ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

@rrobase – უნივერსალური სიმბოლო

with 12 comments

arrobes

2002 წელს ფრანგულის შესწავლა რომ დავიწყე, რამდენიმე თვეში Radio France Internationale, ანუ  RFI აღმოვაჩინე და დიდი ენთუზიაზმით ჩავუჯექი. თავიდან ჯერ ნაცნობ სიტყვებს ვიჭერდი, მერე ფრაზებს, ბოლოს კი, მოსმენილი სიუჟეტებიდან ნელ–ნელა შინაარსის გამოტანა დავიწყე. ეს პროცესი რამდენიმე გრძელ წელიწადს გაგრძელდა. თავიდან მიზანი ფრანგული ენისთვის ყურის მიჩვევა იყო, ბოლოს კი ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდა, ჩვევაში რომელიც დღემდე მომყვება…

რადიო სეანსების დროს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს თავში დიდი კითხვის ნიშანი იყო დაბუდებული ფრანგული სიტყვის “აღობაზ”–ის (arrobase) სახით. ამ სიტყვას ყველა, სტუმარი იქნებოდა თუ წამყვანი, რადიოს პირდაპირ ეთერში წაღმა უკუღმა ატრიალებდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რას აღნიშნავდა ის. ბოლოს ინტუიციით მივხვდი, რომ საუბარი ელექტრონული ფოსტის მისამართში არსებულ სიმბოლოზე იყო, რომელსაც ფრანგები ამ ენიგმატური სიტყვით მოიხსენიებდნენ. პრინციპში ფრანგების თავისებურება უცხო არ იყო ჩემთვის, სადაც ელექტრონულ ფოსტას courriel დაარქვეს, კომპიუტერს – ordinateur, სოფტვერს – logiciel და ჰარდვერს – materiel, არაფრით გამკვირვებია ი–მეილის ნიშანს ასე რომ ეძახდნენ.

ამასწინათ რეი ტომლინსონზე, ელექტრონული ფოსტის შემქმნელზე ვეძებდი ინფორმაციას და მის პერსონალურ გვერდზე მოვხვდი. რეი დიდი გზნებითა და ენთუზიაზმით იხსენებს ყოველივე დეტალს, თუ რატომ და სად შეიქმნა ელექტრონული ფოსტა და როდის გაგზავნა პირველი ელექტრონული წერილი. იგი იმასაც ყვება, თუ როგორ დადგა დღის წესრიგში შორეულ 1972 წელს ე.წ. გამყოფი სიმბოლოს საჭიროება, რომელსაც ი–მეილის მფლობელის მისამართი უნდა განეცალკევებინა ე.წ. ჰოსტის, ანუ “მასპინძელი” სერვერის მისამართისგან. სწორად მაშინ შეურჩევია მას სიმბოლო – @, რომლის გარეშეც დღევანდელი ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები არ მოიაზრება. რეი ტომლინსონი ასევე იმასაც ამბობს, რომ ეს ძველი წონის ერთეულის აღმნიშვნელი სიმბოლოაო და ამით, როგორც ჩანს თვლის, რომ ამ სიმბოლოს შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა მისი პირადი ვებ–გვერდის სტუმრებს, თუმცა ვაი, რომ მას ძალიან პროგრამისტულ ფერებში, მშრალად და უინტერესოდ გამოუვიდა ამ ინფორმაციის შეფუთვა.

მოდით, თავიდან დავიწყოთ, უფრო სწორად იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, როცა არაბული სამყარო ბნელი ევროპისგან განსხვავებით ზუსტ მეცნიერებებს ძალიან წყალობდა. ზუსტი მეცნიერებების ამდაგვარი დაფასება კი ვაჭრობის განვითარების შედეგი იყო. არაბები ცდილობდნენ მაქსიმალურად ზუსტები ყოფილიყვნენ, ამიტომაც ისეთ ბოდვა საზომ ერთეულებს, როგორებიც მტკაველი, ნაბიჯი, ახტომა, სულის შეგუბება და მსგავებია, არ მიმართავდნენ, ვინაიდან მტკაველი ყველა ადამიანს ერთი ზომის არ აქვს და სულის შეგუბებაც ყველას ერთი და იმავე დროის განმავლობაში არ შეუძლია. ერთი სიტყვით, არაბები მაქსიმალურ სიზუსტეს იცავდნენ მეთქი, ავღნიშნე და, ამიტომაც, ერთეულებიც შესაბამისად ევროპელებთან შედარებით ზუსტი და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი ჰქონდათ.

ერთ–ერთ ასეთ ზუსტ ერთეულს, მარცვლეულის საწყაო ერთეულს, არაბები “არ–რუბყ”–ს უწოდებდნენ, რაც მათი გათვლებით 8,25 ლიტრს უდრიდა. თავის მხრივ “არ–რუბყ”–ი წარმოებული ერთეული გახლდათ და ოთხი “ალ–ყადაჰ”–ის ტოლი იყო. ეს ოთხი კი თავად “არ–რუბყ”–ის ფუძეში ფიგურირებს და სიტყვასიტყვით “მეოთხედს” აღნიშნავს, განსხვავებით სპარსული პოეზიის სალექსო ფორმისაგან, “რობაი”–საგან, რომელიც არაბულად ითარგმნება, როგორც “ოთხეული”.

პირენეის, იგივე იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მთელი არაბული სამყარო ესპანურ სარკეში აისახა, ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ საწყაო, ტევადობის, მანძილისა თუ მოცულობის საზომი ერთეულებიც ესპანეთში არაბებს შეეტანათ! კულტურების მიჯნაზე წარმოშობილი ერთ–ერთი ასეთი ერთეული “არობა” გახდა, რომელიც არაბული “რუბყ”–ისგან განსხვავებით, უკვე წონის ერთეული იყო და ესპანეთში 25 გირვანქას უდრიდა. “არობა” არაბული “არ–რუბყ”–იდან იყო მიღებული და მას შემოკლებით ჩვენი ნაცნობი ი–მეილის სიმბოლოს სახით წერდნენ.

გაზეთ გარდიანში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც 2001 წლის 31 მაისით თარიღდება, ლა საპიენცას უნივერსიტეტის იტალიელი პროფესორი ჯორჯო სტაბილე ამტკიცებს, რომ მან ი–მეილის ნიშნის ყველაზე ძველი წერილობით დოკუმენტი იპოვა. მის მიერ აღმოჩენილ 1536 წლის 4 მაისს დაწერილ წერილში, რომელიც სევილიიდან რომში ფრანჩესკო ლაპის მიერაა გაგზავნილი, ვკითხულობთ:

აქ არის, ერთი ამფორა @ ღვინო, რომელსაც ბარელის ერთი ოცდამეათედი უკავია და 70 ან 80 დუკატი ღირს.

ინტერნეტში მრავლად მოიძიება მე–18 საუკუნეში ესპანეთში შექმნილი წერილების ფოტოასლები, სადაც @ წონის ერთეულს აღნიშნავს, თუმცა არობას პარპაში თავადვე ესპანელებს აღუკვეთავთ 1849 წლის 19 ივლისს გამოცემულ კანონით, რომელიც ესპანეთის მაცხოვრებლებს, კომერციულ გარიგებებში მეტრული სისტემის ერთეულების გამოყენებას ავალდებულებდა. არობასგან დასვენება ერთი საუკუნე გაგრძელდა, უფრო ზუსტად 123 წელი, როცა რეი ტომლინსონმა ელექტრონული ფორსტა შექმნა, არობამ ახალი სამოსელი მოირგო და ელექტრონული ფოსტის მისამართებში განაგრძო არსებობა. უფრო მეტიც, ISO/IEC 10646–ად წოდებულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც  უნივერსალური კოდირების, ე.წ. “უნიკოდის” ყოველი სიმბოლოა გაწერილი, ამ სიმბოლოს ოფიციალური სახელწოდება ჟღერს როგორც “aroba sign”, ანუ “არობას ნიშანი”. სწორად აქედან აღმოჩნდა ფრანგულში “აღობაზ” – სიტყვა, რომელიც მაჯადოებდა ამდენი წლის განმავლობაში.

პ. ს. დღესდღეობით საქართველოში პროგრესული თაობა კვლავაც ვერ შეთანხმდა ი–მეილის ნიშანს “ძაღლუკა” უწოდოს, “ჭიაყელა” თუ უფრო გულისამრევი სახელი – “საბაჩკა”. ფაქტია, რომ ეს საკითხი უნიფიკაციას საჭიროებს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ახალი სიტყვების კანონიკური ფორმების დამტკიცება იმ ორგანოების მიერ, რომლებსაც ეს ევალებათ…

Advertisements

Written by linguistuss

July 4, 2009 at 4:26 am

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. @ -ს ზოგჯერ “ეთ”-ად მოვიხსენიებ, მაგრამ თუ არ ვარ

    დარწმუნებული რომ მიხვდებიან, მაშინ ყაბალახიან ა-ს,

    ან სულაც ყაბალახს ვუწოდებ.

    თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო შემთხვევაში მიზანი ყოველთვის

    მოღწეულია. :)

    იქნებ “ყაბალახი”?

    ეს ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ჩავთვალოთ!

    ლინგვისტუსი თუ წინააღმდეგი არ იქნება ვარიატების

    საჯარო შემოთავაზებას გახსნილად ვაცხადებ!

    თქვენი ჯერია :))

    ოთარი

    July 14, 2009 at 1:28 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: