ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გრამატიკიკინა: კრეფს თუ კრიფავს?!

with 24 comments

panneau_carre

დღეს აღმაშენებლის გამზირზე უზარმაზარი ასოებით წარწერილ “კოლეზიონე”–ზე ჩავიქირქილე ბოროტად, თუ არ იცოდნენ როგორ იკითხება ეს სიტყვა იტალიურად, რას წერდნენ მეთქი! ამასთან დაკავშირებით “ზანუდა” ლინგვისტუსი მიწოდეს. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი ეს “ზანუდა”, ანუ აბეზარი თქვენს ენაზე რას ნიშნავს მეთქი, განმარტება მოაყოლეს – “ზანუდა” არის ადამიანი, რომელსაც როცა ეკითხები როგორ ხარ – დაწვრილებით გიყვება როგორც არისო. ჰოდა, ვინაიდან “ზანუდა” ლინგვისტუსი უკვე მიწოდეს, ამიტომ შევიფერებ ამ სტატუსს და მსურს  ერთ შეცდომაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ყველას ეშლება პერო–პათეტიკოსებით დაწყებული, ძველი ბიჭებით დამთავრებული. ამასთან დაკავშირებით ამონარიდი ერთ–ერთი ბლოგის ერთ–ერთი პოსტიდან:

მერიის გადაწყვეტილებას სულაც არ უდევს საფუძვლად გეი ტურიზმის განვითარება. უბრალოდ ამ ადგილას დიდი ხანია გეები იკრიფებიან, ხოლო პარკი იმ უბანში მდებარეობს სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანი ემიგრანტები არიან. ამ პანკარტების მიზანიც სწორედ ისაა რომ, ვისაც არ უნდა გეების დანახვა შეეძლოს თავი აარიდოს.

სტატიაში საუბარი იყო ამსტერდამის პარკებში განთავსებულ აბრებზე, სადაც მითითებულია თუ ძაღლით ხარ პარკის რომელ ნაწილში გასწიო სასეირნოდ, თუ ბავშვით – რომელში და თუკი გეი ხარ და ძაღლი არ გახლავს – საით წახვიდე. გეებს არაფერს ვერჩი, წინასწარ ვაცხადებ სანამ ჰომოფობს მიწოდებთ, თუმცა ძალიან ორაზროვნად ჟღერს ფრაზა “გეები იკრიფებიან”. უცებ წარმომიდგა თვალწინ აბიბინებული მინდორი, სადაც გეები ამოდიან, ან მსხმოიარე ხეხილი, რომელსაც ტკბილი გეები ასხია, მიდიხარ კრეფ ორ–სამ გეის და შენ გზას ეწევი… თავი რომ დავანებოთ იმას, რომ “მუსულმანი” არასწორი ფორმაა და ქართულად “მუსლიმის”, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში “მუსლიმანის” დაწერა ეგების, უნდა აღინინიშნოს, რომ შეკრება და აკრეფა სხვადასხვა ზმნებია. განზრახ დავგუგლე “იკრიფებიან” და ელდა მეცა, იმდენჯერ არის ნახმარი ერთი ზმნა მეორის ნაცვლად, ამიტომაც დროა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან. ჰოდა, მაშ ასე ჩემო ძვირფასო პერო–პათეტიკოსებო თუ ძველო ბიჭებო, ყური დაუგდეთ, რას გიყვებათ გრამატიკიკინა, ანუ “ზანუდა” ლინგვისტუსი:

ქართულ ენაში სულ გვაქვს ხუთი ლაბიალური, ანუ ბაგისმიერი თანხმოვანი. ესენია: ბ, ფ, პ, ვ, მ. ყველა ამ თანხმოვანს ბაგეების დახმარებით გამოვთქვამთ, თურმე კი არა ბაგეები არამხოლოდ “საზასაოდ” ყოფილა შექმნილი. ჰო, მართლა “ზასაობაზე” და წინა პოსტის ამბორ–კოცნაზე გამახსენდა – უკვე დროა ეს პროცესი “ფრენჩ კის”–ად მოვიხსენიოდ, თორემ რუსული “ზასაობა” ყურს ჭრის! ჰო, ლაბიალურ თანხმოვნებზე ვსაუბრობდი, გავაგრძელოთ… ამ ხუთი თანხმოვნიდან “ბ” არის მჟღერი ხშული თანხმოვანი, “ფ” – ფშვინვიერი ხშული, “პ” – აბრუპტიული ხშული, “ვ” – მჟღერი სპირანტი და “მ” – სონორი. ვინაიდან ქართულში გვაქვს ბედნიერება გვქონდეს სამნაირი ხშული ლაბიალური თანხმოვანი – ბ, ფ, პ – განსხვავებით სხვა ენებისაგან, მაგალითად არაბულისგან, სადაც “პ” და “ფ” არ აქვთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთი თანხმოვნის მეორით ჩანაცვლებით შეიძლება ნათქვამმა აზრი შეიცვალოს…

შეკრებასთან და აკრეფასთან დაკავშირებით ასევე ძალიან ხშირია შეცდომა, როდესაც ამბობენ “კრიფავს” ნაცვლად “კრეფს”, “კრიბავს” – ნაცვლად “კრებს” და ასე შემდეგ. გრამატიკიკინულ ენაზე რომ გადავთარგმნოთ სათქმელი: თემის ნიშანს “უპრაგონოდ” ხმარობენ. ახლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის თემის ნიშანი. ჯერ თემას მოგახსენებთ. თემა ზმნის ის ნაწილია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის ყველა მწკრივისათვის, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ სერიაში გვაქვს 6 მწკრივი: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი, მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი და მეორე სერიაში გვაქვს ორი მწკრივი: წყვეტილი და II კავშირებითი. ეს ყველაფერი საქმეში რომ გაჩვენოთ, მოდით ვაუღლოთ ერთ–ერთი ჩვენთვის საინტერესო ზმნათაგან, მაგალითად “კრეფს”:

აწმყო – ვკრეფ, კრეფ, კრეფს, ვკრეფთ, კრეფთ, კრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრები?)
უწყვეტელი –  ვკრეფდი, კრეფდი, კრეფდა, ვკრეფდით, კრეფდით, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდი?)
აწმყოს კავშირებითი – ვკრეფდე, კრეფდე, კრეფდეს, ვკრეფდეთ, კრეფდეთ, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდე?)
მყოფადი – ავკრეფ, აკრეფ, აკრეფს, ავკრეფთ, აკრეფთ, აკრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვიზამ?)
ხოლმეობითი – ავკრეფდი, აკრეფდი, აკრეფდა, ავკრეფდით, აკრეფდით, აკრეფდნენ  (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდი?)
მყოფადის კავშირებითი – ავკრეფდე, აკრეფდე, აკრეფდეს, ავკრეფდეთ, აკრეფდეთ, აკრეფდნენ (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდე?)
წყვეტილი – ავკრიფე, აკრიფე, აკრიფა, ავკრიფეთ, აკრიფეთ, აკრიფეს (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქენი?)
II კავშირებითი – ავკრიფო, აკრიფო, აკრიფოს, ავკრიფოთ, აკრიფოთ, აკრიფონ (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქნა?)

ე.ი. თემა რა არისო? – მართალია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის მწკრივებისათვის, ანუ ამ შემთხვევაში თემა იქნება “კრეფ” და “კრიფ”. გვაქვს ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები. ამ შემთხვევაში ზმნა “კრეფს” ორთემიანია, თან ხმოვანმონაცვლეა, ვინაიდან მეორე სერიაში ფუძის “ე” ხმოვანი “ი”–თ იცვლება. ასევე გამოყოფენ თემის ნიშანსაც. თემის ნიშანი, ჰქვია იმ ბოლოსართს, რომელიც პირველი სერიის თემას განასხვავებს მეორე სერიის თემისგან. ქართულში გვაქვს შემდეგი თემის ნიშნები: ი, ავ, ამ, ებ, ობ, ემ, ოფ. შესაბამისად რომ გავარკვიოთ რომელია სწორი კრეფს თუ კრიფავს, უნდა ვაუღლოთ, დავადგინოთ თემა, შემდეგ თემის ნიშანი და სრული კმაყოფილებით გამოვთქვათ სწორი ფორმა!

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. იკრიფებიან :):):) ლოოოოოოოოოოოოოოოლ OK
    მაგრამ მუსულმანებსს რას ერჩით?

    alex

    August 20, 2009 at 2:04 pm

    • იმას, რომ ქართულად მუსლიმია, ან მუსლიმანი და არანაირად მახინჯი რუსული სიტყვა მუსულმანი!

      linguistuss

      August 20, 2009 at 2:34 pm

  2. ვერ დაგეთანხმებით რომ მუსულმანი მახინჯი სიტყვაა, შეიძლება რუსულად მახინჯურად ჟღერს, ეგ ენა არ ვიცი, მაგრამ ლათინური ენების უმრავლესობაში, რომლებსაც არანაერი გავლენა არ აქვთ რუსული ენისა ასევე მუსულმანია, იგივე ვარიანტი გვხვდება სლავურ ენებშიც, მუსლიმ ინგლისური ვარიანტია (და არა მარტო ინგლისური რა თქმა უნდა).
    ქართულში პრინციპში სამივე ვარიანტი თანაბრად გვხვდება, მუსულმანი მათ შორის პატრიარქის ერთ ერთ ეპისტოლეშიცაა ნახსენები და პავლე ინგოროყვასთანაც… ასე რომ შეიძლება სინონიმებად მოვიხსენიოთ და ნუ ვიტყვით რომ რომელიმე მათგანი რადგანაც რუსულს ჰგავს არასწორია. (სხვათაშორის უცხო სიტყვათა ლექსიკონიც სინონიმებად იხსენიებს ამ სიტყვებს).
    ისე საინტერესოა სამი ვარიანტის არსებობა.

    alex

    August 20, 2009 at 5:44 pm

    • საუბარია არა იმაზე, რომ რადგან რუსული სიტყვაა ამიტომ არის მახინჯი, არამედ იმაზე, რომ თავად არაბულში “მუსლიმ”, ანუ მორჩილები ჰქვიათ ამ რელიგიის მიმდევრებს (ისლამ – მორჩილებაა) და რატომ მოვიხსენიოთ ისინი დამახინჯებული ფორმით, როცა შეგვიძლია ვუწოდოთ ისე, როგორც ორიგინალშია?

      linguistuss

      August 20, 2009 at 8:50 pm

    • მუსულმანი ვისაც არ უნდა ჰქონდეს ნახსენები, ამით მართებული ვერ გახდება ალბათ და ავტორიტეტებით რატომ უნდა ვცადოთ გადარჩენა. მუსულმანი სიადან ხდები? მუსულის მიმდევარი ხარ?
      იბნ სინას ავიცენათი ვინც ანაცვლებს, იმას სხვანაირად ენა არ უბრუნდება ალბათ და ჩვენ რა გაგვჭირვებია?

      Koba

      August 20, 2009 at 9:44 pm

  3. ,,საუბარია არა იმაზე, რომ რადგან რუსული სიტყვაა ამიტომ არის მახინჯი” – ,,მახინჯი რუსული სიტყვა მუსულმანი!” – ურთიერთამბიგვალენტურია ეს ორი ფრაზა…
    ,, რომ თავად არაბულში “მუსლიმ”, ანუ მორჩილები ჰქვიათ ამ რელიგიის მიმდევრებს (ისლამ – მორჩილებაა) და რატომ მოვიხსენიოთ ისინი დამახინჯებული ფორმით, როცა შეგვიძლია ვუწოდოთ ისე, როგორც ორიგინალშია?” – თუ არაბულში ,,მუსლიმ” გვხვდება თურქულში ,,მუსლუმან”, ახლა ვიმტვრიოთ თავი რომელია უფრო ჭეშმარიტი მუსულმანი?
    ფრანგებს ორიგინალში ჰქვიათ ”ფრანსე”(ები) და რატო ვამახინჯებთ? საქართველოს ორიგინალში საქართველო ჰქვია, სხვა ენებში კი ….
    ქრისტიანებს იგივე ფრანგულში ,,კრეტიენები” ჰქვიათ, მაშინ ამოვაგდოთ ,,ს” რადგანაც რუსულშიც იგივე თანხმოვანია და კრეტინები(დაახლოებით:) ვუწოდოთ…
    აღარ ჩამოვთვლი რომელ ენაზე რა ვერსიითაა სიტყვა მუსულმანი, ამას თქვენც ადვილად შეძლებთ სიტვის გუგელიზებით, უბრალოდ დავამატებ რომ მსოფლიო ენებში ეს სიტყვა სამი ვარიანტით გვხვდება, ხოლო ქართულ ენაში ეს სამივე ვარიანტი ერთდროულად არსებობს და ვერავინ დაამტკიცებს ერთიერთ-ერთის უპირატესობას მხოლოდ იმით რომ მუსულმანობა არაბეთში წარმოიშვა.
    @კობა ავტორიტეტები არაფერ შუაშია, me წყაროები დავასახელე. მე ჩემი პირადი შეხედულება მაქვს დასახელებულ წყაროებიდან ორივეს მიმართ და გულწრფელად გეტყვი სულ მცირე ერთ-ერთის ღირებულებებს არანაერად არ ვიზიარებ, მაგრამ წყარო წყაროა, სტალინსაც რომ ეთქვა ეს სიტყვა და მცოდნოდა იმასაც დავწერდი, მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არავისთვის ვისაც ადამიანობა აქვს ავტორიტეტი არ არის (ჩემი აზრით).

    alex

    August 21, 2009 at 3:07 am

    • Alex-ს
      მე უფრო მაგარ არგუმენტს გეტყვი ქრისტიანებზე. რაღა საფრანგეთი, აგერ აქვე, ქრისტეს ბერძნულად მოვიხსენიებთ, თუმც კი ცხებულიც არაა ურიგო სიტყვა. მაგრამ, ალბათ იმის გამო, რომ წაცხება ათასი სხვა დანიშნულებით არის ჩვენთვის სავსე, გაუცხოება ვარჩიეთ მისგან და ვფიქრობ სწორადაც.
      დედანში რო იეშუა მაშშიაყ ჰქვია, არც ეს გახდა არგუმენტი ჩვენთვის და ისევ ბერძნული ვარჩიეთ. თუმც კი სახარებას არა იგივ ბერძნული და თან საყოველთაოდ მიღებული, არამედ ქართული სახელი მოვარგეთ იმთავითვე.
      მაშ სადაა აქ ლოგიკა?
      მაჰმადიანს ხშირად ვამბობთ, მუსლიმანს – ნაკლებ, მუსულმანს – კანტი–კუნტად, ბასურმანს საერთოდ არ.
      არც ისქანდერ ორრქიანს, არც ტექსასს, ანუ, მიტროფანე ლაღიძისა არ იყოს, პირის გემოს უფრო ვენდობით და შედეგიც იმ ლაღიძის წყალივით გემრიელია.
      ამიტომ მგონია ლინგვისტუსი მართალი.

      Koba

      August 21, 2009 at 9:06 am

  4. ჰო, რუსთავი 2–ის ჟურნალისტებმა კი ვერ ისწავლეს რომ “დამთვალიერებელია” სწორი და არა “დამთვარიელებელი”. რაღაც, თემასთან ახლოს იყო და დავწერე…

    mari

    December 25, 2009 at 5:51 pm

  5. და თავად სიტყვა “უპრაგონოდ (თ)” რას ნიშნავს? ან რა წარმომავლობა აქვს? ბოლო დროს ხშირად ჟღერს. ეს “უპრაკუნოთ”-ის თანამედროვე ფორმაა, თუ რუსული “прогон”-ის ვერსია?

    Aleksey Lobov

    December 2, 2015 at 1:05 pm


Leave a reply to Koba Cancel reply