ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საქართველოს ბანკის ჩემპიონატი, ტური 3

with 12 comments

1. 1943 წლის 30 ივლისს საფრანგეთში გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს მარი–ლუიზ ჟირო, რომელსაც ბრალად 27 მკვლელობა ედებოდა. თანამედროვე საფრანგეთში ამ ქალბატონის საქციელი დიდი ხანია აღარ აღიქმება მკვლელობად, უფრო მეტიც ის არ აღიქმება არც დანაშაულად და ამიტომაც დღესდღეობით მარი–ლუიზ ჟიროს კოლეგები საფრანგეთში თავისუფლად საქმიანობენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი გერმანული სიტყვით მოვიხსენიებთ მარი–ლუიზ ჟიროს კოლეგებს?

პასუხი: აბორტმახერი
კომენტარი: მარი–ლუიზ ჟიროს 27 არალეგალური აბორტი გააკეთა. იმ დროინდელ საფრანგეთში აბორტი მკვლელობად ითვლებოდა, ამიტომაც ჟირო სიკვდილით დასაჯეს.
წყარო: 1. ბმული

2. სხვადასხვა ისტორიული წყაროები ერთ ეპოქალურ პიროვნებას სხვადასხვა სახელითა და გვარით მოიხსენიებენ. ზოგი მკვლევარი მას „ჯვაროსან კოლონიზატორს“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს იმას, რომ ის სახელი და გვარი, რომლითაც ჩვენ მას ვიცნობთ, მისი სიკვდილის შემდგომაა შექმნილი, სადაც მინიშნებულია, რომ იგი ქრისტეს სახელით ახდენდა კოლონიზაციას. ყურადღება შეკითხვა: ვის შესახებაა საუბარი?

პასუხი: ქრისტეფორე კოლუმბი
კომენტარი: ზოგი მკვლევარის მტკიცებით ქრისტეფორე კოლუმბის, ესპანურად კრისტობალ კოლონის სახელი მიანიშნებს ქრისტეზე გვარი კი „კოლონიზაციაზე“.
წყარო: 1. ბმული

3. დაახლ. ორასი წლის წინ პარიზში ახლანდელი თანხმობის მოედნის ადგილას იმართებოდა წარმოდგენა, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი ესწრებოდა. ყოველ დილას წარმოდგენის დაწყებამდე მოედანზე გამოკრული იყო აფიშა, სადაც მთავარი მონაწილეების სახელები და გვარები ეწერა. ღია ცის ქვეშ გამართულ სცენაზე კი წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ანტუან ლუის გამოგონება. ყურადღება შეკითხვა: რა გამოიგონა ანტუან ლუიმ?

პასუხი: გილიოტინა
კომენტარი: რევოლუციის მოედანზე, ახლანდელ თანხმობის მოედანზე იდგა გილიოტინა და სწორად აქ ხდებოდა მასობრივი სიკვდილით დასჯა რევოლუციური ტერორის დროს. ქირურგმა ანტუან ლუიმ გამოიგონა გილიოტინა, ადვოკატმა ჟოზეფ–იგნას გიიოტენმა კი დაამტკიცა, რომ ის სიკვდილის დასჯის ყველაზე ჰუმანური საშუალებაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4. სიდნეის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ტიმ ენტვისტლი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მიღებული ტრადიციული ოთხად დაყოფა ავსტრალიის კონტინენტისათვის მიუღებელია, ამიტომ მან თავის კოლეგებს ტრადიციული ჩამონათვალის ექვსამდე გაზრდა და ორი ახალი წევრის დამატება შესთავაზა, რომელთაგან ერთს მან უწოდა „სპრამერი“, მეორეს კი – „სპრინტერი“. ყურადღება შეკითხვა: რისი რაოდენობის გაზრდის იდეა წამოაყენა ტიმ ენტსვილმა?

პასუხი: წელიწადის დროების
კომენტარი: იგი მიიჩნევს, რომ წელიწადის დროების ტრადიციული ოთხად დაყოფა არ შეესაბამება ავსტრალიის კონტინენტს, ამიტომ მან ორი ახალი წევრის – სპრამერის (Spring + Summer) და სპრინტერის (Sprint + Winter) დამატების იდეა გამოთქვა.
წყარო: 1. Журнал «Вокруг света», 2009, №11, с. 44

5. ალბათ, გსმენიათ ვახუშტი კოტეტიშვილის შედგენილი პოეტური კრებულის შესახებ, რომლის სათაურია “მოუკრეფავნი – ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები”. ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ ამ კრებულის განხილვისას თქვა, რომ ბატონმა ვახუშტიმ ამ ლექსების გამოქვეყნებით მცირე მასშტაბით განახორციელა ის, რაც გააკეთა XVI საუკუნეშიო ერთმა ფრანგმაო. ყურადღება შეკითხვა: ვინ იყო ეს ფრანგი?

პასუხი: ფრანსუა რაბლე
კომენტარი: ფრანსუა რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელი” წარმოადგენს ხალხური სკაბრეზული ხუმრობების, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ ენციკლოპედიას.
წყარო: ბმული

6. იტალიურ ვიკიპედიაში არის სტატია ფეხბურთის თემატიკაზე. სტატიის სათაური ონლაინ მთარგმნელმა თარგმნა როგორც “ჯამური კალციუმი”, თუმცა როგორც მოგახსენეთ სტატია ფეხბურთს ეძღვნება და არანაირი შეხება არ აქვს ქიმიასთან. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ორი სიტყვით სტატიის სწორი თარგმანი

პასუხი: ტოტალური ფეხბურთი
კომენტარი: იტალიურაც კალჩო ფეხბურთიცაა და კალციუმიც. ტოტალე კი ჯამურიცაა და ტოტალურიც.
წყარო: 1. ბმული

7. თქვენს წინაშეა ჩინელი პოეტის, ლი ბოს ლექსი “ჩანჩქერს ვუმზერ ლუშანის მთებში. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა ლექსის ბოლოში:

შორეთს, მტრედისფერ ნისლის მიღმა, იწვის დაისი.
გავყურებ მთების ხერხემალზე ჩანჩქერს და ისიც
მოქრის ღრუბელთა სიმაღლიდან, ღრუბლის გვარტომის
და მეჩვენება: ცით ჩამოდის (……………) (……………) .

პასუხი: ირმის ნახტომი
წყარო: 1. ჩინელი პოეტები, გამომც. “მერანი”, თბილისი, 1979, თარგმნა ჯარჯი ფხოველმა, გვ. 101.

8. მარკეტინგში არსებობს ე.წ. “ფრედერიკის პირველი კანონი”, რომელიც ამბობს: “ნურასოდეს დაუჯერებ საკუთარ…”. დაასრულეთ აზრი ერთი ან რამდენიმე სიტყვით.

პასუხი: რეკლამას
წყარო: 1. ბმული

9. ერთ ენაზე პირველი სიტყვა ნიშნავს “მასწავლებელს”, მეორე კი – “მოსწავლეს”. მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე “მოსწავლეთა” შორის სულ იყო 11 “მასწავლებელი”, “მოსწავლეთა” რიცხვი კი დღესდღეობით შეადგენს 25 მილიონს. დაასახელეთ ერთ–ერთი ან მოსწავლე და ან მასწავლებელი.

პასუხი: გურუ და სიკჰი
კომენტარი: გურუ მასწავლებელია და სიკჰი მოსწავლე. ეს ენაა სანსკრიტი.
წყარო: 1. ბმული

10. გერმანიის ალპებში მცხოვრები ხალხი ყოველწლიურად აღნიშნავს კრამპუსის დღეს. კრამპუსი დემონისმაგვარი არსებაა, რომელიც თან ახლავს ერთ წმინდანს და ურჩ, ოინბაზ და აბეზარ ბავშვებს შიშის ზარს სცემს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია წმინდანს, რომელსაც თან ახლავს კრამპუსი?

პასუხი: ნიკოლოზი (კლაუსი)
კომენტარი: კრამპუსი თან ახლავს წმინდა ნიკოლოზს, იგივე სანტა–კლაუსს და მისგან განსხვავებით სჯის ურჩ და აბეზარ ბავშვებს, სანტა–კლაუსი კი კარგ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს.
წყარო: 1. ბმული

11. იაპონურ სამზარეულოში პირველის ფუნქციას ბრინჯის კერძი “გოჰანი” ასრულებს, მეორეისას კი – სოიოს სოუსი “ტამარი”. პირველი და მეორე ერთად შეადგენენ მაკედონიური როკ–ჯგუფის, “ლებისოლ”–ის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც და მეორეც სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: პურ–მარილი
კომენტარი: პურის ფუნქციას ბრინჯი ასრულებს, მარილისას კი სოიოს სოუსი. Leb i sol – პური და მარილია ქართლად.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

12. 2002 წლის 18 ივნისს უელსელი ბანკირი თბილისის ცენტრიდან მოიტაცეს. ამასთან დაკავშირებით ერთმა ფორუმელმა იუზერმა იხუმრა – მას, შემდეგ რაც ედუარდ შევარდნაძეს ეს ამბავი შეატყობინეს, მან თავისთვის ჩაილაპარაკა ციტატა ერთი ცნობილი ფილმიდანო. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ციტატა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: კარგი გოგოა შოუ, ლამაზი
კომენტარი: უელსელი ბანკირი პიტერ შოუ იყო, რომელიც ფორუმელი იუზერის ხუმრობის თანახმად, შევარდნაძეს გოგო ეგონა და ამიტომ მან ფილმ „რეკორდიდან“ მოიყვანა ციტატა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

13. ქალაქ ტოკიოში ტამას სასაფლაოზე არის საფლავი. საფლავის ქვაზე იაპონური მარცვლოვანი დამწერლობით, კატაკანათი წარწერილია – „რიჰიტერუტო სორუგე“. ყურადღება შეკითხვა: რა სახელითა და გვარითაა ცნობილი ჩვენთვის იქ დასაფლავებული ადამიანი?

პასუხი: რიხარდ ზორგე
კომენტარი: 1944 წლის 7 ნოემბერს ტოკიოში ჩამოახრჩეს საბჭოთა აგენტი რიხარდ ზორგე და იქვე დაკრძალეს. რიჰიტერუტო სორუგე – ასე გამოითქმის მისი სახელი და გვარი იაპონურად.
წყარო: 1. ბმული

14. ერთი ვერსიის თანახმად ადოლფ ჰიტლერი კანგ–მის აღმერთებდა და მას არიელთა რასის ფუძემდებლად მიიჩნევდა. დაასახელეთ ორი სიტყვით, როგორ ითარგმნება ტიბეტურიდან ქართულზე სიტყვა “კანგ–მი”.

პასუხი: თოვლის კაცი
კომენტარი: ამ ტიბეტური სიტყვიდან მოდის ლეგენდა “თოვლის კაცის” შესახებ, რომელსაც ჰიტლერი პირველ არიელად მიიჩნევდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

15. ესტონეთის დედაქალაქი ტალინი აშენებულია იულემისტეს ტბის ირგვლივ. არსებობს ადგილობრივი ლეგენა ტბაში მცხოვრები მოხუცის შესახებ, რომელიც ტბიდან პერიოდულად ამოდის და გამვლელებს ერთი და იმავე შეკითხვას უსვამს. ყველა ვალდებულია ამ შეკითხვას უარით უპასუხოს, ვინაიდან თანხმობის შემთხვევაში მოხუცი ქალაქს ტბაში ჩაძირავს. ამ ლეგენდით ტალინელები ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ არ წყდება არასოდეს სამშენებლო სამუშაოები მათ ქალაქში. რა შეკითხვას სვამს იულემისტეს ტბის მოხუცი?

პასუხი: ტალინის აშენება დასრულდა?
კომენტარი: ლეგენდის თანახმად მოხუცი ელოდება ტალინის ბოლომდე აშენებას, რათა ტბაში ჩაძიროს ქალაქი.
წყარო: 1. ბმული

16. შუა საუკუნეებში ევროპელ მეზღვაურები აგროვებდნენ ფულს რათა შეეძინათ ოქროს საყურე, რომელიც ძვირფასი თვლებით იქნებოდა მოოჭვილი. ამასთან საყურეს მათი რწმენით კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. ყურადღება შეკითხვა: რა აქსესუარი ასრულებდა იმავე დანიშნულებას ძველი თბილისის ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა წრის წარმომადგენლებისათვის?

პასუხი: ქამარ–ხანჯალი
კომენტარი: მეზღვაურებს სჯეროდათ, რომ თუკი ისინი ზღვაში დაიღუპებოდნენ და მათ გვამები ნაპირზე გაირიყებოდა, საყურე იქნებოდა გადასახადი, რომელიც დასამარხ ხარჯებს აანაზღაურებდა. ყარაჩოღელთა წრეში, რომლების ხელოსნებს და წვრილ ვაჭრებს წარმოადგენდნენ იმავე ფუნქციას ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ქამარ–ხანჯალი ასრულებდა.
წყარო: 1. ბმული 2. ენციკლოპედია “თბილისი”, გვ. 909, თბილისი 2002

17. დაჭერილმა თევზმა უფრო დიდხანს რომ გაძლოს სათლში და უმალვე არ მოკვდეს მეთევზეები ჩადიან ერთ ქმედებას. ერთი ვერსიის თანახმად სწორად აქედან წარმოდგება ერთი ცნობილი ქართული ფრაზეოლოგიზმი. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ეს ფრაზოლოგიზმი.

პასუხი: აგახევ ლაყუჩებს
კომენტარი: თევზმა წყალში უფრო დიდი ხანი რომ გაძლოს მეთევზეები მას ლაყუჩებს ახევენ, ერთი ვერსიით აქედან წარმოდგება ფრაზეოლოგიზმი, „ლაყუჩების ახევა“ ქართულ ენაში.
წყარო: 1. ბმული

18. ამ პოეტური კრებულის ბედ–იღბალი უცნობი იყო შუა საუკუნეებში. ის რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 1803 წელს იქნა აღმოჩენილი ბავარიაში მდებარე ბოიერნის ბენედიქტელ ბერთა მონასტერში და ფართო საზოგადოებამ მის შესახებ მხოლოდ XX საუკუნეში შეიტყო ერთი გერმანელის წყალობით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ გერმანელის სახელი და გვარი.

პასუხი: კარლ ორფი
კომენტარი: საუბარია ვაგანტებისა და გოლიარდების პოეტურ კრებულზე, „კარმინა ბურანა“–ზე, რომელიც ბოიერნის (Buranum – ლათინურად) მონასტერში იქნა ნაპოვნი. კარლ ორფმა კი მასზე დაყრდნობით მისი ყველაზე ცნობილი მუს. ნაწარმოები შექმნა, რომელიც იწყება სიტყვებით: „ო, ფორტუნა“, ამიტომაც სიტყვა „ბედ–იღბალი“ ტყუილად არ არის ნახსენები შეკითხვაში.
წყარო: ბმული

19. 1980 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლეიკ–პლესიდში ამერიკელი სტუდენტებისგან შემდგარმა ჰოკეისტთა ნაკრებმა დაამარცხა საბჭოელი გრანდები და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ეს თამაში უმალვე შერაცხულ იქნა როგორ “სასწაული ყინულზე”, ვინაიდან მსგავს შედეგს არავინ ელოდა. რამდენიმე წლის წინ ერთ ონლაინ–ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “სასწაული ყინულზე” ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ამ სახელმწიფოს მიერ”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც იგულისხმება “ამ სახელმწიფოში”.

პასუხი: ვატიკანი
კომენტარი: კათოლიციზმში იმისათვის, რომ სასწაული მოვიხსენიოთ სასწაულად, საჭიროა, რომ ვატიკანმა სცნოს ის, როგორც სასწაული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

20. ეს ტერმინი ლათინურ ენაზე სიტყვასიტყვით “ცეცხლის კერას” ნიშნავს. პირველად კი თანამედროვე მნიშვნელობით იოჰან კეპლერმა გამოიყენა 1604 წელს. თუ ამ სიტყვაში მეორე ასოს შევცვლით მივიღებთ ოთახის მარადმწვანე დეკორატიულ მცენარეს. დაასახელეთ ეს მცენარე.

პასუხი: ფიკუსი
კომენტარი: ფოკუსი პირველად იოჰან კეპლერმა გამოიყენა და ის ლათინურად “ცეცხლის კერას” ნიშნავს.
წყარო: 1. John Ayto, “Word Origins”, publishing house “A & C Black”, London, p. 224

Advertisements

Written by linguistuss

December 15, 2009 at 8:59 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. წყაროებში პასუხებიცაა მითითებული და… პროსტო წერ თუ ჩვენ მაინც გამოვიცნოთ? :)

    Dv0rsky

    December 15, 2009 at 10:49 pm

    • პასუხები და კომენტარები თეთრად წერია. მონიშნე მაუსით და წაიკითხავ. წყაროები კი მათთვისაა ვისაც კირკიტი და გადამოწმებები უყვარს :)

      linguistuss

      December 15, 2009 at 10:57 pm

  2. კარგი კითხვებია, თუმცა მე-13 ადრეც წამიკითხავს სადღაც.

    joliiii

    December 16, 2009 at 1:48 pm

    • ძალიან მაინტერსებს სად :)

      linguistuss

      December 16, 2009 at 4:42 pm

      • შეიძლება ტოკიოშია ადამიანი ნამყოფი

        NO-Spa

        December 16, 2009 at 5:33 pm

  3. ბევრი გრობია :(

    chiqo

    December 16, 2009 at 7:20 pm

    • ბანკის თანამშრომლებს შორის 4 იყო ასეთი კითხვა, რომელზეც ვერავინ გასცა სწორი პასუხი…

      linguistuss

      December 16, 2009 at 7:41 pm

  4. რად უნდა მაგას ტოკიოში ყოფნა, გაზეთ ,,ფანტაზიაში,, ეწერა რამდენიმე წლის წინ, წაიკითხეთ და ნახავთ, ვისაც ეჭვი გეპარებათ

    joliiii

    December 16, 2009 at 11:04 pm

    • ჰო, შეიძლება რომელიმე კროსვორდში მეწერა ამ ფაქტზე ინფორმაცია. აღარ მახსოვს, 5 წელია კროსვორდი აღარ გამიკეთებია, რაც კროსვორდების შესადგენი პროგრამა დავწერე :)

      linguistuss

      December 16, 2009 at 11:46 pm

  5. ფაქტზე კი არ გეწერათ ინფორმაცია, პირდაპირ ეგ კითხვა ეწერა ზუსტად ეგრევე, ძალიან კარგად მახსოვს

    joliiii

    December 17, 2009 at 9:56 am

  6. “ბნელი წარსული” ამოუქექეს ლინგვისტუსს?:) ისე, მე ყველაზე მეტად “აგახევ ლაყუჩებს” მომეწონა.

    sandro

    December 17, 2009 at 10:37 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: