ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მე ვიცი, რა არის “სტრია”!

with 25 comments

მახსოვს, თუ როგორ მიჭირდა უცხო ენების შესწავლა სკოლაში. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ სკოლაში არსებული მეთოდოლოგია არ მაკმაყოფილებდა. დაგიდებდნენ რაღაც სიტყვას და გეუბნებოდნენ, აჰა ამას ნიშნავს და გადაიღეო, არადა ასე არ იყო საინტერესო. სულ მაინტერესებდა, რატომ ემთხვეოდა ინგლისური bottle და ქართული “ბოთლი”, შეკითხვებს რომ ვსვამდი დაბალ კლასებში ყურს არავინ იპარტყუნებდა, მაშინდელი პროგრესული თაობა დაზუთხვის მეთოდოლოგიას მისდევდა და არსებული პარადიგმების გადამეორება იყო ყოველდღიური პური ჩვენი არსობისა. თსუ–ში რომ ჩავაბარე, მეორადი მოვინდომე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სახით და იქაც იგივე პრობლემა იყო, მასწავლებელს ედო რაღაც პროგრამა და მისდევდა, ზედმეტი შეკითხვების დასმა არ იყო საჭირო, ენა როგორც პრაქტიკული დანიშნულების ობიექტი მაქსიმალურად მცირე დროში უნდა ყოფილიყო ათვისებული და საიდან მოდის მაგალითისთვის გამოთქმა “I know the ropes” და არსებობს თუ არა რაიმე კანონზომიერება ცხოველების ნაშიერების სახელწოდებების დამახსოვრებისას, ეს არავის აღელვებდა…

ერთი სიტყვით სკოლა ისე დავამთავრე, რომ რუსული არ ვიცოდი ნორმალურად და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე რუსული კარგად ვიცოდი და ინგლისური კი – საშუალოდ. საბოლოო ჯამში კი ვიპოვე ის არიადნას ძაფი, რომელიც ჩემი შემეცნების სამყაროს ლაბირინთიდან გზას გამაგნებინებდა. ყველაზე უკეთ ეს ფრანგულზე გამოჩნდა, რომლის წყალობითაც პარალელურად ინგლისური ვისწავლე კარგად. შემეცნების ჩემეული მეთოდი კი – ყოველი სიტყვის ძირისძირობამდე მიდევნება და ენის როგორც სტრუქტურის აღქმა იყო. არავის სურდა ასე დაენახა ჩემს უთვალავ მასწავლებელს შორის. მათთვის ენა ჩანგალი იყო, რომელიც უნდა გამოიყენო კონკრეტული მიზნისთვის და ამავდროულად ჩანგლის ფორმებს, ესთეტიურ ღირებულებებს, გემოსა თუ ჩანგლის შეხებით მიღებულ სიამოვნებას მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა. ყოველგვარი პოეტური აქტი ენის შესწავლასთან მიმართებაში ჩაკლული იყო ჩანასახშივე და ასე მეგონა, ახლა რომ ვიხსენებ, რომ მკვდარ და უგემურ მასას მირიგებდნენ და მეუბნებოდნენ ღეჭეო…

არსებულ ყოფასთან ამბოხმა თავისი შედეგი გამოიღო. ვისწავლე ჩემს ახალ პედაგოგებთან  ურთიერთობა, ვიღებდი იმას, რასაც ისინი აუცილებლად თვლიდნენ საჭიროდ და დანარჩენს ჩემთვის, ჩემს ოთახში და ლეპ–ტოპში გამოკეტილი, მე თვითონ ვარკვევდი. ახლაც კარგად მახსოვს, როცა იტალიური იმ დონეზე ვისწავლე, რომ შემეძლო ენები, ფრანგული და იტალიური ერთმანეთისთვის შემედარებინა, ჩემი ასოციაციები მათთან დაკავშირებით შემდეგი იყო: ფრანგული ბუნჩულა, ხმის ამოუღებელ გოგოდ მეჩვენებოდა, პატიოსნება და წესიერება რომ თავს აქვს მოხვეული, რომლისთვისაც სიტკბოება და აუმღვრევლობაა უმთავრესი მაცოცხლებელი იმპერატივები. იტალიური პირიქით – ახტაჯანა გოგო იყო, პირველადი და ახლანდელი ასოციაციითაც, რომელიც სულ მზად არის გიჩქმიტოს, გაგაკრიტიკოს, თვალებში თითები ჩაგჩაროს და ისე გაგრძნობინოს მისი არსებობა, რომელიც ხმაურითა და წვეტიანობით გამახსოვრებს თავს, განსხვავებით ფრანგულისგან, რომელიც გლუვია და ნაღებივით ჰაეროვანი…

არადა უცხო ენების შესწავლა ჩემთვის არაპრაგმატული პროცესია, რომელშიც მთავარი შედეგი არ არის და ენის შესწავლისას გამოყოფილ თითოეულ წუთს დიდი სიამოვნება მოაქვს, განსხვავებით პროგრამირების ენების შესწავლისგან, რომელსაც უკანასკნელი წლებია მხოლოდ მატერიალური ბაზისის შექმნის მიზნით ვსწავლობ. ყოველთვის არ მესმის როდესაც ისმის შეკითხვა: “…და ეს რაში გჭირდება?” – არ ვიცი ხოლმე რა ვუპასუხო. არადა სულ ყოველთვის პატარა და მცირე დროში გაწერილი მიზნები მაქვს, არასოდეს ვგეგმავ მთვარეზე გაფრენას. მაგალითად მინდოდა არაბული და სპარსული ტექსტების წაკითხვა შემძლებოდა, ანუ კითხვა მცოდნოდა და ამ ენებში ზედაპირულ დონეზე გავრკვეულიყავი. როცა მეკითხებოდნენ – რატომო – პასუხი არ მქონდა. ახლა ლათინური მაქვს აკვიატებული, ძალიან გემრიელი ორტომეული სახელმძღვანელო ვიპოვე თავისი აუდიო ფაილებით, მე რომ მიყვარს ისეთი, გზადაგზა გაუგებარ ადგილებს რომ არ გიტოვებს და ნელ–ნელა მარტივიდან რთულისკენ რომ მიდის. ჰოდა ახლა ამ ლათინურზე დამაყარეს შეკითხვები, არადა ჩემთვის ვზივარ და ვარჩევ, ხომ შეიძლება რომ ზედმეტი შეკითხვები არ დამისვან?! ამ ჩემი მეცადინეობების წყალობით უკვე ვიცი, რომ Osculum ანუ კოცნა ლათინურად “ძვლების მიდებას” ნიშნავს სიტყვასიტყვით, Tertium non datur არის სწორი ფორმა და არა datum (სულ datum მეგონა) და უკვე შემიძლია ლათინური ტექსტის ანალიზი ლექსიკონის დახმარებით, რაც მე ვთვლი რომ უკვე მიღწევაა…

უფრო გასაგები რომ გავხადო ჩემი ენებისადმი მიმართება, დღევანდელ მაგალითს მოვიყვან:

დღეს სვითის ბლოგზე მარიმ ახალი პოსტი გამოაცხო სახელწოდებით – სტრიების საწინააღმდეგო საშუალება. ჩემდა გასაკვირად ყველა ჩემთვის ნაცნობმა მდედრმა, ვისაც ეს შეკითხვა დავუსვი, “იცი თუ არა, რა არის სტრია?”, ყველამ მიპასუხა კი, როგორ არა ნაკეცებია მუცელზეო. ჩავთვალე, რომ მხოლოდ მე ვარ ასეთი ბნელი და კარგი ჯანდაბას, ოღონდ ასე მშრალად ამ კერძს ვერ შევჭამ, სახელად “სტრიას” მეთქი. მეუცნაურა! ქართულ სიტყვას არ ჰგავდა, არადა ინგლისურად stretchmark ჰქვია და ფრანგულად vergetures, ბოლოს არ დამეზარა და რუსულ სამედიცინო საიტებს მივაშურე, სადაც ამ ნაკეცებს ასევე “стрия” ჰქვიათ. ჩემმა ინტუიციამ მიკარნახა ლათინური ძირები მოძებნეო, ჰოდა გავშალე ჩემი Oxford latin dictionary და აღმოვაჩინე, რომ ლათინურში stria არის კვალი, ანუ გუთნის მიერ სახნისით მიწაში დატოვებული ზოლი. შუა საუკუნეების ლათინურში stria ყველანაირ ნაკეცს, თუ გავლებულ ზოლს დარქმევია და შესაბამისად ამ ფენომენის სახელწოდება ლათინურში ისეთივე ადეკვატურია, როგორიც ინგლისურში და ფრანგულში, თუმცა რუსულში ტერმინის პირდაპირ გადმოღებით და ერთი ადგილის განძრევის უუნარობით, რომ შესაბამისი ტერმინი მოეფიქრებინათ, მოხდა ის, რომ ჩვენშიც პირდაპირ გადმოალათინურეს ეს სტრია და დღეს აღმოვაჩინე, რომ არც ერთ ჩემს მიერ გამოკითხულ მდედრს ყურს არ სჭრის ამ სტრიის არაქართულობა, უფრო მეტიც ისინი ამ სიტყვას ბუნებრივად აღიქვამენ და სრულებით არ აინტერესებთ “სტრია” ლათინური კვალია თუ ძვ. ბერძნული დანების საფხეკი… ამ სიტყვის ფესვების გაცნობამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა, პოეტური აქტიც შედგა, დავუფასე ძვ. რომაულ ნათესებში კვლებისა და მუცელზე ნაკეცებს შორის მეტონიმიის აღმოჩენა “სტრიას” ტერმინის ავტორ კოსმეტოლოგს და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ: მე ვიცი რა არის “სტრია”!

Advertisements

Written by linguistuss

July 7, 2009 at 2:41 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე არ ვიცოდი, საერთოდ, რას ნიშნავდა სტრია და ის, რაც მე ადრე ცელულიტი მეგონა, სტრია ყოფილა =))))))))))) or vica verca :D

    Sophie Golden

    July 7, 2009 at 11:02 pm

  2. :))))
    ძალიან ვისიამოვნე “რა, სად, როდის” და ამ წერილის კითხვით. დიდი მადლობა.

    აი, ლათინური კი ვერაფრით შევიყვარე, ძველი ბერძნულისგან განსხვავებით :)

  3. ძალიან კარგი :)
    სიტყვა “სნობი”–ს მნიშვნელობასაც თუ განმარტავ ძალიან კარგი იქნება :) ვატყობ ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ეს სიტყვა და ხშირადაც მიწევს კამათი, როცა ამ სიტყვის განმარტებაზე მიდგება საკითხი.. ბევრმა ან არ იცის საერთოდ, ან იცის და ნეტა არ იცოდეს :)

    Tengobarca

    July 8, 2009 at 12:48 am

  4. კეთილი მაგრამ

    სვითის ბლოგზე მარიმ

    wtf? სვითი და მარი ერთი არაა? o_O

    Sweet Baby Girl

    July 8, 2009 at 4:47 am

  5. ლათინური ენა ცუდად ვიცი. თავის დროზე, როდესაც მასწავლიდნენ პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე საგნების ფონზე, კიდევ ლათინურის გაზეპირება არ მსურდა.. შესაბამისად მივაფუჩეჩე.. უფრო სამედიცინო ტერმინებს რაც შეეხება ის “ლათინური” ვიცი. striatum –ბევრჯერ შემხვედრია როგორც ზედსართავი სახელი.. ახლა მეცინება, რატომ არ მიფიქრია რომ ეს “სტრია”, სწორედ ის “სტრიაა” )))))

    ნატოშა

    July 8, 2009 at 12:42 pm

  6. ისადა ეს შენ ჩაწერე??

    რატომ???
    :D:D:

    Dixtosa

    July 9, 2009 at 1:14 pm

    • არა, პროგრამა დავწერე, რომელიც კითხულობს და ჩემი დიქციით გამოთქვამს :P

      linguistuss

      July 9, 2009 at 1:44 pm

      • e,

        მართლა?????????????????

        არ მჯერა. დადე ეგ პროგა აბა.

        არა არა!, ეხ(ლ)ა ვნახე სადღაცას შეცოდმა დაუშვი და ხელმეორედ გაიმერე :დ:დ:დ.

        ეგ ერთი და მეორეც მაშინ ყველა სიახლეზე დადებდი აუდიო–ს.

        ;)

        Dixtosa

        July 10, 2009 at 2:23 pm

        • თან შენი ტონიც ვერ ვიცანი და მაგიტო გკითხე

          Dixtosa

          July 10, 2009 at 5:58 pm

  7. მეგონა წყალწაღებულები გავხდით ქართველებითქო მაგრამ მიხარია რომ არიან შენისთანა ადამიანები (ახალგაზრდა? არ ვიცი, ალბათ კი). ჰო, მართალი ხარ, ფრანგულის მერე ინგლისური, ლათინური არაა ძნელი შესასწავლი.
    განათლების სისტემამ და სკოლისა და ინსტიტუტის მეთოდოლოგიამ ხომ ლამის ცხოვრება დამინგრია. მართლაც დაზეპირებას მიგვაჩვიეს და დასანანია. ამას აქ, უცხოეთში უფრო მივხვდი…
    ფრანგული რომ გიყვარს ისიც მომწონს, მეც მიყვარს ფრანგული. ამ ენის წყალობით სიყვარული გავიგე რა იყო და ადამიანად ჩამოვყალიბდი აქ. მოკლედ გამიმართლა, ფრანგული რომ არა სოფლის იდიოტიზმის (ძალიანაც მიყვარს სოფელი და სოფელში ვარ გაზრდილი, მაგრამ არსებობს ასეთი ტერმინიც), რომელიც ახლა მგონი ქალაქისაც გახდა, ყურება მომიწევდა მთელი ცხოვრება.

    Enchantée et au revoir! Merci pour ton histoire sur ce terme de mystère “arrobase”!

    mari

    July 9, 2009 at 5:21 pm

  8. ერთი ორი სიტყვით იაპონურ განათლების სისტემაზეც რომ დაგეწერა ურიგო არ იქნებოდა – ზუთხაობა რასაც ქვია იმათმა იციან – ნუ შედეგებზეც ტქვი რამე პახოდუ – ქსრთული დაზეპირების შედეგზეც და იაპონურიც – და იპოვე 10 განსხვავება :) ჰა ჰა ჰა

  9. რა კარგია ამ ჩანაწერს რომ წავაწყდი! დიდი მადლობა! :)
    მეც დიდი ხანია მესმის “რაში გჭირდება?”, “ინგლისური ისწავლე ჯობია.” ბოლოს მეც ვისწავლე ჭკუა და მარტო “ისე”–ს ვპასუხობ. ისე ხანდახან უმოქმედია და ჩემი საყვარელი პორტუგალიური ენის თვითშესწავლისთვის თავი დამინებებია,მაგრამ ძალიან მიყვარს და მაინც ვუბრუნდები.ისე. :)

    ნინო

    October 17, 2010 at 4:48 pm

  10. საინტერესოა ძირის ძიება. მეც ასეთი კირკიტი მიყვარს! გააგრძელე . . . :)

    Farfalia

    January 16, 2012 at 8:53 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: