ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–ს 2009 წლის ზამთრის ჩემპიონატი

with 6 comments

26–27 დეკემბერს თსუ–ში გაიმართა 2009 წლის ზამთრის ჩემპიონატი. სულ მონაწილეობდა 58 გუნდი. გუნდები გაიყვნენ ორ შესარჩევ ქვეჯგუფად, საიდანაც ფინალში გავიდა ათ–ათი გუნდი და ოცმა გუნდმა ფინალში გამოავლინა თსუს 2009 წლის ზამთრის ჩემპიონი. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონის ტიტული გუნდ “26–ე საათს” ერგო.

შეგიძლიათ გაეცნოთ შეკითხვებს და შედეგებს.

ტურნირის მთავარი რედაქტორი ვიყავი მე, შეკითხვების ავტორები კი იყვნენ: ლევან ჩხეიძე, ირაკლი ნაზღაიძე, ანტონ ვაჭარაძე, როსტომ კურტანიძე და მე.

(შეკითხვების პასუხები და კომენტარები თეთრად წერია, მონიშნეთ რათა წაიკითხოთ).

ფინალი

1. მოისმინეთ ციტატა: “მამაკაცები, როგორც პერსონაჟები, მაშინებენ. ყოველთვის არის საშიშროება, საკუთარ თავს მიამსგავსო რომელიმე. თანაც, რვა წლამდე მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ძლიერ სქესს ჩემს ფილმებში სწორედ ქალი გამოხატავს. მამაკაცი კი, როგორც წესი, ნაძირალას განასახიერებს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კინორეჟისორი, რომელმაც წარმოთქვა ეს სიტყვები ერთ–ერთ პრეს–კონფერენციაზე.

პასუხი: პედრო ალმოდოვარი
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. 1965 წელს დედამიწის ორბიტაზე პირველი ფრანგული ხელოვნური თანამგზავრი A-1 გაუშვეს. გაშვებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ თანამგზავრს სახელი შეუცვალეს და მას ექვსი წლით ადრე შექმნილი პერსონაჟის სახელი უწოდეს, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ფრანგები უფრო შორს წავიდოდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პერსონაჟის სახელი.

პასუხი: ასტერიქსი
კომენტარი: უფრო შორს, ანუ ვარსკვლავებისკენ წავიდოდნენ. “ასტერ” – ვარასკვლავია ძვ. ბერძნულად. ასტერიქსი ალბერტო უდერძოსა და რენე გოსკინის მიერ შექმნილი კომიქსების პერსონაჟია.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. 1947 წლის 14 დეკემბერს ჯერალდ დარელი და მისი მეგობარი, ორნიტოლოგი ჯონ იოლანდი ლივერპულიდან აფრიკაში გაემგზავრნენ. შავ კონტინენტზე მათ ერთი წელი დაჰყვეს და უკან გამგზავრებისას ლონდონში უნიკალური ჯიშის აფრიკული ცხოველები ჩაიყვანეს. დარელის ერთ–ერთი ბიოგრაფი, აღწერს რა მათ დაბრუნებას ინგლისში, თავის წიგნში ახსენებს უძველეს სატრანსპორტო საშუალებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს უძველესი სატრანსპორტო საშუალება.

პასუხი: ნოეს კიდობანი
კომენტარი: უკანა გზაზე დარელი გემით გაემგზავრა, თან წაიყვანა რა უამრავი ცხოველი. სწორად ამიტომ შეადარა მისმა ბიოგრაფმა დარელის გემი ნოეს კიდობანს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. XIX საუკუნის ბოლოს ერთმა ჩრდილოელმა ქალაქ სანრემოში ვილა იყიდა, სადაც რამდენიმე წელიწადში აღესრულა კიდეც. დღესდღეობით ქალაქ სანრემოში არსებობს ტრადიცია: ზამთრის მოახლოებისას ქალაქის მაცხოვრებლები ამ ჩრდილოელის სამშობლოში  ყვავილების დიდ რაოდენობას გზავნიან, სადაც გამართულ კონცერტს და ბანკეტს ეს ყვავილები ამშვენებს. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით ამ ჩრდილოელის ვინაობას, მითხარით რომელ ქალაქში გზავნიან სანრემოელები ყვავილებს?

პასუხი: სტოკჰოლმში
კომენტარი: ყოველი წლის 10 დეკემბერს, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, რომლის შემდეგაც იმართება ბანკეტი და კონცერტი, სანრემოელები გზავნიან ყვავილებს. ჩრდილოელი არის ალფრედ ნობელი.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. თქვენს წინაშეა ჯონ ჰარფილდის კარიკატურა, რომელიც ამხელს ადოლფ ჰიტლერის ჭეშმარიტ გეგმებს საფრანგეთთან მიმართებაში და გმობს პრონაცისტურ განწყობას თავად ამ ქვეყანაში, მას აქვს მინაწერი: „ნუ გეშინიათ – ის არის…“ მინაწერში ერთი სიტყვა წაშლილია. დაწერეთ წაშლილი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ვეგეტარიანელია
კომენტარი: კარიკატურაზე გამოსახულია საფრანგეთის (გალიის) უძველესი სიმბოლო – მამალი. ფიურერი ვეგეტარიანელი იყო. ვიშისტური რეჟიმი ნაციზმს უჭერდა მხარს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

6. პოლონელი იურისტი რაფაელ ლემკინი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად იყო დაკავებული 1915 წელს მომხდარი მოვლენის შესწავლით. მეორე მსოფლიო ომამდე ამ მოვლენის შეფასების დროს იგი იყენებდა სიტყვებს “ბარბაროსობა” და “ვანდალიზმი”, თუმცა 1943 წელს მან ეს მოვლენა მოიხსენია სიტყვით, რომელიც შემდგომში განზოგადებული მნიშვნელობით დამკვიდრდა. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვით მოიხსენია მან ეს მოვლენა?

პასუხი: გენოციდი
კომენტარი: 1915 წელს თურქეთმა სომეხთა მასობრივი გაჟუჟვა განახორციელა, რომელსაც პირველად გენოციდი რაფაელ ლემკინმა უწოდა და შემდგომში ეს სიტყვა ყველა ენაში დამკვიდრდა, როგორც მასობრივი ეთნიკური წმენდის სინონიმი.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. რომანი ავტორმა თავის მეუღლეს, ლიუბას მიუძღვნა დიდი სიყვარულით 1926 წელს. დაახლოებით იმავე წლებში ეპტონ სინკლერმა აშშ–ში პირველმა გამოიყენა ტერმინი, რომლითაც ახლადწამოჩიტული სოციალური ფენა დაახასიათა. საინტერესოა ისიც, რომ რომანის სათაური და ეს ტერმინი თარგმანში იდენტურად ჟღერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომანის სათაურიც და სოციალური ფენის აღმნიშვნელი ტერმინიც.

პასუხი: თეთრი საყელო / White Collar
კომენტარი: მიხეილ ჯავახიშვილის რომანის თარგმანი ინგლისურ ენაზე White Collar–ს, ანუ თეთრსაყელოიან ოფისის მუშაკს აღნიშნავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. ძვ. ბერძნული მითის თანახმად, ჰესპერიდების ოქროს ვაშლების მოსატაცებლად წასულ ჰერაკლეს გზად სკვითიის უდაბური მხარე უნდა გაევლო. შუა გზაზე გადაყრილი სანახაობის გამო, იგი სიბრალულით აღივსო, კომბალი და ლომის ტყავი გვერდზე გადადო, მშვილდი მოზიდა, ისარი ჩადო და სტყორცნა… რაც საბოლოო ჯამში ერთი სულიერი არსების სიკვდილით დასრულდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი არსება მოინადირა ჰერაკლემ?

პასუხი: არწივი
კომენტარი: ასე გადაარჩინა მიჯაჭვული პრომეთე სკვითიის მთებში არწივასგან, რომელიც მას გულ–ღვიძლს უკორტნიდა.
წყარო: გუსტავ შვაბი, ოქროს საწმისი, გამომც. “ნაკადული”, თბილისი, 1979, გვ. 29
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. 1999 წელს ამერიკულმა როკ–ჯგუფმა „ZZ Top“–მა გამოუშვა ალბომი, რომლის სახელწოდება გრაფიკულად გამოსახული იყო ექვსი დაშნის მეშვეობით. საინტერესოა ისიც, რომ ამ ალბომის სახელი შეგვიძლია ვიხილოთ 2012 წელს ლონდონში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სახელწოდებაში. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება „ZZ Top“–ის ამ ალბომს?

პასუხი: XXX
კომენტარი: ლონდონში გაიმართება ოცდამეათე ოლიმპიადა, რაც რომაული ციხფრებით XXX–ს იძლევა. ექვსი დაშნის გადაჯვარედინებით ალბომის გარეკანზე სამი X–ია გამოსახული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ჩრდილო–ატლანტიკურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტის მეექვსე მუხლში, სადაც საუბარია შეიარაღებულ თავდასხმაზე და იმ ტერიტორიებზე, სადაც ეს შეიარაღებული თავდასხმა შეიძლება განხორციელდეს, მოხსენიებულია 1934 წელს პარიზში გამოქვეყნებული სკანდალური რომანის სახელწოდება. რა ეწოდება ამ სკანდალურ რომანს?

პასუხი: კირჩხიბის ტროპიკი
კომენტარი: შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მხარეზე წარმოადგენს შეიარაღებულ თავდასხმას: ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში, ალჟირის ფრანგულ დეპარტამენტებზე, ნებისმიერი მხარის საოკუპაციო ძალებზე ევროპაში, ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით ნებისმიერი მხარის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კუნძულებზე ანდა ნებისმიერი მხარის მცურავ საშუალებებსა ან საჰაერო ხომალდებზე ამ არეალში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

11. ეგდარ ალან პოს მოთხრობაში “ამონტილიადოს კასრი” მთავარი პერსონაჟი მონტრეზორი მზაკვრულად იძიებს შურს თავის მტერზე, ფორტუნატოზე. იგი შეიტყუებს მას მივარდნილ სარდაფში და იატაკზე მიბმულს კედელში ამოქოლავს, ცოცხლად დამარხავს. უკანასკნელი აგურის დადების დროს მონტრეზორი წარმოთქვამს ლათინურ ფრაზას, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის აბრევიატურის სახითაა ცნობილი. დაწერეთ ეს აბრევიატურა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: RIP
კომენტარი: Requiescat in pace – იძინე მშვიდად. მიღებული ტრადიციის თანახმად ამ სამასოიან აბრევიატურას ხშირად აწერენ საფლავებზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. იტალიაში პირველები მეორეებს ზემოდან უყურებენ და “ტერრონეს” უწოდებენ. ცნობილია შეიარაღებული კონფლიქტი პირველებსა და მეორეებს შორის, რომელიც ომში გადაიზარდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველებიც და მეორეებიც.

პასუხი: ჩრდილოელები და სამხრეთელები
კომენტარი: იტალიაში ჩრდილოელები სამხრეთელებს მიწის მუშებს, ანუ “ტერრონეს” უწოდებენ და ზემოდან უყურებენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აშშ–ში მათი დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

13. ეს ფილმი ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა, მისი პოსტერის ზედა ნაწილში გაჭენებულ ცხენზე ამხედრებული თეთრსამოსიანი მხედარი, ხელში თოფმომარჯვებული გაურბის მდევრებს. ქვედა ნაწილში კი მოყვითალო–მოწითალო ფონზე გამოსახულია ადამიანის თავი, რომელიც მოჭრილის შთაბეჭდილებას ტოვებს. პოსტერის ცენტრში კი თეთრად აწერია ფილმის სათაური. დაასახელეთ ეს სათაური.

პასუხი: უდაბნოს თეთრი მზე
კომენტარი: ზედა ნაწილში გამოსახულია თეთრარმიელი სუხოვი, ქვევით კი ქვიშაში ყელამდე ჩაფლული საიდი, რომლის მხოლოდ თავი მოჩანს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

14. კუნძული მენისა და კუნძულ სიცილიის დროშებზე გამოსახულია ტრისკელიონი, რომელიც სამი მოხრილი ფეხისაგან შემდგარ სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ჩვენთვის ტეტრასკელიონი უფროა ცნობილი. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ თქვენს ფურცლებზე სიმბოლო, რომელიც მე მოვიხსენიე როგორც „ტეტრასკელიონი“.

პასუხი: ეს არის სვასტიკა
კომენტარი: ოთხი მოხრილი ფეხისაგან შემდგარ უძველეს სიმბოლოს ჩვენ სვასტიკის სახელწოდებით ვიცნობთ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. ძვ. ინდურ საგალობელთა კრებულში, “რიგვედაში” ერთ–ერთ საგალობელში მოხსენიებულია პირი, ხელები, თეძოები და ფეხის ტერფები, სადაც ხაზგასმულია სხეულის თითოეული ნაწილის მნიშვნელოვანებისა და დანიშნულების შესახებ. სწორად ასე, სიმბოლურადაა ახსნილი რიგვედაში მათი არსებობის სამართლიანობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ერთი სიტყვით.

პასუხი: კასტა (ან ვარნა)
კომენტარი: საუბარია ძვ. ინდურ სოციალურ დაყოფაზე კასტების (ვარნების) მიხედვით, რომელთაგან ბრაჰმანთა კასტა რიგვედაში შედარებულია პირს, მეომარი კშატრიების კასტა ხელებს, ვაჭართა და ფერმერთა ვაიშიების კასტა – თეძოებს და მსახურთა შუდრას კასტა – ფეხის ტერფებს.
წყარო: “Encyclopedia of World History” by  Marsha E. Ackermann, Michael J. Schroeder, Janice J. Terry, Jiu-Hwa Lo Upshur, and Mark F. Whitters, Editor “Facts on file library of world history”, 2008, vol. 1, p.70
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

16. ამერიკული გამოცემის, “Encyclopedia of World History”–ის ბოლო, მეშვიდე ტომი ეძღვნება მე–20 საუკუნის მეორე ნახევარს. ამ წიგნის ანბანურ კატალოგში სტატია ვაცლავ ჰაველის შესახებ მოთავსებულია ორ სტატიას შორის, რომელთაგან პირველი ეძღვნება სცილას, მეორე კი – ქარიბდას. რომელი სიტყვა შევცვალე მე შეკითხვაში სიტყვით “სცილა” და რომელი სიტყვით – “ქარიბდა”?

პასუხი: ჰამასი და ჰეზბოლა
კომენტარი: ანბანურ კატალოგში ჯერ არის სტატია Hamas–ზე, შემდეგ Havel–ზე, რასაც მოსდევს სტატია Hizbollah–ზე.
წყარო: “Encyclopedia of World History” by  Marsha E. Ackermann, Michael J. Schroeder, Janice J. Terry, Jiu-Hwa Lo Upshur, and Mark F. Whitters, Editor “Facts on file library of world history”, 2008, vol. 7, p.190
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

17. 2009 წლის ზაფხულში „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა რაგბის მატჩი ინგლისისა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა შორის.  თამაშის წინ გამოშვებულ პლაკატზე გამოსახულია ამ მატჩში ინგლისის ნაკრების მეტოქე ქვეყნის ეროვნული დროშა, რომელზეც დამატებულია ერთი ელემენტი ღრუბლის სახით, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ინგლისელი მორაგბეები უპირობო ფავორიტები იყვნენ.  დაასახელეთ ინგლისის მეტოქე ქვეყანა ამ მატჩში.

პასუხი: არგენტინა
კომენტარი: არგენტინის დროშაზე გამოსახული მზე დაჩრდილა ღრუბელმა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

18. თქვენს წინაშეა ლექსის ნაწყვეტი, რომელიც ირაკლი აბაშიძემ მიუძღვნა კონსტანტინე ლესელიძის ხსოვნას.

და თითქოს ქართლის გადარჩენის გსურდა მოსწრება,
სანამ სიკვდილი მოგისწრებდა, როგორც დემონი,
რომ მტრისგან მკერდით დაგეფარა ჩვენი ოცნება –
ჩვენი თბილისი, ჩვენი იქსი, იგრეკი

იქსიც და იგრეკიც ერთი უძველესი ქალაქის სახელწოდებებია. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: სპარტა, ლაკედემონი
კომენტარი: ძვ. ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოს, სპარტას ძვ. ბერძნები ლაკედემონად იცნობდნენ. ლექსში დაფიქსირებულია აბსოლუტური რითმა: დემონი–ლაკედემონი.
წყარო: 1. უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია, რ. მიშველაძის რედაქციით, ნაწილი მეორე, გვ. 226, თბ. უნივერსიტეტის გამომც., 1990
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. ზვიად გამსახურდიას ინტერპრეტაციის თანახმად ეს სიტყვა ქართულად ჟღერს როგორც “არარა”. მისი შერჩევისას იგი ქართულ ენაში ეძებდა უარმყოფელ სიტყვას, რომელშიც დაფიქსირებულია ორი “რ”, ვინაიდან სწორად ეს ორი “რ” განსაზღვრავს ამ სიტყვის წარმომთქმელის რაობას ორიგინალში. ყურადღება შეკითხვა: როგორ ჟღერს ეს სიტყვა ორიგინალში?

პასუხი: Nevermore
კომენტარი: ზვიად გამსახურდიამ ედგარ პოს “ყორანის” თარგმნისას სიტყვას – Nevermore – მოუძებნა ქართული შესატყვისი “არარა”. ამ სიტყვაში ორი “რ” ხაზს უსვამს ყორნის ყრანტალს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. ერთი ისტორიის თანახმად, ერთხელ თემურ ლენგი კარავში იჯდა და ჭადრაკის თამაშით იყო გართული, ამასობაში მალემსრბოლმა მას ვაჟის შეძენა ახარა. თემურს ის–ის იყო მოწინააღმდეგისათვის შაჰრუხი ჰქონდა გამოცხადებული, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია და გასცა ბრძანება ნაბოლარა ვაჟისთვის შაჰრუხი დაერქმიათ. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვა შეესაბამება ქართულ საჭადრაკო ტერმინოლოგიაში “შაჰრუხს”?

პასუხი: ჩანგალი
კომენტარი: “შაჰ” – მეფეა სპარსულად, “რუხ” – ეტლი (აქედანაა ინგლისური Rock და მეორე საჭადრაკო ტერმინი “როქი”). შაჰრუხი ერთგვარი ქიშია, როდესაც მხედარი ერთდროულად ემუქრება ეტლსაც და მეფესაც. ქართულად ამ ტერმინს ჩანგალი ჰქვია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

პირველი შესარჩევი თამაში

1. ისტორიკოსი ჟიულ შულერი აღნიშნავს, რომ მე-15 საუკუნეში პორტუგალიელების და არაბების  სავაჭრო კონკურენცია კომუნიკაციების ომს წარმოადგენდა. პორტუგალი–ელები საზღვაო მარშრუტებს აკონტროლებდნენ და ჟიულ შულერი მათ მთავარ „იარაღად“ ამ ბრძოლაში კარაველას ასახელებს. ყურადღება შეკითხვა: რას მიიჩნევდა ისტორიკოსი არაბების მთავარ „იარაღად“?

პასუხი: აქლემი
კომენტარი: არაბები სახმელეთო მარშრუტებს აკონტროლებდნენ, რომლებზეც ქარავნები მოძრაობდნენ.
წყარო: Жюль Шулер, “50 великих дат мировой истории”, глава “Каравелла против каравана”, Издательство: Урал LTD, 1997, с. 65
ავტორი: ლევან ჩხეიძე

2. ფილმში “ფორესტ გამპი”, მთავარი გმირი ამბობს, რომ მას სახელი კონფედერატი გენერალის, ნათან ბედფორდ ფორესტის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს მეთაურობდა. დაასახელეთ ორგანიზაცია, რომელიც ზემოთხსენებულ გენერალთან ასოცირდება.

პასუხი: კუ–კლუქს–კლანი
კომენტარი: გენერალი ნათან ბედფორდ ფორესტი იყო კონფედერატი, შესაბამისად შავკანიანთა მოსისხლე მტერი. ამავდროულად იგი კუ–კლუქს–კლანის პირველი მეთაური (Grand Wizard) გახლდათ. თეთრებში გამოწყობილი ხალხი კი ამ ორგანიზაციის წევრები არიან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

3. ისტორიკოსი და მკვლევარი პოლ ფორი წერს, რომ ისინი უმეცარი ნავიგატორები და უიღბლო მეკობრეები იყვნენ, რომელთა საზღვაო რეიდის ერთადერთი ნადავლი ბორტზე შემთხვევით მოხვედრილი ქალბატონი იყო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ქალბატონის სახელი.

პასუხი: მედეა
კომენტარი: პოლ ფორმა ასე არგონავტები მოიხსენია.
წყარო: 1. Поль Фор, Повседневная жизнь Греции во времена Троянской войны, Издательство: Молодая гвардия, 264, с. 45
ავტორი: ლევან ჩხეიძე

4. მოისმინეთ ნაწყვეტი უოლტ უაიტმენის ლექსის ქართული თარგმანიდან:

„ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!
მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,
გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,
წევს გაციებული ჩემი (……………).“

ყურადღება შეკითხვა: ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.

პასუხი: კაპიტანი
კომენტარი: ეს არის ფინალური სტროფი უოლტ უაიტმენის ცნობილი ლექსიდან „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!“.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპონატზე ოფიციალური ბურთი კომპანია „ადიდასის“ მიერ შექმნილი ინოვაციური მოდელი, „ჯაბულანი“ იქნება. ბურთის დიზაინი შესრულებულია თერთმეტი ფერით. დამისახელეთ იმ თერთმეტიდან ერთი მაინც, რის სიმბოლიზირებასაც ახდენენ ფერები ბურთის დიზაინში.

პასუხი: მაგალითად ინგლისური
კომენტარი: სამხრ. აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენაა. ითვლება ნებისმიერი ამ სიიდან: ინგლისური, აფრიკაანსი, ვენდა, ზულუ, კოსა, ნდებელე, სვატი, ჩრდ. სოტო, სესოტო, ტსვანა და ცონგა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა მე–17 საუკუნეში ქუთაისის ციხე დაიკავეს, იმერეთის მეფეებმა მრავალჯერ სცადეს ამ ციხის დაბრუნება და ალყაც შემოარტყეს იმ იმედით, რომ ოსმალებს შიმშილი დააუძლურებდათ და დანებდებოდნენ, თუმცა ოსმალები მიმართავდენენ თავდაცვის ასეთ ხერხს: იმერელთა ყოველ შეტევაზე ისინი ზარბაზნიდან ისროდნენ ერთი კონკრეტული მიმართულებით, რის შემდეგაც იმერლები უკან იხევდნენ. ყურადღება შეკითხვა: რისი მიმართულებით ისროდნენ ოსმალები ზარბაზანს?

პასუხი: ბაგრატის ტაძრის
კომენტარი: ამ მოვლენებს ბაგრატის ტაძარი კინაღამ შეეწირა კიდეც.
წყარო: რევაზ ჯაფარიძე, “მძიმე ჯვარი”, წიგნი მე–3–4, თბილისი, 1983, გამომც. “საბჭოთა საქართველო”, გვ. 10
ავტორი: როსტომ კურტანიძე

7. ჰყვებიან ასეთ ისტორიას, თუ როგორ შეაგროვა ერთხელ ქვები მუჰამედმა და სთხოვა მეზობლის ბავშვებს, რომ ისინი მისთვის დაეშინათ. ბავშვებმა მას ვერც ერთი ქვა ვერ მოარტყეს, მუჰამედი კი, შეიძლება ითქვას, ადგილიდან არ დაძრულა. ამ ისტორიის საილუსტრაციოდ ცნობილია ფრაზა, სადაც მუჰამედმა საკუთარი თავი ორი არსებას შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ორი არსებიდან ერთ–ერთი მაინც.

პასუხი: პეპელა და კრაზანა
კომენტარი: მუჰამედ ალი ფლობდა საოცარ რეაქციას და ძალიან ძნელი იყო მისთვის რინგზე მუშტის გარტყმა. მას ეკუთვნის ფრაზა: “ვფარფატებ როგორც პეპელა და ვგესლავ, როგორც კრაზანაო”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. პირველი საყოველთაო ეროვნული ლატარია საფრანგეთში 1656 წელს გაიმართა აბსოლუტიზმის ხანაში. მაქსიმალური ფულადი პრიზი 100 ათასი ლივრის ოდენობით კი ხვდა ამ ადამიანს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი.

პასუხი: ლუი
კომენტარი: საუბარია მეფე მზეზე, ლუი XIV–ზე. აბა რა მეფე–მზე იქნებოდა თუკი ფორტუნა არ გაუღიმებდა და ამ პრიზს იგი არ მოიგებდა :)
წყარო: 1. A concise history of ancient institutions, inventions, and discoveries in science and mechanic art by Professor Beckmann, of the University of Gottingen. In Two Volumes. London, 1823, Vol.1, p. 194
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. კომპანია BIC–ის საწერი კალმების ერთ–ერთი სარეკლამო პოსტერი ხაზს უსვამს იმას, რომ კალმების რესურსი პრაქტიკულად ამოუწურავია. პოსტერზე გამოსახულია კალამი და კალმით დახატული ერთი სიმბოლო. ერთი წუთის შემდეგ გამოსახეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: უსასრულობის ნიშანი
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

10. ეს ორგანილეპტიკური პარამეტრი არყის მაღალი ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმია. ამ პარამეტრის შესაბამისი ქართული ზედსართავი ხშირად გაისმის ხოლმე არჩევნების დროს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ზედსართავი სახელი.

პასუხი: გამჭვირვალე
კომენტარი: გამჭვირვალეობა ორგანოლეპტიკური პარამეტრია, ანუ მისი აღქმა შეიძლება გრძნობის ორგანოების საშუალებით. გამჭვირვალე არჩევნები დამკვიდრებული ტერმინია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

11. ვახტანგ მეექვსის დროს თბილისში აშენდა ბრწყინვალე სასახლე. თანამედროვე ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე მას ასე აღწერს: “სახლი პატიოსანი მიჭურიტნისა და ოქროს ვარაყით შეთხზულნი”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით რა არის მიჭურიტი?

პასუხი: სარკე
კომენტარი: სულხან–საბა სარკეს მოიხსენიებს როგორც “მიჭვრიტანას”, “მიჭურიტეს” და “მიჭურიტას”. ყველაფერი ეს უჭვრეტს ზმნიდანაა წარმომადგარი.
წყარო: გიორგი პაიჭაძე-“ვახტანგ მეექვსე”, თბილისი 1981წ. გამომცემლობა “მაცნიერება” გვ.23.
ავტორი: როსტომ კურტანიძე

12. ვიკიპედიის ცნობით ისინი ძვ. ხეთების შთამომავლები იყვნენ და ტროას ომში ტროელთა მხარეს იბრძოდნენ. ვიკიპედია იმასაც ამბობს, რომ აზიის ეს ქალაქი მათი მოსახელეა. ყურადღება შეკითხვა: რომელ სახელმწიფოში მდებარეობს ეს ქალაქი?

პასუხი: სირიაში
კომენტარი: საუბარია ხალიბებზე. სირიის ქალაქი ალეპო (ჰალები) მათი მოსახელეა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

13. ფრანგები მამლების საჩხუბარ არენას გალოდრომს უწოდებენ, მისი ინგლისური სახელწოდება კი შეკითხვის ავტორს დახურულ სივრცეს აგონებს, სადაც მოხვედრა  2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ უცხო პირთათვის კიდევ უფრო გართულდა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ დახურულ სივრცეს?

პასუხი: კოკპიტი
კომენტარი: მამლების საჩხუბარ არენას ინგლისურად კოკპიტი ჰქვია. ასევე კოკპიტი ჰქვია თვითმფრინავის პილოტის კაბინას, სადაც მოხვედრა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ უცხო პირთათვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

14. ძვ. რომის იმპერატორი კომოდუსი ამფითეატრის არენას ხშირად სტუმრობდა, სადაც  ხარების, ლომების და რეპტილიების წინააღმდეგ გამოდიოდა. ცნობილია იმპერატორის ავადმყოფური მანია: კომოდუსი თავს იქსთან აიგივებდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსის სახელი.

პასუხი: ჰერაკლე
კომენტარი: ჰერაკლემ მოკლა ნემეის ლომი, ლერნეს ჰიდრა, კრეტას ხარი.
წყარო: 1. ბმული 2. Жан-Ноэль Робер, Повседневная жизнь Древнего Рима через призму наслаждений, Издательство: Молодая гвардия, 2006 г., с.88
ავტორი: ლევან ჩხეიძე

15. ერთხელ ემანუელ ლასკერი თავის უნგრელ კოლეგას დაუპირისპირდა ალკოჰოლურ ჭადრაკში. ეს თამაში ჭადრაკის ვარიაციაა, სადაც თითოეული ფიგურა ფარდობითი ზომის სასმისს წარმოადგენს. ლასკერმა მესამე სვლაზე მოიმოქმედა ის, რამაც მას სწრაფი გამარჯვება მოუტანა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით რა მოიმოქმედა ლასკერმა?

პასუხი: ლაზიერი შეწირა
კომენტარი: ლაზიერს ყველაზე დიდი სასმისი, კონიაკის ბოთლი შეესაბამებოდა. მას შემდეგ რაც ლასკერმა ლაზიერი შეწირა, მისი მოწინააღმდეგე იძულებული იყო დაელია ბოთლი, რის შემდეგაც დათვრა და თამაში ვეღარ გააგრძელა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

16. ისპაჰანში მდებარე “შეიხ ლუთფულაჰის მეჩეთი” შაჰ–აბასის ბრძანებით აშენდა და მის პირად მეჩეთს წარმოადგენდა, სადაც მხოლოდ იგი და მისი ცოლები ლოცულობდნენ. იმის გამო, რომ შაჰმა თავად უწყოდა როდის უნდა ელოცათ მას და მის ცოლებს, ამ მეჩეთს გააჩნდა ერთი თავისებურება. ყურადღება შეკითხვა: რითი განსხვავდებოდა ეს მეჩეთები ისპაჰანის სხვა მეჩეთებისაგან?

პასუხი: არ ჰქონდა მინარეთი
კომენტარი: მინარეთიდან მოლები მოუხმობენ მლოცველებს სალოცავად. შაჰმა კი თავად უწყოდა როდის უნდა ელოცა, ამიტომ მას მინარეთიდან მოლას მოხმობა და შესაბამისად მინარეთიც არ სჭირდებოდა.
წყარო: 1. ო. გვილავა, “ისპაჰანი, შირაზი, ქაშანი”, თბილისი, 1980, გამომც. “ხელოვნება”, გვ. 76–77
ავტორი: როსტომ კურტანიძე

17. თქვენს წინაშეა პენტაგრამა უ–სინ, რომელშიც ძველ ჩინელთა კოსმოგონიური წარმოდგენებია ასახული. პენტაგრამაზე ერთი დეტალი წაშლილია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ისევე, როგორც 1997 წლის შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება ორი სიტყვით.

პასუხი: მეხუთე ელემენტი
კომენტარი: ამ პენტაგრამის (ვარსკვლავის) წვეროებში სტიქიები – ელემენტებია განლაგებული: ცეცხლი, მიწა, ხე, წყალი… დაფარულია მეტალი, რომელიც ამ პენტაგრამის მეხუთე ელემენტია. „მეხუთე ელემენტი“ ლუკ ბესონის 1997 წლის კინოფილმია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

18. ერთ ნაშრომში მე–14 საუკუნის ევროპას ცალკე თავი ეთმობა, სადაც დაახლოებით ათჯერაა ნახსენები იერსენის ბაცილა და ერთი იტალიელის ნაწარმოები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: ჯოვანი ბოკაჩო
კომენტარი: არსებობს მოსაზრება, რომ იერსენის ბაცილა 14 საუკუნეში მძვინვარე შავი ჭირის პანდემიის გადამტანი ბაცილა იყო. შავი ჭირი (ფლორენციაში) აღწერა ჯოვანი ბოკაჩომ „დეკამერონში“ (სიტყვა 10 კითხვის ტექსტში დამატებითი მითითებაა).
წყარო: 1. ბმული 2. А. А. Дельнов, Франция. Большой исторический путеводитель, Эксмо, Алгоритм, 2008 г., с. 107
ავტორი: ლევან ჩხეიძე

19. ვიქტორიანულ ინგლისში მე–19 საუკუნის ბოლოს არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ორგანიზაცია სამსახურში იყვანდა, რათა მათ ზუსტი გამოთვლები ეწარმოებინათ. იმდროინდელ ინგლისში ამ ადამიანებს მოიხსენიებდნენ იმის მსგავსად, რაც მე გამოვიყენე შეკითხვის დაწერის დროს. რომელი ინგლისური სიტყვით მოიხსენიებდნენ ამ ადამიანებს?

პასუხი: კომპიუტერები
კომენტარი: ინგლისურ ენაში computer მთვლელს ნიშნავს, კომპიუტერების ერამდე ასე მოიხსენიებდნენ ზუსტი გამოთვლებით დაკავებულ ადამიანებს.
წყარო: 1. Чарльз Петцольд – Код. Тайный язык информатики, Издательство: Русская Редакция, 2004 г., с.37
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. ამ სახელმწიფოს გერბი შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან. პირველი ელემენტი წარმოადგენს ცისფერ ფარს მასზე გამოსახული თეთრი ჯვრით, რაც მართლმადიდებლობის სიმბოლიზირებას ახდენს. მეორე ელემენტი არის გვირგვინი, რომელიც ქვეყნის უძველეს ისტორიას უსვამს ხაზს. არ გეკითხებით ამ ქვეყანას, დაასახელეთ მცენარე რომლისგანაც დაწნულია ეს გვირგვინი.

პასუხი: დაფნა
კომენტარი: საუბარია საბერძნეთის გერბზე, რომელზეც გამოსახულია დაფნის ფოთლებისგან დაწნული გვირგვინი. ამგვარი გვირგვინით ანტიკური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ, რის გამოც ეს ელემენტი ქვეყნის უძველესი ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

მეორე შესარჩევი თამაში

1. 1993 წელს გამოსული თამაში „ვაჭარი პრინცის“ მოქმედება მიმდინარეობს შუა საუკუნეებში. თამაშის მთავარი პრინციპია დაამარცხო მოწინააღმდეგენი თამაშის ბოლოსთვის და მოიხვეჭო რაც შეიძლება მეტი ფული და ძალაუფლება. დაასახელეთ იტალიელი, რომლის ნაწარმოებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ეს თამაში.

პასუხი: ნიკოლო მაკიაველი
კომენტარი: მაკიაველის ნაწარმოები, „Il Principe“(„მთავარი“) სწორედ მსგავს პრინციპებზეა დაყრდნობილი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

2. ინგლისელი პოეტი და მითოლოგიის მკვლევარი როვერტ გრეივსი ბრძოლაში დაიჭრა და დიდხანს დაღუპულად ითვლებოდა. გამოჯანმრთელების შემდგომ მან დაწერა ლექსი, სადაც აღწერა თუ როგორ გაურბის იგი სიკვდილის სამეფოს. პოეტის თქმით, მას გაქცევაში ბრიტანეთის არმიის ჯარისკაცის რაციონში შემავალი თაფლაკვერები დაეხმარა… ახსენით როგორ დაეხმარა თაფლაკვერები პოეტს?

პასუხი: ცერბერს აჭამა
კომენტარი: თაფლაკვერები ცერბერს დაუყარა, ცერბერი გაყუჩდა და ამასობაში იგი ჰადესის სამფლობელოს კარიდან გამოიპარა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

3. 2010 წელს ა.შ.შ.–ში გაიმართება გამოფენა „ზომას აქვს მნიშვნელობა“. გამოფენას კურირებას გაუწევს 1972 წელს დაბადებული „კავალერი“, რომლის მონაცემებიც საკმაოდ კარგად ჯდება გამოფენის თემატიკაში. დაასახელეთ ზემოთხსენებული „კავალერის“ სახელი და გვარი.

პასუხი: შაკილ ო’ნილი
კომენტარი: აღნიშნული კალათბურთელი გამოირჩევა 2.16 სმ. სიმაღლით და 150 კგ. წონით. ამჟამად ის გუნდ კლივლენდ „კავალიერს“–ში ასპარეზობს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

4. ლეგენდის თანახმად მან ხელი გაარტყა თავის მოახლეს, რომლის ცხვირიდან წამსკდარი სისხლიც ქალბატონს სხეულზე მიეცხო. ამის გამო ქალბატონმა აბაზანების ხშირი მიღება დაიწყო. დაასახელეთ ამ ქალბატონის მეტსახელი, რომელიც მან ამ ლეგენდის საფუძველზე მიიღო.

პასუხი: სისხლიანი გრაფინია
კომენტარი: საუბარია უნგრელ გრაფინია ელიზავეტა ბატორიზე, რომელიც ლეგენდის თანახმად ქალიშვილების სისხლში ბანაობდა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

5. არაბი ისტორიკოსი აბულ–ჰასან ალ–მასუდი თავის წიგნში „მურუჯუზ–ზაჰაბი“ წერს, რომ მუჰამედს ჰყავდა 15 ცოლი. მას არც ერთი ცოლი არ მიუტოვებია და არ გაყრია მათ კანონიერი ისლამური წესით, ამიტომ ისლამში მიჩნეულია, რომ მუჰამედი არის “ასეთი იქსი”. 1999 წელს რეჟისორმა ოლივერ პარკერმა გადაიღო ფილმი, სახელწოდებით “ასეთი იქსი”. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რომელი ორი სიტყვა შევცვალე მე შეკითხვაში სიტყვებით “ასეთი იქსი”.

პასუხი: იდეალური ქმარი
კომენტარი: 1999 წელს ოლივერ პარკერმა ოსკარ უაილდის პიესის ეკრანიზაცია შექმნა. ისლამში იდეალური ქმარი არასოდეს ეყრება თავის ცოლს. ამიტომ მუჰამედი იდეალური ქმარი გახლდათ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. აკაკი გეგენავა თავის სამოგზაურო ჩანაწერებში ბრიტანულ ტენიან კლიმატზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე „ასეთი“ ქალაქები ინგლისში მანჩესტერი და ლივერპულიაო. 1997 წელს შეიქმნა ნაწარმოები, რომლის სათაურშიც ერთი მცენარე ორჯერ არის მოხსენიებული როგორც „ასეთი“. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ ეს მცენარე.

პასუხი: იასამანი
კომენტარი: აკაკი გეგენავამ მანჩესტერს და ლივერპულს ინგლისის ყველაზე „სველი“ ქალაქები უწოდა. 1997 წელს დაიდგა სპექტაკლი „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. ამ ტოპონიმის წარმოშობის რამოდენიმე ვერსია არსებობს. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ვახტანგ გორგასალმა, ამ ტერიტორიის მოსახლეობა ნიადაგის სიმწირისა და ნაკლებ ნაყოფიერების გამო მიწის გადასახადებისაგან გაანთავისუფლა, რის გამოც ამ ადგილმა ეს სახელწოდება მიიღო. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ვახტანგ გორგასალთან.

პასუხი: უჯარმა
კომენტარი: გორგასალმა ეს მიწა გადასახადისაგან, იჯარისგან გაანთავისუფლა, ანუ ის უიჯარო გახდა. ამის გამო ადგილს უჯარმა ეწოდა. აგრეთვე ცნობილია, რომ ვახტანგის დროს უჯარმაში დიდი სამშენებლო სამუშაოები ტარდება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

8. მე–20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი ლორდ დანსენის მოთხრობის ეს მითოლოგიური პერსონაჟი ადამიანთა გაზრდილი რაოდენობითაა გაოცებული, თუმცა მალე ის ამჩნევს, რომ ადამიანთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მოთხრობის ბოლოს, ეს მითოლოგიური პერსონაჟი უმუშევარი რჩება. დაასახელეთ მისი სახელი.

პასუხი: ქარონი
კომენტარი: 20 საუკუნის დასაწყისში დატრიალებულმა I მსოფლიო ომმა და გრიპის ეპიდემიამ მკვეთრად შეამცირა მოსახლეობის რაოდენობა, რის გამოც გარდაცვლილთა საიქიოში გადაყვანით დაკავებული ქარონი კარგავს სამუშაოს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

9. მოისმინეთ ტარიელ ჭანტურიას 2004 წელს დაწერილი ექსპრომტი: როგორც ვალეტს ყვავისას გაჭრის კარტში ჯოკერი, ისე გაჭრა იქსმა არჩევნებში იგრეკი. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც!

პასუხი: იქსი – ჯორჯ ბუში, იგრეკი – ჯონ კერი
კომენტარი: ისე გაჭრა ჯორჯ ბუშმა არჩევნებში ჯონ კერი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. 2003 წელს, ფრანკფურტის ავტოსალონში, კომპანია ოპელმა წარმოადგინდა ერთ–ერთი თავისი მოდელის უახლესი ვარიანტი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ სამეცნიერო ტერმინი ასტროფიზიკის სფეროდან, რომლითაც ჟურნალმა „МОТОР“ ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სტატია დაასათაურა.

პასუხი: ზეახალი ვარსკვლავი
კომენტარი: წარმოდგენილი იქნა ოპელ “ასტრა”–ს ახალი მოდელი. ასტრა – ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს. სტატიას ჟურნალში კი ერქვა «Сверхновая звезда».
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

11. 1803 წლის მაისში ნაპოლეონი ბრიტანეთში დესანტის გადმოსხმას გეგმავდა. მთელი ფლოტი ლა–მანშის სანაპიროსთან იქნა მობილიზებული.  ისტორიკოსი დელნიოვი, აღწერს რა ამ სამზადისს, აცხადებს, რომ ნაპოლეონმა დესანტის ფუნქცია ამ ძმებსაც დააკისრა. დაასახელეთ მათი გვარი.

პასუხი: მონგოლფიე
კომენტარი: მობილიზებული იყო არა მხოლოდ საზღვაო ფლოტი, არამედ მონგოლფიეების კონსტრუქციის საჰაერო ბურთები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. А. А. Дельнов, Франция. Большой исторический путеводитель, Эксмо, Алгоритм, 2008 г., с. 66
ავტორი: ლევან ჩხეიძე

12. სტატიას, რომელიც ეძღვნება ალბანეთის უახლეს ისტორიას დიქტატორ ენვერ ხოჯას გარდაცვალების შემდეგ, ეწოდება „იქსი იგრეკის გარეშე“. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ ისინი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

პასუხი: ტირანა, ტირანი
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

13. რონ ჰოვარდის ფილმში „შორეული ქვეყანა“ (Far and Away) ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი ირლანდიიდან ამერიკაში მიემგზავრება, სადაც თავის რჩენას მამისეული სახლიდან მოპარული კეთილდღეობის სიმბოლოების გაყიდვით აპირებს. დაასახელეთ ორი სიტყვით შეკითხვაში მოხსენიებული კეთილდღეობის სიმბოლო.

პასუხი: ვერცხლის კოვზი
კომენტარი: ინგლისურ ენაში ვერცხლის კოვზი კეთილდღეობის სიმბოლოა, რაც ფილმში სიმბოლურადაა გამოყენებული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

14. პირველ ბატკანს, რომელიც გაზაფხულობით იალაღზე იბადება მეცხვარეები იქსის თავს უწოდებენ. 1996 წელს ქვეყანას მოევლინა იქსი, რომელიც შეიძლება ითქვას, ერთგვარი იქსის თავი გახლდათ. მითხარით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით?

პასუხი: დოლი
კომენტარი: პირველ ბატკანს დოლის დროს მეცხვარეები დოლის თავს უწოდებენ. დოლი პირველი კლონირებული ცხვარი იყო. დოლი ასევე ეწოდება ბატკნების დაბადების დროის პერიოდს ცხვარში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. გალაკტიონ ტაბიძეს, არტურ რემბოს, რაბინდრანათ თაგორს, ფირდოუსის, შოთა რუსთაველსა და ლორდ ბაირონს  ერთად შეგვიძლია ვუწოდოთ ისევე, როგორ პიტერ უირმა უწოდა თავის 1989 წელს გადაღებულ ფილმს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: მკვდარი პოეტების საზოგადოება
კომენტარი: ყველა ჩამოთვლილი პოეტი მკვდარია და მათ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ მკვდარი პოეტების საზოგადოება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

16. [დასარიგებელი მასალა: Keep Cool and Keep Cool] თქვენს წინაშეა 1924 წლის ა.შ.შ.–ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთ–ერთი კანდიდატის სლოგანი, რომელსაც შეკითხვის ავტორმა მოუშალა რამდენიმე ასო. დაასახელეთ ამ კანდიდატის გვარი.

პასუხი: კალვინ კულიჯი
კომენტარი: იგი შემდგომში აშშ–ს პრეზიდენტი გახდა. მისი სლოგანი ასე გამოიყურებოდა: ასე გამოიყურებოდა: Keep Cool and Keep Coolidge.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

17. 2010 წლისათვის ერთმა იტალიურმა გამომცემლობამ დასტამბა ოთხტომეული, რომელთაგან მესამე ტომი დასათაურებულია როგორც „დოლჩი“ (დესერტები) და მეოთხე კი როგორც – „ანტიპასტი“ (წასახემსებლები). ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება პირველ და მეორე ტომებს?

პასუხი: პირველები და მეორეები
კომენტარი: ოთხტომეულში მოცემულია ტრადიციული იტალიური სამზარეულოს კერძების რეცეპტები. დაყოფაც ტრადიციულია: პირველი ტომი ეხება ე.წ. „პირველ კერძებს“, მეორე – „მეორე კერძებს“ და ა.შ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

18. 1920 წლიდან მოყოლებული, იგი ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილს და ერთ დროს საფლავის ქვების გაყიდვითაც კი იყო დაკავებული. 1931 წელს იგი ნომინირებულ იქნა ნობელის პრემიაზე, მაგრამ ნობელის კომიტეტმა მისი რომანი არ მოიწონა. დაასახელეთ ამ პიროვნების სახელი და გვარი.

პასუხი: ერიხ მარია რემარკი
კომენტარი: საფლავის ქვების გაყიდვით იყო დაკავებული, რაც აისახა რომანის, “შავი ობელისკი”–ს სახელწოდებაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

19. 1980 წელს საფრანგეთში გამოვიდა ასტერიქსისა და ობელიქსის თავგადასავლის რიგით 25–ე ალბომი. მასში პირველად გამოჩნდა კომიკური პერსონაჟი, რომლის სახელითაც არამხოლოდ ამ ალბომს, არამედ ამ სერიით გამოსულ ყველა ალბომს მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ პერსონაჟს?

პასუხი: კომიქსი
კომენტარი: პერსონაჟის სახელი (კომიქსი) ხაზს უსვამს მის კომიკურობას. ასტერიქსისა და ობელიქსის ეს ალბომი კი კომიქსი გახლავთ, როგორც ყველა სხვა ალბომი, რომელიც რენე გოსინიმ და ალბერტო უდერძომ შექმნეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდში, მობილური ტელეფონების ბაზარი ფაქტიურად დაიპყრო დაბალფასიანმა და უხარისხო პროდუქციამ. რთულია მოძებნოთ მაღაზია, სადაც ორიგინალებთან ერთად თავს არ იმშვენებდნენ მათი ანალოგები. ამ ფაქტისამდი მიძღვნილ ერთ–ერთ სტატიას, ავტორებმა უწოდეს ისევე, როგორც ეწოდება 2002 წელს გამოსულ საკულტო ფილმს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: კლონების შემოტევა
კომენტარი: ბაზარი დაიპყრეს ცნობილი ბრენდების ჩინურმა ანალოგებმა, ანუ კლონებმა. ეპოპეა “ვარსკვლავური ომების” მეორე ნაწილს ეწოდება “კლონების შემოტევა” (Attack of the Clones).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

შედეგები [ბმული]

Advertisements

Written by linguistuss

December 27, 2009 at 4:27 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ფინალის მე-5 შეკითხვა არასწორია. ფიურერი არ იყო ვეგეტარიანელი. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ებრაული სისხლი ჰქონდა. ყველაფერი ეს მითია. როგორც ჩემთვის ცნობილია მას ექიმებმა ხორცის ჭამა აუკრძალეს, რადგანაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 1931 წლიდან ვითომ მისდევდა მკაცრ დიეტას, მაგრამ ხშირად არღვევდა. მისი პირადი მზარეული Dione Lukas აღნიშნავდა: “I don’t mean to spoil your appetite for stuffed squab (pigeon), but you might be interested to know that it was a great favorite with Mr. Hitler, who dined in the hotel often”.

    Pegi

    December 28, 2009 at 12:15 pm

  2. პირველი კითხვა პირდაპირა გადმოწერილია რადიო “თავისუფლების” საიტზე გოგი გვახარიას სტატიიდან :) შეკითხვა მკვდარი პოეტების საზოგადოებაზეც ცოტათი “წაუხალტურებს”. ისე კი, პაკეტი კარგია! მომეწონა შეკითხვები შაჰრუხზე, რაგბიზე (ლოგიკას მივხვდი, ოღონდ მე იაპონია მეგონა), ტარიელ ჭანტურიას ლექსზე…

    Dimka

    December 28, 2009 at 5:16 pm

  3. ჩემთვის ძალიან საინტერესო იკო კითხვა კირჩხიბის ტროპკზე. მე ”ნატო”-ს წესდებაში კველაზე მნიშვნელოვანი მე-5 მუხლი მეგონა და შეუმჩნეველი დამრჩა მე-6 მუხლის ასეთი ეგზოტიკურ-სამართლებრივი ტერმინი.. :)) მეწყინა რომ ვერ გამოვიცანი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება.

    nina

    December 29, 2009 at 11:07 am

  4. მიუხედავად იმისა, რომ მეხუთეზე გავედით და 1 ქულა დაგვაკლდა მოგებამდე მაინც კმაყოფილი ვარ. ფინალის კითხვები ყველა კარგი იყო, განსაკუთრებით: თეთრი საყელო, შაჰრუხი. ძაან რთულები იყო არარაზე და კირჩხიბის ტროპიკზე. ფაქტის ცოდნის გარეშე შანსი არ იყო გამოცნობის. არარაზე კიდე პლიუს ლექსიც უნდა გცოდნოდა. მაგრამ მთლიანობაში ძაან მაგარი ჩემპიონატი გამოვიდა. მადლობა ლინგვისტუსს რომ ასე კარგი კითხვები მოამზადა.

    ატილა

    December 30, 2009 at 4:24 pm

  5. ხო მართლა. ლინგვისტუს, თბილისის ჩემპიონატისთვის კითხვები მაქვს და კიდე შენ ხარ რედაქტორი? სად გამოგიგზავნო კიტხვები?

    ატილა

    December 30, 2009 at 4:26 pm

    • სავარაუდოდ კი, მე ვიქნები. წერია მეილი ბლოგის თავში :)

      linguistuss

      December 30, 2009 at 4:55 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: