ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პითოსი – ძველბერძნული ქვევრი

with 8 comments

pithos

1909 წელს იტალიური გაზეთის “კორიერე დელა სერას” ფურცლებზე ლუიჯი პირანდელოს ნოველა “La giara” დაიბეჭდა, რომელიც შემდგომში რეზო გაბრიაძემ ქართულ რეალობას მიუსადაგა და ასე შეიქმნა ყველასათვის საყვარელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ქვევრი”. პირანდელოს ნოველა მოგვითხრობს ორი მოხუცის, დონ ლოლო ძირაფას და ოსტატი ძი დიმას ტრაგიკომედიულ ამბავს, რომელიც ოსტატურად იქნა გადმოქართულებული, თუმცა ნაწარმოებზე საუბარი სრულებით არ მსურს, მსურველებმა შეგიძლიათ ნოველას ინგლისური თარგმანი “The oil jar” გუგლის წიგნებში წაიკითხოთ, ან პირდაპირ იტალიურ ორიგინალს შეეჭიდოთ.

0e2608

ოტორინო პიანიჯანის ეტიმოლოგიური ლექსიკონის განმარტებით “giara” (ჯარა) არაბული წარმოშობის თიხის დიდი ჭურჭელია, რომელშიც კაიროში წყალს ინახავენ. ლექსიკონი 1907 წელსაა გამოცემული შესაბამისად წყლის შენახვის არაბული ყოფითი დეტალები გასაგებია და არაა საინტერესო. ამ შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ზუსტად მოძებნა რეზო გაბრიაძემ იტალიური “giara”-ს ქართული შესატყვისი, რაც ვერ მოხდა ძვ. ბერძნული  თიხის ჭურჭლის, პითოსის შემთხვევაში: ყველას სმენია ორი ძვ. ბერძნული ფრაზეოლოგიზმი – პანდორას ყუთი და დიოგენეს კასრი, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ძვ. ბერძნულში ამ ორივე გამონათქვამში ყუთის და კასრის ნაცვლად ერთი კონკრეტული თიხის ჭურჭელი, პითოსი ფიგურირებს, რის შესახებაც უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.

პითოსს ძველი ბერძნების ყოფა–ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და შეიძლება იმის თქმაც, რომ პითოსზე გადიოდა ძვ. ბერძნული ცივილიზაციის შუაწერტილი. პითოსი თიხის უზარმაზარი ჭურჭელი იყო, რომლის ზომები ხშირად ადამიანის ზომებს აღემატებოდა. მასში უმთავრესად მარცვლეულს, ღვინოს და ზეითუნის ზეთს ინახავდნენ. იგი ბერძნების არამხოლოდ ძლიერი მხარე, არამედ სუსტი წერტილიც გახლდათ. მომხდურმა მტერმა კარგად იცოდა რა, რომ ბერძნები მასში უმთავრესად ზეთს ინახავდნენ, შეტევაზე გადმოსვლის დროს ამიტომაც პირველი სამიზნე ზეითუნის ზეთით სავსე პითოსები იყო ხოლმე, მას აალებულ მაშხალებს ესროდნენ, პითოსი ადვილად ტყდებოდა და შენობის გადაბუგვის მიზეზი ხდებოდა.

პითოსი რომ ძვ. ბერძნებისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი იყო, ამას მრავალი არქეოლოგიური გათხრა და წერილობითი წყარო მოწმობს. ჰესიოდე “თეოგონიაში” პანდორას მითის თხრობისას სწორად პითოსს ახსენებს და არანაირ ყუთს. ყუთის გაჩენის მიზეზი კი ამ ფრაზეოლოგიზმში ერაზმ როტერდამელის დაუდევრობა გახლავთ, რომელმაც ჰესიოდეს თარგმნისას ძვ. ბერძნული “პითოს” ლათინური pyxis–ით თარგმნა, რაც თავის მხრივ პატარა ყუთს ნიშნავს და ასე გავრცელდა ეს ფრაზეოლოგიზმი მთელს ევროპაში.

დიოგენეს კასრის შემთხვევაში კი პირწმინდად ფრანგები არიან დამნაშავეები, რომლებმაც პითოსი tonneau–დ (კასრი) თარგმნეს და შემდეგ რუსულშიც უდრტვინველად გაჩნდა “Бочка Диогена”. ქართულში კი საიდან გვაქვს კასრი და არა ქვევრი, ამის გამოცნობა ძნელი უკვე, მე მგონი, არ უნდა იყოს. ყველანაირი ლოგიკით “პანდორას ყუთიც” და “დიოგენეს კასრიც” ქართულში “პანდორას ქვევრი” და “დიოგენეს ქვევრი” უნდა იყოს, თუმცა ამას უკვე აღარაფერი ეშველება და ამ ფაქტით მხოლოდ ცნობისმოყვარეობას თუ დავიკმაყოფილებთ, შეცვლით კი ვერაფერს შევცვლით.

Advertisements

Written by linguistuss

July 10, 2009 at 6:02 am

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძველბერძნულიც იცით, ბატონო ლინგვისტუს?

    • არა, ქალბატონო ანტიგონე, მაგრამ რიგში დგას… :)

      linguistuss

      July 10, 2009 at 2:40 pm

      • ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო დროს თქვენს ბლოგს შემოვეჩვიე და ძალიან მომწონს :)

  2. ვახო, ჩემი შვილი მეკითხება, თუ პითოსი ჰქონდა პანდორას, თავს როგორ ხდიდა ხოლმეო :)

    In Saecula Saeculorum

    July 10, 2009 at 1:21 pm

    • შესაძლოა ამ პითოსებს თავიანთი თავსახურიც ჰქონდათ, ვინ იცის… ფაქტია, რომ ჰესიოდეს პითოსი უწერია :)

      linguistuss

      July 10, 2009 at 9:59 pm

  3. ლინგვისტუსს, უპასუხეთ ბავშვს

    sandro

    July 10, 2009 at 9:30 pm

  4. ქართული ტარა ან ძარაც ხომ ფაქტიურად დიდი ზომის ჭურჭელს ნიშნავს…
    ამ პითოსებს თუ სწორად მახსოვს ისტორიიდან არამარტო საცავად, გადასატანადაც იყენებდნენ და ლოგიკურია თავსახურიც რომ ქონოდათ.

    fiqro

    July 11, 2009 at 11:52 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: