ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მაგიური თარიღები

with 16 comments

ერთი თვის წინ დუბაიში მეტროპოლიტენი დიდი ზარზეიმით გახსნეს. ეს ფაქტი ერთი ჩვეულებრივი ხაბარი (ახალი ამბავი არაბულად) იქნებოდა, რომ არა გახსნის სპეციალურად შერჩეული თარიღი: 2009 წლის 9 სექტემბერი, 9 საათი, 9 წუთი და 9 წამი. რა ამბავი ცხრიანებია მეთქი გავიფიქრე უცებ და ჩემს მეხსიერებაში ცხრიანები სამარადჟამოდ დაუკავშირდა დუბაის მეტროპოლიტენს. არადა რომ გახსნილიყო 23 ოქტომბერს რა მოხდებოდა ვითომ? რატომ უყვართ ადამიანებს ასე სიმბოლოებით აზროვნება?!  ტყუილად არ უწოდებდა, როგორც ჩანს, ერნსტ კასირერი ადამიანებს “სიმბოლურ ცხოველებს”!

შარშან, როდესაც ჩემი კორპუსის თავზე Su-24–ების ზუზუნი მესმოდა ჩინელებმა რიცხვების სიმბოლური ორგია მოაწყეს. გახსოვთ ალბათ, ოლიმპიადის გახსნის თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, 8 საათი 8 წუთი და 8 წამი იყო. ჩინელები ნუმეროლოგიაში უფრო შორს წავიდნენ და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნეს. ჩვენს კულტურაში რვა ბედნიერების მომტანი რიცხვიაო, რაც თავის მხრივ იმით გამოიხატება, რომ ჩინურ ენაში კეთილდღეობისა და რვიანის (“ბა”) აღმნიშვნელი იეროგლიფები ერთნაირად იკითხებაო. სწორად იმავე მიზეზის გამო რიცხვი ოთხი (“ში”) მათთვის სიკვდილისა და უიღბლობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც განსაკუთრებული ფობიით ტეტრაფობიით გამოიხატება.

რვიანებისა და ჩინელების ურთიერთობის საკითხი იმდენად ვრცელია, რომ ილუსტრაციისათვის რამდენიმე ფაქტსაც მოვიყვან. მაგალითისთვის ჩინეთში, რაც უფრო მეტი რვიანი ურევია ტელეფონის ნომერს, მით უფრო ძვირია ასეთი ნომრის შეძენა. ყველასათვის ცნობილია ფაქტი, თუ როგორ გაიყიდა ტელეფონის ნომერი, რომელიც სულ რვიანებისაგან შედგებოდა 270 723 ამერიკულ დოლარად. ასევე თითქმის ყველა დიდ ქალაქში USSD კომბინაცია *888# ჩინელების მიერაა ათვისებული. ასე რომ, არ გამიკვირდება ახლო მომავალში ჯეოსელში და მაგთიშიც რომ დაარეზერვონ რვიანების შემცველი ნომრები ჩვენმა ახალჩამოსულმა ჩინელმა მეგობრებმა.

…და მაინც რა იწვევს ადამიანებში რიცხვებისადმი ასეთ ფანატურ ლტოლვას? კარგად მახსოვს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დეიდას გაოცებული სახე, მანქანას რომ ვყიდულობდი და რომ მკითხა რომელი ნომერი გინდაო, აირჩიეო და ჩემი პასუხი რომ მოისმინა, “სულ ერთია” მეთქი, ქალმა კულტურული შოკი მიიღო. ერთი გენიალური ინდოელი მათემატიკოსი, სრინივასა რამანუჯანი, გამახსენდა რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა კარგი და ცუდი რიცხვები არ არსებობს, მე ისინი ყველა თანაბრად მიყვარსო.

ხანდახან იმაზეც კი მიფიქრია, რომ რიცხვების ფსევდო–სიმბოლიკით ნებისმიერი ბოდვა მიზეზის მოგონება და შემთხვევითად შერჩეული თარიღის დასაბუთება შეიძლება. მაგალითად დღეს 2009 წლის 12 ოქტომბერია, ანუ 12.10.2009 – თარიღში შემავალი რიცხვების (12 + 10 + 9 + 2) ჯამი 33–ს შეადგენს, რაც თავის მხრივ საკრალური რიცხვია ქრისტიანობაში. ბაირონმა თავის ცხოვრებაში ამ საკრალური ასაკის დადგომა შემდეგი ლექსით აღნიშნა:

Through life’s road, so dim and dirty,
I have dragg’d to three and thirty.
What have these years left to me?
Nothing – except, thirty-three.

მე კი წელს 29–ის ვხდები, რომელიც ოთხით განსხვავდება 33–ისგან, ჩემს მიერ ზემოთ ციტირებული ლექსი კი ოთხი სტრიქონისაგან შედგება. ახლა მე უნდა დავასკვნა, რომ ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა და რომ ამაში ზებუნებრივი ძალების ხელი ურევია, ჰოდა ეს პოსტი არ უნდა გამოვაქვეყნო, ვინაიდან ჯერ–ჯერობით უცნობია ზებუნებრივი ძალების განწყობა, სიკეთით ხელმძღვანელობენ ისინი, თუ ბოროტებით. ვაითუ ამ რიცხვების ორგიამ ბლოგის ვიზიტორებს უბედურება მოუტანოს… მართლაცდა, მაინცდამაინც 33 წლის ასაკს რატომ მიუძღვნა ბაირონმა ლექსი, 27–ის, 28–ის, ან თუნდაც 19–ის რომ იყო რატომ არაფერი ეწერინებოდა ამ საკითხზე?!

P. S. პოსტის პათოსი ითხოვს, რომ ჩემი ეს დღევანდელი ქმნილება შევინახო და 2010 წლის 10 ოქტომბერს, დილის 10 საათზე და 10 წუთზე, მე–10 წამზე გამოვაქვეყნო, თუმცა ძლივს მუზა მომსვლია და დამიწერია რაღაც, ჰოდა ამიტომაც “დავაფაბლიშებ”, ვინაიდან მომავალი წლისთვის, მოიძებნებიან ისეთი სიმბოლური ცხოველები, რომლებიც სულ ათიანების დადგომით თავისი ახლად შექმნილი პროდუქტის დაბადებას გვამცნობენ…

Written by linguistuss

October 12, 2009 at 2:25 pm

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბაირონმა ჩემი აზრით ეს ლექსი 33 რიცხვს იმიტომ მიუძღვნა,რომ ინგლისური 33 კარგად ირითმება. მაგარი სისულელე გამომივიდა ხო?:))))))))

    სანდრო ქიტიაშვილი

    January 30, 2011 at 8:46 pm

  2. :D
    მაგარი პოსტია და ბოლოსწინა აბზაცი – სუპერ!

    ახლა კიდევ ის გამახსენდა, თავისუფლების მოედნამდე დისკუსია ციფრებზე, ათობით, ოცობით დ ათორმეტობით სისტემაზე და მომენატრა ერთი მინი-თავშეყრა <3

    კატიე

    January 30, 2011 at 10:06 pm


Leave a comment