ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შირბახტ გაიღე!

with 16 comments

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 99% არ იცის რა არის შირბახტი
უცნობი ქართველი იუზერი

დღევანდელ პოსტს შეკითხვით დავიწყებ: თუ იცით როგორ ითარგმნება შირბახტი არაბულ და ლათინურ ენებზე? – ამ შეკითხვის პასუხი ორი სიტყვისაგან შედგება, ერთი ლათინური და მეორე არაბული, თქვენ ორივე გსმენიათ და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს დაფიქრებულხართ, თუ რატომ იხმარება ეს ორი სიტყვა, როგორც სინონიმები… თქვენ მანამდე იფიქრეთ, მე კი ფრანგი ორიენტალისტის ანტუან გალანის ქებათა–ქებას შევუდგები. თუმცა იგი ჩემამდე უკვე იმდენჯერ შეაქეს, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ მხოლოდ იმას გავიხსენებ, თუ რა უთხრა  ხორხე ლუის ბორხესმა ერთხელ თავის სტუდენტებს: ანტუან გალანი ეს ის კაცია, რომლის მეოხებითაც რომანტიზმი იშვა ევროპაშიო. დიახ, სწორად მან, პირველმა თარგმნა ათას ერთი ღამის ზღაპრები ფრანგულ ენაზე და სრულიად ევროპას გააცნო ეს ნაწარმოები.

ამას წინათ ვიყიდე “პარნასში” ანტუან გალანისეული Les Mille et Une Nuits-ის ოთხტომეული სულ რაღაც ათ ლარად, ჩამოფასებულ წიგნებში იდო საწყლად და ზედ არავინ უყურებდა… სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე სფეართაიმის (ამ ბოლო დროს ასე საუბარია მოდაში!), ანუ თავისუფალ დროს. განსაკუთრებით მთარგმნელისეულ ჩანართებზე ვხალისობ. ერთი ადგილია პირველივე ტომში მებარგულს სამი ქალბატონი რომ შეიპატიჟებს, მერე რომ გაშიშვლდებიან და რომ წავა ერთი ალიაქოთი… ეს პასაჟი, კარგად მახსოვს, ქართულ თარგმანში უკიდურესი ნატურალიზმითაა  აღწერილი, ანტუან გალანი კი ასეთ დროს თხრობას წყვეტს და ამბობს: მერე იქ ისეთი ამბავი ატყდა, აღზრდა არ მაძლევს უფლებას დეტალებს ჩავუღრმავდეო… ასეთ მონაკვეთებს მრავლად წააწყდებით მასთან, განსხვავებით რიჩარდ ბარტონის ინგლისური თარგმანისაგან, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგონა ისევ კამა–სუტრას ვთარგმნიო და კამა სუტრაში აკრეფილი ინერცია Arabian Nights–შიც გაყვა და ისეთი თავაშვებით აღწერა გალანის მიერ მიჩქმალული ეპიზოდები, რომ თვით ტინტო ბრასსაც კი შეშურდებოდა…

ჯერ სათაურზე ვიტყვი ორ სიტყვას… ფრანგულად სიტყვასიტყვით ზემოხსენებული Les Mille et Une Nuits, “ათას და ერთ ღამეს” ნიშნავს, რომელიც არაბულად უფრო პოეტურად ჟღერს – ألف ليلة وليلة (ალფ ლაილა ვა ლაილა) – სიტყვასიტყვით “ათასი ღამე და ღამე”). თუ ვინმეს “ლაილა” ეცნო და ქალის სახელს, ლეილას მიამსგავსა, მინდა მივულოცო, რომ ინტუიციამ არ უმტყუნა. ნამდვილად, “ლაილა” ღამეს ნიშნავს არაბულად… ყველას კარგად მოეხსენება, რომ ათას ერთი ღამის ზღაპრები, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ყოფა–ცხოვრების ენციკლოპედიაა, სადაც მოთხრობილი ამბები ყველას სმენია, ორიგინალურ ვარიანტში თუ არა, მულტფილმი მაინც უნახავს რამე ალადინის, ჯინისა თუ ჯაფარის შესახებ…

ანტუან გალანის თარგმანი განსხვავებით სხვა თარგმანებისაგან იმითაც გამოირჩევა, რომ თავისუფალი და არააკადემიურია. იგი სადაც უნდა ამოკლებს ამბავს, სადაც უნდა – აგრძელებს, რაც არ მოსწონს საერთოდ იგნორირებას უკეთებს და უფრო მეტიც, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ გალანმა არაკანონიკური ზღაპრები ღამეებისეულ ზღაპრებად გაასაღაო… ერთ–ერთი ასეთი ზღაპარი “ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღია”, რომელიც თუ მავან კირკიტა მეცნიერებს დავუჯერებთ, არ შედიოდა ღამეების კლასიკურ ვარიანტში და გალანს ჩაუმატებია. ამ ზღაპრის მრავალი ვერსია არსებობს, მე–17 საუკუნეშიც უყვებოდნენ ალიბაბას ზღაპარს აღმოსავლელი შავთვალება ლეილები თავის შვილებს, ჰოდა ჩვენს ანტუანსაც, ერაყში თუ ეგვიპტეში მოსმენილი ზღაპარი იმდენად მოსწონებია, რომ ათას ღამესთვის კიდევ ერთი დაუმატებია, დიდი ამბავი! დაიქცა ქვეყანა!

თქვენი არ ვიცი და მე მადლიერი ვარ მუსიე ანტუანის. ალიბაბას ზღაპარი კი ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი უსაყვარელი ზღაპარია. მშვენიერი მორგიანა (არაბული მურჯანა უფრო კარგად ჟღერს), ნაფლეთებად ქცეული ყასიმი, ბეყე ყაჩაღები და მაგიური მთა რომელ მკითხველსა თუ მსმენელს დატოვებენ გულრგილს?! ვიღაცამ შეიძლება იფიქროს მოგცლიაო, საიდან გაგახსენდა ახლა ალიბაბაო… მართალია, სრულებით არ გამახსენდებოდა ალიბაბას ისტორიიდან ჩემი არაბულის წიგნში ამონარიდი რომ არ ყოფილიყო, სადაც მაგიურმა “სიმსიმ”–მა მიიპყრო ჩემი ყურადღება, უფრო კი იმან, რომ “სიმსიმ”–თან იქვე სქოლიოს ნიშანი ჰქონდა დასმული და განმარტებაში ეწერა “სიმსიმ” ქუნჯუტი, იგივე შირბახტიაო…

ქუნჯუტი, თუ შირბახტი (მაინც ვერ გავიგე ეს ორი სახელი რა საჭიროა) ქართულ ენაში იმ მცენარის აღსანიშნად გამოიყენება, რომლის მარცვლებიც მაკდონალდისეულ ბიგ–მაკის ბულკს აყრია ზემოდან წვრილ–წვრილად… ამ მცენარეს აღმოსავლეთში დიდ პატივს სცემენ, უფრო მეტიც ქუნჯუტი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. იყიდება ქუნჯუტის პურები, მისგან გამოხდილი ზეთი და ათასი აღმოსავლური კერძის უმთავრესი კომპონენტია ქუნჯუტი… ერთი სიტყვით ეს მცენარე იმდენად გავრცელებულია, რომ მისი არაბული ვარიანტი “სიმსიმ” ალიბაბას ზღაპარშიც კი მოხვდა… სანამ ქუნჯუტზე თხრობას განვაგრძობდე აქვე იმასაც დავძენ, რომ ლათინურად შირბახტი Sesamum არის და აქედანაა ნასესხები ალიბაბას მაგიური ფორმულა: “სეზამ გაიღე!”

შეიძლება შეკითხვა დაგებადოთ, სად ალიბაბა და სად ქუნჯუტიო, ამიტომ ზღაპრის პატარა ნაწყვეტს გავიხსენებ, სადაც ალიბაბას ძუნწი და გაუმაძღარი ძმა ყასიმი, შეიტყობს რა ძმისგან  მაგიური მთისა და განძეულობის (არაბულად مجوهرات – “მუჯავჰარაათ”, ეს სიტყვა მიყვარს!) შესახებ, ათ ვირს შეკაზმავს და გაემგზავრება მისკენ… “სიმსიმ გაიღეო” შესძახებს და აურაცხელი ოქროულობით თვალები ისე დაევსება, რომ გამოსვლისას პაროლი დაავიწყდება და დაიწყებს ნაირ–ნაირი მარცვლოვანი კულტურის ჩამოთვლას, ხორბლიდან დაწყებული შვრიით დასრულებული, თუმცა ქუნჯუტს ვერ გაიხსენებს… ბოლოს მოვლენ ყაჩაღები, აკუწავენ და აღარ არის საინტერესო…

ბავშვობაში სულ მიკვირდა ერთი და იგივე პაროლი ჰქონდა ამ მთას და თუ შესვლისას იცოდა ამ ოჯახაშენებულმა, გამოსვლისას როგორღა დაავიწყდა მეთქი… ამ ფაქტს აღმოსავლეთში დაახლოებით ისე ხსნიან, როგორც ჩვენში რამე იმდენად ცნობილს რომ ვერ იხსენებ და “ჭადის სახელი დამავიწყდაო” რომ იძახი… ჰოდა ვერ გაიხსენა ამ ყასიმმაც ქუნჯუტის სახელი და ძვირადაც დაუჯდა, რომ მიდიოდა რას მიდიოდა?!

…ამით დავასრულებ, ერთი პოსტის კვალობაზე სიტყვა ძალიან გამიგრძელდა.

Advertisements

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რო იცოდე რამდენი ხანი ვეძებდი რა ერქვა sesame-s ქართულად.. რუსულად ვიცოდი და ქართულად ქუნჟუტს რო მიგდებდა მეგონა რუსულიდანაა გადმოქართულებულითქო.. მერე ეს პოსტი ვნახე და გავიხარე… თურმე შირბახტი ყოფილა… :) არადა ყოფილიყო ქუნჟუტი ბარემ…:)
    ძალიან კარგი პოსტია.. :)

    tatia

    February 25, 2010 at 5:41 pm

  2. მეც მომეწონა ეს პოსტი, საინტერესო იყო…. მადლობა ინფორმაციისთვის :)

    V I K i

    April 18, 2010 at 12:51 am

  3. ნუ მადლობების თქმით უკვე დავიღალე
    მაგრამ მაინც ისევ უნდა ვთქვა
    აი ახლა სულლ რაღაც 5იოდ წუთში ამდენი სიანტერესო რამ გავიგე

    ისვე შემოვუძახებ ჩემს თავს—ეკა ხშირად შემოიარე აქ!!!!!

    პ.ს. რომელია სწორი “ახლა” თუ “ეხლა” ?

    pelagiaa

    April 19, 2010 at 5:56 pm

  4. ვაჰ, რა საყვარლად და საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჰყვება ავტორი.
    მართლა არ ვიცოდი სეზამი თუ შირბახტი იყო და ამ პოსტმა ახლა ჩემი საბაჟო დეკლარაცია ჯარიმას გადაარჩინა.

    მადლობა ავტორს.
    უფრო კი იმისთვის, არაბულ ზღაპრებში რომ გამასეირნა

    ზევსის დაქალი

    September 21, 2010 at 12:03 pm

  5. ყველასთვის ცნობილი გამოთქმა „სიმსიმ გაიღეა!“. არც სეზამი და არც შირბახტი მით უმეტეს, არავითარ შუაშია… თუმცა ბევრი სიტყვა გვაქვს ქართველებს დაკარგული. მაგალითად, ქართულად „აბრა“, რომელიც სპარსული წარმომავლობისაა, „საჭარბია“. ერთი უჩვეულო ზნე გვჭირს ქართველებს, ყველა ის სიტყვა რაც სპარსულიდან და სხვა თურანული ენებიდანაა, ძველ ქართულად მიგვაჩნია, რუსული და ევროპული ენებიდან კი – „ნეოლოგიზმად“ და უარეს შემთხვევაში, „ბარბარიზმად“. ეს ისე, ჩემთვის, ფაქტი აღვნიშნე…

    Andrew

    August 2, 2012 at 10:38 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: