ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მოვიდა ერვანდა!

with 6 comments

ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო”, შემდეგ მთელი ცხოვრება ბავშვობიდან ვერ გამოვიდა და ჰკილავდა დიდებს პატარა უფლისწულის ენით. ისე, კაცმა რომ თქვას ბოლომდე ბავშვობიდან გამოსვლა არამგონია შესაძლებელი იყოს. დღე არ გავა, რომ ჩემი მეხსიერების ბნელი კუნჭულებიდან ბავშვობამ თავი არ გამახსენოს. დღესაც ასე დამემართა… ზურაბ კიკნაძის “შუამდინარულ მითოლოგიას” ვკითხულობდი დივანზე წამოწოლილი. ვტკბებოდი დამსახურებული შვებულების პირველი დღით, ღია ფანჯრიდან მონაბერი ნიავი წამოზრდილ ქოჩორს მიჩეჩავდა და კითხვის პროცესიც ერთი–ორად სასიამოვნო იყო. წიგნში ჩემი ყურადღება ფრაზამ მიიპყრო:

მაგრამ ის არ იქნებოდა კურთხეული, ორი მდინარე რომ არა, ორი წყალუხვი მდინარე იდიგინა (ტიგროსი) და ბურანუნა (ევფრატი), რომელთაც ბიბლიურმა მითოსმა ამქვეყნიურ ედემში მიუჩინა სათავე.

ჩემთვის ნაცნობ ყველა ევროპულ ენაზე ამ ორ მდინარეს ევფრატი და ტიგროსი ჰქვია და უცებ მეუცხოვა ეს ორი სახელი და ვინებე ლეპ–ტოპთან მიჩოჩება. რამდენიმე წამიანი დაგუგვლის შემდეგ ევფრატის და ტიგროსის სახელწოდებების ეს ორი ცხრილი აღმოვაჩინე:

tigrevfr

გამოდის, რომ ყველაფერი ძველი ბერძნების ბრალი ყოფილა, მთელი დასავლეთი სამყარო ამ მდინარეებს ტიგროსს და ევფრატს რომ უწოდებს, თუმცა პირდაპირი კავშირი იდიგინასა და ტიგროსს და ბურანუნასა და ევფრატს შორის მაინც შეინიშნება. გზად შატ–ელ–არაბზე შემომეკითხა სტატია ვიკიპედიაში და ირან–ერაყის ომზე. თურმე კი არა, პატრიოტული მიზეზების გამო, თანამედროვე ირანში შატ–ელ–არაბს, ამ მოკლე, თუმცა დიდ მდინარეს, რომელიც ტიგროსისა და ევფრატის შეერთებით მიიღება, დღემდე არვანდ რუდი, ანუ მდინარე არვანდი ეწოდება. შუა საუკუნეების ირანში “არვანდ რუდი” მდინარე ტიგროსს რქმევია, ზუსტად ასე უწოდებს მას ფირდოუსიც და ეს სიტყვა ძველ სპარსულ ენაზე, ზენდზე, რომელზედაც ზოროასტრიზმის წმინდა წიგნი “ავესტაა” დაწერილი, “სწრაფს” ნიშნავს[1]. სწრაფი მდინარისგან კი წარმომდგარა მამაკაცთა ძვ. ბერძნული სახელი ორონტესი და სომხური სახელი ერვანდი.

ბავშვობაში დეიდაჩემთან მიყვარდა ძალიან სტუმრობა ავლაბარში, უფრო კონკრეტულად კი ძაღლის უბანში. ეს ის უბანია, სადაც დღესდღეობით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მდებარეობს. ჰოდა, შერატონის უკანა მხარეს, გუთნისა და ნიორაძის ქუჩებს ძალიან ხშირად ვსტუმრობდი. ამ ხსენებულ ქუჩებზე ხშირად დადიოდა ნაგვის მანქანა, რომელსაც ერთობ კოლორიტული მენაგვე ერვანდა მართავდა. მოახლოებისას რაღაც გამაყრუებელ ზარს რეკავდა, არიქა ხალხო მოვედი და გამოიტანეთ ნაგავიო. გააჩერებდა ერვანდა მანქანას, მაცხოვრებლებს კი გამოჰქონდათ ნაგავი და ცლიდნენ მის მანქანაში. ერვანდას სახე ბუნებრივია არ მახსოვს, თუმცა მახსოვს დეიდაჩემის ხმა, რომელიც ახლაც ჩამესმის ყურში: “მოვიდა ერვანდა!” – ეს ორი სიტყვა ჩემი უჭმელობის დასაძლევად იყო მოფიქრებული – მეუბნებოდნენ თუ საჭმელს არ შეჭამ ნაგვის მანქანას გაგატანთო და ვინაიდან ნაგვის მანქანას ერვანდა მართავდა, ამიტომაც მთავარი შესაშინებელი სიტყვა “ერვანდა” იყო…

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის მეხსიერება. ზოგჯერ რაღაცის გასახსენებლად ორი წამი მყოფნის, ზოგჯერ კი გულითაც რომ მომინდეს ვერაფრით ვერ ვიხსენებ სასურველ სიტყვას, თუ ცნებას, არადა კარგი მეხსიერებით გამოვირჩევი, ყველას შურს ჩემი მეხსიერების. ჰოდა, ეს სიტყვა “ერვანდა”, შეიძლება ითქვას, არქივის სახელი იყო ჩემი მეხსიერების ფაილურ სისტემაში (გაფართოება ჩემთვის უცნობია), რომლის პოვნაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასში დაცულ ინფორმაციამდე მიმეღწია და მთელი სისავსით გამეხსენებინა ბავშვობის დიდი ნაწილი, რომელიც დეიდაჩემთან, ნიორაძის ქუჩაზე მაქვს გატარებული… გულითაც რომ მდომნოდა ამ მენაგვის სახელს ვერ გავიხსენებდი,  არადა, თურმე კი არა, რა სახელი რქმევია და ამავდროულად შეუსაბამო. მის ზანტ და ზლაზვნია ნაგვის მანქანას ვერაფრით უწოდებდა ადამიანი “სწრაფს”, ანუ “არვანდ”–ს – ზენდ–ავესტურად…

Advertisements

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიყვარს ეს ბლოგი :) კარგი ისტორიაა..

    Annie**

    August 2, 2009 at 2:27 pm

  2. :)

    ანტიგონე

    August 2, 2009 at 2:34 pm

  3. ხომ უნდა გაგიმართლოს, რომ ასეთი რომანტიული სახელის მქონე მენაგვე გყავდეს ბავშვობის მოგონებებში. აბა ჩემი ბავშვობის მენაგვეებს გულო და გოზალა ერქვათ. :((

    noemberi

    August 2, 2009 at 4:25 pm

  4. რა მაინტერესებს, “ავესტა” რომაულ ვესტასთან კავშირშია?

    zurriuss

    August 11, 2009 at 6:14 pm

  5. მე ყველაზე ძალიან ის მომეწონა ქარი რომ წამოზრდილ ქოჩორს გიწეწავდა და ამიტომ კითხვის პროცესი რომ სასიამოვნო იყო უფრო! :))
    პ.ს. ნუ, ერვანდაც, რასაკვირველია სათანადო სიმაღლეზე დგას, და არა მხოლოდ ნაგვის მანქანაზე!

    Jessica de Rider

    August 13, 2009 at 2:28 pm

  6. saintereso istoriaa… ise saxelma ervandam mec gamaxsena bavshvoba(nu prinzipshi exlac titqmis bavshvi var:))… adre ert somex ervandas vicnobdi, shvilishvili dayavda musikaze chemtan ertad… cota gamoshterebuli iyo. yovel shemtxvevashi mis danaxvaze sityva ,,swrafi” ar gagaxsendeboda…:)

    nino

    January 5, 2010 at 7:35 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: