ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პედრო ალმოდოვარის “დაფლეთილი ჩახუტებები”

with 31 comments

abrazo

ახალი პოსტის დაწერის შემდეგ, როდესაც საქმე პოსტის დასათაურებაზე მიდგება ხოლმე ყოველთვის საგონებელში ვვარდები. არადა წერას მუდამ სათაურით ვიწყებ, რომელიც ფინალში აუცილებლად იცვლება. “სამუშაო” სათაური კონცენტრირებისათვის მჭირდება, საბოლოო სახეს რომ მიიღებს ნაწერი ამის შემდეგ ვიწყებ ფიქრს ადამიანებზე, რომლებიც თავდაპირველად სათაურს გაეცნობიან. დარწმუნებული ვარ, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ადამიანი! ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა აწერია ყუთს, რომელშიც უგემრიელესი შაქარყინულები, ან თუნდაც მომაკვდინებელი შხამი ინახება. ამის შესახებ უმბერტო ეკო წერს კიდეც, რასაც დამახასიათებელი სერიოზულობით ხსნის “ვარდის სახელს” თანდართულ კომენტარებში. იგი ამბობს, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკო უფრო შორსაც მიდის და ასკვნის, რომ ჯობს მწერალი უმალვე გარდაიცვალოს, როგორც კი ბოლო გვერდს დაწერს, რათა ნაწერი უსათაუროდ მივიდეს მკითხველამდეო…

კანის ფესტივალი დასრულებული არ იყო, როცა გოგი გვახარიამ მთელ ბუმბულებით შემოსილ ინწელექტუალურ ელიტას ახარა პედრო ალმოდოვარის ბოლო ნამუშევრის შესახებ. რადიო თავისუფლების ბლოგებში შეგიძლიათ ამ ფილმისადმი მიძღვნილი პოსტიც კი წაიკითხოთ. კარგად მახსოვს, როდესაც ფილმის სათაური მოვისმინე – “შეწყვეტილი ამბორი” – და შემდეგ შეგნებულად არ წავიკითხე ბატონი გოგის შემოთავაზებული სპოილერი, ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც: რა “რამანწიკა” აუტყდა ცინიკოს პედროს ამ სიბერეში მეთქი. არაფრით ჩაეწერა “შეწყვეტილი ამბორით” შექმნილი სახე, გნებავთ “ობრაზი” პედრო ალმოდოვართან მიმართებაში. რაღაც ხელოვნური და ზედაპირული იყო ეს სათაური, თუმცა აქაოდა სპოილერები არ შემომეკითხოსთქო დაგუგვლა არც მიცდია…

დღეს როგორც იქნა გამოვნახე დრო და როგორც იქნა წავედი ამ ფილმის სანახავად “ამირანში”, რომლის დირექცია თურმე აცხადებს (ამის შესახებაც რადიო თავისუფლების გვერდზე შევიტყე), რომ ალმოდოვარის ფილმების სეზონი ზაფხულში უფროა, ვინაიდან ბლოკბასტერების მოყვარული თინეიჯერები ზღვაზე არიან, პედროს დამფასებელი ინწელექტუალური ელიტა კი ამ დროს დედაქალაქშიაო… ერთი სიტყვით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფილმს მივუბრუნდეთ მგონი ის დროა! ფილმის ესპანურმა სახელწოდებამ “Los abrazos rotos” იმწამსვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანური არ ვიცი და ფრანგულის და იტალიურის იმედზე ვიყავი ამ ენების მსგავსების კუთხით, მხოლოდ იმის დადგენა შევძელი კინოსეანსზე ჯდომის დროს, რომ სათაური მრავლობით რიცხვშია და კოცნა სათაურში არ ფიგურირებს. ოდესღაც ნათამაშები შეკითხვა გამახსენდა, სადაც ესპანურად კოცნა “ბესო” არისო იყო ნათქვამი, თუმცა სკეპტიკურმა ლოგიკამ შემომიტია და მითხრა, იქნებ abrazo–ც კოცნაა, რა იციო?! კარგი, დავუშვათ abrazo კოცნაა, მაგრამ ამ დამტვრეულ, დაფლეთილ roto–ს რაღას უშვები, იტალიურშიც ხომ არის ეს სიტყვა მეთქი, ბანკროტი გაიხსენე – banco rotto – დამტვრეული დახლი მეთქი… ჩემს თავთან ასეთ გაბაასებაში ვიყავი ჩაძირული, რომ ფილმიც დაიწყო და საამისოდ უკვე აღარ მეცალა…

ფილმი ძალიან მომეწონა. ტყუილად ნუ ელოდებით, სპოილერის დაწერას არც კი ვცდილობ, თუმცა ჩემი სათქმელის საილუსტრაციოდ მაინც მომიწევს უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება. პედრო სიბერეში რაღაც სენტიმენტალური მეჩვენა, თუმცა მის ფილმში კვლავაც იგრძნობა ის ტკბილ–მწარე გემო, რომელიც მის წინა სურათებში ოდესღაც მომწონდა. ფილმი ავარიაში დაბრმავებულ კინორეჟისორზეა, რომელიც 50–იანი წლების კლასიკური დეტექტივივით (სინეფილები და სინეასტები ამ შემთხვევაში აუცილებლად ახსენებდნენ ტერმინ “ფილმ–ნუარს”) არის ჩახვეული. ამბავი ნელ–ნელა იხსნება და მაყურებლები 14–15 წლის წინანდელი ტრაგიკული რომანის თანამონაწილენი ხდებიან, რომელიც ავტოავარიით, მთავარი პერსონაჟი ქალბატონის სიკვდილით და კინორეჟისორის დაბრმავებით სრულდება. თუმცა ავარიამდე ერთთვიანი თაფლობისთვისმაგვარია ნაჩვენები, კანარის კუნძულების კურორტ ლანსაროტეში გატარებული, სადაც ერთმანეთით ტკობასთან ერთად შეყვარებული წყვილი სურათებსაც იღებს. აი, იმ სურათებს წამზომს რომ აყენებ აპარატზე, შემდეგ რომ გამორბიხარ, რომ მოასწრო და ჩხაკ!!! – სურათიც მზადაა. ამ სურათებში წყვილი ჩახუტების ნაირ–ნაირ პოზას გვთავაზობს და ფინალში, ავარიის შემდეგ ამ სურათებს ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟი მაგიდაზე დანაწევრებულ, დაფლეთილს პოულობს, მადრიდში ჩააქვს და “ჯიგზო პაზლივით” ცდილობს ასო–ასო აქნილი სურათებისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებას…

ლექსიკონამდე როგორც კი მოვაღწიე პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ სიტყვა abrazo–ს მნიშვნელობა ვნახე. თურმე კი არა abrazo იგივეა, რაც ინგლისური embrace, ფრანნგული – embrassement და იტალიური – abbraccio… ისე ამ იტალიური “აბრაჩო”–დან abrazo–მდე აშკარად უნდა მივსულიყავი, ვინაიდან ორივე “ჩახუტებას” ნიშნავს და აშკარად შეინიშნება საერთო ფუძე. abrazo–ს მნიშვნელობის დადგენის შემდეგ უკვე გასაგები გახდა რომელ დაფლეთილ ჩახუტებებზე იყო საუბარი სათაურში… ვერაფრით დავადგინე თუ სად გაჟღერდა ამ ფილმის სათაურის ქართული თარგმანი პირველად. თუმცა ფაქტია, რომ “შეწყვეტილ ამბორსა” და “დაფლეთილ ჩახუტებებს” შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხატოვანების თვალსაზრისით და ეს ალმოდოვარს, რომელიც სწორად ამ “ობრაზებით” აზროვნებს არ შეეშლებოდა. ვერანაირი კავშირი ვერ ვიპოვე ალმოდოვარის ტკბილ–მწარე სენტიმენტალურ სურათსა და “რამანწიკულ” სათაურს შორის. არადა სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  სათაური ფილმს ელემენტარულად არ უხდება!

Advertisements

31 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგი იქნებოდა ფილმის დასათაურებას (და არა მხოლოდ ფილმების) ყველა თქვენნაირად შემოქმედებითად და სიღრმისეულად უდგებოდეს. ,,შეწყვეტილი ამბორი” აშკარად მთარგმნელის მიერ იოლი გამოსავალია და აბსოლუტურად არაალმოდოვარისეული…
    ,,დაფლეთილი ჩახუტებები”… ჰმ, კარგად ჟღერს :)

    nati

    September 3, 2009 at 3:33 pm

  2. ალმადოვარი კოელიოსავით არის
    ყოველთვის იცი რას უნდა ელოდე, არასოდეს არ მინდა ნახვა, ბოლოს მაინც ვნახულობ და ისევ იმედ გაცრუებული ვრჩები :)
    პრინციპში პაპსაა

    პაატა_შ

    September 10, 2009 at 11:05 am

    • ალმოდოვარი თუ “პაპსაა”, მძიმე როკი ვინ არის საინტერესოა…

      Alexander

      September 10, 2009 at 11:32 am

  3. ფრანგულად არის “les etreintes brisées”. ვნახე ეს ფილმი. არა უშავს, თუმცა ალმოდოვარის “hable con ella სჯობს (“ელაპარაკე მას”). სათაური კი, “დაფლეთილი ჩახუტებები რაღაც ძალიან მძიმედ ჟღერს, იმიტომ რომ ჩახუტების დაფლეთა არ შეიძლება, ვერ დაფლითავ. აი, “შეწყვეტილი” კი უფრო უხდება და “ამბორი” მოფერებასაც ნიშნავს დაჩახუტებასთანაც ახლოა. მითუმეტეს, “etreinte” და “embrassement” (ეს სიტყვა ფრანგულში მოძველებულია) სინონიმებია, ოღონდ სათაურს უფრო უხდებოდა და თანამედროვედ ჟღერდა “etreinte”. ამიტომაც მე “ამბორის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

    mari

    December 25, 2009 at 5:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: