ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სად თავლა და სად ნარდი?!

with 13 comments

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, სანამ ფანჯრიდან თბილისისაკენ გასაფრენად გამზადებულ ჯორჯიან ეარვეიზის თვითმფრინავს ვუმზერდი, დროის მოკვლის მიზნით დიუთი–ფრის მივაშურე. წიგნების განყოფილებაში ჩემი ყურადღება ლიბანელი მწერლის, ამინ მაალუფის რომანებმა მიიპყრო. ამ მწერლის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რაც მანამდე ვიკიპედიაში მქონდა წაკითხული:

Amin Maalouf (Arabic: أمين معلوف‎), born 25 February 1949 in Beirut, is a Lebanese author. Although his native language is Arabic, he writes in French, and his works have been translated into many languages. He received the Prix Goncourt in 1993 for his novel The Rock of Tanios (English translation of, Le Rocher de Tanios).[1]

კარგად მახსოვს, ეს ავტორი თავის დროზე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ომარ ხაიამზე აქვს დაწერილი რომანი “სამარყანდი”, რომელსაც მაშინ ინტერნეტში ვერ მივაგენი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ამინ მაალუფის არსებობის შესახებ დავივიწყე კიდეც, თუმცა როგორც აღმოჩნდა დროებით, ვინაიდან ამ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, როგორც ჩანს ჩაწყობილი იყო, სადღაც ზევით და ჩემგან დამოუკიდებლად. დიუთი–ფრიში მისი ორი რომანი ვიყიდე – “სამარყანდი” და “ლეონ აფრიკელი“, რომელთა წაკითხვას უახლოეს მომავალში ვგეგმავ, თუმცა ეს პოსტი იმიტომ არ იწერება, რომ ჩემი პარიზული ბიბლიოფილიური შოპინგის მოკლე აღწერა შემოგთავაზოთ.

დღეს ჩემი შენაძენი გადმოვიღე და თვალიერება დავუწყე. შემდეგ კვლავ ვიკის ვესტუმრე და ამინ მაალუფზე სტატია კიდევ ერთხელ წავიკითხე და უცებ, სადღაც ბოლოში მითითებულ ბმულს მოვკარი თვალი, რომლის წყალობითაც ამინ მაალუფის პირად ბლოგზე აღმოვჩნდი. ბლოგი ორ ენაზეა და როგორც თავად ავტორი ამტკიცებს ეს ის პანდორას ყუთია, რომელსაც ერთხელ მოხადა თავსახური და მას შემდეგ თავს ვერ ანებებს. ყველაზე მეტად ბლოგზე არსებულმა სიტყვების თავგადასავლებმა მომხიბლა, რომელთაც ავტორი Les mots voyageurs, ანუ მოგზაურ სიტყვებს უწოდებს. სულ თოთხმეტი ასეთი პოსტი აქვს დაწერილი ჯერ–ჯერობით, თუმცა ჩემდა გასაკვირად ამ თოთხმეტში ერთი პოსტი გარგარს ეძღვნება და იმდენად ჰგავს ჩემს ამ ახალწლებზე დაწერილ პოსტს, რომ თავად მეც კი შემეპარა ეჭვი, ხომ არ შემომეთარგმნა მეთქი…

მეორე ამბავიც დიდი ხნის წინ შემემთხვა, როცა ინტერნეტში სრული ნიუბი (ახელბედა) ვიყავი, ათასწლეულების მიჯნაზე. ერთ თურქს იაჰუში ნარდს ვეთამაშებოდი და, კარგად მახსოვს თუ როგორი სიამაყით განმიცხადა, ჩვენ ამ თამაშს თავლას ვეძახითო. სად თავლა და სად ნარდი და ცხენები მეთქი, მხრები ავიჩეჩე მაშინ და ეს ამბავი მიმავიწყდა, თუმცა ამჯერადაც დროებით, ვინაიდან ამინ მაალუფის წყალობით ეს თითქოს უმნიშვნელო ისტორია წამომიტივტივდა გონებაში, მოდით თავას მას მოვუსმინოთ:

ლიბანში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაში “თავლეჰ”–ია, რომელსაც ფრანგები trictrac–ს, ხან კი jacquet–ს უწოდებენ და რომელიც მთელს მსოფლიოში backgammon–ის, ანუ ნარდის სახელწოდებითაა ცნობილი. თავლეჰი ლიბანში ადგილობრივი ყოფითი სიტყვაა და მაგიდას აღნიშნავს, არაბულ სალიტერატურო ენაში კი მას tâwilah (طاولة) ჰქვია, რომლის წარმომავლობაც სავარაუდოდ ლათინურში უნდა ვეძიოთ, იმდენად ჰგავს ლათინურ სიტყვას tabula.

ეს უკანასკნელი სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში table–ის სხვადასხვა ნაირსახეობით დამკვიდრდა, არასოდეს აღნიშნავდა ოთხფეხა ავეჯის ტიპს, რომელსაც ჩვენ დღესდღეისობით ვიცნობთ. ამ მნიშვნელობით ძვ. რომაელები mensa–ს იყენებდნენ, რომელიც თანამედროვე ესპანურში mesa–ს ფორმითაა დალექილი. ასევე მის გადმონაშთს ფრანგულშიც შეიძლება შევხვდეთ commensal–ის, ანუ თანამეინახის სახით. საინტერესოა ისიც, რომ არაბულში იმავე მნიშვნელობის სიტყვა, “ნადიმ”–ი (نديم) თანამეინახის მნიშვნელობით ძალიან იშვიათად იხმარება და თანამედროვე არაბულ სამყაროში მამაკაცის საკუთარ სახელს წარმოადგენს.

ტაბულა, კლასიკურ ლათინურში ხის ფიცარი იყო, რომელიც სახატავი, საწერი თუ სათამაშო დანიშნულებით გამოიყენებოდა. სწორად ამიტომაც ფრანგულში, სინას მთიდან ჩამოტანილ სჯულის ფიცრებს, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოკვეთილი, “les Tables de la loi” ჰქვია. აქედანაა წარმომდგარი სიტყვა tablier, რომელიც დაფას აღნიშნავს, რაზედაც შაშს, ჭადრაკს, ნარდს თამაშობენ, ამიტომაც ძვ. რომის იმპერიაში ყველაზე პოპულარულ თამაშს ტაბულას უწოდებდნენ, რომელსაც იმპერატორმა კლავდიუსმა აწ უკვე დაკარგული ტრაქტატი მიუძღვნა. ამგვარად ძველ რომში სიტყვა “ტაბულა” ავეჯის არანაირ ტიპს არ მიეკუთვნებოდა და უპირატესად ზემოხსენებულ თამაშს აღნიშნავდა.

ყველას სჯერა, რომ ანტიკურობიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით ამ თამაშს ზუსტად იმავენაირად თამაშობდნენ, როგორც ჩვენს დროში. მეცამეტე საუკუნეში დაწერილ ტრაქტატში le Libro de los juegos ილუსტრაციასაც კი ვხვდებით თამაშისა, რომელსაც წიგნში todas tablas ჰქვია და თუ სურათზე ქვების განლაგებით ვიმსჯელებთ, წესები მეცამეტე საუკუნეში იგივე უნდა ყოფილიყო (ილუსტრაცია იხილეთ პოსტის თავში)… [დანარჩენი შეგიძლიათ მის ბლოგზე წაიკითხოთ ინგლისურად, ან ფრანგულად]

ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ერთი იდეა მომივიდა, რომელსაც ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა მაინც დავწერ, ბლოგი ჩემია და, როგორც მოგეხსენებათ, როიალს სადაც მინდა იქ დავდგამ… იდეა ნარდის ორ სახეობას გრძელ და მოკლე ნარდებს ეხება. პრინციპში რომ ითქვას “მოკლე ნარდი” ასეთი სიტყვათშეთანხმება ძალიან იშვიათად მომისმენია, ვინაიდან მას შემოკლებით ნარდს, ტრიქტრაკს ან ბექგემონს უწოდებენ. აი, გრძელი ნარდი რომ სულ სხვა სპორტია კი, ამაში ყველანი დამეთანხმებით. ჰოდა ასეთი აზრი მომივიდა: არაბულში რაკიღა ნარდი და მაგიდა ორივე “ტააუილა” ყოფილა, არ არის გამორიცხული, რათა არაბული ნარდი ევროპული ტრიქტრაკისგან განესხვავებინათ, მისთვის ტრიქტრაკ ტაუილა, ან რამე მსგავსი ეწოდებინათ, რაც შემდგომში “გრძელი ნარდის” სახელწოდებით დამკვიდრდა. ამ აზრის გამოთქმის საფუძველს კი ის ფაქტი მაძლევს, რომ არაბულად გრძელი “ტაუილ” არის, მდედრობითი სქესის ვარიანტში (ვინაიდან მაგიდა, “ტააუილა” მდედრობითია) კი – ტაუილა იქნება…

პ. ს. პოსტი ჩანაფიქრით ფანჯარას უნდა შეხებოდა, თუმცა ამინ მაალუფმა და მისმა ბლოგმა სულ სხვა მხარეს წამიყვანა. არა უშავს, ფანჯრის შესახებ შემდეგ ჯერზე ვისაუბროთ.

Advertisements

Written by linguistuss

January 17, 2010 at 2:42 am

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახო, გიპოვნია შენი ახლოაღმოსავლური იპოსტასი :)

    nika

    January 17, 2010 at 12:11 pm

  2. ვერ ვიტან ამ გაუთავებელ ეტიმოლოგიურ კვლევა-ძიებებს. ნებისმიერი ენა შეიძლება ბოლომდე გავფრცქვნათ და კურკამდე გავხლიჩოთ, მათ შორის არაბულიც და სანსკრიტიც. მე, მაგალითად არ ვაღიარებ არანაირ პროტო ენას. ყველა ენა ერთმანეთში შემავალი და ერთმანეთიდან გამომავალია. ეტიმოლოგია კი წრეზე სიარულს ჰგავს, რომელიც საწყისს ვერასოდეს გაპოვნინებს. თავად Ferdinand de Saussure და Gaston Paris-იც უარყოფდა “დედა-ენებისა” და “შვილი-ენების” კონცეფციას. შენ რომ გკითხოს კაცმა, ყველაფერი არაბულიდან იწყება.

    Pegi

    January 17, 2010 at 3:06 pm

    • ვერ იტან და ნუ კითხულობ, არც თუ ისე ძნელია. ვინც ვიტანთ და ვისაც მოგვწონს, გაგვატარე :)

      linguistuss

      January 17, 2010 at 4:19 pm

  3. გმადლობ, ლინგვისტუს საინტერესო პოსტისათვის, ნარდი, მართალია, აზარტულ თამაშად მიიჩნევა, მაგრამ მისი თამაშის დროს ძალიან კარგად ვლინდება ადამიანის ხასისთი.

    joliiii

    January 17, 2010 at 3:26 pm

  4. pegis ვერ დავეთანხმები, არაბული ენა საინტერესოა, რომ გაეცნოს, მიხვდებოდა, რა ალაპრაკებს ლინგვისტუსს. ძიების პროცესი სიამოვნებაა.

    joliiii

    January 17, 2010 at 3:29 pm

  5. როგორ, ნუთუ არსებობს მწერალი, რომელსაც მე ლინგვისტუსზე ადრე ვიცნობდი? სხვათა შორის მისი ერთი ნაწარმოები ქართულადაც არის ნათარგმნი და ვისაც დაგაინტერესებთ დიუმას ბიბლიოთეკაში მოიკითხეთ. პოსტს რაც შეეხება, პირადად ზუსტად ასეთი პოსტების გამო შემოვდივარ ამ ბლოგზე. როგორც იტყვიან, ყველა ვარდისფერი და ფუმფულა ვერ იქნება (თუმცა არც მათი საწინააღმდეგო მაქვს რამე)

    sandro

    January 17, 2010 at 5:20 pm

  6. საინტერესო იყო კი არა და უსაინტერესოვესი! რას არ გაიგებს ადამიანი. ეს მწერალი არ გამიგია. მოსაძიებელია ეგეც :D

    ჰიუსტონ

    January 17, 2010 at 6:44 pm

  7. საინტერესო თემაა
    ეგ ავტორი წერს კამათლებს – ‘hazard’ ქვიაო, იქნება “აზარტიც” მაგას უკავშირდება? მითუმეტეს ეს სიტყვაც თამაშთან მიმართებაში იხმარება

    nik

    January 17, 2010 at 7:19 pm

    • იქნება არ უნდა მაგას, უკავშირდება და თან პირდაპირ :)
      ოღონდ ჰაზარდ ჰქვიაო კამათლებს ასე არ წერს. არაბულ აზ–ზაჰრ –იდან მოდისო ინგლისური და ფრანგული ჰაზარდ–იო, ასე წერს :)

      linguistuss

      January 17, 2010 at 7:21 pm

  8. ქარტლში არის ნაპოვნი პატარა ფირფიტები (ბანქოს ტიპის) ცხენოსნების გამოსახულებით კოჭებთან ერთდ (დაახლ ძვ,წ,1 საუკუნე),დაბეჭდილ ყუთში იდო 22 ცალი, შეიძლება იდეაში “თავლას” – ცხენების ადგილს დავუკავშიროთ.

    nik

    January 17, 2010 at 7:32 pm

  9. “Ce qui est fascinant dans l’aventure des mots, c’est qu’il n’y a jamais de véritable commencement. On a beau remonter le fil, suivre les modifications successives, deviner les emprunts, les glissements de sens, les déformations, il y aura toujours un “avant” — nébuleux, obscur, insaisissable.” კიდევ კარგი ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, თორემ გილიოტინა არ ამცდებოდა. მე არაბულის არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მე არ მითქვამს, რომ არაბული საინტერესო არ არის მეთქი. გავეცნობი სიამოვნებით, ამჟამად ივრითის შესწავლით ვარ დაკავებული.

    Pegi

    January 17, 2010 at 9:26 pm

    • ე.ი. მოგეწონა ამინ მაალუფის ბლოგი, მშვენიერია… არაბულის მერე ივრითი, ან ივრითის მერე არაბული უფრო ადვილიაო, ასე ამბობენ, ჰოდა bonne chance!
      სწორედ ეს ბუნდოვანი, ნისლოვანი და მოუხელთებელი “avant”–ია, რომელიც მაინტერესებს მე პირადად უცხო ენებთან და უფრო მეტად სიტყვებთან მიმართებაში…

      linguistuss

      January 17, 2010 at 9:34 pm

  10. ინგლისურში მაგიდა და თავლა არც ისე შორს ყოფილა ერთმანეთისგან

    stable – თავლა
    table – მაგიდა (სათამაშო დაფა)

    nik

    January 19, 2010 at 5:22 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: