ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საქართველოს ბანკის ჩემპიონატი, ტური 1

with 10 comments

thinker

დღეს ჩავატარე საქართველოს ბანკის შიდა ჩემპიონატის პირველი ტური სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში. ჩემდა გასაკვირად ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ტურნირმა და თავად მონაწილეებმაც სერიოზული შედეგები აჩვენეს. არადა მეგონა ამ კითხვებიდან პირველი ადგილი მაქსიმუმ 8–9–ს გამოიცნობს მეთქი. პირველმა ადგილმა გამოიცნო 14 და მეორემ – 13 !

შეკითხვებს შეგიძლიათ გაეცნოთ. სწორი პასუხები და კომენტარები თეთრი შრიფტით წერია, იმისათვის რომ წაიკითხოთ მონიშნეთ. შეკითხვები ამჯერად სულ მე დავწერე, ამიტომ შეკითხვის ავტორს თითოეულ კითხვას აღარ მივაწერ, ისედაც გასაგებია.

1) იუთიუბში ძრომიალისას შეკითხვის ავტორი წააწყდა ერთ ვიდეო–კლიპს, რამაც ბავშვობა გაახსენა. კლიპში ერთი ბატონი მოგვითხრობდა თავის ისტორიას, რომელსაც ეცვა იაპონური ფეხსაცმელები, ემოსა ინგლისური შარვალი და ეხურა წითელი რუსული ქუდი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რიცხვი, რომელიც უშუალო კავშირშია ამ ბატონთან.

პასუხი: 420
კომენტარი: საუბარია სიმღერაზე “მერა ჯუტა ჰაი ჯაპანი”, ოდესღაც პოპულარული ფილმიდან “ბატონი 420”, რომელშიც მთავარ როლს რაჯ კაპური ასრულებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

2) სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, გასულ საუკუნეში, ამ ადამიანმა განაცხადა: „მე გამაჩნია სამი სამშობლო – საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე“. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.

პასუხი: სერგო ფარაჯანოვი
წყარო: ბმული

3) შეკითხვაში საუბარი გვექნება ლოგოზე. ეს ლოგო დიზაინერთა ჩანაფიქრით წარმოადგენს ლურჯ ქვას, რომელზედაც ორი სკანდინავიური რუნა – ჰაგალი და ბერკანანია ამოკვეთილი. ლოგოზე გამოსახული ქვის შეფერილობა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ეს ფერი სიმბოლიზირდება ადამიანთან, რომლის სახელიც და მეტსახელიც დაშიფრულია ორ ზემოხსენებულ რუნაში. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით ამ ადამიანის სახელს, დაასახელეთ ამ ადამიანის მეტსახელი ნებისმიერ ენაზე.

პასუხი: ლურჯკბილა
კომენტარი: საუბარია ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლზე ბლუთუზზე, რომელსაც სახელი დანიელი მეფის ჰარალდ ლურჯკბილას (Harald Blåtand) საპატივსაცემოდ ეწოდა. მიიღება ნებისმიერი პასუხი სადაც “ლურჯკბილაა” დაფიქსირებული.
წყარო: ბმული

4) ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ხვდა სტუდენტს იოშინორი საკაის. ყურადღება შეკითხვა: რამდენი წლის იყო იოშინორი საკაი ამ დროისათვის?

პასუხი: 19
კომენტარი: იოშინორი საკაი დაბადებული იყო 1945 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად იმ დღეს, როცა ჰიროსიმაში ჩააგდეს ატომური ბომბი. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იოშინორი საკაი იყო 19 წლის.
წყარო: ბმული

5) ვახუშტი კოტეტიშვილის ერთ ლექსში არის ასეთი ფრაზა: “ზეცის წესია მიწიერი არ მიიკაროს”. შემდეგ სტროფში კი მოთხრობილია ერთი ჭაბუკის ტრაგიკული ისტორია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ჭაბუკის სახელი.

პასუხი: იკაროსი
კომენტარი: „რა ბედი სწია, გახსოვს ზეცამ ჭაბუკ იკაროსს?! / მისი წესია, მიწიერი არ მიიკაროს!“ – სიტყვების თამაშია მიიკაროს – იკაროს, ამავდროულად ასე ხსნის პოეტი იკაროსის ტრაგიკულ ბედს, რომელიც ცაში აფრინდა, ფრთები დაეწვა, მიწაზე დაეცა და გარდაიცვალა.
წყარო: ბმული

6) ფრანც შუბერტის სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი უკანასკნელი სიმღერებისა და რომანსების კრებული, რომელსაც გამომცემელმა “შვანენგეზანგი” უწოდა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით როგორ ითარგმნება გერმანულიდან ქართულად სიტყვა “შვანენგეზანგ”?

პასუხი: გედის სიმღერა
კომენტარი: ეს არის ფრანც შუბერტის უკანასკნელი სიმღერების კრებული
წყარო: ბმული

7) მე–17 საუკუნის 30–იან წლებში როსტომ მეფემ გიორგი სააკაძის შვილიშვილს, იორამს განუახლა თარხნის ტიტული. თარხნის ტიტული მრავალ პრივილეგიას ითვალისწინებდა. მათ შორის თარხანს შეეძლო ნებისმიერი ქალის ცოლად მოყვანა მამის თანხმობის გარეშე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც მას ამის გაკეთება არ შეეძლო.

პასუხი: როცა ქალის მამა მეფე იყო
წყარო: ბმული

8) 1957 წელს პარიზელ გამომცემელს ერიკ ლოსფელდს ფოსტით მიუვიდა ბანდეროლი, რომელიც შორეული აზიიდან იყო გამოგზავნილი. ბანდეროლი ხელნაწერს შეიცავდა, რომელიც თავის მხრივ ორი რომანისაგან შედგებოდა. პირველ რომანს ეწოდებოდა “ანტი–ქალიშვილი”. მეორე რომანს კი სათაურის მაგივრად ქალის სახელი ეწერა. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა ერქვა მეორე რომანს?

პასუხი: ემანუელა
კომენტარი: საუბარია ტაილანდელი მწერლის, ემანუელ არსანის 1959 წელს გამოქვეყნებულ რომანზე, რომლის ეკრანიზაციამაც შემდგომში ევროპაში სექსუალური რევოლუცია მოახდინა.
წყარო: ბმული

9) მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, 1939 წლის სექტემბერში ლუიზა ფლორენზ დიქსი თავის შვილებთან ერთად საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. მათ თან ახლდა სამი ძაღლი, სამი კუ, ექვსი კანარის ჩიტი, ორი კაჭკაჭი, გომბეშო, თოლია, მტრედი, ჩიტბატონა და ბუ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ლუიზა ფლორენზ დიქსის ქმრის გვარი.

პასუხი: დარელი
კომენტარი: ლუიზა ფლორენს დიქსი–დარელი იყო სახელოვანი ინგლისელი ნატურალისტის ჯერალდ დარელის დედა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

10) 1934 წელს თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც თურქეთის ყველა მოქალაქე ვალდებული იყო ჰქონოდა გვარი, ვინაიდან მანამდე თურქებს გვარები არ გააჩნდათ. თურქეთის ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ჰქონდა აეღო ის გვარი, რომელიც მას მოესურვებოდა, გარდა ერთი გამონაკლისისა… ყურადღება შეკითხვა: რომელი გვარის აღებას კრძალავდა მეორე კანონი, რომელიც ამავე წელს მიიღო თურქეთის პარლამენტმა?

პასუხი: ათათურქი
კომენტარი: მას შემდეგ რაც მუსტაფა ქემალს მიენიჭა გვარი ათათურქი, თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უკრძალავდა უბრალო მოქალაქეთათვის ამ გვარის აღებას.
წყარო: ბმული

11) ამერიკელმა ასტრონავტმა, აპოლო–10–ის პილოტმა, იუჯინ ენდრიუ სერნანმა მთვარიდან დაბრუნებულმა განაცხადა: „ჩვენ გვინდოდა მთვარის გამოკვლევა, თუმცა მთვარეზე ჩვენ სინამდვილეში აღმოვაჩინეთ…“ დაასრულეთ ამერიკელი ასტრონავტის პარადოქსული გამონათქვამი ერთი სიტყვით.

პასუხი: დედამიწა
კომენტარი: მთვარიდან მათ დაინახეს დედამიწა, ისევე როგორც ჩვენ დედამიწიდან ვხედავთ მთვარეს.
წყარო: ბმული

12) ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ 1660 წელს მეტეხის ტაძარს მეხი დაეცა. დაზიანებული ეკლესია ვახტანგ V შაჰნავაზმა შეაკეთებინა, რის შემდეგაც ტაძრის გამოყენება ერთი კონკრეტული დანიშნულებით დაიწყეს. ტაძარი ამავე ფუნქციას ინარჩუნებდა 1690-აინ წლებში, როდესაც იგი ერეკლე I ნაზარალიხანმა სპარსელებს გადასცა ციხესთან ერთად. საინტერესოა ისიც, რომ ამავე დროს იმავე დანიშნულებას თურქებისათვის სულ სხვა ნაგებობა ასრულებდა, რასაც შეეწირა კიდეც ის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელ ნაგებობაზეა საუბარი.

პასუხი: პართენონის ტაძარი
კომენტარი: მეტეხის ტაძარში დენთის საწყობი იყო განლაგებული. 1687 წლის 26 სექტემბერს პართენონის ტაძარში განთავსებული დენთის საწყობი აფეთქდა, რამაც შეიწირა კიდეც ამ ტაძრის უმთავრესი ნაწილი.
წყარო: ბმული

13) ერთ–ერთ სარეკლამო რგოლში კადრში ვხედავთ კედელზე მიჭედებულ ოთხ ლურსმანს, რომლებიც ჰორიზონტალურადაა განლაგებული. ამ ლურსმნებზე ერთმანეთის მიყოლებით ჰკიდებენ მანქანის გასაღების აცმებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომელსაც უკეთდება რეკლამა სარეკლამო რგოლში.

პასუხი: აუდი
კომენტარი: გასაღებების აცმის ოთხი რგოლი, ოთხ ჰორიზონტალურად მიჭედებულ ლურსმანზე დაკიდებული, აუდის ლოგოს ვიზუალიზაციას ახდენს.
წყარო: ბმული

14) ჯორჯ ვაშინგტონს მიეწერება ფრაზა: “ჩვენ უნდა დავეკითხოთ ძმა ჯონათანს” (We must consult Brother Jonathan). ამ ფრაზის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ და ის ბარაქ ობამას ვათქმევინოთ, ობამა ძმის მაგივრად სხვა ახლო ნათესავს დაეკითხება რჩევას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ახლო ნათესავის სახელი.

პასუხი: ბიძია სემი
კომენტარი: ძმა ჯონათანი მე–18 საუკუნეში წარმოადგენდა მოგონილ პერსონაჟს, რომელიც განასახიერებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემდგომში ეს პერსონაჟი ბიძია სემმა შეცვალა.
წყარო: ბმული

15) ყალმუხეთის დედაქალაქის, ელისტის მახლობლად 1998 წელს აშენდა უზარმაზარი კომპლექსი, “სითი–ჩეს”. ყურადღება შეკითხვა: რომელი ლიტერატურული პერსონაჟის ძეგლია დამონტაჟებული სითი–ჩესის შესასვლელში?

პასუხი: ოსტაპ ბენდერის
კომენტარი: სითი–ჩესს ნიუ–ვასიუკის უწოდებენ. ვასიუკი ცნობილია ილფის და პეტრობის წიგნიდან “თორმეტი სკამი”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

16) შვიდწლიანი ომის დროს, პრუსიის მეფეს ფრიდრიხ მეორეს მოუწია დაპირისპირება სამი ქვეყნისაგან შემდგარ კოალიციასთან, რომელსაც “სამი ქალბატონის კავშირს უწოდებდნენ”. ამ სამიდან ერთ–ერთი იყო საღვთო რომის იმპერატრიცა მარია–ტერეზია, მეორე – რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტა… არ გეკითხებით მესამე ქვეყანას, მითხარით ვინ იყო მესამე ქალბატონი?

პასუხი: მარკიზა დე პომპადური
კომენტარი: იმ დროინდელ საფრანგეთს ფაქტობრივად ლუი XV-ის ფავორიტი მარკიზა დე პომპადური მართავდა
წყარო: ბმული

17) ცნობილია, რომ ამ რომანის ავტორს არ უყვარდა სიმბოლოები და ალეგორიები, სწორად ამიტომ იგი ხშირად დასცინოდა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მის რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ აუპატიურებს ბებერი ევროპა არასრულწლოვან ამერიკას. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ რომანის ავტორი?

პასუხი: ვლადიმირ ნაბოკოვი
კომენტარი: ბებერი ევროპელი ინტელექტუალი, ჰუმბერტ ჰუმბერტი რომანში აუპატიურებს და რყვნის არასრულწლოვან ამერიკელს, დოლორეს ჰეიზს, რომელსაც იგი ლოლიტას უწოდებს.
წყარო: 1. ბმული

18) 1941 წლის 6 სექტემბერს უინსტონ ჩერჩილი ბუკინგემშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბლეჩლიში ჩავიდა რათა მოენახულებინა ერთი კონკრეტული დაწესებულება. იგი ძლიერ გაოცდა, როცა ამ დაწესებულების თანამშრომელთა შორის გარდა მათემატიკოსებისა და ლინგვისტებისა, ბრიჯისა და ჭადრაკის პროფესიონალი მოთამაშეები აღმოაჩინა. ყურადღება შეკითხვა: რითი იყვნენ დაკავებულები ამ დაწესებულების თანამშრობლები ქალაქ ბლეჩლიში?

პასუხი: დეშიფრირებით
კომენტარი: სწორად ქალაქ ბლეჩლიში მოხდა გერმანიის შიფრაციული მანქანის, “ენიგმას” კოდის გატეხვა.
წყარო: 1. ბმული 2. Саймон Сингх, Книга Шифров, Москва, АСТ Астраль, с. 204

19) იტალიური ვიკიპედია ამ სიტყვით მოიხსენიებს ჯოვანის, მატეოს, ლუკას და მარკოს. დაასახელეთ 1647 წელს გარდაცვლილი პიროვნების გვარი, რომელსაც ეს სიტყვა ერქვა სახელად.

პასუხი: ტორიჩელი
კომენტარი: ჯოვანი, მატეო, ლუკა და მარკო იტალიელებისათვის სახარების ავტორები, ანუ ევანგელისტები არიან. იტალიურად ევანგელისტი ჟღერს, როგორც „ევანჯელისტა“, ასე ერქვა ცნობილ იტალიელ ფიზიკოს ტორიჩელისაც.
წყარო: 1.  ბმული 2. ბმული

20) 1553 წელს ირანის შაჰმა თაჰმასპ I-მა თეირანში ააგო ბაზარი და ქალაქს გარშემო კედლების ზღუდე შემოარტყა. კედლებში დატანებული კარიბჭეების რაოდენობა სულ 114–ს შეადგენდა, რაც არ იყო შემთხვევითი. რისი მიხედვით მოხდა კარიბჭეების რიცხვის და შესაბამისად მათი სახელწოდებების შერჩევა?

პასუხი: ყურანში სურების რაოდენობის მიხედვით
კომენტარი: ყურანში სულ 114 სურაა
წყარო: ბმული

Advertisements

Written by linguistuss

October 17, 2009 at 10:03 pm

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვები იყო, ბევრი რამ ახალი გავიგე. განსაკუთრებით ბლუთუსზე მომეწონა კითხვა. ყოველთვის მაინტერესებდა, ლურჯ კბილებთან რა კავშირი აქვს, ჰო და ახლა ვიცი. :-)

    Thea

    October 17, 2009 at 11:01 pm

  2. 14 და 18–ის გარდა ყველა გამოვიცანი.. :)
    ბევრი “ხალტურა” იყო :)

    Goga

    October 18, 2009 at 12:58 am

    • ხვალ არ იქნება “ხალტურა” და მოეთრიე :p

      linguistuss

      October 18, 2009 at 1:36 am

    • მე სულ 14 ავიღე :(

      otari

      October 22, 2009 at 4:01 am

  3. ძალიან საინტერესო კითხვებია, განსაკუთრებით მომეწონა კითხვა აუდის სარეკლამო რგოლზე (აუდის ფანი ვარ და ჩემი უსაყვარლესი სარეკლამო რგოლია). ეს სკანდალური სარეკლამო რგოლი ისეთი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, რომ გერმანიაში ტელევიზიით არ გაუშვეს :)

    Ladybird

    October 18, 2009 at 3:17 am

  4. სულ 10 კითხვა გამოვიცანი. მე-6 ხომ რაღაც წამებში (Schubert-ის Schwanengesang და Die schone Mullerin ხომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა). მე-12 კითხვაზე ძალიან გავიჭედე. საინტერესო კითხვებს ადგენ, მაგრამ მაინც რაგაც “astuce” აკლია თითქოს.

    Pegi

    October 18, 2009 at 9:52 am

    • პირველად თამაშობდნენ ამ თამაშს ეს ადამიანები და ახლა “ხაფანგები” რომ დამეგო კიდე კითხვებში არ გამოვიდოდა ასე :)

      linguistuss

      October 18, 2009 at 1:28 pm

  5. ”ხალტურა” რას ნიშნავს, რატომ იყო? სანამ წაეთრევით გვითხარით :P

    ნინო

    October 18, 2009 at 11:57 am

    • ეს კითხვები არაპროფესიონალებისთვის დაიწერა, ვინც პირველად თამაშობდნენ ამ თამაშს, შესაბამისად მაქსიმალურად რაც შემეძლო გავაადვილე. თემატიკაც ზოგიერთ ადგილას გადაღეჭილია, ამიტომაც ბატონ გოგას (გვარს არ დავასახელებ) ხალტურად მოეჩვენა. თუმცა ვინც თამაშობდა გუშინ ამ კითხვებზე ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო, ანუ მათთვის ეს არ იყო “ხალტურა” :)

      linguistuss

      October 18, 2009 at 1:26 pm

  6. 7 ავიღეთ ისიც ორმა კაცმა ვაი :D

    maxara174

    January 8, 2010 at 12:25 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: