ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ

with 7 comments

ბოლო რამდენიმე დღეა ფანტასტიკაზე გადავერთე. ამას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ პრინტერი ვიყიდე და მეორე კი ის, რომ ინტერნეტის სქროლვა მომბეზრდა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაკლდა მხატვრული ლიტერატურით მიღებული სიამოვნება, უფრო კონკრეტულად კი სამეცნიერო ფანტასტიკით, ვინაიდან მხატვრულ ლიტერატურას წიგნების სახით ასე თუ ისე მაინც ვეცნობოდი. ერთ–ერთი პირველი მოთხრობა, რომელიც მომხვდა ხელში პოლ ანდერსონის “Call me Joe”, ანუ “ჯო დამიძახეთ” იყო… სწორად ამ მოთხრობაზე მსურს საუბარი დღეს.

მოთხრობა 1957 წელსაა დაწერილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანა იდგა. სიუჟეტი იუპიტერთან ახლოს მდებარე კოსმოსურ სადგურზე ვითარდება, სადაც შეკრებილი მეცნიერთა ჯგუფი იუპიტერის კოლონიზაციას ცდილობს სიცოცხლის ხელოვნური ფორმებით. მათ შემუშავებული აქვთ ხელოვნური ინტელექტის მქონე მოდელები, რომელთა საშუალებითაც ისინი ცდილობენ იუპიტერის გარემოს შესწავლას და უფრო მეტიც პლანეტის ბინადარი “ველური” არსებების ჩანაცვლებას ხელოვნური ინდივიდებით, რომლებსაც სადგურიდან ოპერატორები მართავენ.

მოთხრობა იუპიტერის რეალიების აღწერით იწყება, სადაც პლანეტის ზედაპირზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად “ჯო” უმკლავდება გაუსაძლის გარემო პირობებს. იგი ფიზიკურად მუშაობს, ბუნაგს იშენებს, დაუპატიჟებელ იუპიტერელ ურჩხულებს უმკლავდება და ერთი სიტყვით იბრძვის გადარჩენისათვის. იგი მის “თანამოძმეთა” შორის ერთადერთი წარმომადგენელია. მასზეა დამოკიდებული სამეცნიერო ჯგუფის მუშაობის შედეგი. თუ ჯო გადარჩება ე.ი. შრომას ტყულ–უბრალოდ არ ჩაუვლია და პლანეტაზე სხვა ნიმუშებსაც გადასვამენ, რომლებიც პლანეტის ბატონ–პატრონები გახდებიან უახლოეს მომავალში.

სულ მალე ვიგებთ, რომ ჯო იმართება სადგურიდან, განსაკუთრებული ტელეპათიური მეთოდით, რომელსაც ფსიონიკას უწოდებენ. მისი მმართველი ოპერატორი კი დაინვალიდებული მეცნიერი ედ ენგლსია. ყველაფერს ენგლსი კარნახობს ჯოს, თუ რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორ აარიდოს თავი პრობლემებს და ა.შ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში თავად ჯოს პიროვნება ნელ–ნელა ყალიბდება გამოცდილების მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ენგლსის მთელი მეხსიერება, გამოცდილება, აზრები და ემოციები ახალი იუპიტერელის განუყოფელი ნაწილი გახდება.

მოთხრობის ფაბულა აგებულია განუწყვეტელ თავისტკივილზე, რომელიც ენგლს ჯოს მართვაში უშლის უშლის ხელს. დროთა განმავლობაში მართვადი ინდივიდის დამორჩილება უფრო და უფრო ძნელი ხდება, ამიტომაც ჩათვლიან, რომ ფსიონიკური მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა და სპეციალურად საამისოდ დედამიწიდან ამ საკითხში ექსპერტს ვინმე კორნელიუსს მოიწვევენ, რომელიც გვევლინება ამ ნაწარმოების მთავარ შერლოკ ჰოლმსად.

კორნელიუსი კოსმოსურ ლაბორატორიაში დაბანაკდება და იწყებს პროექტში მონაწილე მეცნიერ–თანამშრომლების გამოკითხვას. ბოლოს გაარკვევს, რომ სავარძელს მიჯაჭვული ენგლსი თითქმის სულ ჯოზეა გადართული და რამდენიმე კვირაა, რაც კონტაქტში არ შესულა კოლეგებთან. კორნელიუსი შემდეგ ფსიონიკის დეტალებში გვარკვევს. ვიგებთ იმასაც, რომ იუპიტერზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად ჯო, თავიდან ჩვილი ბავშვივით უსუსური არსება ყოფილა, რომელსაც არანაირი უნარ–ჩვევა არ ჰქონია და ეს ტაბულა რაზა  უქცევია ედ ენგლს ამაყ იუპიტერელად ფსიონიკის საშუალებით…

საბოლოოდ კორნელიუსი ჯოსა და ენგლსის ფსიონიკურ კავშირში იპოვის პრობლემის მიზეზს, დაადგენს დამოკიდებულებას ენგლსის გაუცხოვებასა და ფსიონიკურ ტალღებს შორის. გაირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ჯოს ენგლსის მთლიანი მეხსიერება და უნარ–ჩვევები გადაეცემა, ჯო ხდება თავად ენგლსი და შესაბამისად ენგლსი ხდება მართვადი ახალი ენგლსის, ანუ ჯოს მიერ. ერთი სიტყვით ბოლოში ენგლსი ნებაყოფლობით იღუპება და ჯოს სახით აგრძელებს ცხოვრებას პლანეტა იუპიტერის ზედაპირზე. მოთხრობის სათაურიც ზუსტად ამას ეხმიანება, ენგლსი გადაწყვეტს, შეწყვიტოს უბადრუკი არსებობა როგორც ადამიანმა და გააგრძელოს ცხოვრება იუპიტერელი ჯოს სახით!

ყველაზე მეტად ამ მოთხრობის თემამ მომხიბლა, რაც ვირტუალური და რეალური ცხოვრების დაპირისპირებაში გამოიხატებოდა. დიდი ოსტატობითაა აღწერილი სავარძელს მიჯაჭვული ენგლსის აღტკინება, როდესაც ჯოზე ლაპარაკობს, მისი ჩაკეტილობა, გარემოსთან გაუცხოვება და ამასთან ჯოს შეუდარებლად ძნელი და ამავე დროს საინტერესო ყოფა პლანეტა იუპიტერზე. მსგავსი რამ, შეიძლება მრავალ თქვენთაგანს განუცდია, როცა Second Life-ისა და Line Age-ის ვირტუალურ სანახებში ჩაკეტილი ადამიანის ყოველგვარ ნიშან–წყალს ჰკარგავდით, თუმცა აქ მხოლოდ ქსელურ თამაშებზე არ არის საუბარი…

ეს მოთხრობა რომ წავიკითხე ჩემი თავი გამახსენდა, ამ 9 წლის წინ თუ როგორ გავხდი ოდესღაც ლინგვისტუსი. თავიდან ეს სახელი არაფერს ნიშნავდა, მოგონილი სიტყვა იყო და მეტი არაფერი. შემდგომში განზომილება შეიძინა, ხასიათი და უფრო მეტიც დამოუკიდებლად დაიწყო არსებობა ინტერნეტში. ბოლო 9 წელია, თუკი სადმე ვრეგისტრირდები ეს სახელი მქვია, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს ამ სახელით და  სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ინტერნეტში ვიწყებ ბოდიალს მე აღარ ვარ მე, მე ვარ ლინგვისტუსი, ამიტომაც ედ ენგლსისა არ იყოს, თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ :)

Advertisements

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიყვარს შენი ბლოგი.
    ეს პოსტი ძალიან კარგი გამოვიდა. არც ვიცი რა დავამატო..
    Люди живущие в сети…

    )

    ნატოშა

    July 1, 2009 at 3:56 am

  2. მე კიდე სულ 10 წუთით მარა ძალიან გემრიელად აღმოვჩნდი იმავე სამყაროში გუშინ “10 წუთი ….” (სახელი არ მახსოვს) ყურებისას.

    მოკლედ აი სხვა და სხვა რეჟისორების მიერ გადაღებული მოკლე მეტრაჟიანი(ა ვერნეე 10 წუთიანი) ვეშები როა 10 წუთის სობსტვენნა შესახებ. (gol.ge-ზე დევს 2 ფილმია).

    ხოდა პირველ ფილმში არის რობერტ რედფროდის მოკლე მეტრაჟკა სადაც ტიპი ბრუნდება ტრანს-ვარსკვლავური მოგზაურობიდან(ჩორტ ივო ზნაეტ იქ რას აკეთებდა) – მოკლედ გაიფრინ გამოიფრინა 80 სინათლის წელიწადი ჯამში და ტოლი აქტიურად გაატარა სულ 10 წუთი, ტოლი ანაბიოზში სულ 10 წუთით დაბერდა, მოკლედ საერთო ჯამში ბრუნდება დედამიწაზე 80 წლის შემდეგ რა, არანაირი განცვიფრება და ზედმეტი ნაიგრანნი ემოციები იასნია არ არი, ის ასტრონავტია, ბრუნდება დედამიწაზე სადაც რაღაცეები შეიცვალა, რაღაცეები არ შეიცვალა, nothing special მოკლედ ამ მხრივ, ფილმი კი არის იმაზე რო…

    ეს ტიპი მიდის საკუთარ სახლში, სადაც კარს უღებს ვიღაც გოგო და აყავს ვიღაც სასტიკად მოხუც ბებერთან, აი ტიპი რო ზის და ქვიშა რო ცვივა და ან ეხლა მოკვდება ან ეხლა… თემა იმაშია რო ეს ბაბუა არის მისი შვილი, რომელიც მამას 80 წელია ელოდება… მამამისისთვის კი მისი დატოვებიდან სულ 10 წუთი გავიდა… ფინალური “მამა მე შენ მიყვარხარ” – მომაკვდავი ბაბუის ტუჩებიდან და “მეც მიყვარხარ შვილო” – ახალგაზრდა ჯანიანი ჯიგარისგან იასნია ძაან საკაიფოა. :დ

    Cyborg Mcloud

    July 1, 2009 at 6:25 am

  3. ორი თვის წინ აღმოვაჩინე ლინგვისტუსის ბლოგი, მას შემდეგ, ერთგვარი რიტუალივითაა – ყოველი ახალი დღე ამ ბლოგით იწყება… :)

    nina

    July 1, 2009 at 1:56 pm

  4. საინტერესო იყო :)) რაც შეეხება ვირტუალურ სივრცეს რეალურს ძალიან გვაშორებს მართლა და მეც საშინლად მომბეზრდა. კიდევ კარგი წიგნებს როცა ინტენსიურად ვკითხულობდი მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა, წარმომიდგენია რამდენს დავკარგავდი.

    ketusiaa

    July 1, 2009 at 7:32 pm

  5. ჩემთვის ყოველთვის ვახულიკა იქნები :P

    კრუ

    July 2, 2009 at 2:42 pm

  6. გნოსტიკურ მოძღვრებებში არსებობს ასტრალური სხეულის ცნება, ერთგვარი არამატერიალური სუბსტანცია, რომელიც ადამიანს გამოეყოფა და მის მაგივრად მოგზაურობს სამყაროში, როგორც მისი ცნობიერების ახალი პოლუსი.

    თუ გავიხსენებთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში კოსმოსის ცნებას ინტერნეტი ითავსებს, აღარ გაგვიკვირდება, რატომ გექმნება ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური აზრი, თითქოს არსებობს ვახო და არსებობს ლინგვისტუსი, რომელის “კოსმოსში” მაშინ იწყებს მოგზაურობას, მაშინ იღვიძებს, როცა შენ ინტერნეტ სივრცეში შედიხარ.

    ამასთა დაკავშირებით შეგიძლია წაიკითხო:

    “Chaos & Cyberculture” Timothy Leary
    “Surfing the Conscious Nets” Timothy Leary
    “Simulations of God” John C. Lilly

    ესენი წაიკითხე და დანარჩენს მერე მიგითითებ :P

    p.s: სხვათა შორის, ამ თემაზე მუშაობს საკმაოდ ნიჭიერი ქართველი კიბერ სხეული nextdreamhacker–ი.

    levan

    July 5, 2009 at 10:15 pm

  7. ძალიან მომეწონა “ინტერნეტის სქროლვა”.

    ოთარი

    July 10, 2009 at 12:04 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: