ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ენთუზიასტების მარათონი

with 8 comments

დღეს როგორც იქნა ჩატარდა ის, რასაც ორი თვეა ვამზადებდით და რისთვისაც მრავალი საღამო გავატარეთ ჩვენ, ენთუზიასტებმა სკაიპში, ვარედაქტირებდით რა შეკითხვებს. ტურნირი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა, ერთადერთი მინუსი ამ უნივერსიტეტს ის აქვს, რომ შორია, თუმცა იმდენად კარგი სათამაშო ატმოსფერო იყო, რომ ეს შეიძლება არც გაგახსენდეს ადამიანს. ტურნირი მგონი შედგა და ის, რისი გულისთვისაც ჩატარდა ეს ტურნირი განხორციელდა. ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩაგვეტარებინა ისეთი შეჯიბრი სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში, რომლის მსგავსიც აქამდე არ ჩატარებულა. თუნდაც კითხვების რაოდენობის მხრივ ამას მივაღწიეთ. ვულოცავ “გალაჰადს” ძალიან კარგ თამაშს და დამსახურებულ გამარჯვებას!

ენთუზიასტები ვიყავით ოთხნი: ლევან ცაგარელი (9), ლევან ჩხეიძე (18), ირაკლი ნაზღაიძე (18) და მე (27). ფრჩხილებში მითითებულია შეკითხვების რაოდენობა, რომლითაც თითოეული ავტორი ამ მარათონზე წარდგა მოთამაშეთა წინაშე…

ტური 1

1. მარკეტოლოგ სეთ გოდინის წიგნის, “ყველა მარკეტოლოგი მატყუარაა” ყდაზე გამოსახულია თავად ავტორი ერთ გრძელ დეტალთან ერთად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გრძელი დეტალი.

პასუხი: ცხვირი
კომენტარი: ყდაზე სეთ გოდინი გამოსახულია გრძელი ცხვირით. ალუზიაა პინოკიოზე, რომელსაც ტყუილის თქმის დროს ცხვირი ეზრდებოდა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. [დასარიგებელი მასალა: 0 0 7 40 ] თქვენს წინაშეა პიტერ მალკინის სახუმარო მეტსახელი, რომელიც მას კოლეგებმა შეარქვეს. დაასახელეთ 1951 წელს შექმნილი ორგანიზაცია, რომელშიც პიტერ მალკინი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

პასუხი: მოსადი
კომენტარი: პიტერ მალკინი იყო მოსადის აგენტი. მისი მეტსახელი მიგვანიშნებს მის პროფესიაზე და აგრეთვე მის ნაციონალობაზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

3. 1974 წელს ფრანსუა ტრიუფომ უარი განაცხადა გადაეღო სიქველი სახელწოდებით „ბრაზავილი“, რაც ამ ფილმის საკულტო სტატუსით ახსნა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელწოდება ფილმისა, რომლის სიქველის გადაღებაზეც განაცხადა უარი ფრანსუა ტრიუფომ.

პასუხი: კასაბლანკა
კომენტარი: 1942 წელს გადაღებულ ფილმში „კასაბლანკა“ ფინალურ სცენაში მთავარი პერსონაჟები მიემგზავრებიან მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგების მიერ კონტროლირებად ბრაზავილში.
წყარო:  ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. საბჭოთა მეცნიერებაზე საუბრისას, სერგეი კაპიცამ განაცხადა, რომ თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორად ამ მეცნიერს მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ბატონმა სერგეიმ ხუმრობით ბოდიშიც კი მოიხადა კალამბურის გამო. არ გეკითხებით რომელ მეცნიერზე საუბრობდა კაპიცა, დაასახელეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომელიც კაპიცამ საუბრისას გამოიყენა.

პასუხი: ლომის წილი
კომენტარი: საუბარი იყო გამოჩენილ რუს მეცნიერ ლევ ლანდაუზე. კაპიცამ განაცხადა: « Львиная доля в развитии современной физики принадлежит Льву Давидовичу. Извините за каламбур».
წყარო: 1. Диалоги с Александром Гордоном «Жизнь вне Земли» 26 августа 2002г.
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

5. იტალიური რადიოს “რაი ტრეს” ეთერში ჟურნალისტმა მარიო კორტემ თავის საყვარელი თამაში, ფეხბურთი შეადარა ამ მწვავე ინფექციურ დაავადებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დაავადება.

პასუხი: ტიფი
კომენტარი: ფეხბურთის იტალიელ ქომაგებს ტიფოზები ჰქვიათ, რაც “ტიფით ავადმყოფებს” ნიშნავს, ამიტომ გასაგები ხდება, ჭეშმარიტი ტიფოზის, მარიო კორტეს მეტაფორა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. ამ ადამიანს ჰასანი ჰქვია და მისი გვარი არაბულად სიტყვასიტყვით “ალაჰის გამარჯვებას” ნიშნავს, თუმცა რუსულ პრესაში აკუსტიკური ჟღერადობის გამო, მის გვარს ირონიულ კონტექტში მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორგანიზაცია, სადაც ის დღემდე მუშაობს.

პასუხი: ჰეზბოლა
კომენტარი: ჰეზბოლას გენერალური მდივანი არის ჰასან ნასრალა, რაც აკუსტიკურად რუსულ насрала-ს შეესიტყვება, ამიტომაც მის გვარს რუსულ პრესაში ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებენ.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. რომანში ”ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის წვეულებაზე, როდესაც მარგარიტას წარუდგენენ მოწვეულ სტუმრებს: ჯადოქრებს, თაღლითებს, ერეტიკოსებს და ა.შ. ერთ–ერთ სტუმარს რევერანსის გაკეთებაში ხელს უშლის “ეს”. დაასახელეთ “ეს”, ორი სიტყვით.

პასუხი: ესპანური ჩექმა
კომენტარი: აკი, შეკითხვის ტექსტში ითქვა, რომ საქმე ჯადოქრებთან, თაღლითებთან და ერეტიკოსებთან გვაქვს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

8. მე–11 საუკუნის იტალიაში სამღვდელოებას აღზევების ხანა ედგა. მღვდელმსახურები მიწიერი ცხოვრების იდეალს განდეგილობაში ხედავდნენ. სწორად ამიტომ მათ საყრდენად იქცა ის, რასაც სახელი ფრანგმა ოფიცერმა გაუთქვა. დაასახელეთ ეს ფრანგი ოფიცერი.

პასუხი: სტენდალი
კომენტარი: ნაპოლეონის არმიის ფრანგმა ოფიცერმა, ანრი მარია ბეილიმ, იმავე სტენდალმა დაწერა რომანი “პარმის სავანე”, რითაც სახელი გაუთქვა მას.
წყარო: 1. А. А. Дельнов, “Франция. Большой исторический путеводитель” 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

9. რუსულ ენაზე ამ წიგნის მთარგმნელი, ანა ნენსი ოუენი წიგნის შესავალში წერს, რომ თავდაპირველად იგი ემზადებოდა ლექსების სათარგმნელად, თუმცა როდესაც წიგნის ინგლისური ორიგინალი ჩაუვარდა ხელთ გაოცდა, ვინაიდან მისდა გასაკვირად წიგნი რომანი აღმოჩნდა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება წიგნს, რომლის თარგმნასაც არ შეუშინდა ანა ნენსი ოუენი?

პასუხი: სატანური ლექსები
კომენტარი: სალმან რუშდის რომანი “სატანური ლექსები” აკრძალულია მთელს მუსლიმანურ სამყაროში. წიგნის ავტორს და მის სხვადასხვა ენებზე მთარგმნელებს ფუნდამენტალისტი ისლამისტები სიკვდილით ემუქრებიან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. NASA-ს ცნობით, ყველაზე მაღალი (გამოტოვებულია ორი სიტყვა) არის მაატის მთა და მისი სიმაღლეა 8 კილომეტრი. ტინტორეტოს ტილოზე (გამოტოვებულია ორი სიტყვა) ეჭვიანობს და სავსებით სამართლიანად. ორივე ადგილას ჩვენ გამოვტოვეთ ერთი და იგივე ორი სიტყვა. აღადგინეთ ეს ორი სიტყვა.

პასუხი: ვულკანი ვენერაზე
კომენტარი: ყველაზე მაღალი ვულკანი ვენერაზე არის მაატის მთა. ტინტორენტოს ტილოზე ”ვულკანი, ვენერა და მარსი” ვულკანი ვენერაზე ეჭვიანობს და სავსებით სამართლიანად. მარსი იქვე იმალება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

11. ერთი ინტერნეტ–ჟურნალის სტატიაში სახელწოდებით „სასიკვდილო ვიქტორინა“ მას ასე ახასიათებენ: „ეს არის ჩეკ–პოინტი IQ–ს ჩაშენებული შემოწმებით“. დაასახელეთ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს ჩეკ–პოინტი უვნებელმა გაიარა.

პასუხი: ოიდიპოსი
კომენტარი: საუბარია სფინქსზე, რომელიც შეკითხვებს უსვამდა გამვლელებს, რომელზე არასწორი პასუხის შემთხვევაში სფინქსი მათ ჭამდა. მხოლოდ ოიდიპოსმა გამოიცნო სფინქსის გამოცანა
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

12. [დასარიგებელი მასალა: La Madone des sleepings] თქვენ დაგირიგდათ 1920–იან წლებში დაწერილი ფრანგული რომანის სახელწოდება, რომლის ავტორიც მორის დეკობრაა. რომანის სიუჟეტი “ნოეს კიდობანში” ვითარდება. თავად “ნოეს კიდობანი” კი ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პირველად 1883 წელს იხილეს. დაასახელეთ ორი სიტყვით რა მოვიხსენიე მე შეკითხვაში როგორც „ნოეს კიდობანი“?

პასუხი: აღმოსავლეთის ექსპრესი
კომენტარი: sleeping საძილე ვაგონია. პირველად აღმოსავლეთის ექსპრესი 1883 წლის 5 ივნისს გაემგზავრა პარიზიდან ვენაში. შეკითხვაში ფარული მინიშნებაა. Österreich აღმოსავლეთის ქვეყანას ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

ტური 2

13. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშეა თანამედროვე ხელოვანის, რიჩარდ ლონგის ნაწარმოები, რომლის სახელწოდება მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება 1944 წელს შექმნილი ნაწარმოებისგან. დაწერეთ ეს ზედსართავი სახელი.

პასუხი: კავკასიური
კომენტარი: სურათზე წარმოდგენილია “ცარცის წრე”, რომელიც ბერტოლტ ბრეჰტის პიესის სათურისგან ზედსართავით განსხვავდება.
წყარო: 1. Мировое искусство, направления и течения от импрессионизма до наших дней. Сфнкт-Петербург, СЗКЭО “Кристалл” Москва, “Оникс”, 2006, С. 91
ავტორი: ლევან ჩხეიძე

14. პარიზის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, მან სიყვარულისგან თავი დაკარგა, როდესაც სცენაზე იხილა ჰარიეტ სმიტსონი. მუსიკოსის გატაცება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიუხედავად უპასუხო სიყვარულისა, მან ეს გრძნობა თავის სიმფონიაში უკვდავჰყო. დაასახელეთ ამ კომპოზიტორის სახელი და გვარი.

პასუხი: ჰექტორ ბერლიოზი
კომენტარი: კითხვაში ნათქვამია, რომ კომპოზიტორმა თავი დაკარგა. რაც წარმოადგენს ალუზიას ბულგაკოვისეულ პერსონაჟ მიხაილ ბერლიოზზე, რომელსაც თავი ტრამვაიმ მოაჭრა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

15. პარიზის მეტროპოლიტენი ყოველ ღამით პირველ საათზე იკეტება. უკანასკნელ მატარებელს კი, რომელიც ხვეტს მეტროს სადგურებში დარჩენილ შემოღამებულ მგზავრებს, პარიზელები უწოდებენ იმას, რაც ასევე “სატრანსპორტო საშუალებას” წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: რას უწოდებენ პარიზელები უკანასკნელ მატარებელს?

პასუხი: ცოცხს
კომენტარი: ეს არის ცოცხი. მაგალითად ჰარი პოტერის რომანების სერიაში ცოცხი სატრანსპორტო საშუალებაა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

16. 1901 წელს დაბადებულ ამ მულტიმილიონერს ჟურნალმა „კომერსანტმა“ მიუძღვნა სტატია, რომელშიც იგი ამადეუს ჰოფმანის ერთ პერსონაჟს შეადარა. დაასახელეთ ეს  ადამიანი.

პასუხი: უოლტ დისნეი
კომენტარი: ჰოფმანის ზღაპრის პერსონაჟი, რომელიც ნაწარმოების სახელწოდებაში ფიგურირებს – თაგვების მეფე. მიკი მაუსი თაგვია. დისნეის უწოდეს „თაგვების მეფე“. კითხვის ტექსტში ნახსენებია სიტყვა „მულტიმილიონერი“ – გათამაშებულია წინსართ „მულტი“ – ს მნიშვნელობა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

17. [დასარიგებელი მასალა: სურათი] საიტზე, რომლის მისამართი ნაწილობრივ მითითებულია დარიგებულ ფურცლებზე, განთავსებულია ეს სიმბოლო. დაასახელეთ პიროვნება, რომლის მუზეუმის საიტსაც ამშვენებს ის.

პასუხი: ზიგმუნდ ფროიდი
კომენტარი: ფურცელზე გამოსახული სიმბოლო შედგება 2 ნიშნისაგან: S და F. დომენი .at ეკუთვნის ავსტრიას. გერმანულად S იკითება როგორც “ზ”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

18. საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაახლ. 100 ათასი კაცი დაკარგა, ამის გამო საფრანგეთის მთავრობამ 1920 წელს “ანგელოზთა შემქმნელების” საქმიანობა კანონგარეშედ სცნო. დაასახელეთ რა პროფესიის წარმომადგენლებს უწოდებდნენ იმ დროის საფრანგეთში “ანგელოზთა შემქნელებს”.

პასუხი: აბორტმახერებს
კომენტარი: პირველ მსოფლიო ომში მიყენებული დემოგრაფიული ზიანის ასანაზღაურებლად აბორტის გაკეთება კრიმინალად გამოცხადდა. აბორტმახერებს „faiseuse d’anges”, ანუ ანგელოზთა შემქმნელები ჰქვიათ ფრანგულ ენაში. ფრანგები თვლიან, რომ მათ მიერ “მოკლული” ახალშობილები ანგელოზებად იქცევიან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. მუსიკოს ანატოლი კრუპნოვს სურდა საკუთარი როკ–ჯგუფისათვის დაერქმია რაიმე მონუმენტური და დიადი სახელი. მან გაიხსენა თავისი საყვარელი მწერლის 1957 წელს დაწერილი რომანი და მისი სახელი უწოდა ახლადდაარსებულ როკ–ჯგუფს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ანატოლი კრუპნოვის საყვარელი მწერალი.

პასუხი: ერიხ მარია რემარკი
კომენტარი: ჯგუფი ცნობილი გახდა სახელწოდებით  „შავი ობელისკი“. ობელისკი  მონუმენტია. რემარკის რომანს ეწოდება „შავი ობელისკი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

20. XX საუკუნის 30–იანი წლების სარეკლამო პლაკატზე გამოსახულია გლობუსი, რომლის ზედაპირზე შავი ხაზი ბატავიას ანუ დღევანდელ ჯაკარტას, ამსტერდამთან აკავშირებს. დაწერეთ სამასოიანი აბრევიატურა, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ ამ პლაკატზე.

პასუხი: KLM
კომენტარი: ბატავია (იგივე ჯაკარტა) – ამსტერდამის რეისს ახორციელებდა მსოფლიოში უძველესი ავიაკომპანია KLM (ჰოლანდის სამეფო ავიახაზები).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

21. 2005 წლის მაისში, ინდოეთში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელდა ტერაქტების სერია. ალბათ, ბედის ირონიაა, მაგრამ ამ საზარელ ფაქტს ერთი გახმაურებული ფილმის მსოფლიო პრემიერა დაემთხვა. დაასახელეთ ამ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: სითჰების შურისძიება (ვარსკვლავური ომები III)
კომენტარი: რელიგიურ ნიადაგზე, ინდოეთში სიქჰებმა რამოდენიმე ტერაქტი განახორციელეს. ამის პარალელურად მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა “ვარსკვლავური ომების” მესამე ეპიზოდი სახელწოდებით “სითჰების შურისძიება”. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთ გაზეთში ტერაქტებისადმი მიძღვნილი სტატიას “სიქჰების შურისძიება” უწოდეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

22. ტექსტურ რედაქტორს, რომელიც ბატლერ ლაპსონმა და პეტერ დოიჩმა შექმნეს, ავტორებმა უწოდეს “სწრაფი რედაქტორი”. ვერ გეტყვით ამ პროგრამის შემქმნელებს ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება სურდათ, თუ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ პროგრამის სახელწოდება სამასოიანი აბრევიატურაა, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ.

პასუხი: QED
კომენტარი: პროგრამას უწოდეს სწრაფი რედაქტორი, ანუ “Quick Editor”. QED არის ამ ორი სიტყვისგან შექმნილი აბრევიატურა. QED აგრეთვე არის აბრევიატურა ლათინური ფრაზისა Quod Erat Demonstrandum, რითაც მრავალი მათემატიკოსი ასრულებდა თავისი თეორიის დამტკიცებას.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

23. [შეკითხვაში ცვლილებაა]1827 წელს გერმანიაში გამოიცა წიგნი, რომლის თანახმად, ფიზიკურად შეუძლებელია შარიათის დარღვევა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემგდომ პერიოდში, კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს ე.წ. კასეტური იარაღის გამოყენებას და შესაბამისად შარიათის დარღვევას აბრალებდნენ. არ გეკითხებით, რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით “შარიათი”. დაასახელეთ ზემოთხსენებული წიგნის ავტორი.

პასუხი: გეორგ ომი
კომენტარი: კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ერთმანეთს ომის კანონის დარღვევას აბრალებენ. ფიზიკაში არსებული ომის კანონის დარღვევა კი შეუძებელია, ვინაიდან ეს ბუნების კანონია. ომის კანონი, რომელიც გეორგ ომმა აღმოაჩინა, წიგნის სახით 1827 წელს დაიბეჭდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

24. [დასარიგებელი მასალა: ოდილონ რედონი განიხილავს რა ერთ ნახატს, რომელზეც გამოსახულია ღია ფანჯარაზე შემომჯდარი ფრინველი, ვარაუდობს რომ ეს შეიძლება იყოს პოსტმოდერნისტული ილუსტრაცია და ამის საბუთად მოჰყავს რამდენიმე პოეტური პწკარედი] დარიგებულ ტექსტში ერთი სიმბოლოა ზედმეტი. დაწერეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი:
კომენტარი: საუბარია არა პოსტმოდერნისტულ ილუსტრაციაზე, არამედ [ედგარ ალან] პოს მოდერნისტულ ილუსტრაციაზე. ნახატზე ყორანია აღბეჭდილი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

ტური 3

25. ერთ ფილმში არის ასეთი სცენა: ნახევრად შიშველი ახალგაზრდა ქალბატონი იცვამს გრძელყელიან შავ ხელთათმანებს და ემსგავსება კიდეც მას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის ორი სიტყვით.

პასუხი: ვენერა მილოსელი
კომენტარი: ამ გზით ევა გრინის პერსონაჟი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში “მეოცნებენი” ემსგავსება ვენერა მილოსელს, შავ ფონზე მისი ხელები არ ჩანს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

26. ერთ–ერთი ენციკლოპედიის თანახმად, დოსტოევსკის მიერ აღწერილმა რასკოლნიკოვის შინაგანმა დუალიზმმა დიდი გავლენა მოახდინა მის თანამედროვე მწერალზე. დაასახელეთ ამ მწერლის სახელი და გვარი.

პასუხი: რობერტ ლუის სტივენსონი.
კომენტარი: ინგლისური ლიტერატურის ენციკლოპედიის თანახმად „დანაშაულის და სასჯელის“ წაკითხვის შემდეგ დაიწერა ჯეკილის და ჰაიდის ისტორია.
წყარო: 1. Дрэббл, Стингер «Путеводитель по английской литературе» Москва, ОАО Издательство «Радуга», 2003
ავტორი: ლევან ჩხეიძე

27. ვიქტორიანულ ლონდონში სმოგის გამო გამვლელები დღისით, როგორც წესი, აკეთებდნენ ამას. საინტერესოა ისიც, რომ როცა ამას აკეთებდა  ანტიკურ ხანაში მცხოვრები ერთი პიროვნება, ეს ქმედება მისი თანაქალაქელების გაოგნებას იწვევდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება.

პასუხი: დიოგენე
კომენტარი: ამის კეთება = ლამპის ტარება. დიოგენე ლამპრით ეძებდა ადამიანს.
წყარო: 1. Таня Диттрич, «Повседневная жизнь викторианской Англии», Молодая гвардия, 2007
ავტორი: ლევან ჩხეიძე

28. ერთ–ერთ საიტი მომხმარებლებს სთავაზობს რადიოლოკაციურ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მწარმოებელთა განცხადებით, შესაძლებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის დადგენა. შეკითხვის ავტორის აზერბაიჯანელი მეგობარი თვლის, რომ ამ მოწყობილობის სახელი შეურაცხმყოფელია აზერბაიჯანელთათვის. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ რადიოლოკაციურ მოწყობილობას?

პასუხი: გეიდარი
კომენტარი: გეიდარი მიღებულია ორი სიტყვის “გეის” და “რადარის” შეერთებით. მოწყობილობის სახელი ემთხვევა ჰეიდარ ალიევის სახელს.
წყარო: ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

29. [დასარიგებელი მასალა: ჰერმესი, აფროდიტე, გეა, არესი, ზევსი, კრონოსი, ურანოსი, პოსეიდონი] კითხვის ავტორი ვიკიპედიის ერთ–ერთ სტატიაში წააწყდა სიას, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. არ გეკითხებით რომელ ენაზეა დაწერილი ეს სტატია, დაასახელეთ როგორ ჟღერს სტატიის სათაური ამავე ენაზე ერთი სიტყვით.

პასუხი: პლანეტა (პლანეტები)
კომენტარი: სტატია აღებულია ბერძნული ვიკიპედიიდან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბერძნები პლანეტებს დღემდე ბერძული პანთეონის ღმერთების სახელებით მოიხსენიებენ. სიტყვა პლანეტაც ბერძნული წარმოშობისაა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

30. 2008 წელს ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაშლე აშშ–ს ერთ შტატს ეწვია, სადაც იგი მოხსენებითი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა მან ცნობილი ფრაზით დაასრულა. ყურადღება შეკითხვა: რომელ შტატში ჰქონდა გამოსვლა მიშელ ბაშლეს?

პასუხი: კალიფორნიაში
კომენტარი: კალიფორნიაში მან არნოლდ შვარცენეგერის საპატივსაცემოდ გამოსვლა დაასრულა სიტყვებით, hasta la vista, რომლითაც შვარცენეგერის კინოპერსონაჟია ცნობილი ფილმში “ტერმინატორი–2”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

31. ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია ავიაკატასტროფათა გამომწვევი მიზეზების შესახებ. სტატია დასათაურებულია სამ სიტყვიანი გაფრთხილებით, რომელიც ბევრ თქვენგანს სმენია. დარბაზში კი არის ადამიანი, რომელსაც ეს სამი სიტყვა მრავალჯერ წარმოუთქვამს. დაწერეთ ეს სამსიტყვიანი გაფრთხილება თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ყურადღება, შავი ყუთი
კომენტარი: შეკითხვის ავტორებს არაერთხელ სმენიათ “რა? სად? როდის?”–ის ტელეჩაწერის დროს ეს გაფრთხილება, რომელსაც ჩვენთან გიორგი მოსიძე აჟღერებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

32. მწერალი პიოტრ ვაილი აღწერს რა ინდივიდის ცხოვრებას თანამედროვე მეგაპოლისში, წერს: „როცა ხვდები ქალაქში, ხდები მოძრაობის ნაწილი და ექვემდებარები ჰიდროდინამიკის კანონებს“. მის ციტატაში ჩვენ გამოვტოვეთ ერთი ბრიტანელის გვარი. დაწერეთ ეს გვარი თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ბროუნი
კომენტარი: საუბარია ბროუნის უწესრიგო მოძრაობაზე, რომელსაც მეგაპოლისის ცხოვრებას ადარებს პეტრე ვაილი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

33. როდესაც უილიამ ფოლკნერს დაუსვეს ეს შეკითხვა, მან უპასუხა: რომანს, რომელსაც ახლა ვწერ. მსგავს შეკითხვაზე ერთმა კეთილშობილმა პიროვნებამ სამი სიტყვით უპასუხა. დაწერეთ ეს სამი სიტყვა.

პასუხი: სიტყვები, სიტყვები, სიტყვები
კომენტარი: როცა ფოლკნერს ერთერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა ტუ რა წიგნს კითხულობდა იმჟამად, მან უპასუხა: რომანს რომელსაც ახლა ვწერ. ხოლო დანიის პრინცმა ჰამლეტმა, პოლონიუსის ასეთივე კითხვაზე უპასუხა სამი სიტყვით: ეს სამი სიტყვაა: სიტყვები, სიტყვები, სიტყვები.
წყარო: 1. Уильям Фолкнер, “Притча”, Издательство: Азбука-классика, 2002 г., с. 15
ავტორი: ლევან ცაგარელი

34. როგორც მოგეხსენებათ, ტევტობურგის ტყეში, გერმანულმა ტომებმა ხერუსკების ბელადის არმინიუსის მეთაურობით რომაელთა ლეგიონებს დიდი დარტყმა მიაყენეს. ჟურნალმა “შპიგელმა” ამ მოვლენის 2000 წლის იუბილეს მიუძღვნა სტატია, რომლის ერთ–ერთი ქვესათაური ჟღერდა ასე: გერმანიის იქსი. ყურადღება შეკითხვა: მითხარით იქსი ორი თანაჟღერადი ინგლისური სიტყვით.

პასუხი: ბიგ ბენგი
კომენტარი: გაზეთი “შპიგელის” აზრით სწორად ამ ბრძოლიდან დაიწყო გერმანელთა როგორც ერთი ერის ისტორია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

35. კაიზერ ვილჰელმმა ქალაქ კენიგსბერგში მერვე ხიდის აშენების ბრძანება გასცა. კითხვის ავტორის აზრით მან ამ ბრძანებით გააკეთა იგივე, რაც ერთმა დიდმა მონარქმა მრავალი საუკუნის წინ. დაასახელეთ მონარქი, რომლის მსგავსადაც მოიქცა კაიზერ ვილჰელმი.

პასუხი: ალექსანდრე მაკედონელი
კომენტარი: მაკედონელმა გადაჭრა გორდიას კვანძი. მარტივად გადაჭრა რთული ამოცანა. კაიზერ ვილჰელმმაც მერვე ხიდის აშენებით მარტივად გადაჭრა ეილერის რთული ამოცანა. რვა ხიდის შემთხვევაში ამოცანა ძალიან მარტივდება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

36. [დასარიგებელი მასალა: სურათი] ფოტოზე რომელიც თქვენ დაგირიდათ, გამოსახულია თანავარსკვლავედი, რომლის ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც კი არის შესაძლებელი. თვითონ სურათს შეგვიძლია ვუწოდოთ იქსი იქსში. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი ერთი ძველ ბერძნული წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: ტელესკოპი
კომენტარი: სურათზე აღბეჭდილია ტელესკოპში დანახული თანავარსკვლავედი “ტელესკოპი”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

ტური 4

37. საიტზე, რომელიც ეძღვნება ამ ბრიტანელს, ვკითხულობთ, რომ ნაპოლეონი არის სტალინი. დაასახელეთ ბრიტანელის სახელი და გვარი.

პასუხი: ჯორჯ ორუელი
კომენტარი: ჯორჯ ორუელის მოთხრობაში “საქონლის ფერმა” პერსონაჟი ღორი ნაპოლეონი იოსებ სტალინის პროტოტიპია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

38. [დასარიგებელი მასალა: (……………….) ბობოქრობდა, გარეთ ქარი წიოდა, ყველაფერი ინგრეოდა, მარტო ვიყავ, მციოდა] თქვენს წინაშეა ნაწყვეტი ლელა მეტრეველის ლექსიდან, რომელშიც ჩვენ გამოვტოვეთ ერთი წმინდანი. დაასახელეთ ეს წმინდანი.

პასუხი: წმინდა სარქისი
კომენტარი: საუბარია სურბ (წმინდა) სარქისზე, ანუ ე.წ. სურბსარქისზე, რომელიც დამახასიათებელი ძლიერი ქარია თებერვლის დასაწყისში ჩვენს ქალაქში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

39. 1880 წელს შექმნილ სიმღერის ტექსტში ვხვდებით ფრაზას, რომელიც თარგმანში დაახლოებით ასე ჟღერს: “წამოდი საყვარელო, ნაბიჯის გადაუდგმელად მთაზე ავიდეთ”. მითხარით ორი თანაჟღერადი სიტყვით, რა ეწოდება ამ სიმღერას?

პასუხი: ფუნიკული ფუნიკულა
კომენტარი: 1880 წელს ვეზუვის მთაზე მსოფლიოში პირველი ფუნიკულორი გაიხსნა, ამასთან დაკავშირებით დაიწერა სიმღერა “ფუნიკული, ფუნიკულა”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

40. ეს არის ინგლისური ანბანის ერთადერთი ასო, რომელიც არ ფიგურირებს აშშ–ს არც ერთი შტატის სახელწოდებაში. ინგლისურ ვიკიპედიაში წარმოდგენილ ქვეყნების სიაში კი ამ ასოზე იწყება მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელწოდება. დაასახელეთ ეს ქვეყანა.

პასუხი: ყატარი
კომენტარი: ასო Q  არ ფიგურირებს არცერთი შტატის სახელწოდებაში. Qatar ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელწოდება იწყება ამ ასოზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

41. [დასარიგებელი მასალა: (…………) (…………) ნათურა] თქვენს წინაშეა სტატიის სათაური, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ გამომგონებელს. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა, თუ სტატიის სათაური წარმოადგენს მე–19 საუკუნეში შექმნილი ნაწარმოების სახელწოდების გადათამაშებას.

პასუხი: ბიძია თომას
კომენტარი: გამომგონებელი არის თომას ალვა ედისონი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

42. როდესაც აშშ–ში დევალვაციამ უმაღლეს პიკს მიაღწია, გადაწყვეტილ იქნა 500 დოლარიანი კუპიურის გამოშვება. დაასახელეთ აშშ–ს პრეზიდენტი, რომელიც ამ კუპიურაზეა გამოსახული.

პასუხი: უილიამ მაკკინლი
კომენტარი: შეკითხვაში არის ფრაზა “დევალვაციამ უმაღლეს პიკს მიაღწია”. აშშ–ს უმაღლესი პიკია მთა მაკკინლი, რომელიც 25–ე პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს ატარებს. 500 დოლარიან კუპიურაზე გამოსახულია უილიამ მაკკინლი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

43. უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანებს სჯეროდათ, რომ ის წარმოადგენს კუდიანების, ვამპირების, მაქციების და სხვა ეშმაკისეული არსებების თავშესაფარს. პირველად მისი დანახვა ადამიანებმა 1959 წელს შეძლეს, მოსმენა კი მხოლოდ 14 წლის შემდეგ მოხერხდა. დაასახელეთ ეს სამი სიტყვით.

პასუხი: მთვარის ბნელი მხარე
კომენტარი: მთვარის ბნელი მხარის (მთვარის ნაწილი, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს) პირველი სურათის გადაღება, სადგურ «Луна-3»–ის საშუალებით, 1959 წელს მოხერხდა. 1973 წელს პინკ ფლოიდმა გამოუშვა თავისი ალბომი “Dark Side Of The Moon”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

44. შუა საუკუნეების კარტოგრაფები ამ ფრაზით დედამიწის გამოუკვლეველ და შიშისმომგვრელ ტერიტორიებს აღნიშნავდნენ. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენი პლანეტის ყველა კუთხე–კუნჭული გამოკვლეულია, ამ ფრაზამ აქტუალობა დაკარგა, თუმცა ინდოეთის ოკეანეში არის კუნძული, რომლის მიმართაც კვლავაც შესაძლებელია ამ ფრაზის გამოყენება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კუნძული.

პასუხი: კომოდო
კომენტარი: ლათინური ფრაზა Hic sunt dracones (აქ არიან დრაკონები) შესაძლოა გამოყენებულ იქნას კუნძულ კომოდოს მიმართ, სადაც გიგანტური ვარანები, კომოდოს დრაკონები ბინადრობენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

45. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშეა ერთი ბრენდის  ლოგო, რომელზეც ჩვენ დავმალეთ ორნიშნა რიცხვი. დამალული რიცხვი ასახავს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სახეობების რაოდენობას და ამავდროულად ნახატზე მოცემულ ელემენტებთან ერთობლიობაში ქმნის ბრენდის სახელწოდების ინიციალებს. დაწერეთ ეს რიცხვი.

პასუხი: 31
კომენტარი: ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს აწარმოებს
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

46. პირველი მომხიბვლელი მამაკაცია და შეპყრობილია კეთილშობილების პათოსით, მეორე ამბიციური, ჭკვიანი, გაიძვერა და თავგადამკვდარი მექალთანეა და იგი უარყოფითი პერსონაჟი იქნებოდა, რომ არა მისი თავდადება მეგობრების მიმართ. დაასახელეთ “ხსენებული” ორივე პერსონაჟი.

პასუხი: ათოსი და არამისი
კომენტარი: შეკითხვაში დაშიფრულია მათი სახელები: “პათოსით” და “რომ [არა მისი] თავდადება”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

47. დილან ტომასის ერთი ურითმო ლექსიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ შთაგონება, რომლითაც განმსჭვალულია პოეტის ყოველი უჯრედი, იწვევს ერთ დაავადებას. დაასახელეთ ეს დაავადება.

პასუხი: ლეიკემია
კომენტარი: ურითმო ლექსი, ანუ თეთრი ლექსი დიდი რაოდენობით პოეტის თქმით იწვევს მასში ლეიკემიას, ანუ სისხლის გათეთრებას.
წყარო: 1. “В двух измерениях. Современная британская поэзия в русских переводах” 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

48. ინდუიზმში – ეს არის სიტყვა მასწავლებლისა, რომელიც ადამიანის სულს გადარჩენის გზაზე აყენებს. იუდაიზმში – ეს არის ერთგულება მცნებებისადმი, რომლებიც უფალმა უბოძა მოსეს და რომლებიც თალმუდშია მოცემული. ქრისტიანობაში – შეგვილძია ვთქვათ, რომ ეს არის … (წამკითხველი რამოდენიმე წამი სდუმს). მე არ გეკითხებით რა არის ეს, ვინაიდან არ მინდა დავემგვანო ერთ ისტორიულ პიროვნებას, ამიტომ უბრალოდ გთხოვთ დამისახელოთ ამ პიროვნების ვინაობა.

პასუხი: პილატე პონტოელი
კომენტარი: საუბარია ჭეშმარიტებაზე და მის არსზე სხვა და სხვა რელიგიაში. როდესაც პილატემ ჰკითხა იესოს, თუ “რა არის ჭეშმარიტება?” (Quod est veritas?), იესომ დუმილით უპასუხა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

ტური 5

49. ბევრი თქვენგანისათვის იქსი სკოლის პერიოდში არ იყო ცნობილი. თუმცა იქსი 1895 წლის 8 ნოემბერს აღმოჩენილ და იმ დროისათვის კაცობრიობისათვის უცნობი გამოსხივების სახელწოდებაში ფიგურირებს. ერთი წუთის შემდეგ გამოსახეთ იქსი თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: X
კომენტარი: თქვენ უბრალოდ, როგორც გთხოვეთ, უნდა გამოგესახათ X თქვენს ფურცლებზე. სკოლაში X არ იყო ცნობილი, ანუ იყო უცნობი. რენტგენის მიერ აღმოჩენილ უცნობ სხივებს კი X-Rays ეწოდება.
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

50. [დასარიგებელი მასალა: (англ. [……….], араб. مقر الأمم المتحدة‎‎, исп. [……….], кит. 联合国总部大楼,  фр. [……….])]თქვენს წინაშეა ფრაგმენტი ვიკიპედიის ერთ–ერთი სტატიიდან, რომელზეც ჩვენ განგებ წავშალეთ რამდენიმე სიტყვა. დაასახელეთ აბრევიატურა, რომელიც სტატიის სათაურში ფიგურირებს.

პასუხი: გაერო (ООН)
კომენტარი: როგორც ხედავთ სტატია აღებულია რუსული ვიკიპედიიდან. სტატიის სათაური აგრეთვე მოყვანილია ხუთ სხვა და სხვა ენაზე, რომლებიც რუსულთან ერთად ე.წ. გაეროს ენებს წარმოადგენენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

51. ოვიდიუსი ერთ–ერთ ლექსში თავის პერსონაჟს აფრთხილებს: ”ის, რასაც შენ ეძიებ არ არსებობს. ის, რაც შენ გიყვარს გაქრება, როგორც კი მოტრიალდები”. რა ჰქვია ამ პერსონაჟს?

პასუხი: ნარცისი
კომენტარი: ნარცისი როგორც კი მოტრიალდება, წყაროში მისი ანარეკლი ქრება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

52. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშეა ერთ–ერთი ამერიკული კომპანიის სათაო ოფისი, რომლის წინა პლანზე ჩვენ დავმალეთ კომპანიის ლოგო. სლოგანი რომელიც ლოგოზეა გამოსახული, მიგვითითებს, რომ კომპანია ამ შენობაშია განლაგებული. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ რომელი კომპანიის ოფისია გამოსახული სურათზე.

პასუხი: ინტელი
კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ, ინტელის სლოგანია: “Intel Inside”. შესაბამისად ეს სლოგანი პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ინტელი შიგნით, ამ შენობაშია განლაგებული.
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

53. 1504 წლის 29 თებერვალს კოლუმბმა ასტრონომიის ცოდნა გამოიყენა და იამაიკელი ინდიელების წინააღმდეგობა დაძლია. სტატია ამ ეპიზოდის შესახებ აცხადებს, რომ ამ დღეს კოლუმბის მხრიდან ადგილი ჰქონდა იმას, რაც 1936 წელს დაწერილი რომანის სახელწოდებას წარმოადგენს. დაასახელეთ რომანის სახელწოდება ორი სიტყვით.

პასუხი: მთვარის მოტაცება
კომენტარი: კოლუმბმა მთვარის დაბნელება გამოიყენა იამაიკელთა წინააღმდეგობის დასაძლევად.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

54. 2009 წელს ჟურნალ “ლიბერალში” დაიბეჭდა სტატია საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შესახებ. სტატიაში ხაზგასმულია, რომ სასამართლო რეფორმა მუდამ სრულყოფას უნდა განიცდიდეს და უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. სტატიის სათაური ორი სიტყვისაგან შედგება, რომლითაც შეიძლება მოვიხსენიოთ ფრანც კაფკას რომანი. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ სტატიას?

პასუხი: დაუსრულებელი პროცესი
კომენტარი: ფრანც კაფკას რომანი “პროცესი” დაუსრულებელია, სტატიაში კი ხაზგასმულია, რომ სასამართლო რეფორმა დაუსრულებელი პროცესია და მუდამ სრულყოფას უნდა განიცდიდეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

55. როგორც წესი, მონეტებზე გამოსახავენ იმ ქვეყნის გამოჩენილ ადამიანებს, სადაც ფულია მოჭრილი. მიუხედავად ამ ტრადიციისა, ერთ ევროპულ ქვეყანაში გამოშვებულ მონეტებზე გამოსახულნი არიან ორი, სულ სხვა ევროპული ქვეყნის შვილები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ორივე პიროვნება.

პასუხი: კაროლ ვოიტილა (იოანე პავლე II), იოზეფ რატცინგერი (ბენედიქტე XVI)
კომენტარი: ვატიკანში მოჭრილ მონეტებზე გამოსახავენ რომის პაპებს. ევროს შემოსვლიდან მოყოლებული, ჯერ მხოლოდ ორი რომის პაპი იყო ტახტზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

56. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთის მთავრობამ პოპულარული ინტერნეტ რესურსის, “LiveJournal”–სადმი წვდომა დაბლოკა. ამ ფაქტის შემდეგ რუნეტში გავრცელდა ერთი შვიდასოიანი ნეოლოგიზმი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შვიდასოიანი ნეოლოგიზმი.

პასუხი: ბლოგადა
კომენტარი: LiveJournal არის პოპულარული ბლოგ–პლატფორმა. ყაზახეთის მთავრობამ ყოველგვარი გზა გადაუკეტა მომხმარებელს, ანუ ფაქტიურად ბლოკადაში მოაქცია. ნეოლოგიზმი კი მომდინარეობს სიტყვების “ბლოკადა” და “ბლოგი”–ს გაერთიანებით.
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

57. ისტორიკოსი კარდინი წერს, რომ მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის ცნობილი იყო, რომ კონსტანტინოპოლი განწირულია, თუმცა არავის უცდია შეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტს. წყაროებს, რომლებიც მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის ბოლო დღეებზე, კარდინი ადარებს ერთი ნობელიანტის 1980–იან წლებში შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.

პასუხი: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
კომენტარი: გაბრიელ გარსია მარკესის ამ ნაწარმოებში აღწერილია იდენტური სიტუაცია: ჩაფიქრებულია მკვლელობა, რომლის შესახებ იცის მთელმა ქალაქმა, მაგრამ არავინ ცდილობს მკვლელების შეჩერებას.
წყარო: 1. Франко Кардини, «Европа и ислам», Санкт-Петербург, ALEXANDRIA, 2007
ავტორი: ლევან ჩხეიძე

58. [დასარიგებელი მასალა: High precision parallax collecting satellite] 1989 წელს დედამიწის ორბიტაზე სატელიტი გაუშვეს, რომლის სრული ინგლისური სახელწოდებაც თქვენ დაგირიგდათ. ორბიტაზე ბრუნვის 4 წლის განმავლობაში ეს სატელიტი აკეთებდა იგივეს, რითაც ერთი ძველი ბერძენი მეცნიერი იყო დაკავებული მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ძველი ბერძენი მეცნიერი.

პასუხი: ჰიპარქე
კომენტარი: თუ კარგად დააკვირდებოდით ინგლისური სახელწოდებისგან მიიღება აბრევიატურა Hipparcos, რაც გახლავთ ალუზია ძვ. ბერძენი მეცნიერის სახელზე, რომელსაც ინგლისურად Hipparchus ჰქვია. ჰიპარქეც და ეს სატელიტიც ზომავდნენ ციურ სხეულებამდე, მათ შორის ვარკსვლავებამდე მანძილს.
წყარო:  ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

59. ებრაული მრწამსის მიხედვით, ხანუკას დღესასწაულზე თორას წაკითხვაც კი იკრძალება, თუ კითხვის პროცესი ამ ქმედებას აყოვნებს. ამ ქმედების საპირისპირო ქმედებას არაერთხელ ჩადიან მე–18 საუკუნეში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების დასკვნით ნაწილში. იმედია ყველას გსმენიათ ამ ნაწარმობის შესახებ, ამიტომ დამისახელეთ მისი ავტორი.

პასუხი: იოზეფ ჰაიდნი
კომენტარი: ჰანუკას ცერემონიის დროს თორას წაკითხვაც კი იკრძალება, თუ ის აყოვნებს სანთლის ანთებას. ჰაიდნის გამოსათხოვარ სიმფონიაში, მომღერლები რიგ–რიგობით აქრობენ სანთლებს სცენაზე და ემშვიდობებიან მაყურებელს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

60. ეს ადამიანი ახალგაზრდობაში დიდი მექალთანე იყო. ქალთა შორის, რომელთა გულებიც მან დაიპყრო იყვნენ, ბალერინები ალა შელესტი და მაია პლისეცკაია, მომღერალი ზარა დოლუხანოვა და მრავალი სხვა. მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ დიდი კაზანოვას კარიერა უეცრად დასრულდა, როდესაც მას ალუბლის კურკა სასულეში გადასცდა. ვის შესახებაა საუბარი?

პასუხი: მსტისლავ როსტროპოვიჩი
კომენტარი: მისი მეუღლე გალინა ვიშნევსკაია სწორად ის ალუბლის კურკა იყო, რომელიც მას სასულეში გადაცდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

ტური 6

61. ამ პრეზიდენტის წინასაარჩევნო სლოგანი იწყებოდა სიტყვებით: “მე მომწონს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პრეზიდენტის სახელი და გვარი.

პასუხი: დუაიტ ეიზენჰაუერი
კომენტარი: დუაიტ ეიზენჰაუერს ყველა მოიხსენიებდა როგორს აიკს. სლოგანი ასევე ჟღერდა: I Like Ike
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

62. [დასარიგებელი მასალა: სურათი] ერთ–ერთ საიტზე ფოტოს ავტორმა ეს ფოტო დაასათაურა სამი სიტყვით. აბსოლუტურად ზუსტად აღადგინეთ ეს სამი სიტყვა.

პასუხი: ეშმაკი ატარებს პრადოს
კომენტარი: ალუზია გახმაურებულ წიგნზე და ფილმზე “ეშმაკი ატარებს პრადას”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

63. ტარიელ ჭანტურიამ ერთხელ დანანებით განაცხადა: “ჩვენს გოგონებს უკვე აღარ ელის აპლოდისმენტები”. მე არ გეტყვით თუ რა სიტყვა შევცვალე შეკითხვაში მისივე სინონიმით. დამისახელეთ ხსენებული გოგონების პროფესია.

პასუხი: მოჭადრაკეები
კომენტარი: ყალმუხეთის დედაქალაქში, ელისტაში იმართება ოლიმპიადა ჭადრაკში. ჩვენი ქალთს ნაკრების ერთ–ერთი მარცხის შემდგომ ტარიელ ჭანტურიამ დაწერა: “ჩვენს გოგონებს ელისტაში, უკვე აღარ ელის ტაში”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

64. [დასარიგებელი მასალა: მდინარე შარი წარმოიშობა მდინარეების – უამის, გრიბინგის და ბამინგის შეერთებით, მისი სიგრძე დაახლ. 1400 კილომეტრია და (………..) (………..) ტბაში.]. თქვენ დაგირიგდათ ტექსტი, სადაც გამოტოვებულია ორი იდენტური სიტყვა დაწერილობის თვალსაზრისით. აღადგინეთ ეს ორი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ჩადის ჩადის
კომენტარი: მდინარე შარი წარმოადგენს ჩადის ტბის უმთავრეს შენაკადს. სიტყვების თამაშია: ჩადის ჩადის ტბაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

65. სტატიაში ხელოვან პეტერ კალესენის შესახებ ნათქვამია, რომ ის გაცდა ტრადიციული ხელოვნების საზღვრებს და გაცილებით უფრო რთულ კომპოზიციებს ქმნის, იყენებს რა მასალად ინფორმაციის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მატარებელს. დაასახელეთ ეს ტრადიციული ხელოვნება.

პასუხი: ორიგამი
კომენტარი: პეტერ კალესენი გატაცებულია ორიგამით [იაპონური ხელოვნება] და მასალად იყენებს А4 ფორმატის ჩვეულებრივ ქაღალდს.
წყარო: 1. Журнал “Популярная механика”, январь, 2010
ავტორი: ლევან ჩხეიძე

66. [დასარიგებელი მასალა: სურათი] ერთ–ერთ საიტზე ფოტოს ავტორმა ეს ფოტო დაასათაურა ისევე, როგორც მოიხსენიებენ 1897 წლის 1 ნოემბერს შექმნილ ორგანიზაციას. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში დაარსდა ეს ორგანიზაცია.

პასუხი: ტურინი
კომენტარი: ფოტოს ეწოდება “vecchia signora” (ბებერი ქალბატონი), ასევე მოიხსენიებენ ტურინულ საფეხბურთო კლუბს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

67. ბასენჯი არის აფრიკული ძაღლის ჯიში, რომელიც თავისი ოთხფეხა თანამოძმეებისაგან ერთი უნიკალური თვისებით გამოირჩევა. არ გეკითხებით რა თვისებაზეა საუბარი, დაასახელეთ ბასენჯის თანამოძმის სახელი, რომელმაც 50–იან წლებში თავისი მეტსახელი ზემოხსენებული თვისების საპირისპირო თვისების წყალობით მიიღო.

პასუხი: ლაიკა
კომენტარი: ცენტრ. აფრიკულ ძაღლის ჯიში ბასენჯი, იმით გამოირჩევა, რომ მის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ყეფა. ერთ–ერთ პირველ კოსმოსში გაგზავნილ ძაღლს, ლაიკას სახელი იმის გამო დაარქვეს, რომ იგი ხშირად ყეფდა (Лай – ყეფა რუსულად).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

68. რომანში “შუაღამის შვილები” ინდოელი მწერალი სალმან რუშდი წერს, რომ ეს რიცხვი მოტყუების, თაღლითობისა და გაიძვერობის სიმბოლოა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს რიცხვი თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: 420
კომენტარი: ინდოეთში მოქმედი ინგლისური კანონმდებლობის თანახმად 420–ე მუხლით ისჯებოდნენ თაღლითობისა და მატყუარობისათვის. ასევე ცნობილია ფილმი რაჯ კაპურის მონაწილეობით “ბატონი 420”, სადაც მთავარი პერსონაჟი ამ მუხლის გამო ატარებს სათაურში გამოტანილ სახელს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

69. 1699 წელს მდინარე მისისიპიზე მოგზაურობის დროს პიერ ლემუენ დ’იბერვილის ექსპედიციამ ნაპირზე კვიპაროსის ხე შენიშნა, რომელსაც მოკლული ცხოველების გვამები ეკიდა და მთლიანად სისხლში იყო მოთხვრილი. ეს ხე ინდიელთა ორი ტომის სანადირო ტერიტორიის გამყოფ საზღვარს წარმოადგენდა. ფრანგებმა შემდგომში გასისხლიანებული კვიპაროსის ადგილას ქალაქი დააარსეს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ქალაქს?

პასუხი: ბატონ–რუჟი
კომენტარი: ბატონ–რუჟი ფრანგულად “წითელ ჯოხს” ნიშნავს და დღესდღეობით ლუიზიანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

70. სერვანტესის “დონ–კიხოტში” ვკითხულობთ: “კანონიერი ცოლი კვანძია, რომელიც მას შემდეგ, რაც ერთხელ შემოგეხვია კისერზე, იქცევა გორდიას კვანძად და შეუძლებელია მისი გახსნა”. იქვე ავტორი ამბობს, რომ ამ კვანძის გახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი იარაღის საშუალებით, რომელსაც ტერი პრეტჩეტმა “ყველაზე ბასრი იარაღი” უწოდა. დაასახელეთ ეს ბასრი იარაღი ორი სიტყვით.

პასუხი: სიკვდილის ცელი
კომენტარი: სერვანტესი მიიჩნევს, რომ კანონიერ ცოლთან განშორება მხოლოდ სიკვდილით შეიძლება. სიკვდილის ცელს კი ტერი პრეტჩეტმა ყველაზე ბასრი იარაღი უწოდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

71. ალან გლინის ერთერთი პერსონაჟი ამბობს, რომ არტემიდეს აქტეონი ირმად კი არ გადაუქცევია, არამედ უბრალოდ გაუკეთა ”ეს”. 1513 წელს ერთმა დიდმა ხელოვანმა თავის ქმნილებას გაუკეთა ეს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ქმნილებას?

პასუხი: მიქელანჯელოს “მოსე”
კომენტარი: ალან გლინის პერსონაჟი ამბობს, რომ არტემიდემ ირმად ქცეულ აქტეონს დაადგა რქები. მიქელანჯელოს მოსესაც აქვს რქები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ცაგარელი

72. ეს შეკითხვა თავად წარმოდგენს პასუხს. აგრეთვე პასუხს ამ შეკითხვაზე წარმოადგენს იულიუს კეისრის ფრაზა „შენც ბრუტუს?“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ აიზეკ აზიმოვის მიერ 1956 წელს შექმნილი ნაწარმოები, რომელსაც თავად მწერალი, ერთ–ერთ საუკეთესოდ თვლიდა საკუთარ შემოქმედებაში.

პასუხი: უკანასკნელი შეკითხვა
კომენტარი: აზიმოვის მოთხრობას ეწოდება „უკანასკნელი შეკითხვა“ (The Last Question). შეკითხვა უკანასკნელია პაკეტში, ხოლო ფრაზა „შენც ბრუტუს“ იყო იულიუს კეისრის უკანასკნელი შეკითხვა. შესაბამისად თავიანთი არსით, თავად კითხვაც და ფრაზაც წარმოადგენენ პასუხს ამ შეკითხვაზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე

შედეგები (გადმოწერა)

Advertisements

Written by linguistuss

January 31, 2010 at 11:52 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საუკეთესო კითხვები იყო:1,5,7,9,11,13,15,18,28,31 და 36

    joliiii

    February 1, 2010 at 12:50 am

  2. ძალიან, ძალიან კარგი ტურნირი იყო!თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე და იმდენად მყუდრო და კომფორტული გარემო იყო, მარათონული გადაღლა არც მიგრძვნია. ეს ერთი და სხვა მრავალი, კეთილო ენთუზიასტებო!

    lomski

    February 1, 2010 at 10:41 am

  3. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ასეთი კარგი კითხვებისთვის და მარათონის ჩატარებისთვის! :)

    ბიბი

    February 1, 2010 at 11:50 am

  4. ვგონებ, ტურნირის ორგანიზატორთა მიზანი 100% – ით მიღწეულია. ჩატარებული მარათონი მეტყველებს მასზედ, რომ პროფესიონალიზმი იკავებს სათანადო პოზიციას ქართულ “რა?სად?როდის?” – ში, ამკვიდრებს რა ახალ სტანდარტებს ყველა ჭრილში, იქნება ეს საკუთრივ კითხვები, თუ არანაკლებ მნიშვნელოვანი საორგანიზაციო მხარე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო, დიდი მადლობა. არ მინდა ვიყო ზედმეტად რადიკალური, მაგრამ დროა კითხვების წერის ნაცვლად დილეტანტებმა სხვა ჰობი იპოვონ, მაგალითად, ფილატელია ან სხვა არანაკლებ საინტერესო რამ. აღნიშნული მარათონის მთავარი მესიჯი იყო: “Think different!”. 2010 წლის 31 იანვარს ვიხილეთ ქართული ინტელექტუალური თამაშის ახალი ჰორიზონტები. ვერ ვმალავ აღფრთოვანებას და ენთუზიაზმს, რადგანაც ბოლო პერიოდში ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ეს თამაში მომკვდარიყო. ვასაბუთებ ჩემს პოზიციას იმით, რომ ამ თამაშის კვინტესენციას კითხვები წარმოადგენენ. უხარისხო კითხვები = კლუბის მორალური სიკვდილი. ბედნიერი ვარ, რომ გამოიკვეთა ახალი პერსპექტივები. კლუბს აქვს ახალი Terra Incognita – ს ათვისების რესურსი. რასაკვირველია, ახალ ტერიტორიებზე თავდაპირველად ყოველთვის დრაკონები ბინადრობენ, მაგრამ თუ არ გადადგავ პირველ ნაბიჯს, ვერ გაივლი 1000 ლის სავალს. სწორედ ასეთ ნოვატორულ ნაბიჯად აღვიქვამ სუბსარქისის მარათონს.

    gilbert80

    February 1, 2010 at 12:24 pm

    • თავი მიტინგზე მგონია (chuckle)

      Pegi

      February 1, 2010 at 2:24 pm

  5. მაგარი იყო!

    Shalva

    February 1, 2010 at 2:34 pm

  6. 71-e kitxva ,,როგორ გაუჩნდა მოსეს რქები?” ამ პოსტის მეშვეობით გამოვიცანი…:)))

    nino

    February 1, 2010 at 7:17 pm

  7. ”ალან გლინი” საერთოდ არ მახსოვდა,მოსეს რქების შესახებ იაღოველების ე.წ ”იეჰოვას მოწმეების” ჟურნალ-საგუშაგო კოშკი მქონდა წაკითხული:-D

    ქეთი

    March 15, 2010 at 1:29 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: