7. გუნდებს ურიგდებათ ტექსტი: [Advanced Step in Innovative Mobility] თქვენს წინაშეა კომპანია Honda–ს მიერ წარმოებული ერთგვარი, სპეციფიური პროდუქტის ოფიციალური სახელწოდება. კომპანიის ხელმძღვანელობას არაერთხელ მოუწია განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ ამ პროდუქტის სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს ერთ გამოჩენილ ადამიანთან. არ გეკითხებით რა ტიპის პროდუქტზეა საუბარი, დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელსა და პროდუქტის სახელწოდებას შორის კავშირსაც უარყოფენ ჰონდას მესვეურები.

პასუხი: აზიმოვი
კომენტარი: ASIMO (“Advanced Step in Innovative MObility”) ჰონდას მიერ წარმოებული რობოტია. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ამ რობოტის სახელწოდებას არავითარი კავშირი არ აქვს აზიმოვის სახელთან.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/ASIMO 2. http://en.wikipedia.org/wiki/Big_three#Other

8. ოპტიკური ხელსაწყოების მწარმოებელი ეს ამერიკული კომპანია დაარსდა 2002 წელს ჰოლანდიური წარმოშობის, ამერიკელი ფიზიკოსის, ნეილ ვან ჰიტერის მიერ. კომპანია სპეციალიზირებულია ისეთი პროდუქციის წარმოებაზე, როგორიცაა მიკროსკოპები, ბინოკლები და ტელესკოპები. დაასახელეთ ამ კომპანიის სახელწოდება, რომელიც წარმოადგენს გამოჩენილი მეცნიერის გვარს და ამავდროულად ხაზს უსვამს კომპანიის სპეციალიზაციას და მისი დამფუძნებლის ვინაობას.

პასუხი: ლევენჰუკი
კომენტარი: დამფუძნებელი როგორც აღვნიშნეთ წარმოშობით ჰოლანდიელია, რომელმაც კომპანის სახელი, თავისი თანამემალის, მიკროსკოპის შემქმნელის, ვან ლევენჰუკის პატივსაცემად უწოდა.
წყარო: http://www.levenhuk.com

9. ფილოლოგი კრიმპერერი იკვლელვს რა ნაცისტების ენობრივ ექსპერიმენტებს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იმდროინდელი გერმანიის ყოფითი სინამდვილე აბრევიატურებით იყო გაჯერებული და მოჰყავს ამის უამრავი მაგალითი. აქვე მეცნიერი დასძენს, რომ ფაშისტური იდეოლოგიის შემქმნელებმა სული ეშმაკს მიყიდეს, რის გამოც ჰიტლერის ეპოქაში ძალიან აქტუალური ერთი კონკრეტული აბრევიატურა იყო.
გაითვალისწინეთ მეცნიერის იუმორი და დაასახელეთ აბრევიატურა, რომელსაც კრიმპერერი გულისხმობდა.

პასუხი: SOS
კომენტარი: ხშირად ამ აბრევიატურას შიფრავენ როგორც “Save Our Souls”. ეშმაკზე მიყიდული სულები ნამდვილად საჭიროებდნენ გადარჩენას.
წყარო: http://fictionbook.ru/author/klemperer_viktor/lti_yaziyk_tretego_reyiha_zapisnaya_knij/read_online.html?page=1

10. ცნობილია, რომ სიკვდილმა მას შუა მუშაობაში მოუსწრო. ერთ ფანტასტიურ მოთხრობაში, მისი სული ლოცულობს, რათა იგი მოხვდეს ისეთ ადგილას, სადაც არ არიან ბარბაროსები და მას მუშაობის საშუალება მიეცემა. ლოცვის შედეგად მისი სული ხვდება პერუში, რითაც მოთხრობის ავტორი ნასკას გეოგლიფების წარმოშობას ხსნის. არ გეკითხებით ვიზეა საუბარი, დაასახელეთ ადგილი სადაც იგი სინამდვილეში გარდაიცვალა.

პასუხი: სირაკუზა
კომენტარი: საუბარია არქიმედეზე, რომელიც ლეგენდის თანახმად რომაელმა ლეგიონერმა (ბერძნები რომაელებს ბარბაროსებად თვლიდნენ) მოკლა, როდესაც მეცნიერი ნახაზებზე მუშაობდა.
წყარო: 1. http://www.mirf.ru/Articles/art1469.htm 2. http://en.wikipedia.org/wiki/Archimedes

11. თქვენს წინაშეა 1741 წელს შექმნილი ხატი. დაასახელეთ ქალაქი, როელიც გამოსახულია ამ ხატის უკანა ფონზე.

Archangel_Michael_and_City_of_Archangel პასუხი: არხანგელსკი
კომენტარი: ხატზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Архангельск

12. ალტერნატიური გეოგრაფია არის ფანტასტიკის ჟანრი, რომელშიც აღიწერება სხვა გეოგრაფიული რეალიების მქონე დედამიწა. ამ ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენლებად ითვლებიან დანიელ დეფო, ტომაზო კამპანელა, ჯონატან სვიფტი და სხვანი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თანამედროვე რუსი ფანტასტის, ალექსანდრე გრომოვის აზრით ამ ჟანრის ჭეშმარიტი ფუძემდებელია.

პასუხი: პლატონი
წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Альтернативная_география 2. http://www.mirf.ru/Articles/art81.htm

მეორე ტური:

1. ეს თანამდებობა შემოღებულ იქნა 1587 წელს რომის პაპის სიქსტუს V–ის მიერ და გასტანა 1983 წლამდე, მანამ იოანე პავლე II-მ ის არ გააუქმა. ამ თანამდებობის პირებს ევალებოდათ ყოველგვარი არგუმენტაციის მოძიება, რომელიც ხელს შეუშლიდა ამა, თუ იმ ადამიანის კანონიზაციას ან ბეატიფიკაციას. პიროვნებას ვერ მიაკუთვნებდნენ წმინდანების, ან ნეტარეთა რიცხვს ამ თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე. არ გეკითხებით, რომელ თანამდებობაზეა საუბარი, დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც თანამედროვე სამყაროში, ამ თანამდებობის სახელწოდებასთან ასოცირდება.

პასუხი: კიანუ რივზი
კომენტარი: თანამდებობას ეწოდებოდა “ეშმაკის ადვოკატი”. 1997 წელს ტეილორ ჰეკფორდის მიერ გადაღებულ იქნა ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც ადვოკატის როლს კიანუ რივზი ასრულებდა.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Devil’s_advocate 2. http://en.wikipedia.org/wiki/The_Devil’s_Advocate_(film)

2. საბჭოთა მათემატიკოსი ნიკოლაი ლუზინი მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი იყო. მეცნიერთა ამ არაფორმალური გაერთიანებას სამეცნიერო წრეებში მოიხსენიებენ ერთგვარი სახელწოდებით. დაასახელეთ ეს სახელწოდება, თუ ცნობილია, რომ ამ გაერთიანების “სეხნია” ერთ–ერთ ომში აშშ–ს ჩაბმის მიზეზად ითვლება.

პასუხი: ლუზიტანია
კომენტარი: ამ გაერთიანებას, ლუზინის პატივსაცემად “ლუზიტანიას” უწოდებდნენ. 1915 წლის 7 მაისს, გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ ჩაძირულ იქნა ამერიკული ლაინერი “ლუზიტანია” რაც გახდა მიზეზი პირველ მსოფლიო ომში აშშ–ს ჩაბმისა.
წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Лузин 2. http://en.wikipedia.org/wiki/RMS_Lusitania

3. კითხვის ავტორი წააწყდა ინტერნეტ საიტს, რომელიც განკუთვნილია გარკვეული ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტების მოყვარულთათვის. საიტზე შესაძლებელია საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციის მიღება გიტარაზე, ვიოლინოზე, ბანჯოზე, მანდოლინზე და სხვა მსგავს ინსტრუმენტებზე. საიტის სახელწოდება კი მხოლოდ ორი ასოთი განსხვავდება დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების ორიგინალი სახელწოდებისაგან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ საიტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე.

პასუხი: The Lord of the Strings
კომენტარი: საიტი ეძღვნება გარკვეული ტიპის, კონკრეტულად კი სიმებიან საკრავებს (გიტარა, ვიოლინო, ბანჯო და ა.შ.). სიმი ინგლისურად არის – String.
წყარო: http://www.lordofthestrings.com

4. ისტორიკოსი კარლაილი თავის ერთ–ერთ წიგნში საუბრობს საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ. წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად, რომელთაგან თითოეული აღწერს რევოლუციის გარკვეულ ეტაპს. პირველ ნაწილს, რომელშიც კარლაილი რევოლუციის საწყის ეტაპზე საუბრობს, ავტორმა “ბასტილია” უწოდა. მეორე თავში – საფრანგეთის ახალი კანონმდებლობის ბაზისებზეა საუბარი და ამ თავს კარლაილმა “კონსტიტუცია” უწოდა. დაასახელეთ მესამე, დასკვნითი თავის (ნაწილის) საკმაოდ მახვილგონივრული სათაური.

პასუხი: გილიოტინა
კომენტარი: დასკვნით ნაწილში ძირითადად საუბარია რევოლუციის ყველა სისხლიან ეტაპზე. სიტყვა “მახვილგონივრული” – დამატებითი მინიშნებაა პასუხზე.
წყარო: 1. http://www.lib.ru/HIST/KARLEJL/franch_revolution1.txt 2. http://www.lib.ru/HIST/KARLEJL/franch_revolution2.txt 3. http://www.lib.ru/HIST/KARLEJL/franch_revolution3.txt

5. გასული საუკუნის 70–იან წლებში, ეკოლოგმა ჯეიმს ლავლოკმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად დედამიწა თვითრეგულირებადი სუპერორგანიზმია, რომელიც დედასავით ზრუნავს ყოველივე ცოცხალზე. ლავლოკის ოპონენტი ბიოლოგი უორდი აცხადებს, რომ დედამიწა საკმაოდ მკაცრი დედაა, რადგანაც სახეობათა მასობრივი განადგურება თითქმის ყოველთვის შინაგანი მიზეზებით იყო გამოწვეული. ლავლოკის და უორდის ჰიპოთეზები ატარებენ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების სახელებს.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ორივე პერსონაჟი.

პასუხი: გეა, მედეა
კომენტარი: მითოლოგიის თანახმად, მედეამ საკუთარი ხელით მოკლა შვილები. გეა კი დედამიწაა, რომელიც ზრუნავს ყოველივე ცოცხალზე.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Гипотеза_Геи

6. გუნდებს ურიგდებათ ტექსტი: [Intrusion Countermeasures Electronics]. უილიამ გიბსონის ერთ–ერთი ფანტასტიურ რომანში, აქტიურად გამოიყენება კომპიუტერული პროგრამა, რომლის სახელწოდება გამოსახულია თქვენთვის დარიგებულ ფურცლებზე. ეს პროგრამა გამოიყენება ინფორმაციის უსაფრთხოების და დაცვის მიზნით. თუმცა არსებობს სხვა პროგრამა, რომელიც ამ დაცვის გასატეხათ გამოიყენება და რომელიც ერთი საგნის სახელწოდებას ატარებს. არ გეკითხებით რა ეწოდება ამ პროგრამას, უბრალოდ დაასახელეთ ადამიანი, რომელიც ზემოთხსენებული საგნით მოკლეს.

პასუხი: ლევ ტროცკი
კომენტარი: პროგრამას ქვია ICE (Intrusion Countermeasures Electronics), შესაბამისად მის გასატეხ პროგრამას ეწოდება Ice breaker (ყინულმჭრელი). ყინულმჭრელის საშუალებით 1940 წელს მოკლული იქნა ტროცკი.
წყარო: 1. Уильям Гибсон «Нейромантик» 2. http://en.wikipedia.org/wiki/Leon_Trotsky

7. ძველი რომაელები მათ შორის ყველაზე მოკლეს უწოდებდნენ “აურიკულარის”–ს, ანუ ყურისათვის განკუთვნილს, ყველაზე გრძელს კი “იმპუდიკუს”–ს, ანუ გარყვნილს და აღვირახსნილს. დაასახელეთ კიდევ ერთი მათგანის ქართული სახელწოდება, რომელსაც ძველი რომაელები უწოდებდნენ “დემონსტრატუს”–ს?

პასუხი: საჩვენებელი თითი
კომენტარი: ნეკა თითი – აურიკულარის, შუა თითი – იმპუდიკუს. საჩვენებელი თითი – დემონსტრატუს.
წყარო: P. G. W. Glare, Oxford Latin Dictionary, Oxford University Press, 1983

8. [შეკითხვაში არის ცვლილებები] ალან პაკულას ფილმში “სოფის არჩევანი” არის ასეთი ეპიზოდი: მერილ სტრიპის კინოპერსონაჟი შედის ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკარს სთხოვს ჯულია რობერტსის ლექსების კრებულს, მას აუხსნიან რომ ასეთი პოეტი, ჯულია რობერტსი არ არსებობს და სანაცვლოდ შესთავაზებენ ჯულია რობერტსონის ლექსებს, ან კარლოს რობერტსის რომანებს. ერთი წუთს შემდეგ მიხვდით პოეტის და რომანისტის ვინაობას და დაასახელეთ ლიტერატურულ სამყაროში არარსებული სახელი და გვარი, რომელიც შეკითხვაში შეცვლილია “ჯულია რობერტსით”.

პასუხი: ემილი დიკენსი
კომენტარი: პერსონაჟს შეეშალა და ემილი დიკინსონის და ჩარლზ დიკენსის სახელები და გვარები აურია ერთმანეთში. ზუსტად იგივე დაბოლოებით განსხვავდება რობერტსი რობერტსონისგან, ამასთან კარლოსი და ჩარლზი იდენტური სახელებია.
წყარო: ალან პაკულას ფილმი “სოფის არჩევანი”.

9. [მოთამაშეებს ურიგდებათ სურათი]

bra
ყურადღება შეკითხვა: რას აწარმოებს კომპანია, რომლის სარეკლამო პოსტერსაც ხედავთ ახლა დასარიგებელ მასალაში?

პასუხი: ბიუსტჰალტერებს, უფრო ზუსტად WonderBra-ს
კომენტარი: საუბარია სპეციფიურ ბიუსტჰალტერზე, WonderBra–ზე, რომელიც ერთი ზომით უმატებს მკერდის ზომას, შესაბამისად ფეისბუქში იზრდება მეგობრების რაოდენობაც :)
წყარო: http://adsoftheworld.com/media/print/wonderbra_friends

10. ორი მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, ორი საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებამ იმსხვერპლა, ერთ–ერთი ჩამოინგრა და ხელახლა ააგეს 1935 წელს. დღესდღეობით მხოლოდ ორი შემორჩა უვნებელი მათ შორის იმ ისტორიული შვიდიდან, რომლებიც გახდა ერთი შვეიცარიელის შთაგონების წყარო. არ გეკითხებით შვეიცარიელს, დაასახელეთ ქალაქი, სადაც შეგვიძლია შეკითხვაში ხსენებული ნაგებობების ხილვა.

პასუხი: კალინინგრადი (კენიგსბერგი)
კომენტარი: საუბარია კენიგსბერგის შვიდ ისტორიულ ხიდზე, რომლებზე დაკვირვების შედეგადაც ლეონარდ ეილერმა გრაფთა თეორია შექმნა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Seven_Bridges_of_Königsberg

11. ინგლისურენოვან ვიკიპედიაში სტატიაში “დანტე ალიგიერი” ეს სიტყვა ფიგურირებს 13–ჯერ. ფრანჩესკო პეტრარკასადმი მიძღვნილ სტატიაში კი – თოთხმეტჯერ. ამასთან ორივე სტატიაში ეს სიტყვა პირველადი მნიშვნელობით გამოიყენება. სტატიაში “კურტ კობეინი” ეს სიტყვა დაფიქსირებულია 31–ჯერ, ამასთან პირველადი მნიშვნელობით ის ნახსენებია მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ სიმღერის სათაურში. არცაა გასაკვირი, ვინაიდან ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია დანტესთვისაც და პეტრარკასთვისაც, განსხვავებით კურტ კობეინისგან, რომლისთვისაც ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ინგლისურენოვანი სიტყვა, რომელსაც შეკითხვის ავტორი ეძებდა ზემოხსენებულ სტატიებში.

პასუხი: LOVE
კომენტარი: კურტ კობეინის მეუღლე კორტნი ლავი გახლდათ, რომლის გვარიც ინგლისურად “სიყვარულს” ნიშნავს.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/Dante 2. http://en.wikipedia.org/wiki/Petrarch 3. http://en.wikipedia.org/wiki/Kurt_Cobain

12. ვალგალუს ტომის ენაზე სიტყვა „ნგანბრა“ აღნიშნავს ჩავარდნილ ადგილს ძუძუებს შორის. ერთი ვერსიის თანახმად ამ სიტყვამ წარმოშვა დედაქალაქის სახელწოდება, რომელიც ძუძუებს შორის ჩავარდნილი ადგილის სიმბოლიზირებას ახდენს, თუკი დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ ძუძუები მაუნტ ენსლი და ბლექ მაუნტია. დაასახელეთ ეს დედაქალაქი.

პასუხი: კანბერა
კომენტარი: კანბერა ინგლისურად სახეცვლილი „ნგანბრაა“.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/History_of_Canberra

მესამე ტური:

1. იგორ მოჟეიკო წიგნში „მეკობრეები, კორსარები და რეიდერები“ XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწე ინგლისელ მეკობრეებს, ჯონ ევერისა და ედვარდ ინგლენდს, უწოდებს ისევე, როგორც ეწოდება 1971 წელს გადაღებულ ფილმს. დაასახელეთ ამ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: იღბლიანი ჯენტლმენები
წყარო: И. Можейко, «Пираты, Корсары, Рейдеры», Санкт-Петербург, Асоциация «Вистон» ТОО «Санта», 1994, с. 5

2. ინტერნეტში მრავლად შევხდებით მსოფლიო ფინანსური კრიზისისადმი მიძღვნილ კრეატიულ ნამუშევრებს. ერთ–ერთ საიტზე წარმოდგენილი იყო თუ როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ცნობილი ლოგოტიპები კრიზისის დროს ოდნავ სახეცვლილ მდგომარეობაში. ასე მაგალითად, „ცისკო სისტემს“–ის ლოგოზე აწერია „ფიასკო სისტემს“. კომპანია ნოკიას ლოგოზე აწერია დევიზი: „დიქონნექთინგ ფიფლ“. კომპანია ქსეროქსის ლოგო დაბეჭდილია ცუდი კარტრიჯით. იაჰუს ლოგოზე ბოლოკიდურა ძახილის ნიშანი შეცვლილია კითხვის ნიშნით და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომლის ლოგოზეც კომპანიის სახელწოდების მაგივრად იმავე შრიფტით აწერია ინგლისური სიტყვა „დეფოლტ“.

პასუხი: რენო
კომენტარი: Renault და Default ორი ასოთი განსხვავდება ერთმანეთისგან და სტრუქტურული აგებულებით ერთმანეთის მსგავსები არიან.
წყარო: http://www.facebook.com/album.php?aid=13815&id=1383129171

3. სამეცნიერო ნაშრომში “იქსის ტესტირება და ხელოვნური იქსი თანამედროვე თურქულ მედიცინაში” თურქი სოციოლოგი დილექ ჯინდოღლუ წერს, რომ “იქსი პირადი საკითხი კი არ არის, არამედ სოციალური ფენომენიაო”, მიუხედავად იმისა, რომ იქსი სოციალური ფენომენია. იქსის სახელობის სასწავლო დაწესებულება თურქეთში არ არსებობს, საქართველოში კი პირიქით – გვაქვს მისი ინსტიტუტი. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ რა არის “იქსი”.

პასუხი: ქალიშვილობა
კომენტარი: საქართველოში გავრცელებული ფრაზეოლოგიზმი – “ქალიშვილობის ინსტიტუტი”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Namus

4. [მოთამაშეებს ურიგდებათ ტექსტი: ]

1. Pileqqaarneranni Guutip qilak nunalu pinngortippai.
2. Nuna taamani soqanngilaq ilisarsaananilu, taarnerullu itinersuaq qulangerpaa;
Guutillu nersaavata erngit qulangersimavai.
3. Guuti oqarpoq: »
Qaammarli!« Qaammarporlu.

თქვენს წინაშეა გრენლანდიელთა ენაზე, კალაალისუტზე წარმოდგენილი ერთი ძველი ტექსტის პირველი სამი აბზაცი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ როგორ ითარგმნება ქართულად სიტყვა, რომელიც ტექსტში ხაზგასმულია.

პასუხი: სინათლე (ნათელი)
კომენტარი: ეს არის ძველი აღთქმის „დაბადების“ პირველი სამი აბზაცი, რომლის მესამე აბზაცია: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.“.
წყარო: http://old.bibelselskabet.dk/grobib/web/bibelen.htm

5. ფრანგი ასტრონომი კამილ ფლამარიონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ასტრონომიის პოპულარიზაციას ეწეოდა. მისი წყალობით მთელი საფრანგეთისა და ევროპის მასშტაბით XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ასტრონომია აკადემიური მეცნიერებისგან მასობრივი გატაცების საგნად გადაიქცა. მის 70 წლის იუბილეზე ერთმა პოეტმა მას ოდა მიუძღვნა, სადაც კამილ ფლამარიონი ერთი ციური ობიექტის ალს იყო შედარებული, ალს რომელიც ბრწყინვალებით გვაჯადოებს და ამავდროულად ავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს საკვირველებით. გაითვალისწინეთ ფრანგების სიყვარული კალამბურების მიმართ და ერთი წუთის შემდეგ მითხარით ციური ობიექტი, რომლის ალსაც შეადარა კამილ ფლამარიონი პოეტმა.

პასუხი: ორიონი
კომენტარი: ლექსი შეიცავდა კალამბურს „ორიონის ალი“ (ფლამ დ’ორიონ) და ფლამარიონ.
წყარო: http://astroweb.ru/hist_/stat22.htm

6. თქვენს წინაშეა კრეატიული ნამუშევარი. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით, რა უწოდა ამ ნამუშევარს ავტორმა?

dead

პასუხი: სიკვდილის ჯგუფი
კომენტარი: წარმოდგენილ საასპარეზო ცხრილში გუნდების სახელწოდებების ნაცვლად ფიგურირებს სიკვდილისა და მკვდრეთის სამყაროს მფარველი ღვთაებების სახელწოდებები სხვადასხვა რელიგიებში.
წყარო: ცხრილის ავტორი თავად შეკითხვის ავტორია

7. მშობლებმა მას იანოში დაარქვეს. შვეიცარიასა და გერმანიაში სწავლის დროს იგი საკუთარ თავს იოჰანესს უწოდებდა, 1930 წლიდან კი მას მთელი მსოფლიო იცნობს სახელით „ჯონ“. იგი არის ავტორი თეორიისა, რომელსაც, თუ სახელწოდებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, უფრო მეტი კავშირი „რა? სად“ როდის“–თან აქვს, ვიდრე ამ ადამიანის უმთავრეს პროფესიასთან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჰქვია ამ თეორიას.

პასუხი: თამაშთა თეორია
კომენტარი: საუბარია უნგრული წარმოშობის ამერიკელ მათემატიკოსსზე ჯონ ფონ ნოიმანზე.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ფონ_ნოიმანი

8. [მოთამაშეებს ურიგდებათ სურათი]

leftright

ყურადღება შეკითხვა: რა პრინციპითაა გაყოფილი მსოფლიო ორად?

პასუხი: მარჯვენა და მარცხენა საგზაო მოძრაობა
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Right-_and_left-hand_traffic

9. შვეიცარიული კომპანია “როლექსის” წარმოებულ საათებს აქვთ ერთი უცნაურობა. ციფერბლატზე რომაული ციფრებით წარმოდგენილ რიცხვებში რიცხვი ოთხი ჩაწერილია ოთხი ცალი ერთიანით და არა ერთიანით და ხუთიანით. სპეციალისტები ამას ძველი რომაული ტრადიციით ხსნიან, რომლის თანახმადაც ოთხის კანონიკური ფორმით, ერთიანით და ხუთიანით ჩაწერა მკრეხელობა იყო, ვინაიდან მეოთხე ვერ იქნებოდა ის, რომელსაც ვიცნობთ უპირველესად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ უპირველესის სახელი.

პასუხი: იუპიტერი
კომენტარი: IV – ძველ რომში IVPITER–ის შემოკლებული ფორმა იყო.
წყარო: http://precisiontime.blogspot.com/2008/05/rolex-roman-iv-or-rather-iiii_29.html

10. ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთმა ვაშინგტონ–პოსტმა შესთავაზა თავის მკითხველებს შეექმნათ ცნობილი ნაწარმოებების სათაურების გაერთიანებით მიღებული ჰიბრიდი სათაურები. ამის შემდგომ გამოვლინდა საუკეთესო ათეული, რომელშიც შევიდნენ: “მაკიაველის პატარა პრინცი”, “კოსმოსური ილიადა 2001”, “Catch-22 in the rye”. დაასახელეთ კიდევ ერთი ჰიბრიდი ნაწარმოების სათაური, რომელიც შექმნილი იყო რედიარდ კიპლინგისა და ტურ ჰეიერდალის ნაწარმოებების სათაურების გაერთიანებით.

პასუხი: რიკი–კონ–ტიკი–ტავი (ჩაითვალა კონ–ტიკი–ტავიც)
წყარო: http://www.washingtonpost.com/wp-srv/style/invitational/invit990328.htm

11. 1972 წელს “როლინგ სთოუნზ“–ის წევრებმა, მიკ ჯაგერმა და კეიტ რიჩარდსმა დაწერეს სიმღერა „Sweet Black Angel” (საყვარელი შავი ანგელოზი). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი და გვარი პიროვნებისა, რომელსაც მიეძღვნა ეს სიმღერა.

პასუხი: ანჯელა დევისი
კომენტარი: საუბარია შავკანიან ამერიკელ პოლიტიკურ აქტივისტზე, რომელიც ამ დროს იყო დაკავებული და რომლის გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ კომუნისტურ ქვეყნებში, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Sweet_Black_Angel

12. ძველ საბერძნეთში „პითოსი“ წარმოადგენდა ადამიანის სიმაღლის უზარმაზარ თიხის ქვევრს, რომელშიც ძველი ბერძნები მარცვლეულს, ღვინოს და ზეთს ინახავდნენ. XVI საუკუნეში ერაზმ როტერდამელმა ჰესიოდეს თეოგონიის თარგმნის დროს, „პითოსი“არასოწორად თარგმნა ლათინურად, როგორც „პიქსის“. სწორად ამის გამო ერთ ძვ. ბერძნულ ფრაზეოლოგიზმში ქვევრის, ანუ პითოსის ნაცვლად ფიგურირებს „პიქსის“. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ როგორ ითარგმნება „პიქსის“ ქართულად, დაასახელეთ სახელი ქალისა, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ ფრაზეოლოგიზმში.

პასუხი: პანდორა
კომენტარი: საუბარია „პანდორას ყუთზე“, რომელსაც ძვ. ბერძნები „პანდორას პითოსს“ უწოდებდნენ. ერაზმ როტერდამელმა პითოსი თარგმნა როგორც „პიქსის“, რაც ლათინურად პატარა ზომის ყუთს აღნიშნავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Pandora’s_box

შედეგები:

პირველი ტურის შემდეგ
მეორე ტურის შემდეგ
მესამე ტურის შემდეგ (საბოლოო)

Advertisements

Written by linguistuss

June 27, 2009 at 10:30 pm

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რბილად რომ ვთქვათ, კთხვების ნახევარი სუსტია, ჩ.მ.ა.

    მომიტევეთ კატეგორიულობა :)

    Shalva K.

    June 27, 2009 at 11:00 pm

  2. არადა ძაან მაგარი კითხვებია. საღოლ.

    mindeli

    June 27, 2009 at 11:05 pm

  3. მადლობა ვახო კითხვებისთვის :)

    მომეწონა ნამდვილად :)

    kesha

    June 27, 2009 at 11:49 pm

  4. ძალიან მაგარი კითხვები იყო, დიდი მადლობა ავტორებს საინტერესო თამაშისათვის

    Azazello

    June 27, 2009 at 11:56 pm

  5. თანდათანობით უმჯობესდება. ბოლო ტური მგონი საუკეთესოა

    Shalva K.

    June 28, 2009 at 12:13 am

  6. ნაზღას კითხვები თემატიკით იყო ძალიან ერთფეროვანი… და მაგიტომ იყო შენი კითხვები შედარებით უკეთესი :D ისე კი, მართლაც უღრმესი მადლობა გაწეეული სამუშაოსატვის, ძალიან ვისიამოვნე! დაამტკიცეთ, რომ სპეცები ხართ ამ საკითხში :P

    chiqo

    June 28, 2009 at 1:03 am

  7. დიდი მადლობა კითხვებისთვის,განსაკუთრებით ფანტასტიკა :)

    Spark

    June 28, 2009 at 1:06 am

  8. კარგი კითხვები იყო. შეესაბამებოდა გუნდების საშუალო დონეს. :)

    ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ რიკი–კონ–ტიკი–ტავი-ს გარდა სხვა არცერთი პასუხი არ უნდა ჩათვლილიყო და თუ მაინც ჩაითვლებოდა მაშინ ყველა ისეთი უნდა ჩათვლილიყო სადაც გუნდი მიხვდა კითხვის შინაარსს. (მაგალითაც ცაგარელის გუნდი)

    მოგებული თამაში წავაგეთ ჩვენი შეცდომებითა და მაგ კითხვის ჩათვლით. თითქმის ყველა იოლი შეკითხვა გავმაზეთ.

    ისე ვახო საინტერესოა რეიტინგით ბალაშ გორგილაძის გუნდმა მოუგო არგონავტებს?

    პ.ს კარგი იქნება ვახო თუ უფრო მკაცრი გახდები პასუხების ჩათვლა არ ჩათვლის ამბავში. თსუ-ს ჩემპიონატზეც და აქაც სადაო საკითხებში თითქმის ყოველთვის ყველანაირ პასუხს თვლი. მარტო ის რომ გუნდი რაღაცას მიხვდა არ ნიშნავს, რომ პასუხი გასცა შეკითხვას. შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ გაარტყას და მაგის გამო პასუხი არ უნდა ჩაითვალოს.
    ეგრე საბაშვილის გუნდმაც იცოდა აკაკის მეუღლე(თუ დედა, აღარ მახსოვს ზუსტად) რომ იყო პასუხი, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენეს და არ ჩაითვალა. არადა კითხვის აზრს ჩასწვდნენ იდეაში : )

    დიდი მადლობა კითხვებისთვის. კარგი პაკეტი იყო

    Leonard Shelby

    June 28, 2009 at 7:43 am

  9. ვახოს კითხვები ძირითადად ძალიან კარგი იყო. იყო რამდენიმე სუსტი კითხვაც, მაგალითად კითხვა რიკი ტიკი ტავიზე რომელმაც არეულობაც გამოიწვია, მეტ ფილტრს და გამართვას მოითხოვდა. ცუდი არ იყო პირველი 18 კითხვაც. დიდი მადლობა კითხვების ავტორებს, მე პირადად ასეთი სიამოვნება თამაშიდან კაი ხანია არ მიმიღია:)
    ნიკა (ესებუა), რეიტინგები ვერ შედარდება სხვადასხვა რაოდენობის გამოცნობილი კითხვების შემთხვევაში. ისე, დიდი შანსი იყო, ორი კითხვით მეტი რო გამოგვეცნო, ჩვენც და თქვენს მოვუგებდით არგონავტებს:) თქვენთან წავაგეთ ოდენ ერთი ქულით რეიტინგში 226-225 მგონი:)

    soso

    July 3, 2009 at 8:13 pm

  10. ეჰჰ კარგი იყო =)))
    კარგი კითხვები იყო ძალიან ;)

    skiT

    July 3, 2009 at 9:50 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: