ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შავი გედი

with 11 comments

the_black_swan
ხანდახან ჩემში ვასილ კეჟერაძე იღვიძებს ხოლმე და მესამე თვალით ვგრძნობ, თუ როგორ მბურძგლავს, როდესაც ვაწყდები წიგნს, რომელიც არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი რომ ძალიან საინტერესოა და ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ბევრ რამეს მომცემს და ბევრ რამეზე დამაფიქრებს. არაფრიცმომცემი ხეტიალი ინტერნეტში უნდა დამესრულებინა და დაძინებას ვაპირებდი, რომ ჩემი ყურადღება საყვარელმა შავმა გედუკამ მიიპყრო წიგნის გარეკნიდან, რომელსაც გარეკანზე კითხვის ნიშნის ფორმა ჰქონდა განზრახ მიცემული… მოვიძიე ინფორმაცია და დამაინტერესა. კონკრეტულად არაფერი ვიცი, მხოლოდ რეცენზია წავიკითხე და გავიგე, თუ რას უწოდებს შავ გედს ლიბანელი მწერალი ნასიმ ნიკოლა ტალები.

ამონაწერი წიგნის უკანა გვერდიდან (ჩემი თავისუფალი და ნაჩქარევი თარგმანი):

“შავი გედი” მეტისმეტად ნაკლებადალბათური მოვლენაა, რომელიც სამი უმთავრესი მახასიათებლით ხასიათდება: 1) მისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია 2) მას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია 3) მას შემდეგ, რაც ეს მოვლენა მოხდება ჩვენ ვცდილობთ შევთითხნოთ ახსნა–განმარტება, რომელიც ამ მოვლენას უფრო ნაკლებადალბათურს და არაწინასწარმეტყველებადს ხდის, ვიდრე ის მანამდე იყო. მაგალითისთვის, შავი გედი Google-ის თავბრუდამხვევი წარმატება იყო. ასევე 11 სექტემბერი და მრავალი სხვა. ნასიმ ნიკოლა ტალებისთვის შავი გედები თითქმის ყველაფერს ფონად გასდევს ჩვენს სამყაროში, რელიგიების გაჩენიდან დაწყებული ჩვენი პირადი ცხოვრების უმნიშვნელო მოვლენებით დამთავრებული.

რატომ არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ შავი გედის ფენომენს მანამ, სანამ ის მოხდება? პასუხის ნაწილი, ნასიმ ტალების თანახმად, ის არის, რომ ადამიანები დაპროგრამებულები არიან და არ ძალუძთ ყურადღება გაამახვილონ სპეციფიურ დეტალებზე, როდესაც ისინი საერთო ნიშან–თვისებებზე ფიქრობენ. ჩვენ ვკონცენტრირდებით მხოლოდ იმაზე, რაც ვიცით და დროდადრო არ გამოგვდის იმის გათვალისწინება, რაც არ ვიცით. ჩვენ, შესაბამისად არ შეგვიძლია ზუსტად შევაფასოთ ხელსაყრელი შემთხვევები. ჩვენ მეტისმეტად უსუსურები ვართ რათა საგნებს სხვა თვალით შევხედოთ და სხვანაირად აღვიქვათ და უფრო მეტიც, არ შეგვიძლია დავუფასოთ სხვებს წარმოსახვა, როდესაც ისინი არარსებულზე ფიქრობენ. წლების განმავლობაში სწავლობდა ნასიმ ტალები თუ როგორ ვატყუებთ ჩვენ საკუთარ თავს, როდესაც გვგონია, რომ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ ფიქრებს არათანმიმდევრული და არარელევანტური მოვლენებით, მაშინ როდესაც “შავი გედები” ხდება, გვაოცებს და გარდაქმნის ჩვენს სამყაროს. ნასიმ ტალები თავის “გამოცხადებაში” ცდილობს აგვიხსნას ყველაფერი რაც ვიცით იმის შესახებ, რაც ჩვენი ცოდნის მიღმა მდებარეობს. იგი გვთავაზობს გასაოცრად მარტივ რეცეპტებს რათა შავ გედებს დავაკვირდეთ და შევეცადოთ მათ გამოჩენას მომზადებულები დავხვდეთ.

ელეგანტური, გამაოგნებელი და უნივერსალური თავისი მიდგომებით, ნასიმ ტალების ეს წიგნი შეცვლის ყველა იმ წარმოდგენას, რომელიც თქვენ სამყაროს შესახებ გაგაჩნიათ. ტალები მეტისმეტად თავშესაქცევი მწერალია, დახვეწილი გონებამახვილობით და წერის მოულოდნელი მანერით რომ ცდილობს აგიბნიოთ თავგზა. იგი ჭეშმარიტი პოლიმათია, რომლის დაინტერესების სფეროები კოგნიტიური მეცნიერებებიდან ბიზნესამდე და ალბათობის თეორიიდან ეპისტემიოლოგიამდეა გადაჭიმული. ნასიმ ტალების წიგნი, “შავი გედი” მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ინტელექტუალურ ცხოვრებაში და არ იქნება გადამეტებული ნათქვამი თუ ვიტყვით, რომ “შავი გედი” თავად არის შავი გედი!

სარჩევს გადავავლე თვალი და ნერწყვი მომადგა. ხვალიდან ვიწყებ ამ წიგნის კითხვას. ამოვბეჭდავ, წიგნად ავკინძავ, Как в старые добрые времена, შემდეგ კი წიგნიჭამია ჰედონისტის თვითკმაყოფილებით შევუდგები კითხვას. საინტერესო კი ის არის, რომ მე იმ მოვლენებს, რასაც ნასიმ ტალები “შავ გედებს” უწოდებს, არ ვაღიარებ როგორც ასეთს, ანუ მჯერა, რომ ნაკლებად ალბათური რაღაცეები არ ხდება და თუკი ხდება ე.ი. “ბუდეა”. შესაბამისად ვნახოთ, შეძლებს კი ნასიმ ტალები ჩემს დამარწმუნებას იმაში, რომ არანაირი “ბუდე” არ არის და შავი გედები უბრალოდ ხდება და მე ამას თვალი უნდა გავუსწორო…

P.S. თუკი ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, თქვენც ჩემსავით ნერწყვი მოგადგათ და არ იცით სად იპოვოთ/იშოვოთ ეს წიგნი, მოგახსენებთ, რომ თქვენს მაგივრათ უკვე ვიზრუნე, მე წიგნიჭამია ცალ–თვალა პირატმა და ავტვირთე ქართულ და უცხოურ სერვერებზე. შესაბამისად შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ და წაიკითხოთ:

Download:
შავი გედი (ქართული)
შავი გედი (უცხოური)
შავი გედი (online)

Advertisements

Written by linguistuss

November 15, 2009 at 3:54 am

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნერწყვიც მომადგა და გულისცემაც ამიჩქარდა ამის წაკითხვაზე.მართლაც საინტერესო შესავალია და ,იმედია, წიგნი კიდევ უფრო სინტერესო იქნება.გმადლობ, ლინგვისტუს!

    joli

    November 15, 2009 at 10:42 am

  2. წიგნიჭამია ცალ–თვალა პირატო, რუსულად არ მოიპოვება მაგ წიგნი? ინგლისურად მეზარება ტვინის ჭყლეტა.

    ნინო

    November 15, 2009 at 1:52 pm

    • მე ვერ ვიპოვე მთლიანად. ნაწილები დევს სადღაც აქა–იქ. მაგალითად აქ: http://ntaleb.blogspot.com/

      linguistuss

      November 15, 2009 at 2:11 pm

  3. ძალიან გატყლარჭული უკანა გვერდია იმჰო მაგრამ წაკითხვას შევეცდები

    fiqro

    November 15, 2009 at 2:29 pm

  4. აი, რატომ მიყვარხარ :*

    koshmari

    November 15, 2009 at 10:32 pm

  5. რა საინტერესოა!
    იმედია მოიპოვება ბიბლიოთეკაში და გამოვიწერ საშობაო არდადეგებისათვის.

    ინგლისურად როგორც ვხვდები გადმოთარგმნილია თუ წიგნის ორიგინალური ენა ინგლისურია?

    Katten Försvann

    November 16, 2009 at 2:03 am

  6. ლინგვისტუს, იქნება ქართულად თარგმნო ის ადგილები, რომლებიც საინტერესოდ მოგეჩვენება და დადო ამ ბლოგზე.რუსულად ვნახე და არ მომეწონა.წინასწარ გიხდი მადლობას, რადგან ვიცი, აუცილებლად შემისრულებ თხოვნას.

    joli

    November 18, 2009 at 4:41 pm

  7. იგი გვთავაზობს გასაოცრად მარტივ რეცეპტებს რათა შავ გედებს დავაკვირდეთ და შევეცადოთ მათ გამოჩენას მომზადებულები დავხვდეთ.
    აი, ეს რეცეპტები გვითარგმნე.

    joli

    November 18, 2009 at 4:43 pm

  8. იდეთი საშინელია და აბდაუბდაა ეგ შენი ნაუცბათევი თარგმანი, რომ ინტერესის ნატამალიც გამიქრა.
    ეგ არ უნდა გექნა.

    qeto

    January 7, 2011 at 8:26 pm

    • ძნელია, რომ არ დაგეთანხმო… მახსოვს სწრაფად და ძალისძალად ვთარგმნე :)

      linguistuss

      January 7, 2011 at 11:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: