ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სუპერლიგის კითხვები, პირველი ტური

with 8 comments

1) ცნობილია, რომ ბობ მარლის საფლავში ჩააყოლეს მისი გიტარა, ბიბლია, მარიხუანათი “დატენილი” სიგარეტი, ეთიოპიის პრინცის ნაჩუქარი ბეჭედი და კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ბობ მარლის გარდაცვალების ირიბი მიზეზი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ მომღერლის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ ამ ნივთმა ირიბად კვლავ მიანიჭა ტკივილი ბობ მარლის თანამემამულეებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნივთი!

პასუხი: ფეხბურთის ბურთი
კომენტარი: მარლი გარდაიცვალა მელანომით, რომელიც მას საფეხბურთო მატჩის შედეგად განუვითარდა. 1998 წელს, იამაიკის ნაკრები გააცამტვერა არგენტინის გუნდმა, ანგარიშით 5-0; ალბათ ბევრს ახსოვს ჯგუფ “ჩაიფი”-ს სიმღერა “Какая боль”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

2) ლორენა ოჩოა სპორტის ამ სახეობაში ქალთა შორის პირველ ადგილს იკავებს, რაც გარკვეული მოსაზრებით პარადოქსია, ვინაიდან თავად თამაშის სახელწოდება, ერთი განმარტების თანახმად, უკიდურესად მამაკაცური სპორტის სახეობაა და მასში ქალები არ დაიშვებიან. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.

პასუხი: გოლფი
კომენტარი: GOLF = Gentlemen Only, Ladies Forbidden
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

3) თქვენს წინაშეა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო პოსტერი, სადაც წაშლილია ერთ-ერთი ცხოველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი! jaguar

პასუხი: იაგუარი
კომენტარი: სურათზე იაგუარია წაშლილი, რომელიც ავითარებს ყველაზე მაქსიმალურ სიჩქარეს ამ სიმბოლურ სპიდომეტრზე.
წყარო: ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

4) 2003  წლის ნოემბერში გერმანიის ერთ ქალაქს დროებით გადაარქვეს სახელი, რითაც პატივი მიაგეს ამ ქალაქში წარმოებული პროდუქტის მეხუთე თაობას. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ამ ქალაქის მიღებული დროებითი სახელწოდება, რომელიც 1 ასოთი განსხვავდებოდა მისი რეალური სახელისაგან.

პასუხი: გოლფსბურგი
კომენტარი: ქალაქ ვოლფსბურგში გამოუშვეს ფოლკსვაგენ გოლფის მეხუთე თაობა, ამის გამო ვოლფსბურგს 1 კვირით გოლფსბურგი უწოდეს.
წყარო: ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

5) ვატიკანში,  წმინდა პეტრეს მოედანზე დგას ძვ.წ. XIII საუკუნის ძვ. ეგვიპტური ობელისკი, რომელსაც “მოწმეს” ეძახიან. თუ მიხვდით რატომ ეძახიან ამ ობელისკს ცოტა არ იყოს უცნაურ მეტსახელს, 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სიკვდილის მოწმეც გახდა ეს ობელისკი დაახლოებით 2000 წლის წინ.

პასუხი: წმინდა პეტრე
კომენტარი: ობელისკი შემთხვევით სულაც არ დგას წმ. პეტრეს მოედანზე, გადმოცემით ის იყო წმ. პეტრეს მოწამეობრივი სიკვდილის “მოწმე”.
წყარო: ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

6) ტევტობურგის ომში გამანადგურებელი მარცხის შემდგომ რომის იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძაძით მოსილი დადიოდა. იგი გერმანელებზე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მის დაცვაში შემავალი გერმანელი დაცვის წევრები რომის იმპერიის მოშორებულ პროვინციებში გაუშვა სამსახუროდ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, სადაც მათი უმეტესობა მოხვდა ბედის ირონიის თუ იმპერატორის შავი იუმორის გამო.

პასუხი: არმენია (სომხეთი)
კომენტარი: ტევტობურგის ტყეში გერმანელთა ტომებს სარდლობდა არმინიუსი, იმპერატორის გერმანული დაცვის უმეტესობაც სწორედ არმენიაში გადაასახლეს.
წყარო: ბმული
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

7) [მოთამაშეებს ურიგდებათ ტექსტი: 1. old blue 2. Sweet George Brown 3. Burying Black 4. Dobbin 5. ?] ჯონ სტეინბეკის რომანში “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” მთავარ გმირს, ეთან ჰოულის სულ 5 კარგი კოსტიუმი აქვს, რომელთაგანაც თითოეულს თავისი საკუთარი სახელი აქვს. მთავარი გმირის ოთხი კოსტიუმის საკუთარი სახელი თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ რა ერქვა მის მეხუთე კოსტიუმს, თუკი ამაში თქვენ მე–19 საუკუნეში დაწერილი რომანი დაგეხმარებათ.

პასუხი: დორიან გრეი
კომენტარი: კოსტიუმები ფერებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მისი რუხი ფერის კოსტიუმი დორიან გრეის მოსახელეა.
წყარო: ჯონ სტეინბეკი, “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”, გვ.147;
ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

8) ჭეშმარიტი მუსლიმი ლოცვას, ანუ ნამაზს განბანის რიტუალით იწყებს, შემდეგ პატარა სპეციალურ ხალიჩაზე მუხლებზე დგება და ამ პოზაში იგი ემსგავსება პირველს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ხსენებული პირველის სახელწოდება!

პასუხი: ალიფი (ალეფი)
კომენტარი: არაბულ ენაში ღმერთის სახელი, ალაჰი იწყება ასო ალიფით, რომელსაც ვერტიკალური ჯოხის ფორმა აქვს. ამ პოზაში ასო ალიფი მლოცველს ღმერთის სახელს აგონებს. ალიფი არაბული ანბანის პირველი ასოა!
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9) ცნობილია რომ მას შემდეგ რაც ისლამურ სამყაროში დაიწყო მინარეთების აგება და მინარეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მუეძინების თანამდებობის დაკავებისას უპირატესობა სწორედ ასეთ ადამიანებს ენიჭებოდათ, რადგანაც ამით არავითარ შემთხვევაში აღარ გაჩნდებოდა მუეძინის მხრიდან ჰარამის დარღვევის შანსი. ყურადღება შეკითხვა: რა კატეგორიის ადამიანებს ენიჭებოდას უპირატესობა?

    პასუხი: ბრმებს
    კომენტარი: ბრმები ვერანაირად ვერ დაინახავდნენ თუ რა ხდებოდა ქვემოთ განლაგებულ სახლებში.
    წყარო: ბმული
    ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

    10) როგორც ცნობილია, მოდა ხშირად მეფეთა და დიდგვაროვანთა მიმბაძველობით ჩნდება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით სწორედ ასე გახდა პოპულარული ე.წ. “ფრიგიული ქუდიც”, მას შემდეგ, რაც ერთმა ლეგენდარულმა პიროვნებამ ის “შეძენილი” ნაკლის დასაფარად გამოიყენა. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რა შეძენილ ნაკლზეა საუბარი, დაასახელეთ ეს ლეგენდარული ადამიანი.midas

    პასუხი: მიდასი
    კომენტარი: ერთ–ერთი ვერსიის თანახმად მიდასმა ასეთი ფორმის ქუდი ვირის ყურების დასაფარად გამოიყენა.
    წყარო: ბმული
    ავტორი: ზურაბ ფარჯიანი

    11) ბრიტანელმა ბიოლოგმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა, რიჩარდ დოკინსმა წამოიწყო კამპანია (Out Campaign)), რომლის მიზანიც ათეისტთა კონსოლიდაცია და თვითლუსტრაციაა. დოკინსმა ყველა ათეისტს მოუწოდა სამკერდე ნიშნის ადგილას ატარონ ერთი სიმბოლო, რაც დოკინსის აზრით ყველა ათეისტის გამაერთიანებელი სიმბოლო გახდება ახლო მომავალში. საინტერესოა ისიც, რომ ეს სიმბოლო დოკინსმა ერთი კლასიკური ნაწარმოებიდან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჰქვია ამ სიმბოლოს ხსენებულ კლასიკურ ნაწარმოებში?

    პასუხი: ალისფერი ასო
    კომენტარი: საუბარია ნათანიელ ჰოტორნის რომანზე „ალისფერი ასო“, სადაც ალისფერი A მეუღლის ღალატს, ანუ ადიულტერს აღნიშნავს. რიჩარდ დოკინსმა კი ალისფერი ასო ათეისტთა სიმბოლოდ დაასახელა
    წყარო: ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    12) ამ სპორტსმენს ჟურნალისტები “ელვის დარტყმას” უწოდებენ, მისი ქართველი კოლეგები კი მას მოიხსენიებენ ისე, როგორც ერთმა ქართველმა კინორეჟისორმა უწოდა საკუთარი ფილმის პერსონაჟებს. ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა ეწოდება ხსენებულ ქართულ ფილმს?

    პასუხი: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
    კომენტარი: lightning bolt – ინგლისურად ელვის დარტყმაა. უსეინ ბოლტი იამაიკელი სპრინტერია, 100 და 200 მეტრზე სირბილში მოქმედი მსოფლიო რეკორდების ავტორი და შესაბამისად ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში.
    წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    13) მათემატიკოს კონფოროვიჩის ნაშრომში „იქსის მათემატიკა“ არის ასეთი ციტატა: „ძველი ხალხები გამოსახავდნენ გარშემო არსებულ ხილულ სამყაროს წრის ან კონცენტრირებული წრეების საშუალებით. გარდაცვლილთა უხილავ სამყაროს კი – სპირალის ან იქსის სახით. ყურადღება შეკითხვა: რა არის შეკითხვაში შეცვლილი იქსით?

    პასუხი: ლაბირინთი
    კომენტარი: ლაბირინთი ადამიანებისათვის ყოველთვის ასოცირდებოდა გარდაცვლილთა სამყაროსთან, ამიტომაც მაგალითად მეფეთა ველს ეგვიპტეში ლაბირინთის ფორმა აქვს.
    წყარო: А. Конфорович, «Математика Лабиринта», Киев, «Радянська школа», 1987, с.14
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    14) ამერიკულ სერიალში “ექვსი ფუტი მიწის ქვეშ” მოთხრობილია დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ოჯახის ისტორია, სადაც თითოეული სერია იწყება ვიღაცის სიკვდილით. კინოკრიტიკოსთა და სოციოლოგთა შეფასებით თითოეული სერია ამერიკელ მაყურებელს ეუბნება იმას, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ თქვენს ფურცლებზე ის, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს.

    პასუხი: მემენტო მორი
    კომენტარი: თითოეული სერია ამერიკელ მოსახლეობას ეუბნება, რომ ადამიანი მოკვდავია. ტრიუმფის დროს სპეციალურად გამოყოფილი იყო მონა, რომელიც ტრიუმფატორ სარდალს ეუბნებოდა “მემენტო მორი”–ს (გახსოვდეს სიკვდილი).
    წყარო: 1. ბმული 2. ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    15) მარსელ პრუსტის რომანში „სვანის მიმართულებით“ ერთ–ერთი პერსონაჟი, ბიცოლა ლეონია სვამს შეკითხვას, რის შემდეგაც მას ატყობინებენ, რომ გარდაიცვალა მადამ რუსსო. XX საუკუნეში ეს შეკითხვა დასვა ერთმა ამერიკელმა მწერალმაც. ყურადღება შეკითხვა: დასვით ეს შეკითხვა თქვენც, თქვენსავე ფურცლებზე.

    პასუხი: ვის უხმობს ზარი?
    კომენტარი: 1940 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ გამოაქვეყნა რომანი „ვის უხმობს ზარი?“. შუა სს ევროპაში და უფრო გვიანდელ ხანაშიც, ზარის რეკვა მანიშნებელი იყო იმისა, რომ ვიღაც გარდაიცვალა. პირველად ეს შეკითხვა კი ჯონ დონმა დასვა თავის ქადაგებაში.
    წყარო: 1.  ბმული 2. ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    16) ანატოლი ბელკინი სერგეი მიხალკოვს კარგ პოეტად მიიჩნევს, თუმცა მას მაინც ვერ პატიობს ერთ რამეს, ლექსის გადაკეთებას. ბელკინის აზრით მიხალკოვმა საკუთარ ლექსს ერთი კონკრეტული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა. ოპერაცია, რომლის სახელწოდებაც მოცემულ კონტექსტში ორაზროვნად შეესიტყვება თავად ლექსის გადაკეთების ფაქტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ოპერაციის სამედიცინო სახელწოდება.

    პასუხი: ჰიმენოპლასტიკა
    კომენტარი: ანატოლი ბელკინი მიიჩნევს, რომ სერგეი მიხალკოვმა სსრკ–ს ჰიმნს აღუდგინა დაკარგული უბიწოება. უბიწოების აღდგენას მედიცინაში ჰიმენოპლასტიკა ეწოდება, რაც ორაზროვნად შეესიტყვება “ჰიმნოპლასტიკას”, ანუ ჰიმნის გადაკეთებას.
    წყარო: ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    17) [შეკითხვაში არის ცვლილება] მე–16 საუკუნის კასტილიაში სატელევიზიო ანძები მეზობელი ჰოლანდიიდან შემოსულ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოდგენდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ ეპოქის ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გოლიათები ეგონა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “სატელევიზიო ანძებით”?

    პასუხი: ქარის წისქვილები
    კომენტარი: ქარის წისქვილები არ ენახა დონ–კიხოტ ლამანჩელსაც, ამიტომაც ისინი გოლიათებად მიიჩნია და მათთან შებრძოლება განიზრახა.
    წყარო: ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    18) ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა: პოეტი ვარ და ეს მეტი კი არაფერია, ერთი იქსით მეტი ვარ თქვენზეო. ძვ. ეგვიპტელთა ცხოვრებაში უმთავრესი პერიოდული მოვლენა გამოწვეული იყო ისიდას ერთი იქსით. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა შევცვალე მე შეკითხვაში იქსით?

    პასუხი: ცრემლი
    კომენტარი: უმთავრესი პერიოდული მოვლენა ძვ. ეგვიპტეში იყო ნილოსის ადიდება, რომელიც ძვ. ეგვიპტელთა რწმენით გამოწვეული იყო დაღუპულ ოსირისზე ჩამოგდებული ისიდას ერთი ცრემლით.
    წყარო: 1. ბმული 2. ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    19) 1996 წელს ჰესბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მიიტანა თავდასხმა. ამის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდნენ ლიბანს. განრისხებული ებრაელების მიერ ლიბანში ჩაგდებულ ჭურვებს ჟურნალისტებმა ერთი ცნობილი რომანის სათაური უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.

    პასუხი: ჯონ სტაინბეკი
    კომენტარი: ჯონ სტაინბეკის ცნობილ რომანს ეწოდება “მრისხანების მტევნები”. ებრაელმა ჟურნალისტებმა ჭურვები მტევნებს შეადარეს.
    წყარო: ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    20) 1996 წელს ნორა ეფრონმა ჰოლივუდში გადაიღო ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟი სახელად იქსი არის იგრეკი. 2009 წლის 25 ივნისის შემდეგ მთელს მსოფლიოში მრავალი მილიონი ადამიანი კი თავს იმშვიდებს იმით, რომ იქსი გახდა იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც სწორი თანამიმდევრობით.

    პასუხი: იქსი – მაიკლი, იგრეკი – ანგელოზი
    კომენტარი: ფილმში “მაიკლი” მთავარი პერსონაჟი არის ანგელოზი. მაიკლ ჯექსონის სიკვდილის შემდეგ მრავალი მილიონი ადამიანი თავს იმშვიდებს იმით, რომ მაიკლი გახდა ანგელოზი.
    წყარო: 1. ბმული 2. ბმული
    ავტორი: ვახო ელერდაშვილი

    Advertisements

    Written by linguistuss

    October 18, 2009 at 9:41 pm

    8 Responses

    Subscribe to comments with RSS.

    1. მომეწონა კითხვები!

      მესამე და მეათე კითხვებში თანდართული სურათების ფაილებს სახელები/თაგები რომ შეუხვალო კურსორის სურათზე შემთხვევით მიტანა სწორ პასუხს აღარ მოგცემს :)

      და კიდე მესამე კითხვის კომენტარში უნდა დაემატოს რომ პოსტერი ავტომანქანა იაგუარის სარეკლამო პოსტერია, თორემ რამდენიმე ადამიანი მუღამს ვერ მიხვდა…

      ზაქრო

      October 19, 2009 at 12:05 pm

    2. ti nastayashi drug zaqro :)

    3. მესამე შეკითხვასთან დაკავშირები არ შემიძლია არ ვთქვა რომ მაგ ნახაზი თავიდანვე შეცდომაა. ყველაზე სწრაფი ცხოველი არის გეპარდი.

      “It is the fastest land animal, reaching speeds between 112 and 120 km/h (70 and 75 mph)[3] in short bursts covering distances up to 460 m (1,500 ft)” wikipedia.

      Katten Försvann

      October 20, 2009 at 2:42 pm

      • ტომუშკა გაგიკვირდება და ვიცი, რომ გეპარდი ყველაზე სწრაფია, თუმცა აქ შეცდომა არ არის. იაგუარი სპიდომეტრზე დასმულ ცხოველებზე სწრაფია და დაე ასწრებდეს მას გეპარდი, იგი ამ სპიდომეტრზე არაა დატანილი. საუბარია ფარდობით სისწრაფეზე და არა აბსოლუტურზე. ამასთან”სარეკლამო პოსტერი” ითხოვს იმას, რომ ცხოველი რომელიც აკლია, ამავე დროს რაღაც კავშირში უნდა იყოს თავად პროდუქტთან, რასაც უკეთდება რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება “სარეკლამო პოსტერი”. სარეკლამო პოსტერი კი მანქანებთან უნდა იყოს კავშირში, ამას MPH გვეუბნება. ამიტომაც ერთადერთი ვარიანტი გვაქვს აქ პასუხის: ავტომობილი იაგუარი, რომელსაც უკეთდება რეკლამა პოსტერზე. მე არ მიკითხვას ყველაზე სწრაფი ცხოველი რომელია მეთქი, მე ვიკითხე რომელი ცხოველი წავშალე პოსტერზეთქო :)

        linguistuss

        October 20, 2009 at 4:05 pm

        • მაშინ იაგუარი :D

          dixtosa

          October 22, 2009 at 5:52 pm

          • უი ბოლომდე არ წავიკითხე შენი reply :D

            dixtosa

            October 22, 2009 at 5:53 pm

        • შენ კი არ გეუბნები არ იცითქო. მე ვთქვი რომ მაგ სპიდომეტრი არასწორადაა შედგენილი. (და შენი შედგენილი ხომ არაა)

          Katten Försvann

          October 29, 2009 at 12:21 am

    4. 18 კითხვის სწორი პასუხია
      ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე

      lali

      November 14, 2009 at 8:18 pm


    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: