ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

12.00 pm თუ 12.00 am – რომელია სწორი?

with 13 comments

ამასწინათ სამსახურში Oracle Corporation-დან წერილი მოგვივიდა, ზეგ ჩამოვდივართო და 12.00 pm–ზე შეხვედრა იქნებაო. ჩემი თანამშრომელი მეკითხება, ხომ არ იცი, ეს 12.00 pm შუადღეა თუ შუაღამეო? – მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, რომ შუაღამე გამოდის მეთქი, მაგრამ არალოგიკური იყო, შეხვედრა შუაღამისას ვერ შედგებოდა! ამ ამბავს დიდხნიანი გარჩევა მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩემი ფრაზით დასრულდა: ამერიკელების დედაც ჯეკ!

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ჯერ ენობრივი საკითხი გავარკვიოთ. თითქმის ყველას, ვისაც ინგლისურს ასწავლიან და როცა დგება ჟამი I am a table-იდან What time is it-ზე გადასვლისა, მოძღვრავენ, რომ ეს ორი ჯადოსნური აბრევიატურა: PM და AM – Past Meridian–ს და After Meridian–ს ნიშნავსო – არადა როგორ ცდებიან! სინამდვილეში ამ ორ აბრევიატურაში შემავალი სამი სიტყვიდან არც ერთი არ არის ინგლისური ენის ნაწილი, სამივე – ლათინურია. საუბარი გვაქვს სიტყვებზე: Ante, Post და Meridies – რომელთაგან პირველი ორი დროის წინსართებია და “მდე”–ს და “შემდეგ”–ს აღნიშნავს, Meridies კი – შუადღეა. ამასთან ფრაზაში ეს შუადღე ბრალდებით ბრუნვაში დგას და ამიტომაცაა, რომ ეს ორი აბრევიატურა ასე იშიფრება:

  • PM – Post Meridiem – შუადღის შემდეგ
  • AM – Ante Meridiem – შუადღემდე

მას შემდეგ, რაც ენობრივი საკითხი გავარკვიეთ, მოდით ლოგიკურ ნაწილზე გადავიდეთ. საუბარი გვაქვს დროის აღრიცხვის 12 საათიან სისტემაზე, რომელსაც შორეული წარსული აქვს და რომლის ფესვებიც ძვ. ეგვიპტესა და შუამდინარეთში იკარგება. მესოპოტამიასა და ეგვიპტეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძველ რომში 12 საათიანი სისტემა ზუსტად იგივე იყო, რაც ახლა გვაქვს, თავისი PM/AM–ით, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ მთელს პლანეტაზე დროის უნიფიკაციისა და სისტემაციის დროს 12 საათიანი აღრიცხვისათვის ძვ. რომაული ტრადიცია აეღოთ ბაზისად! თუმცა მთელი სიგრძე სიგანით ამ ტრადიციას როგორც ჩანს არავინ მისდევს. ერთი სიტყვით, 12.00 PM–იც და 12.00 AM–იც ორივე ერთი და იმავე დროზე – შუაღამეზე – მიუთითებენ, ოღონდ განსხვავება იმაშია რომ ეს შუაღამეები სხვადასხვა დღის გასაყარს ეკუთვნის. შუადღიდან უკან გადაზომილი 12 საათი და შუადღიდან წინ გადაზომილი 12 საათი – ორივე შუაღამეზე უწევს!

ორაზროვნება თავიდან რომ აეცილებინათ რომაელები, როცა საუბარი ჰქონდათ ზუსტად შუადღეზე და შუაღამეზე, Post Meridiem/Ante Meridiem ფორმულაზე უარს ამბობდნენ და პირდაპირ შუადღეს (Merides), ან შუაღამეს (media nox) იძახდნენ. ეს ტრადიცია შემდგომში ინგლისშიც გავრცელდა და დღესდღეობით არსებობს პირდაპირი მითითება, რომ შუადღეს და შუაღამეს noon და midnight უწოდონ და არ გამოიყენონ ეს ჯადოსნური აბრევიატურები PM/AM სახით, თუმცა ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებოდნენ, ორიგინალობა რომ არ დაეწყოთ?!

მაგალითისთვის, გრინვიჩის ეროვნული მუზეუმის საიტიდან ამონარიდიც კმარა:

Is noon 12 a.m. or 12 p.m.? 12 noon is neither a.m. nor p.m.
To avoid confusion, the correct designation for twelve o’clock is 12 noon or 12 midnight. Alternatively, the twenty-four-hour-clock system may be used.
The abbreviation a.m. stands for ante-meridiem (before the Sun has crossed the line) and p.m. for post-meridiem (after the Sun has crossed the line). At 12 noon, the Sun is at its highest point in the sky and directly over the meridian. It is therefore neither “ante-” nor “post-“.

ამერიკაში კი სხვაგვარად ფიქრობენ და ისინი 12.00 PM-ს შუადღეს უწოდებენ, 12.00 AM–ს კი – შუაღამეს, რატომ არავინ იცის! :)

ამ მშრალ რიცხვებზე რომ ვწერდი, თავში იოსებ გრიშაშვილის ლექსი, “საათის ისრები” მიტრიალებდა, ამიტომაც ამ ლექსით დავასრულებ ჩემს დღევანდელ პოსტს:

საათის ისრები
იოსებ გრიშაშვილი

ო, შეხამება სხვადასხვა ფერთა
პოეზიისთვის არის მისწრება.
ნეტავი ერთხელ ჩვენც შეგვაერთა
საათის ყდაზე შეკრულ ისრებად.

მინდა გფარავდე, მინდა მფარავდე,
ერთად ვიაროთ განუყრელ წყვილად.
მე შენს საყურეს კოცნას ვპარავდე,
შენ ჩემს ლოყაზე გეძინოს ტკბილად.

მსურს ერთად ვიყოთ შენაფიცარი,
როგორც ყვავილზე სუნთქვა ნამისა,
როგორც საათის ორი ისარი
შუადღისას და შუაღამისას.

Advertisements

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ამერიკაში კი სხვაგვარად ფიქრობენ და ისინი 12.00 PM-ს შუადღეს უწოდებენ, 12.00 AM–ს კი – შუაღამეს, რატომ არავინ იცის! ”

    იმიტომ რომ მარტივად უყურებენ ყველაფერს და სულ კიდიათ ფილოსოფიური წიაღსვლები :D

    Bas

    July 11, 2009 at 7:10 pm

  2. მეც მიჭირდა მაგის გარჩევა. ის რომ ძველი რომაულია ქე ვიცოდი, მაგრამ მარტო ცოდნა რას მარგებდა თუ ვერ ვიყენებდი :D საბოლოოდ ჩემმა კომპიუტერმა შემაჩვია AM და PM :)

    მიყვარს ჩემი კომპი :) :*

    Katten Försvann

    July 11, 2009 at 9:10 pm

  3. Bas
    ანუ 11პმ (ღამის თერთმეტ საათს) მოსდევს 12 ამ და 1 ამ?
    მემგონი უფრო ირთულებენ საქმეს, ბევრად მარტივია 11პმ-ს 12 პმ მოსდევდეს, არა? :)))

    noemberi

    July 11, 2009 at 10:25 pm

    • რავი ჯერ არავის გასჭირვებია და :)

      Bas

      July 11, 2009 at 10:48 pm

  4. მობილურზე მაღვიძარას დაყენება თუ მიწევს 12 საათზე, 11:59-ზე ვაყენებ გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად :D

    sin165

    July 11, 2009 at 10:40 pm

  5. დღე–ღამეში არის 24 საათი და უნდა იყოს თვლის 24–საათიანი სისტემა.
    სალაპარაკოდ პაჟალუსტა; “დღის 3 საათი” და “ღამის 10 საათი”…
    ორივე პმ როა :))))

    akunina

    July 12, 2009 at 2:54 pm

    • ჰო, მაგრამ ჩვენ 12 საათიან სისტემაზე ვლაპარაკობთ. 24 საათიანი სისტემა AM/PM-ებს არ საჭიროებს :)

      linguistuss

      July 12, 2009 at 5:27 pm

  6. ოჰ ლინგვისტუს შენ რა გითხარი.

    გუშინ მთელი ღამე ვიტანჯე რა!

    მესიზმრა ვითომ ქოლდფლეის კონცერტე მივდიოდი და ბილეთს ეწერა 12 AM. ე.ი. გადავირიე კინაღამ, დილის 11:58 იყო და აუ დამაგვიანდა მეთქი ვყვიროდი, სანამ ახლა მე მანჰეტენამდე გავალ ქე დამთავრდება კონცერტი თქო, მერე გამახსენდა რომ 12 AM ღამეა, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე დალოდება და წავედი და კაროჩეეე – დილას დაღლილმა გავიღვიძე :D :D :D

    როგორ ჩამყვა ეს პოსტი ხედავ შენ… :)))))

    Bas

    July 12, 2009 at 7:21 pm

    • ლოოოოოოოოოოოლ (გადახარხარების აღმნიშვნელი ინტერნეტ–სლენგი), აუ ძალიან გამაცინე, მაგარი იყო :)

      linguistuss

      July 12, 2009 at 7:53 pm

      • Zalian sasaciloa da madlobt, rom mogviyevi sizmari.. magra gaverTe

        laso

        April 14, 2013 at 9:16 am

  7. ეს კი ვინც დაბნეულია ბოლომდე დასაბნევად (მეც მჭირდა ასე)
    AM After
    PM Pre
    :)

    cartveli

    July 15, 2009 at 11:59 am

  8. ისე ეს AM / PM არც მე მომწონს, ამიტომაც არის, რომ სამხედროები იყენებენ 24 საათიან ფორმატს
    მათთვის ვისაც ერევა AM / PM გავაკეთე შედარების ცხრილი, ერთხელ გადახედეთ და არასდროს დაგავიწყდებათ ;)

    12:00 am (ღამე) 00:00
    1:00 am 01:00
    2:00 am 02:00
    3:00 am 03:00
    4:00 am 04:00
    5:00 am 05:00
    6:00 am 06:00
    7:00 am 07:00
    8:00 am 08:00
    9:00 am 09:00
    10:00 am 10:00
    11:00 am 11:00
    12:00 pm (შუადღე) 12:00
    1:00 pm 13:00
    2:00 pm 14:00
    3:00 pm 15:00
    4:00 pm 16:00
    5:00 pm 17:00
    6:00 pm 18:00
    7:00 pm 19:00
    8:00 pm 20:00
    9:00 pm 21:00
    10:00 pm 22:00
    11:00 pm 23:00

    Vakho

    February 20, 2013 at 3:07 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: