ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ძველი ახალი წელი

with 17 comments

ძალიან მიკვირს, როდესაც მასობრივ ობსკურანტულ დამოკიდებულებას ვაწყდები. შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ არ გინდოდეს რომ გაიგო, ეს უკვე ფანატიზმია. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება საკრალური ცნებების მიმართ არსებობს, რომელთა შორისაც არც ძველი ახალი წელია გამონაკლისი. კაცმა რომ თქვას, რა სიგიჟეა ახალი წლის ორჯერ აღნიშნვა. თუმცა, რა გინდა, პირდაპირაა მისადაგებული ქართულ მოქეიფე ნატურასთან – ერთით მეტი აღსანიშნი თარიღია, ერთით მეტი დასვენების მიზეზი და რა მნიშვნელობა აქვს ძველი ახალი წელია, თუ მელიორატორის დღე. თან სახელშიც ფუტურამასეული ოქსიმორონია დაფიქსირებული – “ძველი ახალი წელი” – Old New York–ის მსგავსი.

ერთხელ შევეცადე ერთი ჩემი ნაცნობისათვის ამეხსნა, თუ რატომ გვაქვს ახალი ახალი და ძველი ახალი წლები, რომელმაც დინჯად მომისმინა, 14 იანვარს ახალი წლის მილოცვა დაასრულა და შემდეგ იოანე ოქროპირის შრომების წაკითხვა მირჩია. კარგი, მივაშურე იოანე ოქროპირს, თუმცა ორჯერ ორი რომ ოთხია ეს არც იმ წმინდა მამას ეშლება და რა ვქნა?! ერთი სიტყვით, ამ ძველ ახალ წელს, უფრო სწორად ძველით ახალ წელს, ანუ ძველი სტილით ახალ წელს მსურს ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ახალი წლის ორჯერ აღნიშნვა ანაქრონიზმია და არანაირ ლოგიკურ თუ ისტორიულ ჩარჩოებში არ ეწერება, თუმცა სიტყვა გამიგრძელდა და პირდაპირ საქმეზე გადავალ…

ამ ყველაფერში დამნაშავე ალოიზიუს ლილიუსია (იტალიურ წაკითხვაში ლუიჯი ლილიო), რომელმაც შეადგინა გრეგორიანული კალენდარი და რომელსაც რომის პაპმა, გრიგოლ XIII–ემ ბეჭედი დაასვა. ამ ბეჭდის, უფრო სწორად კი ბულის საფუძველზე კი, რომელსაც Inter gravissimas ერქვა, 1582 წლის 24 თებერვალს შეწყვიტა არსებობა იულიანურმა კალენდარმა და დასავლეთ ქრისტიანულ ეკლესიაში გრიგორიანული კალენდარის საპილოტო ვერსია გაეშვა. თარიღი 24 თებერვალი შემთხვევით არ იყო შერჩეული, რომელსაც დავუბრუნდები, მანამდე კი გრიგორიანული და იულიანური კალენდრების დეტალებს ჩავუღრმავდეთ. თუმცა თავდაპირველად ისიც ავღნიშნოთ, რომ დედამიწა მზის გარშემო ერთი წრის შემოვლას 365.24219 დღეს ანდომებს და ამ რიცხვის წილადი ნაწილიდან იღებს სათავეს ყველა ჩვენი პრობლემა, მათ შორის ძველი ახალი წელი…

იულიანური კალენდარი მარტივად იყო მოწყობილი: წელიწადში 365 დღე იყო და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ამატებდნენ, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმას, რომ  იულიანური კალენდარი ყოველწლიურად 0.0081 დღით ასწრებდა ათვლის სათავედ შერჩეულ ასტრონომიულ ერთეულს, დედამიწის ერთ სრულ წრებრუნვას მზის გარშემო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: 0.25–ჯერ ოთხი გვაძლევს ერთ დღეს, თუმცა ჩვენ 0.24219 გვაქვს შესაბამისად ნაკიანი წლის დამატებით ყოველწლიურად 0.25 – 0.24219 = 0.0081 დღით, ანუ დაახლ. 11, 5 წუთით ვასწრებთ სასურველ შედეგს. ეს მოცემული 11,5 წუთი კი 1582 წელიწადში 13 დღეს იძლევა განსხვავებას. შესაბამისად 1582 წელს კალენდარი 13 დღით უკან დაწიეს და განაგრძეს ტკბილი და უდრტვინველი ცხოვრება, თუმცა…

აღმოსავლეთ საქრისტიანომ, ანუ მართლმადიდებლებმა დასავლელ ქრისტიანებს, იგივე კათოლიკეებს საუკუნოვანი ქიშპი გაუხსენა და ალოიზიუს ლილიუსის შრომის სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა. შესაბამისად 1054 წელს ორად გახლეჩილი ქრისტიანობა არამხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც გაყოფილი აღმოჩნდა. ამის შედეგად გვაქვს ორი სტილი: ახალი სტილი, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით და ძველი სტილი, იულიანური კალენდრის მიხედვით. შესაბამისად გვაქვს ორი მარიამობა, ორი გიორგობა, ორი შობა, ორი ახალი წელი და, როგორც ერთმა ფორუმელმა იუზერმა შენიშნა, ორი თირკმელი ამ დღესასწაულებზე ალკოჰოლის მიღებული ორმაგი დოზის დასაბალანსებლად.

ახლა 24 თებერვალს მივუბრუნდეთ და დასასრულს ნაკიანი წლების ეტიმოლოგიაც გამოვიკვლიოთ. ფრანგული, იტალიური და ესპანური ენების მცოდნეთათვის გასაკვირი არ არის, რომ ნაკიან წელიწადს ამ ენებში Année bissextile–ის მსგავსი რამ ჰქვია, ანუ ეს ლათინური bissextilis, ანუ “ორი ექვსიანი” ყველგანაა დაფიქსირებული. ერთი შეხედვით გაუგებარია თუ რა შუაშია ეს ორი ექვსიანი, თუმცა ამის ახსნა იულიანურ კალენდარში და ძველ რომაულ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძევს…

ძველ რომში ახალი წელიწადი პირველ მარტს იწყებოდა. ყოველი თვის პირველ რიცხვებს კი, კალენდებს უწოდებდნენ. იულიანური კალენდრის მიხედვით, ზემოხსენებულ ნაკიან წელიწადს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთ დღეს უმატებდნენ და ჩვენგან განსხვავებით ამას 24 თებერვალს აკეთებდნენ. კაცია და გუნება, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში… ჰოდა ამ ნაკიან წლებში ძვ. რომში 24 თებერვალი და 24 თებერვალი bis იყო. ამ 24 თებერვალ ბისს კი ასე მოიხსენიებდნენ: ante diem bis sextum Kalendas Martias (მეექვსე დღე ბის–ი პირველ მარტამდე), შემდგომში ამსიგრძე ტექსტი bissextum–მდე შემცირდა…

ასევე საინტერესოა, თუ რატომ ეწოდება ნაკიან წელიწადს “ნაკიანი”, ანუ ნაკლული ჩვენს ენაში. ამაზე პასუხს სულხან–საბას სიტყვის კონა იძლევა, სადაც წერია:

ერთსა წელიწადსა ჰქონან დღენი 365 და ჟამნი 6, ხოლო ოთხისა წლისა რა ოთხჯერ ექვსნი ჟამნი შეჰკრიბო, 24 ჟამი იქნება, რომელ არს ერთი დღე და ღამე. ამისთვის მეოთხესა წელიწადსა 366 დღე მოვალს, რომელსა ნაკად უწოდებენ. მას წელსა ფებერვალისთვე ოცდაცხრით იქნების, ხოლო ამა 6 ჟამთა მრთელსა ჟამობასა 16 წუთი აკლია, ამისთვის ნაკად უწოდებენ, რამეთუ ნაკი ნაკლებსა ჰქვიან.

სულხან–საბამ 16 წუთი საიდან გამოთვალა არ ვიცი, თუმცა ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, გასაგები ხდება თუ რატომ ჰქვია ნაკიან წელიწადს ნაკლული წელიწადი. მე კი დასასრულს ერთ რამეზე ვფიქრდები და შორს ვიხედები. არც გრიგორიანული კალენდარია სრულყოფილი და ყოველ 400 წელიწადში სამი ნაკიანი წლის არდამატება სიზუსტეს კი უმატებს კალენდარს, თუმცა ხურდები მაინც რჩება წუთების სახით და აგერ უკვე 22–ე საუკუნეში კიდევ მოგვიხდება ჩვენი კალენდრის ერთი დღით უკან დაწევა, მე–40 საუკუნეში კი წანაცვლება 28 დღეს შეადგენს, ანუ ოც საუკუნეში ჯამში 15 დღე ჩავარდება…

აქედან მებადება შეკითხვა, რას ვიზამთ 22–ე საუკუნეში, როდესაც დასავლეთ სამყარო კიდევ ერთ დღეს ჩააგდებს და შობის 8 იანვარს, ძველი ახალი წლის 15 იანვარს და ა.შ. აღნიშნვა მოგვიწევს. მგონი ახალი ახალი და ახალი ძველი სტილების შემოღება მოგვიწევს, თუმცა მანამდე კიდევ ერთი საუკუნეა და, რა თქმა უნდა, ასი წლის იქით გახედვა ქართველებს არ გვახასიათებს, ჰოდა დაასხით ძველით ახალ წელს გილოცავთ ყველას!

Advertisements

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Дорогие женщины, поздравляем вас с замечательным праздником – 23-м февраля по старому стилю!

    Goga

    January 15, 2010 at 9:12 pm

  2. ისე დაბადების დღის გარდა, მგონი ყველაფერს ორ–ორჯერ ავღნიშნავთ!! :))))

    Sopo

    January 16, 2010 at 5:22 pm

  3. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მგონია, იმ სამოთხეში ლინგვისტუსი დროის გატარებასა და სამოთხის ნეტარებასთან ერთად სულ აქეთ- იქით იყურებოდა და შეკითხვებისათვის მასალებს აგროვებდა. დააცადეთ, გონს მოვიდეს, დაალაგოს ნანახ-განცდილი და ნახავთ, რამდენ კითხვას დადებს ბლოგზე.

    joliiii

    January 16, 2010 at 8:08 pm

  4. საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში.

    ingula

    January 21, 2010 at 8:24 pm

  5. ძველი სტილით ახალ წელს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს, რომელიც თანამედროვე საერო/ევროპული, ანუ გრიგორიანული კალენდრით 14 იანვარზე მოდის. იმავე ქართული მართლმადიდებლური კალენდრით შობა უწევს გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს.ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ვიზეიმებთ თუ არა ახალ წელს 14 იანვარსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გადასაწყვეტია, როგორ აუბამენ ფეხს თანამედროვეობას ისეთი თარიღების გადაწყვეტის საკითხში, როგორიცაა შობა და ახალი წელი. თანამედროვე მსოფლიოში ეს დღესასწაულები გასცდა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულების რიგს და საერო დღესასწაულების ტოლფასი დატვირთვა შეიძინა. ასე რომ აქ ”ქართული” სმა-ღრეობის ”მოყვარეობა” ნაკლებ შუაშია.

    Romulus

    December 3, 2010 at 3:00 pm

  6. მიყვარს ეს პოსტი :) ვახო, რაღაც ნაწილს ფორუმზე წავირებ, იქნებ გაიგონ რამე :)

    psiqea

    December 25, 2010 at 3:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: