ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ორიოდე სიტყვა შეკითხვების შესახებ

with 11 comments

დღეს მსურს ვისაუბრო იმ ფენომენზე, რასაც “რა? სად? როდის?”–ის შეკითხვები ჰქვია. ძალიან გამიკვირდება, თუ ვინმე მოიძებნება ისეთი, რომელიც შემოდიც ჩემს ბლოგზე და არ იცის რას წარმოადგენს ეს თამაში, ამიტომ ჩავთვლი, რომ ამ თამაშის შესახებ ყველას სმენია და პირდაპირ საქმეზე გადავალ, შემოკლებით კი ამ თამაშს რსრ–ს ვუწოდებ თქვენი ნებართვით.

რსრ–ის თამაში რომ დავიწყე მე–10 კლასში ვიყავი. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ამიტომაც დეტალურად არ შემიძლია გავიხსენო, თუ როგორი ინტელექტუალური ამინდი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში იმ დღეს, როცა პირველად ვითამაშე. მაშინ შეკითხვები მარტივად იწერებოდა, შედიოდა მოსიძე db.chgk.info-ს ბაზაში, იღებდა 14 კითხვას, თარგმნიდა და მოჰქონდა თამაშზე. შეკითხვების ხარისხზე მაშინ მსჯელობა არ შემეძლო, ამიტომაც რაც მოდიოდა ვიცნობდი, უფრო სწორად ვცდილობდი გამომეცნო, ან ვყვიროდი “ვიცი, ვიცი”–მეთქი! :)

ახლაც მახსოვს პირველი შეკითხვა, რომელიც კლუბში გამოვიცანი. ის დაახლოებით ასე ჟღერდა: XIX საუკუნეში გემები ამერიკიდან ევროპაში ჩამოსვლას ორი კვირით ნაკლებს ანდომებდნენ, ვიდრე ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობისასო და რატომო, მიზეზი დაასახელეთო. შეიძლება რაღაც ავურდავურიე, თუმცა ამ თემაზე იყო შეკითხვა და პასუხი იყო გოლფსტრიმის დინება. მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავს, შეკითხვას რომ გახსნი და სწორ პასუხამდე რომ მიხვალ, როცა კი არ გაიხსენებ, ან იტყვი ეს წაკითხული მაქვს ვიციო, არამედ როცა გამოიცნობ და ეს სიტყვა –  “გამოცნობა” საკვანძოა ამ თამაშში.

ძალიან ბევრ კარგ მოთამაშეს არ ესმის, რა განასხვავებს კარგ შეკითხვას ცუდისგან, რომელი შეკითხვა შეიძლება დაისვას ამ თამაშში და რომელი – არა. ამიტომაც შევეცდები მაქსიმალურად ლაკონურად გადმოვცე სათქმელი. ჯერ თეორიით დავიწყოთ: შეკითხვა შედგება სამი მთავარი კომპონენტისგან, ესენია – თემა, ფორმულირება და ფილტრი. თემა არის ფაქტობრივი მასალა, მოდით მას ფაქტოიდი ვუწოდოთ, რომლის შესახებაც იწერება შეკითხვა. ფორმულირება წარმოადგენს ამ ფაქტოიდში მოცემული ინფორმაციის შეფუთვის გზას, რომელშიც შეფუთვა და დაფასოება ხდება ნაცნობიდან უცნობისკენ, ანუ კითხვის ავტორის, ე.წ. “ვოპროსნიკის” მიზანია დაშიფროს ნაცნობი ფაქტი უცნობი ფაქტების მეშვეობით და ბოლოს ეს ყველაფერი შეკრას ფილტრით, რომ შეკითხვაზე სწორი პასუხი იყოს ცალსახა და ერთადერთი.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვინმე ამოქექავს კარგ, ან მისთვის საინტერესო ფაქტოიდს, გააშანშალებს შეკითხვას უგვანი ფორმულირებით ისე, რომ ფილტრი სრულებით არ იცის რა არის და ჰგონია რომ კარგი შეკითხვა დაწერა. უფრო სწორად აქ საუბარი კარგზე და ცუდზე არ არის, საუბარი იმაზეა, რომ ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არის რსრ–ის შეკითხვა, ესეთი კითხვებს მე ვეძახი შეკითხვებს სერიიდან “რა მიდევს ჯიბეში”. ამასთან, სანამ მაგალითებზე გადავალ იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი განმარტებით კარგი შეკითხვა არის ის, რომლის ფაქტოიდი საინტერესოა, რამით დასამახსოვრებელია და ამავდროულად ამ ფაქტოიდზე სასურველია, რომ მანამდე შეკითხვა არავის დაეწეროს, აქედანვე ცხადი ხდება, რომ გადაღეჭილ თემებზე შეკითხვების წერა არ შეიძლება. კარგ შეკითხვას უნდა ჰქონდეს სწორი ფორმულირება,  საჭირო ადგილას დასმული აქცენტებით და მიმობნეული მინიშნებებითა და დამაბნეველი ფაქტორებით! და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ფილტრი უნდა იყოს ზუსტი. ზოგჯერ ცუდად შერჩეული ფილტრი მთელ შეკითხვას აფუჭებს.

საუბარი მშრალი, რომ არ გამოვიდეს მოდით, მაგალითებს მივმართოთ. ავიღოთ ფაქტოიდი “ლათინურად მარგალიტი ითარგმნება, როგორც მარგარიტა”. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ეს ფაქტი. ახლა რომ ავიღოთ და პირდაპირ შუბლში ვაჯახოთ: როგორ ითარგმნება ლათინურად “მარგალიტი”? – ასე საქმე არ გამოვა. ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი ლათინური სიტყვა, თუ არ ფლობ lingua aeterna–ს. საჭიროა სწორი ფორმულირება, მაგალითად ასეთი ფორმით: “დაასახელეთ სახელი ქალისა, რომელიც ლათინურიდან ქართულად ითარგმნება როგორც მარგალიტი”. ეს უკვე რაღაცას ჰგავს, თუმცა ფილტრი სჭირდება, იმიტომ რომ ვერსია “მარგალიტა” არაფრით არ ირიცხება, თუკი რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა არ იციან ლათინური და არ ერკვევიან იმ დეტალებში, ლათინურად მარგალიტი – მარგარიტაა თუ მარგალიტა, ამიტომ დავაყენოთ ფილტრი! ასეთი ფილტრი მე რომ მკითხო გამოდგება: “დაასახელეთ XX საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი რომანის მთავარი პერსონაჟი ქალის სახელი, რომელიც ლათინურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც მარგალიტი”. ეს უკვე რაღაცას ჰგავს, ფორმალურად დაბალანსებული შეკითხვაა, თუმცა მარილი აკლია. მარილის მოყრას კი, როგორც მოგეხსენებათ გემოვნება სჭირდება…

ისმის შეკითხვა რას ნიშნავს “მარილი აკლია”. გიპასუხებთ – იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეები, კარგ და ინტუიციაგაღვიძებულ მოთამაშეებზე მაქვს საუბარი და არა “ზუბრიაჩკა” “ვიცი, ვიცი”–ებზე, აიღებენ მარგალიტს, როცა სხვა ვერაფერს მოიფიქრებენ, ვინაიდან იგულისხმება, რომ მათ ლათინური არ უნდა იცოდნენ, უფრო სწორად კონკრეტულად ეს ფაქტი, დაუწყებენ მარგალიტს ტრიალს და ქალის სახელები მარგალიტა და მარგარიტა მოაფიქრდებათ. შემდეგ მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილ რომანებსაც გაიხსენებენ და მიხვდებიან, რომ ასეთი რომანი, სადაც მარგალიტაა მთავარი პერსონაჟი არ გაუგიათ და ამიტომაც მარგარიტაზე შეჩერდებიან, თუმცა რა მერე, რა მუღამი? საჭიროა მინიშნებები და დამაბნეველი ფაქტორი! დამაბნეველ ფაქტორს გავაჩენთ, თუკი ფილტრს ასე ჩავანაცვლებთ: დაასახელეთ 1967 წელს გამოცემული რომანის მთავარი პერსონაჟი ქალის სახელი, რომელიც… და ა.შ. პრინციპში აქ უკვე შეიძლება შეჩერება, შეკითხვა მზად არის, თუმცა დაგვრჩა ერთი დეტალი, რაიმე მინიშნება უნდა ჩავშიფროთ უწყინრად შეკითხვაში.

მინიშნებებისათვის მრავალი საშუალება არსებობს, ხშირად მინიშნებისათვის, მე იუმორს მივმართავ ხოლმე, რომ შეკითხვა რაიმენაირად სახალისო გამოვიდეს. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ მარგალიტას ვერსია კვლავაც ცალსახად გამოსარიცხი გვაქვს, რადგან მოთამაშეებს არც ის მოეთხოვებათ იცოდნენ რეზო გაბრიაძემ ფილმ შერეკილებზე მუშაობისას პირდაპირ სცენარი დაწერა, თუ წიგნიც აქვს მას დაწერილი, სადაც მარგალიტა მთავარი პერსონაჟია, რომლიც წმინდა პორფირეს ხატზეც ერთაოზ ბრეგაძე იფიცებს, უფრო სწორად, ხატზე კი არა – ძუძუებზე იფიცებს… ამიტომაც, მინიშნებას, შეიძლება ეს კიდევ ერთ დამაბნეველი ფაქტორიც იყოს, ვინ იცის, მე ასე დავწერდი და ამით ბოლო აკორდს დავსვამდი და შეკითხვაც საბოლოოდ ამ სახეს მიიღებდა:

გაითვალისწინეთ, რომ ეს შეკითხვა არ ეხება ძუძუებს, ახლა კი მოისმინეთ შეკითხვა: დაასახელეთ 1967 წელს გამოცემული რომანის მთავარი პერსონაჟის სახელი, რომელიც ლათინურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც მარგალიტი. [პასუხი: მარგარიტა]

პ.ს. იმედი მაქვს ეს პოსტი კარგი შეკითხვების დაწერაში დაგეხმარებათ :)

Advertisements

Written by linguistuss

July 7, 2009 at 11:56 pm

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. wow, ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტით. მართლაც რომ ძალიან დამეხმარება. კარგი რჩევებია. გმადლობ ლინგვისტუსს.

    Ladybird

    July 8, 2009 at 12:48 am

  2. “გაითვალისწინეთ, რომ ეს შეკითხვა არ ეხება ძუძუებს”

    აი ამ ფრაზით დაწყებული ერთი კითხვა თუ არ მოიტანო შემოდგომაზე სუპერლიგაში, შენ იყო ძუძუებიანი მარგალიტა :D

    კრუ

    July 8, 2009 at 1:10 am

  3. უფრო სწორად ვცდილობდი გამომეცნო, ან ვყვიროდი “ვიცი, ვიცი”–მეთქი! =))

    ;;)

    July 8, 2009 at 11:15 am

    • არც ეხლა შეცვლილა ბევრი რამ ვახო ;)

      mgeli

      July 8, 2009 at 12:56 pm

  4. კრუ, ვახოსი არ ვიცი და მე უკვე მაქვს ერთი კითხვა ძუძუებზე (დაელოდეთ შემოდგომას) :)

    Nazgha

    July 8, 2009 at 11:12 pm

  5. ფორუმის თასზე ძუძუები და ქალიშვილობა ერთობ პოპულარული თემატიკა იყო :))

    Leonard Shelby

    July 9, 2009 at 9:38 am

  6. ბოროტი ბიძიები ამბობენ ბატონი ვახო აზაბოჩენიაო….

    chiqo

    July 11, 2009 at 1:03 am

    • ბოროტი ძიები ბევრ რამეს ამბობენ, შენ მათ ყურს ნუ უგდებ :P

      linguistuss

      July 11, 2009 at 1:36 am

  7. საინტერესო თემები წამოიწია!
    იმედია, აპელაციებიც შემოვაააა :)))))

    akunina

    August 5, 2009 at 11:32 pm

  8. შემოდგომით ველოდები შეკითხვებს ძუძუებზე:)

    soso

    September 19, 2009 at 1:55 pm

  9. მამეწონა , კაი იყო, მეც არ ვთქვი რატო არ მოწონთ ჩემი გაგზავნილი კითხვებითქოო ! აწი მარილს მოვაყრი ხოლმე. მართლა კარგია, ბევრს დაეხმარება, მეც მათთან ერთად.
    p.s ერთი პატარა შენიშვნა, უბრალოდ თვალში მომხვდა რომ ვკითხულობდი, ლაკონიურია სწორი და არა ლაკონური . :)

    ProFe

    May 23, 2010 at 3:46 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: