ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თბილისის პრემიერ–ლიგა, 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი, I ტური

with 2 comments

დღეს თბილისის 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი გაიმართა სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში. ეს პირველი ჩემპიონატია, როდესაც მე პრინციპულად უარი განვაცხადე თამაშზე და მხოლოდ კითხვების წერითა და რედაქტირებით შემოვიფარგლები. ტურნირს ორი რედაქტორი ჰყავს – მე და ლევან ჩხეიძე. პაკეტზე მუშაობა ძალიან შემოქმედებით და სასიამოვნო პროცესი იყო. მომიხდა ბევრი წიგნის ხელახლა წაკითხვა, მრავალ ადგილას შეძრომა, მრავალ რამეში გარკვევა საერთო ჯამში პაკეტი რომ კარგი გამოსულიყო. რამდენად გავამართლეთ იმედები არ ვიცი, თუმცა საერთო ჯამში პირველი ტური შედგა. ვემზადებით მეორე ტურისათვის!

შედეგებს შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ

პირველი ტური

1. [დასარიგებელი მასალა: სურათი] 1970–იან წლებში ორმა მეგობარმა აშშ–ში დაწერა წიგნი, სადაც ერთი კონკრეტული დანიშნულებით პირველად იქნა გამოყენებული ორსიტყვიანი ფრაზა, რომელმაც შემდგომში საკულტო დანიშნულება შეიძინა. დაასახელეთ ეს ფრაზა.

პასუხი: Hello World
კომენტარი: 1974 წელს ბრაიან კერნიგანმა და დენის რიტჩიმ დაწერეს პროგრამირების ენა C-ის სახელმძღვანელო, სადაც პირველად იქნა გამოყენებული ფრაზა “Hello World”, რომლითაც თანამედროვე პროგრამირებაში პირველი პროგრამა იწყება. დარიგებული სურათი დამატებით მინიშნებას წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

2. ერთმა ინტერნეტ–ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია ჯერალდინა ჩაპლინის შესახებ. სტატიის სათაური მსახიობს ნატალი კუკის, დილან სენდერსის და ალექს მანდეის კომპანიაში აერთიანებს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით, ვინ არის ჯერალდინა ჩაპლინი სტატიის სათაურის თანახმად?

პასუხი: ჩარლის ანგელოზი
კომენტარი: ნატალი კუკი, დილან სენდერსი და ალექს მანდეი გახმაურებული ფილმის, “ჩარლის ანგელოზების” პერსონაჟები არიან. ჯერალდინა ჩაპლინი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. რომანში “დიდოსტატის მარჯვენა” გიორგი მეფე მთელი ნაწარმოების განმავლობაში ცდილობს მიაღწიოს საწადელს და (გამოტოვებულია ორი სიტყვა) გაატაროს. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი გამოტოვებული ორი სიტყვა.

პასუხი: ღამე შორენასთან
კომენტარი: ასევე ეწოდება ბოლო დროს ძალზედ პოპულარულ ტელეპროექტს იმედის არხზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. [დასარიგებელი მასალა: სურათი] დარიგებულ რუკაზე ისრით მითითებულია გარგანოს ნახევარკუნძული. იტალიელები ამ ნახევარკუნძულს “Sperone”-ს უწოდებენ. მითხარით რას ნიშნავს ეს სიტყვა იტალიურად?

პასუხი: დეზი (шпора)
კომენტარი: გარგანოს ნახევარკუნძულს იტალიელები sperone dello stivale, ანუ „ჩექმის დეზს“ უწოდებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. გასული საუკუნის ბოლოს აშშ–ში დაარსდა კინოკომპანია “1492 ფიქჩერზ”. დაასახელეთ მისი დამაარსებლის სახელი და გვარი.

პასუხი: კრის კოლუმბუსი
კომენტარი: კინოკომპანიის სახელწოდება მითითებს რეჟისორის დიდი მოგვარისა და სეხნიის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. 1985 წლის 13 ივლისს პარიზში ჟან ბუენის სახელობის სტადიონზე ფოტორეპორტიორებმა დააფიქსირეს კადრი, რომელშიც 21 წლის მომღიმარ ახალგაზრდას ორი ხელი აქვს აწეული. მარცხენა ხელის ხუთივე თითი გაშლილია, მარჯვენაზე კი – ყველა თითია მოხრილი საჩვენებელის გარდა. ამ ჟესტით დაამახსოვრდა იგი მრავალ მილიონ ადამიანს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ახალგაზრდის სახელი და გვარი.

პასუხი: სერგეი ბუბკა
კომენტარი: 1985 წლის 13 ივლისს სერგეი ბუბკამ პირველად მსოფლიოში 6 მეტრიანი ბარიერი დაძლია ჭოკით ხტომაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. ოთარ ჭილაძე აწარმოებდა დღიურს, რომელიც ენციკლოპედიის პაროდიას წარმოადგენდა. დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომელსაც კალამბურების მოყვარულმა ოთარ ჭილაძემ, თავის დღიურში, „გამოჩენილი ფრანგი მეზღვაური“ უწოდა.

პასუხი: ფრანსუა მორიაკი
კომენტარი: “Моряк” – რუსულად მეზღვაურია.
წყარო: ჟურნალი „ქართული მწერლობა“, 2010, #01.
ავტორი: ლევან ჩხეიძე

8. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის, ე.წ. “შტაზის” დევიზი ამბობდა, რომ შტაზი იყო გდრ–ს კომუნისტური პარტიის პირველი და მეორე. 1965 წელს დაიწერა რომანი, რომლის სათაურიც პირველს და მეორეს წარმოადგენს. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.

პასუხი: ფარი და მახვილი
კომენტარი: საუბარია ვადიმ კოჟევნიკოვის რომანზე “ფარი და მახვილი”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. 2003 წელს თეირანში მოკლეს ფოტოჟურნალისტი ზოჰრე ყაზემი. ამასთან დაკავშირებით თეირანში გამართული სასამართლო პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც ერთმა გაზეთმა სასამართლო პროცესს ინსცენირებული უწოდა და სტატია მის შესახებ ასე დაასათაურა: “რამპა რამპაზე”. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვით “რამპა”?

პასუხი: ფარსი
კომენტარი: სასამართლო პროცესი სპარსულ ენაზე, ანუ ფარსიზე მიმდინარეობდა. თავად სასამართლო პროცესს კი დასავლელმა ჟურნალისტებმა ფარსი უწოდეს, სტატიასაც ასევე ერქვა – “ფარსი ფარსიზე”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

10. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშეა ჰოლანდიელი მხატვრის, იუსტუს ვან გენტის ფერწერული ტილო, რომელზედაც გამოსახულია კათოლიკური ეკლესიის მიერ კანონიზირებული ადამიანი. დაასახელეთ მისი ვინაობა.

პასუხი: თომა აქვინელი
კომენტარი: სურათზე თომა აქვინელი მის მიერ შემუშავებულ ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ ხუთ ნიშანს თითებზე ითვლის.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

11. ამ ბოლო დროს მომრავლდა სპეციფიური საშენი მასალისაგან გაკეთებული არტ–ინსტალაციები. ერთ ასეთ არტ–ინსტალაციაზე გამოსახულია მე–20 საუკუნეში შექმნილი პერსონაჟი, რომლის სახელიც პირდაპირ მიუთითებს საშენ მასალაზე. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ პერსონაჟს?

პასუხი: ლეგოლასი
კომენტარი: ლეგოს კუბებით ტოლკიენის პერსონაჟი ლეგოლასია წარმოდგენილი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

12. 2007 წლის ნოემბერში ქართული მედია იუწყებოდა, რომ ეკა ხოფერიამ და ინგა გრიგოლიამ გააკეთეს ეს. ამის გაკეთებისაკენ მოუწოდებს ერთ ცნობილ ჭიშკარზე გაკეთებული განცხადება მასში შემსვლელებს. დაასახელეთ ორი სიტყვით რა ქმედებაა მოხსენიებული შეკითხვაში როგორც “ამის გაკეთება”.

პასუხი: იმედის დატოვება
კომენტარი: ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვეს 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, დანტეს ჯოჯოხეთში შემავალ ჭიშკარზე გაკეთებული განცხადება კი ყველა შემსვლელს იმედის დატოვებას სთხოვდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეორე ტური

13. [დასარიგებელი მასალა: 1,609344 მ.] ფურცლებზე გამოსახულია ალფაალფა, რომელიც შეკითხვის ავტორებს არასოდეს შეხვედრიათ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ალფაალფას აქვს არსებობის უფლება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად, რომელი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ შეკითხვაში სიტყვით “ალფაალფა”?

პასუხი: მილიმილი
კომენტარი: ეს არის მილის ერთი მეათასედი ნაწილი, ანუ მილიმილი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

14. 2009 წლის 1 დეკემბერს პარიზში მიმდინარე პრესკონფერენციაზე მუნთაზარ აზ–ზაიდის ერაყელმა ჟურნალისტმა ფეხსაცმელი ესროლა. ამასთან დაკავშირებით ერთმა ინტერნეტ გამოცემამ დაწერა სტატია, რომლის სათაურიც ამ “სამხრეთულ” გამოგონებას წარმოადგენს. დაასახელეთ ეს “სამხრეთული” გამოგონება.

პასუხი: ბუმერანგი
კომენტარი: მუნთაზარ აზ–ზაიდი სწორად ის ჟურნალისტია, რომელმაც ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა. Australis – ლათინურად „სამხრეთულს“ ნიშნავს. ბუმერანგი კი ავსტრალიური „გამოგონებაა“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. 2009 წელს იაპონიაში შეიქმნა ინფორმაციის შენახვის ციფრული სისტემა სახელწოდებით DRS, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის შენახვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დაასახელეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი, რომელიც ფიგურირებს ზემოხსენებულ აბრევიატურაში.

პასუხი: როზეტა
კომენტარი: DRS იშიფრება როგორც Digital Rosetta Stone.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

16. ლეგენდის თანახმად, წმინდა (გამოტოვებულია 2 სიტყვა) სასწაულებრივად გამოვლინდა მაშინ, როცა მან საკუთარი მოკვეთილი თავი მონმარტრის მთაზე აიტანა.  ერთი გერმანელის წყალობით კი, (გამოტოვებულია იგივე 2 სიტყვა) შეიძლება მარტივი ფორმულით გამოვიანგარიშოთ.  რა ორი სიტყვაა გამოტოვებული შეკითხვაში?

პასუხი: დენის ძალა
კომენტარი: წმინდა დენი არის პარიზის (შეკითხვაში ნახსენებია მონმარტრი) პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ეწამა ქრისტიანობისათვის. ომის კანონი ამყარებს კავშირს დენის ძალას, ძაბვასა და წინაღობას შორის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

17. ფილიპ კოტლერის და გარი არმსტრონგის წიგნში “მარკეტინგის საფუძვლები” ავტორები განიხილავენ ერთი კომპანიის მარკეტინგულ ხედვას, სადაც ნათქვამია, რომ როდესაც თქვენ თასმებს იკრავთ უბრალოდ აკეთებთ ამას. არ გეკითხებით რის კეთებაზეა საუბარი, დაასახელეთ კომპანია, რომლის მარკეტინგულ ხედვასაც ისინი განიხილავენ.

პასუხი: ნაიკი
კომენტარი: წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც იკრავთ [სპორტული ფეხსაცმლის] თასმებს უბრალოდ აკეთებთ ამას – საკუთარ თავს “ნაიკის” სამყაროსთან აკავშირებთ. შეკითხვაში “უბრალოდ აკეთებთ ამას” წარმოადგენს მინიშნებას ნაიკის დევიზზე Just do it.
წყარო: 1.  Philip Kotler, Gary Armstrong, Principles of marketing (Second european edition), 2004, p. 31
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

18. კარლ გუსტავ იუნგი იხსენებდა, რომ პირველად ეს განიცადა მაშინ, როდესაც სტუმრად მყოფმა ფაიფურის სტატუეტი იხილა. რა განიცადა მან?

პასუხი: დეჟა ვიუ
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. ფერწერული ტილო “მარია მედიჩის ბედი” პეტერ პაულ რუბენსმა ფრანგი დედოფლის, მარია მედიჩის დაკვეთით შეასრულა. მასზე გამოსახულნი არიან ბედისწერის ქალღმერთი მოირები. მხატვარს სურდა რა, რომ ესიამოვნებინა დედოფლისათვის მათ არ მიუხატა ერთი ტრადიციული ატრიბუტი. დაასახელეთ ეს ატრიბუტი.

პასუხი: მაკრატელი
კომენტარი: ამით ხაზგასმულია, რომ მარია მედიჩის ცხოვრება ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. ერთ ილუსტრაციაზე, რომელზედაც შუასაუკუნეებისდროინდელი რაინდი ჯაკოპო კავალია გამოსახული, დროშაზე რომელიც რაინდს ხელთ უპყრია არის წარწერა:  “Evangelista”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჯაკოპო კავალის მშობლიური ქალაქი.

პასუხი: ვენეცია
კომენტარი: სახარების ავტორი (ევანგელისტი) მარკოზი არის ვენეციასთან ასოციირებული წმინდანი, რომლის სიმბოლოა ლომი. ისტორიული პიროვნება ჯაკოპო კავალი იყო ვენეციიდან.
წყარო: 1. Куркин А. В., Рыцари: последние битвы — СПб.: ООО «Издательство «Полигон», 2004, стр. 374
ავტორი: ლევან ჩხეიძე

21. იუდით პერაინოს წიგნში, რომელშიც მუსიკა განხილულია როგორც დესტრუქციული ასოციალური ქმედებების გამომწვევი ძალა, ფიგურირებენ ისინი. წიგნში მათთან ერთად ასევე ფიგურირებს მითოლოგიური პერსონაჟიც, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მათთან. დაასახელეთ ეს მითოლოგიური პერსონაჟი.

პასუხი: ოდისევსი
კომენტარი: მითის თანახმად, სირენები თავის სიმღერებით აიძულებენ ადამიანებს სუიციდალური ქმედებები ჩაიდენონ. ოდისევსმა აარიდა თავი მათ გავლენას იმით, რომ თანამგზავრებს უბრძანა, მიებათ ანძასთან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

22. პარიზის სუვენირების მაღაზიებში შეხვდებით მაისურებს წარწერით – “PARIS”, რომელზეც ერთი სიმბოლო სხვა სიმბოლოთია გამოსახული. რა ეწოდება გამოსახულ სიმბოლოს?

პასუხი: ეიფელის კოშკი
კომენტარი: ეიფელის კოშკს A-ს ფორმა აქვს, შესაბამისად წარწერაში PARIS მის მაგივრად ეიფელის კოშკია გამოსახული, რომელიც პარიზის სიმბოლოს წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

23. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშე წარმოდგენილი ქანდაკება ქალაქ ვორმსში მდებარეობს. სკულპტურაზე გამოსახულია რაინდი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ხელთ უპყრია ცნობილი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება. დაასახელეთ ეს სახელწოდება.

პასუხი: რაინის ოქრო
კომენტარი: ჰაგენი რაინის ოქროს აგდებს რაინში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

24. ანტონ ვუიმას წიგნის გარეკანზე ვხედავთ მეკობრეთა გემის გროტ–ანძას და ტრადიციულ დროშას, ე. წ. “მხიარულ როჯერს”, თუმცა დროშაზე ტრადიციული თავის ქალისა და გადაჯვარედინებული ძვლების ნაცვლად შავ ფონზე გამოსახულია ლათინური ანბანის ეს ორი ასო. არ გეკითხებით, თუ რის შესახებაა წიგნი, გამოსახეთ ეს ორი ასო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: PR
კომენტარი: წიგნი შავ პიარს ეძღვნება და ასევე ეწოდება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მესამე ტური

25. [მითითება: კითხვა დაისმის ტურებს შორის შესვენების შემდეგ] მონეტაზე, რომლითაც აშშ–ს მთავრობა მეგობრულად განწყობილ ინდიელთა ბელადებს აჯილდოვებდა, გამოსახულია ჯორჯ ვაშინგტონი და ინდიელი, რომელსაც ტომაჰავკი მიწაზე აქვს დაგდებული და აკეთებს იმას, რაც ბევრმა თქვენგანმა ეს–ესაა გააკეთა. რას აკეთებს ინდიელი?

პასუხი: ეწევა
კომენტარი: ინდიელი ეწევა „მშვიდობის ჩიბუხს“. შესვენებაზე მწეველთათვის არის ე.წ. „პერეკური“.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

26. ჯინო პუნიეტის წიგნში, რომლის სათაურშიც ფიგურირებს სიტყვა “დეკორატიული” წერია, რომ მათ გააჩნიათ მხოლოდ ორი იპოსტასი: ლომის და ცხვრის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: პუდელები
კომენტარი: წიგნი დეკორატიულ ძაღლებს შეეხება. პუდელის შეკრეჭა დასაშვებია მხოლოდ ორი ფორმით: “ლომის” ვარცხნილობით, ან – “ცხვრის”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

27. [დასარიგებელი მასალა: Centra Oficejo de Universala (………) Asocio] 1955 წლიდან ქალაქ როტერდამში განლაგებულია საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინა. დარიგებულ ფურცლებზე ამ ორგანიზაციის სახელწოდებაა, რომელშიც გამოტოვებულია ერთი სიტყვა. დაწერეთ ეს სიტყვა.

პასუხი: ესპერანტო
კომენტარი: ორგანიზაციის სახელწოდება ესპერანტოზე წერია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

28. ესპანელთა უძლეველი არმადის დამარცხების შემდეგ ინგლისში მოიჭრა მონეტა, რომელზედაც გამოსახულია ესპანური გემი. მონეტაზე გაკეთებული წარწერა ცნობილი ფრაზის სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს, კერძოდ ერთ–ერთი სიტყვა შეცვლილია სიტყვით “ფუგი”. დაასახელეთ ეს ცნობილი ფრაზა.

პასუხი: Veni, Vidi, Vici
კომენტარი: მონეტაზე აწერია – Veni, Vidi, Fugi – მოვედი, ვნახე, გავიქეცი.
წყარო: 1. Эрик Фраттини. Священный альянс. Палачи и шпионы Ватикана. Стр. 91,
ISBN 978-5-699-23584-1
ავტორი: ლევან ჩხეიძე

29. [წამკითხველმა განმარტოს, რომ “ციური სხეული” ბრჭყალებში წერია] ხელოვნებათმცოდნეები თვლიან რომ ამ “ციურმა სხეულმა” ზენიტს მიაღწია სწორად მაშინ, როდესაც ნაპოლეონმა საკუთარი თავი სენ–ბერნარის უღელტეხილზე იხილა. ეს “ციური სხეული” ერთი ასოთი განსხვავდება თქვენთვის კარგად ნაცნობი სიმბოლოს სახელწოდებისაგან. გამოსახეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: დავითის ვარსკვლავი
კომენტარი: [ჟაკ ლუი] დავიდის ვარსკვლავმა ზენიტს მიაღწია, როდესაც მან დახატა ფერწერული ტილო “ნაპოლეონის გადასვლა სენ–ბერნარის უღელტეხილზე”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

30. პიტერ გრინუეი თავის ფილმში მიმოიხილავს რემბრანდტის ფერწერულ ტილოს “ღამის გუშაგი” და ამბობს, რომ მასზე ფარული მინიშნებაა ნახატზე გამოსახული კაპიტნის მკვლელობაზე და აზუსტებს, რომ ამ ფერწერული ტილოთი რემბრანდტმა თქვა იგივე, რაც განაცხადა ერთმა ფრანგმა 1898 წლის 13 იანვარს. რა განაცხადა ამ ფრანგმა?

პასუხი: მე ბრალს ვდებ
კომენტარი: პიტერ გრინუეის ფილმი შეიცავს ემილ ზოლას საგაზეთო პუბლიკაციის სათაურს: “Rembrandt’s J’accuse”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

31. 1883 წელს პოლ მაჰალენმა გამოაქვეყნა რომანი, ალექსანდრე დიუმას „ვიკონტ დე ბრაჟელონის“ გაგრძელება, სახელწოდებით „პორთოსის ვაჟი“. რომანი იმითაა ცნობილი, რომ მასში აღწერილია მოვლენა, რომლის შესახებ ინფორმაციაც არ არის მოცემული ალექსანდრე დიუმასთან. ცნობამ ამ მოვლენის შესახებ ახალ ამბებში 2009 წლის ნოემბერშიც გაიჟღერა, როდესაც გარდაიცვალა ერთი რუსი მსახიობი. ყურადღება შეკითხვა: აღწერეთ ეს მოვლენა ორი სიტყვით.

პასუხი: არამისის სიკვდილი
კომენტარი: იგორ სტარიგინის გარდაცვალების დროს გაზეთებში დაწერეს, რომ გარდაიცვალა არამისი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

32. რაფაელ საბატინი თავის რომანში “უფლის ძაღლები”, მსჯელობს რა მათ ჩაცმულობაზე, დომონიკანელთა ორდენის წარმომადგენლებს მოიხსენიებს 1997 წელს გამოსული ფილმის სახელწოდებით. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: ადამიანები შავებში
კომენტარი: დომინიკანელთა ორდენის წარმომადგენლებს სულ მუდამ შავი ლაბადები ემოსათ და ისინი ცნობილი არიან, როგორც “შავი საძმო”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

33. ქალაქ პალო–ალტოში მდებარეობს სასტუმრო, რომლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ ეს სასტუმრო უპირატესად განკუთვნილია სტენფორდის უნივერსიტეტის სტუმრებისათვის, რომელიც მის სიახლოვეს მდებარეობს. სასტუმროს მიმღებში გაკეთებულია წარწერა და ის ძალიან წააგავს ციტატას XX საუკუნეში შექმნილი ნაწარმოებიდან. დაწერეთ ეს ციტატა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: Welcome to the Hotel California
კომენტარი: სასტუმრო კალოფორნიის შტატში მდებარეობს და ასევე ეწოდება “Hotel California”. 1977 წელს ჯგუფმა “Eagles” ჩაწერა სინგლი, რომელსაც ასევე ეწოდება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

34. 1854 წელს აშშ–ს მომავალ პრეზიდენტს მორიგი სამხედრო წოდება მიანიჭეს, რითიც მისი ვაჟები ფრედერიკი და ბაკი ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟებს სტატუსით გაუთანაბრდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მათი სტატუსი სამი სიტყვით.

პასუხი: კაპიტან გრანტის შვილები
კომენტარი: 1854 წელს აშშ–ს მომავალმა პრეზიდენტმა ულისე გრანტმა კაპიტნის წოდება მიიღო. მისი ვაჟები, ბაკი და ფრედერიკი კი, კაპიტან გრანტის შვილები გახდნენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

35. [დასარიგებელი მასალა: სურათი] თქვენს წინაშე დარიგებულ სურათზე ჩვენ ქვედა მარცხენა კუთხეში დავმალეთ ცხოველი და სამასოიანი აბრევიატურა. დაწერეთ ეს აბრევიატურა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: WWF
კომენტარი: ამ სურათით გადმოცემულია მაიმუნების გარკვეული სახეობის გადაშენების საფრთხე და ის, რომ მათი გადარჩენა (save) ადამიანების ხელშია. დიდი პანდა არის World Wide Fund for Nature – ის სიმბოლო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

36. 1971 წელს შეიქმნა რობერტ ლუის სტივენსონის კლასიკური ნაწარმოების მორიგი ეკრანიზაცია, რომელშიც ჯეკილის ბოროტი ორეული, ჰაიდი არის ქალი. ფილმის სახელწოდება პირველწყაროს სახელწოდებისგან ერთი ასოთი განსხვავდება. აღადგინეთ ფილმის სათაური.

პასუხი: Doctor Jekyll and Sister Hyde
კომენტარი: Mister შეცვლილია Sister-ით.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

მეოთხე ტური

37. გასული საუკუნის 20–იანი წლების დროინდელი ერთჯერადი ჭიქების რეკლამა მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ “ეს ქალბატონი, ჩასაფრებულია ყოველი ჭიქის კიდეში”. დაასახელეთ ქვეყანა, რომელიც ამ ქალბატონთან ასოცირდება.

პასუხი: ესპანეთი
კომენტარი: გასული საუკუნის 20–იან წლებში იყო ე.წ. “ესპანური გრიპის” ეპიდემია. საერთო ჭურჭლიდან წყლის სმა კი დაავადების გავრცელებას უწყობდა ხელს.
წყარო: 1. Источник: Сивулка, Джулиан. «Мыло, секс и сигареты». СПб: Питер, 2002. ISBN 5-318-00515-2
ავტორი: ლევან ჩხეიძე

38. თუ ვებსაიტის მისამართით ვიმსჯელებთ, მასზე თავისუფლად შეიძლება განთავსდეს 1981 წელს დაბადებული ბრაზილიელი სპორტსმენის ქართული ფან–კლუბის ვებგვერდი. თუმცა ამ მისამართის მქონე საიტი, ქართულ ინტერნეტში, მომხმარებლებს კონკრეტული ტიპის მომსახურებას სთავაზობს. რა ტიპის მომსახურებას?

პასუხი: მასაჟს
კომენტარი: საიტის მისამართია http://www.massa.ge, ფელიპე მასა თანამედროვე ბრაზილიელი ავტომრბოლელია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

39. ერთ კარიკატურაზე გამოსახულია ორი პატარა პრიზმა, რომლებთანაც თითოეულ თქვენგანს ყოველდღიური შეხება აქვს. პირველ პრიზმას პოლიციელის ქუდი ახურავს და ხელკეტითაა შეიარაღებული, მეორე კი – გაურბის მას. ყურადღება შეკითხვა: რას წარმოადგენენ ეს პატარა პრიზმები თავისი არსით?

პასუხი: კომპიუტერის კლავიატურის ღილაკებს
კომენტარი: პოლიციელის ფორმაში კლავიშა კონტროლია, ესქეიფი კი – გარბის.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

40. საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, ილია მეორე თავის ეპისტოლეებში ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ საქართველო არის ასეთი ქვეყანა. თუ სახელწოდებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ–ს ეს შტატიც ასეთია. დაასახელეთ აშშ–ს შტატი.

პასუხი: მერილენდი
კომენტარი: Maryland – მარიამის მიწას ნიშნავს, ილია მეორე კი აღნიშნავს ხოლმე რომ საქართველო ღვთისმშობელი მარიამის წილხვედრი ქვეყანაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

41. რენცო მარტინელის 2009 წლის ფილმის სიუჟეტი შუა საუკუნეების მილანში ვითარდება. მასში არის ასეთი სცენა: ფილმის მთავარი პერსონაჟი ხვდება დამპყრობელ მონარქს. მონარქი მას თავის თავს წარუდგენს, მუზარადს მოიხდის და ეუბნება – შენ ახლა უკვე იცი, თუ რატომ მეძახიან ასე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მონარქის მეტსახელი.

პასუხი: ბარბაროსა
კომენტარი: Barba Rossa – იტალიურად “ჟღალ წვერს” ნიშნავს და სიუჟეტი ფრიდრიხ ბარბაროსას იტალიურ ლაშქრობებს ეხება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

42. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ზაბოლოცკისეულ რუსულ თარგმანში ასმათი ტარიელს მოიხსენიებს ისევე, როგორც ეწოდება 1885 წელს დაწერილ რომანს. დაასახელეთ რომანის სათაური.

პასუხი: ლამაზი მეგობარი (милый друг)
კომენტარი: ზაბოლოცკის ინტერპრეტაციაში ტარიელი ასმათის “ლამაზი მეგობარია”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

43. [დასარიგებელი მასალა: სურათი] 1924 წელს მან რეიმ და ერიკ სატიმ შექმნეს ეს უცნაური უთო. მას ვიკიპედიის სტატია  ახასიათებს როგორც && – ობიექტს. რა სიტყვაა შეცვლილი &&–ით?

პასუხი: დადა
კომენტარი: მან რეი და ერიკ სატი იყვნენ დადაისტები. ლურსმნებიანი უთო – აბსურდული ნივთია. დადაისტური ესთეტიკა ნათელია. & ფორმალურ ლოგიკაში აღნიშნავს ლოგიკურ „და“ – ს. && = დადა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

44. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ აუსტერლიცთან მიღწეული გამარჯვება კარლ შულმაისტერის დამსახურებაა, რომელიც ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონმა დიდძალი თანხით დააჯილდოვა და მის შესახებ ზიზღით განაცხადა, რომ შულმაისტერისათვის გადაცემული თანხა წარმოადგენს ამას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: 30 ვერცხლი
კომენტარი: კარლ შულმაისტერი ნაპოლეონის აგენტი იყო.
წყარო: 1. Эрик Фраттини. Священный альянс. Палачи и шпионы Ватикана. Стр. 215, ISBN 978-5-699-23584-1
ავტორი: ლევან ჩხეიძე

45. თამარ ყურაშვილის სტატიაში “დიადი მიზანი” ვკითხულობთ: “ალისფერი ყელსახვევის (გამოტოვებულია ორი სიტყვა) სიმბოლურად პიონერების, კომკავშირელებისა და კომუნისტების ურღვევ კავშირს განასახიერებდა”. გამოტოვებული ორი სიტყვით შეგვიძლია მოვიხსენიოთ გურია, იმერეთი და სამეგრელო. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.

პასუხი: სამი კუთხე
კომენტარი: გურია, იმერეთი და სამეგრელო საქართველოს სამი კუთხეა. ალისფერი ყელსახვევის სამი კუთხე კი პიონერების, კომკავშირელებისა და კომუნისტების ურღვევ კავშირს განასახიერებდა სტატიის ავტორის თანახმად.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

46. აღმოსავლეთმცოდნე რობერტ ვან გულიკის წიგნში „სექსუალური ცხოვრება ძველ ჩინეთში“ გამოთქმულია აზრი, რომ ჩინეთში გლეხებს უფრო ჰუმანურად ეპყრობოდნენ, ვიდრე ფეოდალურ ევროპაში. ერთ–ერთ არგუმენტად მოყვანილია ჩინეთში ამის არარსებობა. დაასახელეთ ეს სამი სიტყვით.

პასუხი: პირველი ღამის უფლება
კომენტარი: სექსუალური ცხოვრება და გლეხები ტყუილად არ არის ნახსენები შეკითხვაში.
წყარო: 1. Роберт ван Гулик, «Сексуальная жизнь в Древнем Китае», ч. 1, стр. 24
ავტორი: ლევან ჩხეიძე

47. ფათჰალაჰ გიულენის წიგნში “მოციქული მუჰამედი ადამიანთა მოდგმის გვირგვინი” განვითარებულია აზრი, რომელიც ძალიან წააგავს მე–18 საუკუნეში შექმნილი პოეტური მინიატურის ფაბულას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ  ამ უკანასკნელში მუჰამედის ნაცვლად ფიგურირებს ერთი ევროპელი. დაასახელეთ ამ ევროპელის სახელი და გვარი.

პასუხი: ისააკ ნიუტონი
კომენტარი: წიგნში ნათქვამია, რომ მუჰამედის მოსვლამდე სამყარო ბნელით იქნა მოცული, მოვიდა მუჰამედი და იქმნა ნათელი. ზუსტად იგივე შინაარსი აქვს ალექსანდრე პოუპის ეპიტაფიას ისააკ ნიუტონის შესახებ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

48. 1868 წლის ოქტომბერში შვეიცარიის ალპებში ხანგრძლივმა წვიმებმა დიდი წყალდიდობები გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ უბრალო ხალხს სოლიდარობისაკენ მოუწოდა და დახმარებისათვის სწორად ამ ფრაზის საშუალებით მიმართა. 2002 წლის 30 ნოემბერს ვილიე–კოტრეს კომუნის სასაფლაოდან პარიზის პანთეონში გადმოასვენეს ადამიანი, რომლის კუბოსაც სწორად ეს ფრაზა ამშვენებდა. არ გეკითხებით ფრაზას, დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: ალექსანდრე დიუმა
კომენტარი: ფრაზა ჟღერს როგორც “ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

Advertisements

Written by linguistuss

March 22, 2010 at 12:54 am

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მთლიანობაში ვფიქრობ კარგი კითხვები იყო. ვფიქრობ გაამართლა ახალმა წესმა. 2 რედაქტორის წყალობით მშვენიერი ტური ჩატარდა. კარგი იქნება თუ კითხვების ხარისხი არ მოიკლებს :)

    atila

    March 22, 2010 at 2:04 pm

  2. ძალიან კარგი კითხვებია, გეტყობათ, კარგად გიმუშავიათ

    joliiii

    March 22, 2010 at 4:34 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: