ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სასწაული ყინულზე

with 6 comments

miracle

ზუსტად იმ ღამეს, როდესაც მოხდა სასწაული და მე ჩავისახე, 1980 წლის 22 თებერვალს (1980 წლის 20 ნოემბერს დავიბადე და უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ასეა), მაშინ როცა მეორე ნახევარსფეროში ჯერ კიდევ დღე იყო, აშშ–ს ქალაქ ლეიკ–პლესიდში აშშ–ს და სსრკ–ს ჰოკეისტთა ნაკრები გუნდები უსინჯავდნენ ერთმანეთს ძალებს ზამთრის ოლიმპიადაზე. ეს არ იყო ფინალური შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრამ გადაწყვიტა ოქროს მედალოსნის ვინაობა.

საერთოდ 70–იანი წლები ამერიკის ისტორიაში წარუმატებელი ათწლედი იყო, რომელიც მოიცავდა ფიასკოს ვიეტნამის ომში, პრეზიდენტ ნიქსონის სახალხო სირცხვილს უოტერგეიტის პროცესზე და შემდეგ მის გადადგომას, ამერიკის საელჩოს დარბევას ირანში და ამერიკის მოქალაქეების მძევლად აყვანას, ნავთობის კრიზისს 1973 წელს და ა.შ. ამ თაობის ამერიკელები ყვებიან, რომ მხოლოდ სამი დაუვიწყარი მოვლენის გახსენება შეუძლიათ: პრეზიდენტ კენედის მკვლელობის, მთვარეზე ნილ არსმტრონგის დაჯდომის (1969–ში იყო მაგრამ მაინც) და ამ ხსენებულ მატჩში აშშ–ს ნაკრების გამარჯვების, ამიტომაც ერთი–ორად გასაგები ხდება ამ გამარჯვების მნიშვნელოვანება.

ეს ის დრო იყო, როდესაც საბჭოელი სპორტსმენები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვინაიდან სსრკ–ში (სექსთან ერთად!) პროფესიონალი სპორტსმენები არ არსებობდნენ, შესაბამისად ყველა მათგანს ჰქონდა უფლება, რომ ბარონი კუბერტენის ანდერძის მიხედვით მონაწილეობა მიეღო ოლიმპიურ თამაშებში. ამერიკელ პროფესიონალ სპორტსმენებს კი ამ დროს ოლიმპიური კომიტეტი თამაშებში ხსენებული ბარონის დანაბარების გამო ასპარეზობის უფლებას არ აძლევდა. ამიტომაც არავინ ელოდა ამერიკელი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ჰოკეისტთა ნაკრებისაგან რაიმე სახის წარმატებას.

ამ დროს საბჭოთა კავშირს ყველა ოლიმპიადა ჰქონდა მოგებული 1960 წლის გარდა (სსრკ ოლიმპიადებში 1952–დან მონაწილეობდა), რამდენჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი ამის სათვალავი მაშინ თავად ჰოკეისტებს ჰქონდათ არეული, თან ამ ნაკრებში თამაშობდნენ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი საბჭოელი ჰოკეისტები: ტრეტიაკი, ფეტისოვი, კასატონოვი, ხარლამოვი, კრუტოვი და მაკაროვი. ერთი სიტყვით, თავად ამერიკელებს არ ჰქონდათ იმედი, რომ საბჭოელ გრანდებს ახალბედა სტუდენტები რამეს დააკლებდნენ. თუმცა სასწაული მოხდა და ამერიკელებმა მოიგეს, რაც უმთავრესად მათი მწვრთნელის პროფესიით ფსიქოლოგის, ჰერბ ბრუქსის დამსახურება იყო. დღეს ის დარბაზი, ლეიკ–პლესიდში, სადაც ამერიკელებმა ფურორი მოახდინეს, ჰერბ ბრუქსის სახელობისაა. შთამბეჭდავი იყო მატჩის ფინალური ხუთი წამი, ამერიკელი კომენტატორის სიტყვები: five seconds left, four… do you believe in miracle? YES! (ხუთი წამი დარჩა, ოთხი… თქვენ გჯერათ სასწაულის? დიახ). ამიტომაც ამ მატჩს ასეც უწოდებენ – Miracle on ice, ანუ სასწაული ყინულზე, თუმცა ჩემთვის მაინც უფრო დიდი სასწაული ჩემი ჩასახვა იყო :)))))

შეგიძლიათ გადმოქაჩოთ Allshares.ge-ზე ატვირთული ამერიკული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ მატჩს ეძღვნება, თქვენი არ ვიცი და ამ ფილმის ყურების შემდეგ, ძალიან ძალიან impressed ვარ.

გადმოწერა

Advertisements

Written by linguistuss

August 23, 2009 at 2:30 am

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს თამაში ნანახი მაქვს ჩემი ჰოკეისადმი სიყვარულის გამო. საბჭოელებს გაცილებით მეტის გატანა შეეძლოთ, რომ არა ამერიკელების გოულის კრეიგის საოცარი თამაში.
    რამდენიმე წლის წინ ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ფილმიც შემომეყურა. ჰერბ ბრუქსის როლს კურტ რასელი თამაშობს, ცუდი ფილმი არაა, თუმცა ბოლო თამაში ორიგინალში გაცილებით მაგარი საყურებელია.

    Leonard Shelby

    August 23, 2009 at 11:44 am

  2. აწი 22 თებერვალსაც მოგილოცოთ?

    sandro

    August 24, 2009 at 4:01 pm

  3. პირველ წინადადებაში მოთხრობილი სასწაული უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მთლიანი ამბავი. გაიხარე, ვახულიკ, კარგად გავერთე :)

    akunina

    August 29, 2009 at 6:10 pm

  4. “ეს ის დრო იყო, როდესაც საბჭოელი სპორტსმენები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვინაიდან სსრკ–ში (სექსთან ერთად!) პროფესიონალი სპორტსმენები არ არსებობდნენ,” – აქ ლოგიკას ვერ ვხედავ… მაგრამ “ლოგიკის ჩარჩოში” რომ არ ჩავჯდე, დავწერ – ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში სპორტიც უმაღლეს დონეზე იდგა და პროფესიონალი სპორტსმენების არარსებობაში რას გულისხმობ, მართლა ვერ გავიგე :| წლების მანძილზე საბჭოთა “კამანდებს” ჰოკეი იქნებოდა თუ აერობიკა/ფიგურული სრიალი და ბევრი სხვა სპორტი ვერავინ ამარცხებდა; ნაკლებობა სად შეამჩნიეთ, მართლა ვერ ვხვდები.

    Sophie Golden

    August 30, 2009 at 2:13 am

    • იმას ვგულისხმობ, რომ საბჭოთა კავშირში “ოფიციალურად” მოთამაშეები ამა თუ იმ სპორტით დაკავებისას ხელფასს არ იღებენ, ანუ ეს არ იყო მათი ძირითადი პროფესია და ესენი ასაღებდნენ, რომ “მოყვარულები” იყვნენ და პროფესიონალები არ ჰყავდათ, ანუ ადამიანები რომელთა ძირითადი საქმიანობაა ესა თუ ის სპორტი, რაშიც იღებენ გასამრჯელოს. პროფესიონალების მონაწილეობა კუბერტენის ანდერძის თანახმად მაშინ ნებადართული არ იყო, ამიტომაც საბჭოელ სპორტსმენებს ჰქონდათ უპირატესობა, ვინაიდან ამერიკელი გრანდები მონაწილეობას ვერ ღებულობდნენ!

      linguistuss

      August 30, 2009 at 2:34 am

      • თუმც კი, როცა კანადელ პროფესიონალებს პირველად შეხვდნენ რუსები 70–იანებში, იმ რამდენიმე მატჩში აშკარად დაჩაგრეს. ამ კანადელებთან კი ამერიკელები ბავშვებად გამოიყურებოდნენ.

        თან, ეგ თამაში დიდად არ მიზიდავს, მაგრამ რუსები ლამაზ ჰოკეის თამაშობდნენ, ხოლო როცა კანადელებმა წაიუხეშეს, ხურდაც კარგი მიიღეს.

        ამდენად ამერიკელების წარმატება ალბათ მართლა სასწაულად უნდა მოინათლოს.

        ისე, სპორტის ისტორიას პირიქითაც ახსოვს – ოლიმპიადაზე 3 წამი იყო დარჩენილი კალათბურთის ფინალში და სსრკ–მ საკუთარი ფარიდან მოასწრო იერიშიც, ცრუმოძრაობაც და ჩაგდებაც და ერთი ქულით უკან მყოფმა მოუგო ამერიკელებს ეს ფინალი.

        თან, მაინცდამაინც არ მგონია, რომ ამერიკელი მოკრივეები დაზგებს და სტუდენტურ მერხებს მოწყვიტეს და ისე წამოიყვანეს ოლიმპიადაზე.

        იმის თქმა მინდა ბოლოს, რომ სსრკ–ს მაგვარ სახელმწიფოებს, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, განსაკუთრებით სჭირდებათ მსოფლიო ჩემპიონები, კოსმოსში პირველი გაფრენა, ყველაზე მაღალი ტელეანძა და ა.შ.

        გარკვეული ხნის განმავლობაში ახერხებენ კიდეც ამას, მაგრამ ბოლო მაინც ერთია – იმპერიები სწრაფად ბერდებიან.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: